1989 წლის 9 აპრილის ღამე. ირაკლი წერეთლის ორგანიზებულ მიტინგზე ათასობით ადამიანი იდგა. ხალხი საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდა. პოლიტიკოსები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, როდესაც მოულოდნელად მათთან მივიდა პატრიარქი ილია მეორე და მომიტინგეებს მიმართა:
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!“
„არს და იყოს“ - გაიმეორა ხალხმა და პატრიარქმა გააგრძელა:
„თქვენ იცით, რომ საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი. თქვენ იცით, რომ საუკუნეების განმავლობაში მრავალი განსაცდელი უნახავს საქართველოს და მრავალგზის უფალსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გადაურჩენია საქართველო.
აი, დღესაც ჩვენ ვდგავართ რეალური საშიშროების წინაშე. ჩვენ არ შეგვიძლია არ დავინახოთ ის რეალური საშიშროება, რომელიც დგას ჩვენს წინაშე. აი, ამიტომ, მე მოვედი აქ, რომ დაგლოცოთ, რომ დამთავრდეს ეს შეყრილობა. მე მოვედი იმისათვის, რომ წავიდეთ ტაძარში და მადლობა შევწიროთ ღმერთს გადარჩენისათვის.
მე ახლა მაცნობეს, რომ საშიშროება რეალურია. შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი (აქ ისმის ხალხის ჩოჩქოლი რ.თ.) ამიტომ ჩემო სულიერო შვილებო, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ აბრძანდეთ ახლა და წავიდეთ ერთად ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევწიროთ უფალს".
რეჟისორ გოგა ხაინდრავას გადაღებულ კადრებში ისმის, რომ პატრიარქის ამ სიტყვებს ჩოჩქოლი და შეძახილები მოჰყვა: „არა, არა“, „ფიცი გვაქვს ნათქვამი“, „არც ერთი ნაბიჯი უკან“, „ღმერთს შევფიცეთ“, „ღმერთი დავიფიცეთ, ღმერთი“, „სამშობლო ღმერთზე მეტია“, „დაგვლოცე“...
ილია მეორემ გააგრძელა: „თქვენ ნუ იფიქრებთ იმას, რომ მე მთხოვა მთავრობამ. ახლა მოვიდნენ ჩემთან წარმომადგენლები, რომელთაც მითხრეს, რომ ეს საშიშროება რეალურია და მე ნება არ მქონდა არ მოვსულიყავი ახლა აქ და თქვენთან ერთად არ ვყოფილიყავი“.
სიბნელეში გადაღებულ კადრებში ბევრი რამ არ ჩანს, მაგრამ ისმის ხმები. კიდევ უფრო შთამბეჭდავია დუმილი. დუმს ხალხიც, პატრიარქიც, ლიდერებიც.
„სიწყნარე იყოს! სიწყნარე! დუმილი! დუმილი! ამ დუმილში რაღაც ჭეშმარიტება კიდევ ერთხელ დაიბადება. თქვენ დგახართ აქ და იყოს სიწყნარე. არცერთი რეპლიკა ადგილიდან!“ - მოუწოდებს ხალხს მიტინგის ერთ-ერთი წამყვანი.
ეს ის მომენტია, როდესაც ყველა, ვინც კი მიტინგზე დგას, ფიქრობს, დარჩეს თუ წავიდეს.
ვიდეოში ისმის როგორ ელაპარაკება ილია მეორე ლიდერებს.
- აბა, ახლა სიკვდილი გინდათ? - ეკითხება პატრიარქი ერთ-ერთს.
- გვესვრიან მამაო?
- შესაძლებელია.
- გვესროლონ, მამაო!
- მამაო, შენ დარჩები ჩვენთან? - ეკითხება ვიღაც. ილია მეორე არ პასუხობს.
ისმის პატრიარქისა და ეროვნული მოძრაობის ლიდერის ზვიად გამსახურდიას საუბარიც.
- ეს საშიშროება რეალურია.
- რა ვქნათ, უწმინდესო, აბა, რა ვქნათ?! ერთხელ დავიბადეთ, ერთხელ მოვკვდებით. აბა, რა ვქნათ?! ისედაც გვსპობენ და...
- იქნებ, არის სხვა გზა?
- ამ ხალხს... კიდეც რომ გამოვაცხადოთ, ჩვენ შეგვრაცხავენ მოღალატეებად.
- ხომ არის რაღაც რეალური?
- რა არის? - ეკითხება ზვიად გამსახურდია.
ამ დროს მერაბ კოსტავაც ჩაერთვება:
- ეს არის ყველაზე ისეთი, დიდებული წამი. მთელი ერი არის ერთი სურვილით ანთებული. - ამბობს კოსტავა.
შემდეგ ინიციატივას საკუთარ თავზე ირაკლი წერეთელი იღებს:
- დუმილით არ შეიძლება ჩვენ შევხვდეთ განსაცდელს. - ამბობს ბრაზით.
- სიწყნარე იყოს, - ისევ მოუწოდებს ხალხს მიკროფონთან მყოფი.
- რა სიწყნარე, მოიცა ერთი.
- ირაკლი, მოიცა,
- რა მოიცა, დუმილით ვხდებით განსაცდელს.
რამდენიმე რეპლიკის შემდეგ ირაკლი წერეთელი მეგაფონს იღებს და "მამაო ჩვენოს" იწყებს. ხალხი იმეორებს.
წამყვანი ხალხს მიმართავს: „არავითარი შეხება ტანკებზე, გავიგეთ ყველამ. თუ გზას ვუხსნით, ნაწილი ხალხისა, ვინც დგას ქვედა მხარეს, ეშვება რუსთაველის ჩიხებში. თუ წამოვა ქვეითი, ყველა ვსხდებით და როგორც ვიყავით შეთანხმებული, ფლანგებს იკავებენ კაცები. არავითარი სიტყვიერი კონტაქტი, არავითარი ყვირილი, არავითარი წივილი. ყველაფერი წყნარად, მშვიდად კეთდება. მზად იყავით, ყოველ წუთს შეიძლება საჭირო გახდეს ამ გეგმის სისრულეში მოყვანა. ჩვენთან არის მისი უწმინდესობა, ის არ გვტოვებს ჩვენ“.
შემდეგ ტანკები მოდიან და კადრებში უკვე აღარ ჩანს, რა ხდებოდა იქ, სადაც ლიდერები და პატრიარქი იდგნენ. იმ დღეს საბჭოთა ჯარების დანაყოფებმა მიტინგის დარბევისას 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს.
პოლიტიკოსი ირაკლი მელაშვილი, რომელიც 9 აპრილს რუსთაველზე იდგა, იხსენებს, რომ ლიდერებიც და პატრიარქიც მოგვიანებით მომიტინგეებმა და ქართულმა მილიციამ გაიყვანეს.
„ყველაზე ასე გაავრცელეს, დატოვეს ხალხიო. სინამდვილეში ილია მეორე კარგა ხანს დარჩა იქ. მილიციამ კორდონი რომ გააკეთა და მოშიმშილეების გაყვანა დაიწყო, ისიც მაშინ გაიყვანეს. მომიტინგეებმა გაარიდეს მერაბ კოსტავაც. ირაკლი წერეთელი ისედაც ცუდად იყო ის დღეები და ისიც მომიტინგეებმა გადაიყვანეს ქუჩის გადაღმა, გალერეაში. ირაკლი ბათიაშვილი მკვდარი ეგონათ, გონება ჰქონდა დაკარგული. სასწრაფოთი წაიყვანეს და იქ მიხვდნენ, რომ ცოცხალი იყო. ზვიად გამსახურდია, მგონი, თვითონ გამოვიდა, ვიცი, რომ ერთი გოგო ბუჩქებში იყო ჩავარდნილი და გადაარჩინა“.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის კიდევ ერთი ლიდერი მამუკა გიორგაძე ჰყვება, რომ მაშინდელი, საბჭოთა მთავრობის წარმომადგენლები ქვევით (დღევანდელ პარლამენტის შენობიდან - რ.თ.) ჩამოვიდნენ, რომ პატრიარქს დალაპარაკებოდნენ.
„პატრიარქი მოსალაპარაკებლად გაიწვიეს კოლონებთან. კიბეები რომ მთავრდება იქ იდგა მილიცია. პატრიარქი ეუბნებოდა, თქვენ მაინც გადმოდით ქაშვეთში და ხალხიც ბუნებრივად გადმოგყვებათო. პატრიარქს ახლდნენ მეუფე დანიელი, მეუფე იოანე და მამა ელიზბარი ქაშვეთიდან. მეც იქ ვიყავი. იქაც (ხელისუფლების წარმომადგენლებს - რ.თ.) შესთავაზა, თუ თქვენ იცით, რომ საფრთხე რეალურია, მოდით, გადავიდეთო. მათაც ვერ მიიღეს უწმინდესის შეთავაზება. ამის შემდეგ გატყუება უნდოდათ პატრიარქის, შეჩერება უნდოდათ, მაგრამ უწმინდესმა გაარღვია მილიციელების კორდონი და მოშიმშილეებთან დადგა“.
2019 წელს „ტელეიმედმა“ ინტერვიუ ჩამოართვა ილია მეორეს, საუბარი 9 აპრილის ღამესაც შეეხო. მაშინ პატრიარქმა თქვა, რომ მზად იყო, ბოლომდე დარჩენილიყო რუსთაველზე, მაგრამ ასე არ გამოვიდა.
პატრიარქმა გაიხსენა, რომ მასთან შუაღამისას მივიდა მაშინდელი შს მინისტრი შოთა გორგოძე, გააფრთხილა მოსალოდნელი უბედურების შესახებ და სთხოვა, ხალხისთვის მიემართა.
„მოვუწოდე, შესულიყვნენ ქაშვეთში. წინასწარ ვგრძნობდი, უარს მეტყოდნენ, მაგრამ გადავწყვიტე, ხალხს რაც დაემართება, მეც იმისთვის ვარ მზად-მეთქი. როცა მივმართე, რომ საშიშროება რეალურია. ხალხი გაჩუმდა, სიმშვიდე ჩამოვარდა. მერე დაიყვირეს, არა! ეს იყო მზადყოფნა. ხალხი გრძნობდა, რომ სიკვდილის წინ იმყოფებოდა. წამოვიდნენ ტანკები, მაგრამ ახალგაზრდები შემომეხვივნენ გარშემო. მე გულიც კი მომივიდა, წინ რომ დამიდგნენ. ისინი დადგნენ იმისათვის, რომ დაცვა ყოფილიყო და სროლა თუ იქნებოდა, მე არ მომხვედროდა…
ყველაზე მძიმე იყო მდგომარეობა ჯუმბერ პატიაშვილისა (მაშინდელი ცეკას მდივანი - რ.თ.). ზოგიერთი ამბობდა და მეც ვამბობდი, თვითონ მთავრობა ჩამოვიდეს-მეთქი. მეორე დღეს დავრეკე და ვანუგეშე. ძალიან მძიმე ხვედრი ჰქონდა მას და ფიქრობდა თვითმკვლელობაზეც კი…“ - თქვა პატრიარქმა, - „ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ესენი წამოვიდოდნენ ასე დაუზოგავად ხალხზე. რომ დავბრუნდი სახლში, შევედი სიონის ტაძარში და მიცვალებულები იქ იყვნენ დასვენებულები. ეს იყო უმძიმესი საყურებელი“.
ფორუმი