Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

27 „იმიტომ“, რის გამოც პროკურორმა სამსახური დატოვა


Left job at საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia - სამსახურის დატოვების შესახებ ამბავი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პროკურორმა სალომე ადეიშვილმა 22 ოქტომბერს, საკუთარი ფეისბუკის გვერდზე დაწერა.

თუმცა განმარტება, რომელიც ამ პოსტს მოჰყვა, არ ჰგავდა სხვა ტექსტებს, რომელსაც, როგორც წესი, სოციალურ ქსელში ადამიანები წერენ ხოლმე მაშინ, როცა სამსახურიდან მიდიან.

სალომე ადეიშვილმა სამსახურიდან წასვლის ძალიან ბევრი ისეთი მიზეზი (და იმდენი „იმიტომ“) ჩამოთვალა, რაც საჯარო სამსახურში (და არა მხოლოდ) დასაქმებული ფეისბუკის ასობით მომხმარებლის სატკივარიც აღმოჩნდა.

პოსტს ათასზე მეტი გაზიარება აქვს ასეთი კომენტარებით:

„რამდენს გეცნობათ? სამწუხაროდ, ყველგან იგივეა“...

„ვერც ერთ პუნქტზე ვერ შეედავებით“...

„რაც ყველამ ვიცოდით, ამ გამბედავმა გოგომ გამოაქვეყნა“...

„ის ჯოჯოხეთია აღწერილი, რაშიც მარტო პროკურატურა კი არა, მთელი საქართველო იმყოფება!“

სალომე ადეიშვილის სიტყვებით, მან სამსახური, აი, ამ მიზეზებიც გამო დატოვა (სტილი დაცულია):

  • იმიტომ, რომ 4-5 წლის მერე მოჯადოებულ წრეზე ტრიალებ და ვეღარ ვითარდები;
  • იმიტომ, რომ „პატრონის“ და „ჩალიჩის “ გარეშე შუშის ჭერი კი არა ბეტონის დიდი ფილა გაქვს თავზე შეზრდილი (მინიმალური გამონაკლისებით);
  • იმიტომ, რომ ყველა საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს (ახლა მითუმეტეს);
  • იმიტომ, რომ 7-ზე თუ მიდიხარ, უსაქმური ხარ, თუმცა ღამის 3-ზე გასვლაც პრობლემაა - ესე იგი, ოფიციალურად დადგენილ დროში ვერ ასწრებ მუშაობას და უუნარო ხარ (იხ. იმღერეთ „ჭრელო პეპელა“);
  • იმიტომ, რომ დიდ დატვირთვას გაუძელი და ვადები არ გაგივიდა? ესე იგი ათმაგს გაუძლებ;
  • იმიტომ, რომ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ ❤ და სხვა ოჯახი (თუნდაც ბიოლოგიური) არ არსებობს;
  • იმიტომ, რომ პირადი ცხოვრება ვის დაუკავშირო, ვის ემეგობრო და რა დოზით, ხელმძღვანელობას უნდა შეუთანხმო. სისტემა არ უნდა შეარცხვინო;
  • იმიტომ, რომ დრესკოდი უნდა დაიცვა, მაგრამ ვინც ამ დაცვას გიკონტროლებს, მათზე წესები არ მოქმედებს;
  • იმიტომ, რომ უშნოდ ახუნტრუცებული მამაკაცი მენეჯერის (ან გავლენიანი რიგითის) ბღლარძუნის გამო კარგი თანამშრომელი გოგონები ან სამსახურიდან მიდიან ან უხმოდ ითმენენ;
  • იმიტომ, რომ ყოველი თვის ბოლოს „ღმერთი“ თავის სტატისტიკას ითვლის და რა მნიშვნელობა აქვს, „შესაწირი“ ვარგისია თუ არა;
  • იმიტომ, რომ იქიდან იმან დაგვირეკა, და გვთხოვა/დაგვავალა სამართლებრივი აბსურდი. არ შეასრულებ? შენზე ცუდად აისახება და როცა საჭრო იქნება, გაგიხსენებენ. შეასრულებ? წლების მერე სხვა ხელმძღვანელობა ამოგიქექავს, რა უკანონობაზეც გაქვს ხელი მოწერილი და შენზე მაინც ცუდად აისახება;
  • იმიტომ, რომ რიგითები დამოუკიდებლები ვართ. შესაბამისად, ჩვენს გადაწყვეტილებაზე საკუთარი კისრით ვაგებთ პასუხს. ჩვენს აი იმ გადაწყვეტილებაზე, წეღან რომ დარეკეს და დაგვავალეს;
  • იმიტომ, რომ გახმაურებულ საქმეებზე ჟურნალისტებთან გამოსაჩენი არ ხარ, რადგან ამოღამებული თვალები და უძილობით ანგრეული სახე გაქვს სწორედ იმ გახმაურებული საქმის გამო. სამაგიეროდ, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ყოველთვის მოიძებნება ნაშის ვიდიანი თანამშრომელი, რომელიც საჯაროდ ისაუბრებს იმ საქმეზე, რომელსაც არ იცნობს. შენი ოფლით და ნერვების დაგლეჯით დაყენებული შედეგის გამო საყოველთაო აღიარებას ის მიიღებს;
  • იმიტომ, რომ შენი საქმე სიგიჟემდე გიყვარს, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ, რომ წასვლა გაიძულონ;
  • იმიტომ, რომ შერჩევითი სამართალია. მსგავს საქმეებზე უპატრონოს პატიმრობას ითხოვ და პატრონიანს განრიდებას უფორმებ;
  • იმიტომ, რომ ტრენინგებზე და შეხვედრებზე სიტყვებს ვარახუნებთ და რეალობაში რა როგორ კეთდება, არავინ იცის რიგითის გარდა;
  • იმიტომ, რომ სისტემას საკუთარი თანამშრომლის ზიზღი აქვს და ჩასაფრებულია, არიქა, ფეხი გადაუბრუნდესო;
  • იმიტომ, რომ სპეციალიზაცი(ებ)ის გამო ლამის ყველა საქმე შენია, მაგრამ სამართლიან გადანაწილებაზე არავინ ფიქრობს;
  • იმიტომ, რომ ზოგი სამართლებრივ საკითხებზე იჭეჭყავს ტვინს და ზოგი იმაზე ხელფასით ოქროს ნივთები იყიდოს თუ ვერცხლის, რომელი ფეხსაცმელი ჯობია, როგორი მაკიაჟი გაიკეთოს და ვინაა გოიმი. ხო, ხელფასი ერთი და იგივეა;
  • იმიტომ, რომ ერთხელაც არავის მოაფიქრდება უბრალო სიტყვიერი მადლობა გითხრას იმ თავდადებისთვის და სიყვარულისთვის, რასაც საქმისადმი იჩენ. აქ სისტემისადმი „თავდადება“ ფასდება;
  • იმიტომ, რომ თმის ფერის ცვლილებით, რატომღაც შენი პროფესიონალიზმი ქვეითდება. მეცნიერებმა დაადგინეს;
  • იმიტომ, რომ არ დასჭირდეთ, თორემ საქმეში გამომძიებლის შეცდომა, სასამართლოს გადაწყვეტილება, მოწმის „გადაბრუნება“, მტკიცებულებების ბუნებრივი არარსებობა, გლობალური დათბობა, ორივე მსოფლიო ომი, სამოთხიდან ადამიანების გამოდევნა შენი ბრალია;
  • იმიტომ, რომ წლების განმავლობაში განუწყვეტელ უძილობას, სტრესს, ლანძღვა-გინებას, წყევლას, მუქარას, ვადებზე ნერვიულობას, უჭმელობას, შეურაცხყოფას, დამცირებას, შენი ქვემდგომი სისტემის ჭკუაზე სიარულს, უსამართლობას, უუნარობას, როგორ ვერ უძლებ! რატომ ითხოვ ადამიანურ პირობებს? რატომ ითხოვ თანაბარ გადანაწილებას? რატომ ითხოვ კადრის დამატებას? თქვენ ხომ ისედაც საქმე არ გაქვთ!;
  • იმიტომ, რომ სხვაგან გადასვლა თუ გინდა, ჩუმად უნდა მოაგვარო, თუ არა და დაგბლოკავენ;
  • იმიტომ, რომ უსამართლობას აპროტესტებ. არ მოგწონს? დაწერე განცხადება და წადი!
  • იმიტომ, რომ რაც გაძლებინებს, ის რამდენიმე ადამიანია, ვინც აქ იპოვე. ქვეყნის განუვითარებელი ეკონომიკის შენნაირი მსხვერპლი, წასასვლელი რომ არ აქვთ.
  • იმიტომ, რომ მათ იმედი და მაგალითი უნდა მისცე! ჭაობიდან ამოსვლა შესაძლებელია!

P.S. არადა კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა და დიპლომ(ებ)ი მაქვს.

რა კონკრეტული ამბები დგას თითოეული ამ სიტყვის მიღმა, ჯერჯერობით უცნობია - სალომესგან პასუხს ამ წუთამდე ველით.

ჩვენი ინფორმაციით, ის საქართველოში აღარ იმყოფება და როგორც რადიო თავისუფლებას გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილემ, იურისტმა რაისა ლიპარტელიანმა უთხრა, ის დღეს ამერიკაში მუშაობს, ოღონდ არა თავისი პროფესიით.

დამატებითი განმარტება ამ დრომდე არც გენერალურ პროკურატურას გაუკეთებია. რაც უწყების პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, არის ის, რომ სალომე ადეიშვილი პროკურატურაში მუშაობდა 2013 წლის აპრილიდან 2019 წლის 15 ოქტომბრამდე. და რომ მან სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

დღის ბოლოს კი გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ცნობა, რომ პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება 2019 წლის 22 ოქტომბერს ყოფილი პროკურორის სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელ „Facebook“-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

„გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის განცხადებაში მითითებულ ყველა გარემოებას და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

რადიო თავისუფლებასთან კომენტარი არ გააკეთეს არც დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პროკურატურაში, სადაც სალომე მუშაობდა. თუმცა გამოცემა „პრაიმტაიმს“ ამ რაიონის მთავარმა პროკურორმა, ნიკოლოზ დგებუაძემ უთხრა, რომ „მისთვის გაუგებარია სალომე ადეიშვილის მიერ ამ პოსტის გამოქვეყნების მიზეზი და რომ მას არც არასდროს შეუჩივლია, რომ რამე აწუხებდა“.

ქალთა მოძრაობა სალომე ადეიშვილს საჯარო მხარდაჭერას უცხადებს და გენერალური პროკურატურისგან ამ საქმის მოკვლევას მოითხოვს. მოძრაობის წევრი და კავშირ „საფარის“ დირექტორი, ბაია პატარაია კი ამბობს, რომ ამ საკითხზე განცხადება უნდა გააკეთოს გენერალურმა პროკურორმა, რადგან ყველა დარღვევა, რაზეც სალომე ლაპარაკობს, სწორედ მის სისტემაში ხდება.

სალომეს პოსტი ადასტურებს, აცხადებს ბაია პატარაია, რომ ჩამოთვლილი პრობლემები არ ეხება ერთ ადამიანს - მისი ყველა წინადადება სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს.

„თუ კონკრეტულად ქალთა უფლებების ჭრილში შევაფასებთ სალომე ადეიშვილის პოსტს, მაშინ უნდა ითქვას, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, სისხლის სამართლის სფერო კაცებით დომინირებული სფეროა, ქალებს, ამ სფეროში, უამრავი ბარიერი ხვდებათ, და ეს მაშინ, როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქალი მოსამართლეების, ქალი პროკურორების და ადვოკატების ყოფნა სისტემაში. არის მთელი რიგი დანაშაულები, რომელიც მეტ გენდერულ მგრძნობელობას მოითხოვს გამოძიების დროს, მაგალითად, სქესობრივი დანაშაული. თუ ჩვენ ასეთი მიზეზებით დავკარგავთ ქალ პროკურორებს, ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი, რადგან ისედაც ცოტა პროკურორი ქალი გვყავს. თუ მათ მართლაც ისეთ პირობებს უქმნიან, როგორზეც სალომე წერს და რის გამოც ის სამსახურიდან წავიდა, ეს არის ძალიან საგანგაშო“, - უთხრა ბაია პატარაიამ რადიო თავისუფლებას.

ქალთა მოძრაობაში ფიქრობენ, რომ ადეიშვილის 27 „იმიტომ“ იმიტომაც არის საყურადღებო, რომ ის საჯარო სექტორში, მეტიც, სამართალდამცავ სტრუქტურაში არსებულ პრობლემებს ამხელს - იქ, სადაც სამართლიანობის არსებობის მეტი მოლოდინია, ვიდრე კერძო სექტორში.

თუმცა შრომითი ურთიერთობის შესახებ პრობლემების დიფერენცირების მომხრე არ არის რაისა ლიპარტელიანი, რომელიც ამბობს, რომ საჯარო სექტორში არ არის ისეთი პრობლემები, რაც კერძო სექტორს ასეთივე წარმატებით არ ახასიათებს და პირიქით.

რაც შეეხება სალომე ადეიშვილის საჯარო განცხადებას, ის, რაისა ლიპარტელიანის შეფასებით, აუცილებლად უნდა გახდეს შესაბამისი უწყებების რეაგირების საგანი, რადგან სალომე ადეიშვილი, მისი აზრით, სისტემურ პრობლემებზე ლაპარაკობს:

„მაგალითად, სამსახურში დაწინაურება - ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ დაძლია ნეპოტიზმი საჯარო სამსახურებში. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ სექსუალური შევიწროება ლამის კულტურის ნაწილია საქართველოში, და, ზოგადად, შევიწროებაც, რომელზეც ადამიანები არ დავობენ საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულებების გამო. სალომეს საქციელმა, ვფიქრობ, დამატებით უნდა დააფიქროს როგორც საზოგადოება, ისე სახელმწიფო სტრუქტურები, რომ ამ მხრივ ძალიან ბევრი რამ არის ამ ქვეყანაში შესაცვლელი“.

რაისა ლიპარტელიანი შენიშნავს, რომ, როგორც წესი, სამსახურში უფლებდარღვეული ადამიანები პრობლემაზე ხმამაღლა ლაპარაკს იწყებენ სამსახურის საკუთარი ნებით დატოვების, ქვეყნიდან წასვლის ან მათი სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ. შრომითი დავების თავის არიდებას აქვს თავისი მიზეზები:

  • ადამიანები ფიქრობენ, რომ ასეთი გახმაურებული დავა მის სამომავლო დასაქმებას შეუშლის ხელს.
  • მათ ახლობლებს შეექმნებათ პრობლემები.

„პატარაა ქვეყანაა, შრომის ბაზარიც პატარაა და თუ საჯარო სექტორში არსებულ პრობლემებზე ერთხელ მაინც გამოთქვი ღიად საკუთარი აზრი, მაშინვე იბლოკები. ამიტომ აღარ იღებ ხმას. ფაქტია, რომ ეს ადამიანიც, ვის პოსტზეც ახლა ვლაპარაკობთ, ჩემი ინფორმაციით, ქვეყნიდან წავიდა“, - ამბობს რაისა ლიპარტელიანი.

იურისტის აზრით, ის გარემოებები, რაზეც სალომე ადეიშვილი თავის ფეისბუკის პოსტში მიუთითებს, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და სამართალდამცავი ორგანოები ამ საკითხით უნდა დაინტერესდნენ. ეს ამბავი არ უნდა დასრულდეს მხოლოდ პროკურატურის სისტემაში შიდა მოკვლევით.

23 ოქტომბერს ამ საკითხს პრემიერი გიორგი გახარიაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ყველა ის შემთხვევა, სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის, სადაც კანონს ვარღვევთ, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიებული“.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG