Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმალებოდა თუ არა თალიბანის სასულიერო ლიდერი ამერიკული ბაზების მახლობლად


თალიბანის დამაარსებელი და მისი ლიდერი მოლა მოჰამედ ომარი წლების განმავლობაში ცხოვრობდა სამხრეთ ავღანეთში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზის მახლობლად - ამის შესახებ საუბარია წიგნში, სათაურით „მტრის ძიება“, რომელიც ჰოლანდიურ ენაზე გასულ თვეში გამოქვეყნდა.

წიგნის ავტორის, ჰოლანდიელი ჟურნალისტისა და მწერალ ბეტ დამის თანახმად, მოლა ომარს თავი არასოდეს შეუფარებია პაკისტანისთვის, როგორც ამას აშშ-ისა და ავღანეთის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ.

ჰოლანდიელი ჟურნალისტის წიგნის მოკლე შინაარსი ინგლისურ ენაზე გამოსცა აშშ-ში მდებარე კვლევითმა ცენტრმა „ზომიამ“, რომელიც აერთიანებს იმ მკვლევარებსა და მეცნიერებს, რომლებიც ძირითადად უკონტროლო რაიონებში აგროვებენ ინფორმაციებსა და ისტორიებს.

“მე ხუთი წელი ვიკვლევდი მოლა ომარის ცხოვრებას, ვმოგზაურობდი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ავღანეთის ნაწილებში, ვხვდებოდი თალიბანის ლიდერის ახლო მეგობრებსა და ნათესავებს, ჩავწერე დაჯგუფების ათობით საველე მეთაური, მათ შორის ისეთი ადამიანები, რომლებსაც საჯაროდ მანამდე არასოდეს უსაუბრიათ”, - წერს ინგლისური თარგმანის რეზიუმეში ბეტ დამი.

ჟურნალისტი საგანგებოდ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ ათობით ავღანელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებსაც შეხვდა, რომლებიც „კერძო საუბრის დროს საჯაროსაგან განსხვავებულ ისტორიებს ჰყვებოდნენ“. დაბოლოს, 2018 წლის დეკემბერში ბეტ დამს მისცემია უპრეცედენტო შესაძლებლობა შეხვედროდა ადამიანს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ასრულებდა მოლა ომარის მცველის ფუნქციას. ჟურნალისტის თქმით, ჯაბარ ომარი ავღანეთის ერთ-ერთ საიდუმლო სამხედრო ციხეში იმყოფება.

„მე ვიყავი პირველი ჟურნალისტი, ვინც მას ვესაუბრე. ჩემ მიერ ჩატარებული გამოძიება, რომელიც დეტალურად არის აღწერილი ჩემს წიგნში, „მტრის ძიება“, ერთ რამეზე მიუთითებს: აშშ და ყველა დანარჩენები ტყუიან. 2001 წლის შემდეგ მოლა ომარს ფეხი არასოდეს დაუდგამს პაკისტანში. ამას მან ამჯობინა დამალვა მშობლიურ მიწაზე, სადაც იგი რვა წლის განმავლობაში ცხოვრობდა სულ რამდენიმე მილის დაშორებით აშშ-ის რამდენიმე „მოწინავე გაშლის ბაზებიდან“ (Forward Operating Base)“.

უფრო ზუსტად, ჰოლანდიელი ჟურნალისტის თანახმად, მოლა ომარი ზაბულის პროვინციის დედაქალაქ ყალატში ცხოვრობდა 2004 წლამდე, ვიდრე აშშ-ის სარდლობა დაიწყებდა „მოწინავე გაშლის ბაზის“ (FOB) მშენებლობას ლაგმანში, რომლიდანაც სულ რამდენიმე წუთის სავალზე იმალებოდა თალიბანის სულიერი ლიდერი.

ამის შემდეგ მოლა ომარი გადასულა შინკაის რაიონში, სადაც ძალიან მალე სულ რაღაც ხუთი კილომეტრის დაშორებით ასევე არ აღმოცენდა ახალი ამერიკული „მოწინავე გაშლის ბაზა“, სახელწოდებით „სამურავი“ (Wolverine).

ავღანეთის ომის პიკზე მოწინავე გაშლის ბაზაზე (FOB) იმყოფებოდა აშშ-ისა და ნატოს მოკავშირეთა 1000-ზე მეტი ჯარისკაცი და მიუხედავად ამისა, როგორც ამას ჟურნალისტი ბეტ დამი წერს, მოლა ომარს ბაზის მახლობლად მდებარე სამალავიდან ფეხი არ მოუცვლია.

აპირებდა თუ არა თალიბანი იარაღის დაყრას

თალიბანი ავღანეთში 1996-დან 2001 წლამდე იყო ხელისუფლებაში, ხოლო ე.წ. ისლამური საამიროს პერიოდში სახელმწიფო მეთაურად ითვლებოდა მოლა ომარი, რომელიც პრაქტიკულად არ ტოვებდა ყანდაარში მდებარე თავის რეზიდენციას. 2001 წლის სექტემბრის ტერაქტის შემდეგ თალიბანის რეჟიმი აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალების შეჭრის შედეგად დაამხეს. მას მერე ჯგუფმა ანტისამთავრობო ამბოხება წამოიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება.

თუმცა ამ ამბოხის ისტორიაც ბეტ დამის მიერ სულ სხვანაირადაა აღწერილი.

ჰოლანდიელი ჟურნალისტი ესაუბრა თალიბების რამდენიმე მეთაურს, რომლებიც 2001 წლის 5 დეკემბერს მოლა ომარის მიერ მოწვეულ შეკრებას ესწრებოდნენ ყანდაარში მდებარე ერთ-ერთი ბიზნესმენის სახლში. განიხილებოდა ბრძოლის შეწყვეტისა და თალიბების მხრიდან იარაღის დაყრის საკითხი. თვითმხილველთა თქმით, თალიბანის სასულიერო ლიდერს იმ შეხვედრაზე განუცხადებია, რომ ძალაუფლებას გადასცემს თავდაცვის მინისტრ მოლა ობაიდულას, რის შემდეგაც მოლა ომარმა შეკრების ოთახი მარტოდმარტომ დატოვა.

„მეორე დღეს მოლა ობაიდულა გაემგზავრა ყანდაარის შაჰ ვალი კოტის ოლქში ჰამიდ კარზაისა (მაშინდელ ავღანეთის პრეზიდენტსა) და მის მომხრეებთან შესახვედრად. მოლა ობაიდულამ და თალიბანმა „შაჰ ვალი კოტის შეთანხმების“ სახელით ცნობილი მოლაპარაკების დროს თანხმობა განაცხადეს იარაღის დაყრაზე, სახლებში დაბრუნებასა ან მთავრობის შემადგენლობაში შესვლაზე“.

ბეტ დამის თანახმად, კარზაი დათანხმებულა და მეორე დღეს მედიის წინაშე განუცხადებია, რომ თუ ალ ყაიდა და ოსამა ბინ ლადენი ავღანეთის მტრები იყვნენ, თალიბანის წევრები „ჩვენი მიწის შვილები არიან, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ ამნისტიასო“.

მაგრამ აშშ ასე არ ფიქრობდა. ვაშინგტონი თალიბანს სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევდა, ხოლო მოლა ომარი ჯერ კიდევ ყველაზე უფრო საშიშ ძებნილ ტერორისტად ითვლებოდა ბინ ლადენის შემდეგ. აშშ-ზე 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ომარის შესაპყრობ ჯილდოდ 10 მილიონი დოლარი დაწესდა.

ჰოლანდიელი ჟურნალისტის წიგნის თანახმად, აშშ-ის მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა დაურეკა ჰამიდ კარზაის და მოსთხოვა „უკან წაეღო მედიის წინაშე გაკეთებული განცხადება და უარი ეთქვა მოლა ომარის ამნისტიაზე“.

რაც შეეხება მოლა ომარის სიკვდილს, ავღანეთის ერთ-ერთ საიდუმლო სამხედრო ციხეში მყოფი ჯაბარ ომარის თანახმად, თალიბანის სასულიერო ლიდერი 2013 წლის 23 აპრილს გარდაიცვალა ავადმყოფობის შედეგად.

ავღანეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, აშრაფ ღანის, პრესმდივანმა, ჰარონ ჩახანსურიმ, ტვიტერით „მკაცრად უარყო“ ჰოლანდიელი ჟურნალისტისა და მწერლის წიგნში მოთხრობილი ისტორია. „ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ იგი (ომარი) ცხოვრობდა და მოკვდა პაკისტანში. წერტილი!“, - დაწერა ტვიტერში ავღანეთის პრესმდივანმა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG