Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ

ილია მეორის პანაშვიდის ბოლო დღე სამებაში - განახლებადი

2026 წლის 17 მარტს, საღამოს ათი საათისთვის, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი. იგი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იკავებდა საპატრიარქო ტახტს.

უახლესი ცნობები

00:42 18.3.2026

„სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“ მწუხარებას გამოთქვამს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

„მისი მრავალწლიანი მსახურება — რელიგიათშორისი პატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში — განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.

ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ამ მძიმე დანაკლისს“, - წერს მუსლიმთა სამმართველო.

00:40 18.3.2026

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის, ეპიფანეს სამძიმარი საქართველოს

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე სამძიმარს აქვეყნებს ილია მეორის გარდაცვალების გამო.

„მწუხარებითა და თანაგრძნობით მივიღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის, სულიერი ლიდერის, ელია II-ის გარდაცვალების ამბავი, რომლის ცხოვრებაც ღვთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებას მიუძღვნა“, - დაწერა მან.

„ჩვენთვის დასამახსოვრებელია ის ფაქტი, რომ მან მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, რომელიც რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შემოჭრის მსხვერპლია“, - განაცხადა მან.

მისი თქმითვე, პატრიარქ ელია II-ეს „განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის“.

„გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსებს, სასულიერო პირებს და ყველა მორწმუნეს, რომლებმაც დაკარგეს წინამძღვარი, ასევე ქართველ ხალხს, რომლისთვისაც ის არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ნამდვილი სულიერი მამა იყო“, - ვკითხულობთ მიტროპოლიტი ეპიფანეს განცხადებაში ფეისბუკზე.

00:27 18.3.2026

ილია მეორის ცხედარი საპატრიარქოს შენობაში გადაასვენეს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი) აცხადებს, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ცხედარი უკვე გადმოასვენეს საპატრიარქოს შენობაში.

მან ეს ინფორმაცია 00:12 საათზე დაუდასტურა საპატრიარქოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს.

ხვალიდან კი მის ცხედარს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.

23:51 17.3.2026

რა მოხდება შემდეგ?

2017 წლის 23 ნოემბერს ილია მეორემ დაასახელა თავისი მოსაყდრის ვინაობა - პატრიარქის თანამოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა.

შიო მუჯირი, ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში მართავს ეკლესიას - ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.

ხოლო გადაწვეტილებას ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ იღებს წმინდა სინოდი, - რომელიც არჩევს სამ კანდიდატს, - და საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზედაც უნდა აირჩიონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

გაფართოებულ კრებას იწვევს მოსაყდრე - საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს.

ხმის უფლება მხოლოდ მღველმთავრებს აქვთ.

ამჟამად სინოდს 39 მღველმთავარი აკომპლექტებს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG