„კვლავ მძიმე და საყურადღებოა“, - უახლესი ინფორმაციის პატრიარქის ჯანმრთელობის თაობაზე
კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი, სოფიო ასპანიძე აცხადებს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა „კვლავ მძიმე და საყურადღებოა“. პაციენტი კლინიკის რეანიმაციულ გამყოფილებაში, მართვით სუნთქვაზეა და ანალიზები საათში ერთხელ უტარდება; მაჩვენებლები „კვლავ საყურადღებოა“.
„მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა. შეიკრიბა კონსილიუმი, წამყვანი რეანიმატოლოგები, ისინი შეჯერდნენ და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიებები არის ადეკვატური... ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით დავაკვირდეთ ყველა პარამეტრებს“, - განაცხადა სოფიო ასპანიძემ.
მისი ცნობით, ჯანმრთელობის მაჩვენებლები „კვლავ საყურადღებოა“.
კავკასიის მედიცინის ცენტრში მივიდნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე და თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი.
ოპოზიციური პარტიების „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებისა და წევრების შემდეგ პატრიარქის ჰოსპიტალიზაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კლინიკაში გადაყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ემოციურია.
ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას,
ღმერთმა მისცეს მას ძალა და ჯანმრთელობა“, - დაწერა მან და გამოქვეყნებულ ტექსტს ფოტოც დაურთო.
კლინიკაში, სადაც პატრიარქი მკურნალობს, პარტია „გახარია-საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ტატა ხვედელიანი მივიდა. ის ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ ილია მეორის ჯანმრთელობაზე ინფორმაციის მისაღებად იყო მისული.
ფორუმი