პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე წერს:
„ვუსურვებ პატრიარქს გამოჯანმრთელებას. მე მასთან დიდი ხნის ისტორია მაკავშირებს. ბოლოს ვნახე ბერლინში, კლინიკაში, რამდენიმე წლის წინ“.
სააკაშვილი პატრიარქ ილია II-ს უწოდებს „ძალიან კომპლექსურ და საინტერესო ისტორიულ ფიგურას“, რომელმაც „ავტოკეფალია დაუბრუნა ქართულ ეკლესიას“.
„ბევრ ადამიანს წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება აქვს მისი როლის მიმართ, მაგრამ მე ვლოცულობ მისი გადარჩენისთვის და სანთლებს ვანთებ, ამისკენვე მოვუწოდებ სხვებს“.
რადიო თავისუფლებას საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე უდასტურებს, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თურქეთიდან საქართველოში რეანიმატოლოგი ჩამოვა და პატრიარქის ჯანმრთელობის მართვაში ქართველ ექიმებთან ერთად ჩაერთვება.
პაციენტთან უკვე მუშაობს ექიმების ჯგუფი, რომელიც საქართველოს წამყვანი რეანიმატოლოგებითაა დაკომლექტებული.
პარტია „ახალი“ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ქართველ ხალხთან ერთად განვიცდით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას.
გამოჯანმრთელებასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ პატრიარქს“.
პატრიარქის ჰოსპიტალიზაციას დილიდან ეხმაურებიან პოლიტიკური პარტიები და მათი წარმომადგენლები, პოლიტიკური თანამდებობის პირები.
რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი აფასებს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას
ექიმების კონსილიუმი, რომელიც პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას მართავს და აკვირდება, ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგებითაა დაკომპლექტებული.
ფორუმი