Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დაინიშნა დიდ ბრიტანეთში ელჩად

ილია დარჩიაშვილი
ილია დარჩიაშვილი

ილია დარჩიაშვილი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ელჩად დაინიშნა. ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„ილია დარჩიაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი“, - წერია სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

ილია დარჩიაშვილი საგარეო მინისტრად 2022-2024 წლებში მუშაობდა. უფრო ადრე იყო მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე და ელჩი პოლონეთში.

საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობა

დიდი ბრიტანეთის საელჩომ არაერთხელ გამოხატა საკუთარი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით (კანონები, რომლებიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას). ამის გამო ბრიტანეთის ელჩი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შიდა საქმეებში ჩარევაშიც დაადანაშაულა.

„საქართველოში ელჩი უნდა იქცეოდეს ისე, როგორც შეეფერება ელჩს და არა - როგორც პოლიტიკოსს“, - თქვა 2025 წლის 25 სექტემბერს, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების შემდეგ ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა.

ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი სამინისტროში მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დაიბარა მიმდინარე წლის 26 თებერვალსაც, პროსახელისუფლებო ტელეკომპანიების, „იმედისა“ და PosTV-ის სანქცირებიდან ორი დღის შემდეგ.

24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ დაწესებული სანქციის მიზეზად დასახელებულია „დეზინფორმაცია“ უკრაინასთან დაკავშირებით.

ელჩთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარში მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ „40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია არცერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელი გადაწყვეტილებაც მიიღო ლონდონმა ტელეკომპანია „იმედსა“ და POSTV-სთან დაკავშირებით“.

უფრო ადრე, 2025 წლის 10 აპრილს, ბრიტანეთმა ფინანსური სანქციები დაუწესა გენპროკურორსა და სამ მაღალჩინოსანს:

  • გენერალურ პროკურორ გიორგი გაბიტაშვილს;
  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძეს;
  • შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის (ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილის) მოადგილე მირზა კეზევაძეს;
  • სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს კარლო კაციტაძეს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG