Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ

ილია მეორის პანაშვიდის ბოლო დღე სამებაში - განახლებადი

2026 წლის 17 მარტს, საღამოს ათი საათისთვის, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი. იგი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იკავებდა საპატრიარქო ტახტს.

უახლესი ცნობები

16:12 21.3.2026

კენტერბერის მთავარეპისკოპოსი, სარა მალალი ილია II‑ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმარს აქვეყნებს.

„მწუხარებით გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

ვუცხადებ ჩემს თანაგრძნობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებსა და მორწმუნეებს, ასევე საქართველოს მოსახლეობას.

ამ გლოვის ჟამს ჩემს ლოცვებში ხართ. პირადად მივწერე კანცლერს, რათა ინგლისის ეკლესიის სახელით გადამეცა სამძიმარი.

მადლიერი ვარ, რომ ღირსი მღვდელმთავარი დევიდ ჰამიდი წარმომადგენს მე და ინგლისის ეკლესიას ხვალინდელ დაკრძალვაზე, სადაც ჩვენ ვილოცებთ ყველასთან ვინც გლოვობს.

უფალმა აცხონოს მისი სული და მარადიული ნათელი დაუმკვიდროს“, - წერია სამძიმარში.

სამძიმრის თარგმანს ქართულ ენაზე საქართველოში ბრიტანეთის საელჩო აქვეყნებს.

15:45 21.3.2026

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს:

  • სამების ტაძარი 22 მარტს 02:00-დან 08:00 საათამდე დაიკეტება;
  • დილის 8 საათიდან ტაძარში მხოლოდ საგანგებო საშვების მქონე პირებს დაუშვებენ;
  • წირვა დაიწყება დილის 09:00 საათზე - ღვთისმსახურებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გაუძღვება;
  • 12:15 საათზე სამების ტაძარს ეწვევა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, რომელიც მოსაყდრე შიოსთან და სინოდის წევრებთან ერთად აუგებს წესს ილია II-ს;
  • 15:00 საათზე პატრიარქს გამოასვენებენ სამების ტაძრიდან - სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით.


„მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე სამგლოვიარო მსვლელობისას“, - წერს საპატრიარქოს პრესცენტრი.

„ბოდიშს გიხდით და გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ არსებულ ვითარებას. გვესმის, რომ თითოეულ ადამიანს უნდა დაემშვიდობოს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, თუმცა დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებული პროტოკოლიდან და სხვა ტექნიკური დეტალებიდან გამომდინარე, ტაძარში მოსახლეობის დაშვება შეუძლებელია“, - წერია განცხადებაში.

13:10 21.3.2026

მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა გარდაცვლილი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის შესაძლო კანონიზაციის (წმინდანად შერაცხვის) შესახებ.

„მე პირადად ვაპირებ მაგ საკითხის დაყენებას, მაგრამ როგორ იმსჯელებენ [სინოდზე] და არ არგუმენტები იქნება, ამას ვერ გეტყვით“, - თქვა მან.


12:45 21.3.2026

კობახიძე უნგრეთში გაემგზავრა CPAC-ის ფორუმზე, სადაც ილია მეორეზე ისაუბრებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძე დღეს დილას უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.

ორბანმა მას ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და „ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა“.

„შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პატრიარქის ეპოქალურ როლს ქვეყნისა და ერის ისტორიაში.

პრემიერ-მინისტრი უნგრეთში დღეს მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC).

მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაეთმობა“, - წერს ადმინისტრაცია.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG