Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილიაუნის მოშიმშილე სტუდენტები: რექტორი უნდა გადადგეს


მოშიმშილე სტუდენტები, ილიაუნი
მოშიმშილე სტუდენტები, ილიაუნი

20-ზე მეტი სტუდენტი მართავს შიმშილობის აქციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის Fკორპუსში, რექტორის კაბინეტის წინ. მათი მთავარი მოთხოვნა სწორედ რექტორის, გიგა ზედანიას, გადადგომაა. წინასწარი ინფორმაციით, ორშაბათს მოშიმშილეთა ნაწილი რექტორსა და აკადემიური საბჭოს წევრებს შეხვდება. თუმცა მოშიმშილეები უშუალოდ ამ შეხვედრას სკეპტიკურად უყურებენ.

შიმშილობამდე სტუდენტებს ორი ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ:

  • ბიზნესსკოლის შენარჩუნება და ყოფილი დეკანის, გიორგი ქადაგიძის დაბრუნება;
  • აკადემიური საბჭოს გადადგომა.

რადგან ულტიმატუმის სახით დაყენებული ეს მოთხოვნები ილიაუნის ხელმძღვანელობამ არ გაიზიარა, სტუდენტებს ახლა კიდევ ერთი და, როგორც თავად ამბობენ, ამ ეტაპისთვის ყველაზე მთავარი მოთხოვნა აქვთ - გადადგეს ილიაუნის რექტორი გიგა ზედანია.

„ბატონი გიგა ზედანია უნდა გადადგეს, ვინაიდან მას არ აინტერესებს სტუდენტების აზრი, მას არ აინტერესებს სტუდენტების შიმშილობა, მას არ აინტერესებს ჩვენ რას და როგორ გავაკეთებთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ყოფილი ბიზნესსკოლის მესამე კურსის სტუდენტმა, მარიამ ჯომიდავამ.

ჯომიდავას თქმით, სტუდენტები მზად იყვნენ კომპრომისისთვის, რექტორი მათთან შიმშილობის დაწყების დღეს, 15 თებერვალს, რომ მისულიყო და ეთქვა, რომ სასწრაფოდ მოიწვევდა აკადემიურ საბჭოს. მაგრამ ეს ასე არ მოხდაო:

„ის (რექტორი) ჩვენთან მხოლოდ დღეს დილით მოვიდა, გვკითხა - რამე ხომ არ გჭირდებათ, რამეში ხომ არ დაგეხმაროთო... მერე წარმატებები გვისურვა და წავიდა...“

ილიაუნის ხელმძღვანელობა პროცესებს ბიზნესსკოლის ყოფილი დეკანის, გიორგი ქადაგიძის მიერ მართულად მიიჩნევს. ამას უარყოფენ სტუდენტები და უარყოფს თავად ქადაგიძეც, რომელიც რექტორსა და მის მხარდამჭერებს მართვის მეთოდებსა და გამჭვირვალობას უწუნებს.

მოშიმშილე სტუდენტების გარკვეული ჯგუფი აპირებს მივიდეს რექტორთან და აკადემიური საბჭოს წევრებთან ორშაბათისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე. მათ არა აქვთ იმედი, რომ შეხვედრა შედეგიანი იქნება და გიგა ზედანია ამ შეხვედრის შედეგად დატოვებს პოსტს; მაგრამ თვლიან, რომ მიზანს საბოლოოდ მაინც მიაღწევენ.

„ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ... ორი კვირის მანძილზე გიგა ზედანია აბსურდულ, უაზრო დაპირებებს გვაძლევდა... სტუდენტები შეურაცხყოფილი დავრჩით და მიგვაჩნია, რომ ჩვენი ამჟამინდელი რექტორი არ არის რექტორობის ღირსი, რადგან ის პატივს არ სცემს სტუდენტებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თორნიკე ჩიქოვანმა, ილიაუნის მაგისტრატურის მე-2 კურსის სტუდენტმა.

როგორც მოშიმშილე სტუდენტებმა უთხრეს რადიო თავისუფლებას, ისინი მზად არიან, ერთი წელიც კი იშიმშილონ ბიზნესსკოლის დასაბრუნებლად.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG