Accessibility links

site logo site logo

ინდოეთი, რომელიც გულს გაგინათებთ


"მუსიკის ოთახი" ("Jalsaghar" ინდოეთი, 1958, რეჟისორი სატიაჯიტ რეი)

"მუსიკის ოთახი" პირველი ფილმია, რომელიც რეიმ სახელგანთქმული "აპუს ტრილოგიის" დასრულების შემდეგ გადაიღო. ტრილოგიის სამივე ფილმი შედევრია, დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, "აღიარებული შედევრი". ამას ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავ, რომ თუნდაც გასული საუკუნის 80-იან წლებში, როცა მოსკოვის კინოს მუზეუმის დირექტორმა ნაუმ კლეიმანმა რეის ტრილოგიის ფილმები თბილისში ჩამოიტანა და იმხანად "კავშირგაბმულობის სახლად" წოდებულ კინოთეატრში უჩვენა, ჩვენ თითქმის არაფერი ვიცოდით რეის შესახებ, საერთოდ, კარგი ინდური კინოს შესახებ. უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ ინდური კინო ესაა ცეკვები და სიმღერები, ესაა რაჯ კაპური და მისი შვილები, პეიზაჟები, რომლებიც საფოსტო ბარათებს ჰგავს და მდიდარი ყმაწვილები, რომლებსაც ღარიბი გოგონები უყვართ... აპუს ტრილოგიამ, შეიძლება ითქვას, გონება გაგვინათა, უამრავი მაყურებლის წარმოდგენა შეცვალა არა მარტო ინდურ კინოზე, არამედ კინოზე, საერთოდ.

მაგრამ სატიაჯიტ რეი არაა მხოლოდ აპუზე გადაღებული 3 შედევრის ავტორი. მის შემოქმედებით ბიოგრაფიაში კარგი ფილმი ბევრია. მათ შორის "მუსიკის ოთახი", ლუკინო ვისკონტის ყველაზე საყვარელი ფილმი. ისტორია არისტოკრატისა, რომელიც ძველ ნახატებში ჩაიკეტა და სიცოცხლესთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა, ლუკინო ვისკონტიმ გვიამბო 1974 წელს გადაღებულ შედევრში "ოჯახის პორტრეტი ინტერიერში". ისტორია გაღატაკებული ფეოდალისა, რომელიც ცოლისა და შვილის გარდაცვალების შემდეგ ჩაიკეტა თავის ძველ სასახლეში, სადაც "მუსიკის ოთახი", ამავე დროს, "სურათების ოთახიცაა", და დარჩენილი სიცოცხლე მუსიკას დაუთმო, გვიამბო სატიაჯიტ რეიმ 1958 წელს, მას შემდეგ, რაც მსოფლიომ მისი აპუ გაიცნო და შეიყვარა. ვისკონტის და რეის ბევრი რამ აკავშირებთ - ეპიკურობა, "ცერემონიულობა", ჩაკეტილი და ღია სივრცეების კონტრასტზე თამაში (ფორმალურად და, როგორც ამ ორ ფილმშია, შინაარსის დონეზეც)... რაც ბუნებრივია, ორივეს - ინდოელ რეისა და იტალიელ ვისკონტის - ერთი მასწავლებელი ჰყავდა, ფრანგი ჟან რენუარი, კინოს ისტორიაში არსებითად პირველი რეჟისორი, რომელმაც მთავრისა და მეორეხარისხოვნის, წინა და უკანა პლანების, დიდისა და პატარის გამიჯვნაზე უარი თქვა, რომლისთვისაც სამყარო ყოველთვის მთლიანი იყო. ამ გზას გაჰყვნენ მისი მოწაფეები. თანაც, ასე: ვისკონტი რენესანსული კულტურით, შექსპირითა და ჩეხოვით იკვებებოდა, რეი კი - ინდური რელიგიითა და ფილოსოფიით, თაგორის ტექსტებით.

"თაგორის მხატვრული ფორმულაა "სახლი და სამყარო", აღნიშნა ერთხელ რეიმ, როცა ამავე სახელწოდების მისი ფილმი გაახსენეს. მოძრაობის ეს ხაზი - საკუთარი სამყოფლის მიტოვება, დიდი გზის გავლა იმისთვის, რომ უკვე სულ სხვანაირი დაბრუნდე შინ, სულ სხვანაირი დაუბრუნდე საკუთარ თავს, როგორც თაგორის, ასევე რეის ხაზია. ასეა "აპუს ტრილოგიაშიც". მაგრამ "მუსიკის ოთახში" ეს მოძრაობა არ მოიცავს დიდ სივრცეს - გმირი, რომელმაც ოდესღაც დიდებული სასახლე თავისივე აკლდამად აქცია, გადაადგილდება წარსულში, მოგონებებში; ის ჩვენს თვალწინ "შედის" მუსიკაში და ემიჯნება მას. უსასრულობაში შეღწევის ეს პროცესი წარმოდგენილია როგორც სანახაობა, რომელიც რეის კინემატოგრაფს უმაღლეს პოეზიად გადააქცევს. რეი თითქოს კომპრომისზე მიდის და "აპუს ტრილოგიის" შემდეგ იღებს ტიპურ ინდურ ფილმს სიმღერებით და ცეკვებით, მაგრამ, სინამდვილეში, ეს სულ სხვა მუსიკაა. არა შეთხზული, დეკორატიული, ყალბი, არამედ რეალური ცხოვრების ორგანული ნაწილია.

სატიაჯიტ რეი ხშირად იხსენებდა სკოლას და ხატვის მასწავლებელს, რომელმაც ერთხელ ხის დახატვა სთხოვა. რეი ხატავდა, მასწავლებელი კი უხსნიდა, უმტკიცებდა, ევროპელები ხის ხატვას ზევიდან იწყებენ, ჩვენ კი, პირველ რიგში, ხის ძირს უნდა მივხედოთ, ქვევიდან შევუდგეთ ხატვას, რათა ხელმა ზრდის ორგანიკა იგრძნოს, ზრდის ტექსტურა და რიტმი გაითავისოსო. როგორც ჩანს, რეისთვის "ზრდის ფორმულა" შემოქმედებით პრინციპად, მისი რეჟისურის "მორალად" იქცა - "მუსიკის ოთახში" კარგად ჩანს, როგორ ცდილობს გამოაღწიოს კამერამ ძველი სასახლის ჩაკეტილი სივრციდან. ასეა მის ყველა ფილმში - ნაჭუჭი იმსხვრევა და იქიდან ჩნდება სიცოცხლე. კი, ეს ნაჭუჭი სუსტსა და დაუცველს სისასტიკისგან იცავს... კი, მშვენიერია ლივლივი იქ, სადაც დაცული ხარ. მაგრამ სიცოცხლე იქაა, სადაც წინააღმდეგობაა, სადაც ხიფათია. და თუკი ცოცხალი ხარ, ამას არ უნდა გაექცე. ამას, უბრალოდ, ვერ გაექცევი!

წელს, 2 მაისს, სატიაჯიტ რეის 100 წელი შეუსრულდებოდა. იმ დღეებში ინდოეთში კორონავირუსის ახალმა შტამმა ეპიდემიის მასშტაბური აფეთქება გამოწვია. მიუხედავად ამისა, კალკუტაში, რეის მშობლიურ ქალაქში, მაინც მოახერხეს დიდი კინოპოეტის ფილმების სრული რეტროსპექტივის ჩატარება. სხვაგან არა. მსოფლიოს რეისთვის არ ეცალა. არადა, არ მოძველებულა მისი შემოქმედება. უფრო პირიქით, დღეს სწორედაც რომ ეპიდემიის ფონზე, სწორედ მაშინ, როცა ღარიბ ქვეყნებს განსაკუთრებით უჭირთ ვირუსის დამარცხება, რეის ეს "ღარიბი სამყარო", მისი ეს სისადავე და უბრალოება, მისი სიღრმე კიდევ უფრო თანამედროვედ გამოიყურება, ვიდრე გასულ საუკუნეში. რეიმ მოახერხა ის, რასაც ვერაფრით აღწევენ თანამედროვე რეჟისორები, ე. წ. "გაორმაგებული განცდის" შექმნა მაყურებელში, როცა ფილმის აღქმის პროცესში შეიძლება ერთს ვუყურებდეთ, მაგრამ მეორეს ვგრძნობდეთ - აი, ისე, როგორც "გზის სიმღერაშია", როცა დედა სახლიდან გააგდებს მოხუც და სრულიად უძლურ ბებიას, რადგან მიიჩნევს, რომ დედაბერი ათამამებს ბავშვებს. ახლა, როცა ამ ეპიზოდზე გიამბობთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დედა მონსტრია, რომელიც საშინლად მოექცა მოხუც ადამიანს. მაგრამ ნახეთ "გზის სიმღერა", ყურადღებით დააკვირდით დედის სახეს ამ ეპიზოდში, მის მზერას... და აღმოაჩენთ რაღაც არანორმალურ სითბოს და სიყვარულს ქალის თვალებში. ანდა, რეის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი "ჩარულატა" ნახეთ - ამბავი გათხოვილ ქალზე, რომელიც დიდ საიდუმლოს ატარებს გულში, უყვარს ახალგაზრდა კაცი, რომელიც მისი ქმრის ნათესავია. გრძნობას, რომელიც ჩარულატაში იღვიძებს, მაყურებელი უფრო ადრე ხვდება, ვიდრე პერსონაჟი. მერე კი, როცა ჩარულატა მარტოდმარტო რჩება "დამარხულ სიყვარულთან", მაყურებელი თავად იღებს მისი გულშემატკივრის როლს. ეკრანზე ვხედავთ ერთს, მაგრამ განვიცდით სულ სხვას.

ესაა კინემატოგრაფისტის მიერ დანახული სამყარო და ის "გაორმაგებული განცდა", რომლითაც პირდაპირ სავსეა "მუსიკის ოთახი". ანტინომია "ყურება-სმენა" აქ მთელი ფილმის ესთეტიკას განსაზღვრავს.. "შეიძლება თუ არა მუსიკის აღქმა ფართოდ გახელილი თვალებით?" - თითქოს კითხულობს რეი და თავადვე უპასუხებს: "შეიძლება კი არა, აუცილებელია. მუსიკას ისე უნდა უსმინო, რომ ერთი წამით არ მოადუნო შენი მზერა".

დიახ, ძალიან მაგარი პოეტი უნდა იყო, რეის ფილმები რომ მოჰყვე. რეი ხომ თითქმის შეუძლებელს ეჭიდება - ცდილობს გამოხატოს ის, რაც უხილავია. სამაგიეროდ, რეისგან შეიძლება ისწავლო კინოს გადაღება. მისი ესთეტიკა ღიაა და მზადაა კიდევ უფრო მეტად დახვეწისთვის, განვითარებისთვის. რეის მხატვრული სამყარო დღეს იმ ხის ძირს ჰგავს, რომელიც ახალმა თაობებმა უნდა გაზარდონ და გაახარონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG