Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

live კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვა - განახლებადი

2026 წლის 22 მარტს კრძალავენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. ილია მეორე გარდაიცვალა 17 მარტს. იგი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იკავებდა საპატრიარქო ტახტს.

უახლესი ცნობები

17:26

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სიონის ტაძარში დაკრძალეს

კვირას, 2026 წლის 22 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე თბილისში, სიონის ტაძარში დაკრძალეს.

მისი ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან სიონამდე აურაცხელმა ხალხმა გააცილა.

ის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეცხრე პატრიარქია, რომელიც სიონის ტაძარშია დაკრძალული.

ილია მეორე, - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, - 2026 წლის 17 მარტს, ჰოსპიტალიზაციის მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1977 წელს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ, იგი თითქმის ნახევარი საუკუნე უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

16:52

სინოდის წევრების გადაწყვეტილებით, საბოლოო, გამოსამშვიდობებელი სიტყვა მიეცა ქიროტონიით უხუცეს მღველმთავარს, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძეს.

„დღეს მწუხარეა ჩვენი სული, ჩვენი ერი, როგორც ეს ვიხილეთ ამ დღეებში, გლოვობს ჭეშმარიტი მამის გარდაცვალებას“, - ამ სიტყვებით დაიწყო სიტყვა მიტროპოლიტმა ანანიამ.

მან გაიხსენა პეტრე მოციქულის სიტყვები: „გასაჭირი შეიქმს მოთმინებას, მოთმინება სიმტკიცეს, სიმტკიცე სასოებას“.

„სასოება კი ღვთის სიყვარულს გვინერგავს, რადგან ვიცით, რომ ჩვენს სამშობლოს შეემატა ზეციური მეოხე“, - თქვა მან.

„ის იყო კლდე, უმტკიცესი საყრდენი, რომელზეც მან თვით ააგო თანამედროვე საქართველოს ეკლესია, განუმტკიცა საზღვრები, მოუპოვა სრული ავტოკეფალია, აღადგინა ძველი, ათასწლოვანი საეპისკოპოსო კათედრები, შექმნა მრავალი ახალი ეპარქია, ახალ ქართულ ენაზე გადმოიღო და ათარგმნინა წმინდა ბიბლია, დააფუძნა უმაღლესი სასულიერო სასწავლებლები და სხვა მრავალი და დიდი საქმე“, - ასე დაახასიათა მიტროპოლიტმა ანანიამ კათოლიკოს-პატრიარქი.

ამ წუთებში მღველმთავრები პატივს მიაგებენ გარდაცვლილ პატრიარქს.

16:51

სიონის ტაძარში შეკრებილებს მიმართა მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა:

„ყოვლადსამღვდელონო, მღველმთავარნო, ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, აი, დადგა წუთები, როდესაც ჩვენ სიონის წმინდა ტაძრის ძვალთშესალაგს უნდა მივაბაროთ ჩვენი ძვირფასი სულიერი წინამძღოლის, მამის, კათოლიკოს-პატრიარქ ილიას ნეშტი“.


16:36

პატრიარქის ცხედარი სიონის ტაძარში გადაასვენეს.

სამგლოვიარო პროცესიას ხალხის აურაცხელი რაოდენობა დაესწრო.

სიონში საბოლოო გამომშვიდობებისა და მსახურების შემდეგ, ილია მეორეს ამავე ტაძარში დაკრძალავენ.


ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG