Accessibility links

"ნატომ უნდა დაარწმუნოს საქართველო და უკრაინა 11 წლისწინანდელი დაპირების რეალურობაში"


დევიდ კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, დევიდ კრამერი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში საქართველოსთვის უმთავრეს გამოწვევებად თვლის: პოლარიზაციას, მმართველი ძალის მიერ ძალაუფლებას ჩაჭიდებას მხოლოდ მისი შენარჩუნებისთვის, პოლიტიკური ოპონენტების შეუთანხმებლობას საერთო-საქვეყნო ინტერესებზე. სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ლაპარაკობს აგრეთვე უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებზე, რუსეთთან გასამკლავებლად საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ამ ორი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის საკითხის გააქტუალურების საჭიროებაზე. თბილისში ბოლო ვიზიტისას დევიდ კრამერმა მონაწილეობა მიიღო „დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის“ დაფუძნებაში. სწორედ ამ ცენტრზე საუბრით იწყება მასთან ინტერვიუ:

რადიო თავისუფლება: „დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრი“ - რა არის ეს, რა სიახლეა? ეს იქნება საქართველოსთვის, რეგიონისთვის, თუ?..

დევიდ კრამერი: ეს არის ნინო ევგენიძის იდეა. ის „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს“ ხელმძღვანელობს. მან მე და ფრენკ ფუკუიამას, სტენფორდის უნივერსიტეტიდან გვთხოვა ჩავრთულიყავით ამ საქმეში. იდეა გულისხმობს აქ, თბილისში ჰაბის შექმნას, რეგიონისთვის.

რადიო თავისუფლება: რომელიც მოიცავს...

დევიდ კრამერი: რომელიც მოიცავს: რა თქმა უნდა, საქართველოს, აგრეთვე მთელ სამხრეთ კავკასიას, ადამიანებს რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, მოლდავეთიდან. იდეა არის ის, რომ შეიქმნას ჰაბი, ცენტრი დემოკრატიის აქვიტისტებისთვის, ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის, ჟურნალისტებისთვის და ყველასთვის, ვინც მოწადინებულია ხელი შეუწყოს დემოკრატიას; შეიძლება, ამის გამო თავდასხმის ობიექტებიც იყვნენ და სჭირდებოდეთ ადგილი, სადაც რეპრესიულ ვითარებას გაერიდებოდნენ. ეს იქნება აგრეთვე ადგილი, სადაც მოხდება არსებული ინფორმაციის ანალიზი, სადაც ადამიანები ერთმანეთისგან ისწავლიან რა უკეთესად მუშაობს და შეუწყობდნენ ხელს დემოკრატიის პრინციპებისა და თავისუფლების განვითარებას. ვფიქრობ, საქართველო საუკეთესო ადგილია ასეთი ჰაბისთვის.

არსებობს საჭიროება იმისა, რომ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისთვის, ჰქონდეთ ადგილი, სადაც ისწავლიან ერთმანეთისგან, გაცვლიან გამოცდილებას
დევიდ კრამერი

რადიო თავისუფლება: რატომ ფიქრობთ ასე?

დევიდ კრამერი: გულწრფელად რომ გითხრათ, ეს არის დემოკრატიის კუნძული ავტორიტარული რეჟიმების ზღვაში. გასული წლის რევოლუციის შემდეგ, სომხეთი იძლევა გარკვეულ იმედს და აჩვენებს პროგრესს. რეგიონის სხვა ქვეყნებს თუ შეხედავთ, სინამდვილეში დაინახავთ ავტორიტარულ ტალღას, რომელიც ცდილობს დემოკრატიის ხელყოფას ყველგან, მათ შორის - საქართველოშიც. ასე რომ, არსებობს საჭიროება იმისა, რომ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისთვის, ჰქონდეთ ადგილი, სადაც ისწავლიან ერთმანეთისგან, გაცვლიან გამოცდილებას, ზოგჯერ კი, როცა ეს დასჭირდებათ, გამოიყენებენ მას იმისათვის, რომ გაერიდონ ამა თუ იმ ვითარებას. ეს ცენტრი ასევე გათვალისწინებულია ჟურნალისტების, იურისტებისა და სხვების მხარდასაჭერად. ეს დიდებული ინიციატივაა. ვამაყობ მასში მონაწილეობით და მადლიერი ვარ ნინოსი ამ იდეისთვის.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა ჩამოვიდეს, მაგალითად, უკრაინელი აქტივისტი, პოლიტიკოსი ან ჟურნალისტი საქართველოში რაიმე საკითხზე სამსჯელოდ?

ზელენსკი გამოიცდება პუტინის მიერ. ის გამოიცდება ეკონომიკურ ფრონტზე. უკრაინელებს სურთ იხილონ ეკონომიკის განვითარება.
დევიდ კრამერი

დევიდ კრამერი: მქონდა განცდა გარკვეული ხნის განმავლობაში და განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რომ უკრაინამ და საქართველომ მეტი უნდა გააკეთონ ერთად, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ათჯერ დიდია საქართველოზე, ამ ორ ქვეყანას აქვს მსგავსი გამოცდილება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის. მთელი იდეა იმაშია, რომ რუსეთი და პუტინი ცდილობენ საფრთხე შეუქმნან დემოკრატიის ბიძგს აქ, საქართველოში და აგრეთვე უკრაინაში. პუტინს არ უნდა, რომ ქართველები ან უკრაინელები მოითხოვდნენ მეტს თავიანთი მთავრობებისგან, მას არ უნდა საქართველო და უკრაინა წარმატებულ დემოკრატიებად იხილოს, რომლებიც ქმნიან იმ სისტემის ალტერნატივას, რაც პუტინს აქვს რუსეთში. ასე რომ, უკრაინელები აქ უნდა ჩამოვიდნენ, ქართველები უკრაინაში უნდა წავიდნენ. აქ კი იქნება ცენტრი, რომელიც იქნება სახლი იმისათვის, რომ აქ ჩამოვიდნენ უკრაინელები და სხვები, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, აჩვენონ - რამ იმუშავა მათ ქვეყნებში და რამ - არა, იმისათვის, რომ ქართველებმა, აზერბაიჯანელებმა, სომხებმა, მოლდაველებმა ისწავლონ ერთმანეთის გამოცდილებიდან. ასე რომ, არსებობს გამაერთიანებელი საფუძველი - დემოკრატიისთვის ბრძოლა ამ ქვეყნებში, რომლებიც მუდმივ ტრანზიციას განიცდიან საბჭოთა პერიოდის მემკვიდრეობიდან, რომლისგანაც, ჩემი აზრით, ეს ქვეყნები სრულად არ გათავისუფლებულან, რასაც ემატება პუტინის რეჟიმის მცდელობა ძირი გამოუთხაროს მიღწევებს საქართველოსა და უკრაინაში. ახლახან ვიყავი უკრაინაში და...

რადიო თავისუფლება: მიხარია, რომ უკრაინით გააგრძელეთ. ჩემი შემდეგი შეკითხვა სწორედ უკრაინაზე უნდა ყოფილიყო.

დევიდ კრამერი: დიახ, მე იქ ვიყავი არჩევნების მეორე ტურზე დამკვირვებლად, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ეგიდით. დაახლოებით ათი დღის წინ ვიყავი იქ და ვფიქრობ, ზელენსკის არჩევის გამო იქ არის იმედის განცდა. ყველას მისთვის არ მიუცია ხმა, მაგრამ მას ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა 73%-მა. ასე რომ, მას ნამდვილად აქვს მანდატი. ეს იყო აგრეთვე ისტებლიშმენტის წინააღმდეგ მიცემული ხმები. ზელენსკი გამოიცდება პუტინის მიერ. ის გამოიცდება ეკონომიკურ ფრონტზე. უკრაინელებს სურთ იხილონ ეკონომიკის განვითარება. მსოფლიო ბანკის სტანდარტებით, უკრაინა ყველაზე ღარიბი ქვეყანაა ევროპაში, მან ამ ადგილზე მოლდავეთი ჩაანაცვლა.

რადიო თავისუფლება: სურთ კორუფციის დამარცხება...

დევიდ კრამერი: მათ ნამდვილად სურთ კორუფციის დამარცხება. ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ვფიქრობ, პრეზიდენტმა პოროშენკომ მიაღწია დიდ პროგრესს უკრაინაში თავისი ხუთწლიანი ვადის განმავლობაში, მაგრამ კორუფციის დასაძლევად მას არ გაუკეთებია საკმარისთან მიახლოებულიც კი. ვფიქრობ, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ის დამარცხდა არჩევნებში უზარმაზარი სხვაობით. პოროშენკოს საქებრად უნდა ითქვას, რომ მან აღიარა შედეგები, მიიღო მარცხი, თავაზიანად გადასცა ძალაუფლება ზელენსკის. ახლა ზელენსკიმ გამოაცხადა რადის ვადამდელი არჩევნები. უკრაინა მორიგ არჩევნებზე მიდის 21 ივლისს, ამჯერად - საპარლამენტოზე.

ზელენსკის წარმატება უკრაინის ინტერესებშია. ზელენსკის წარმატება საქართველოს ინტერესებშია. ზელენსკის წარმატება აშშ-ის ინტერესებშია. და, საბოლოოდ, ერთ დღესაც, ზელენსკის წარმატება იქნება რუსეთის ინტერესებშიც
დევიდ კრამერი

რადიო თავისუფლება: ბრძანეთ, რომ არჩევნების შემდეგ უკრაინაში იმედის განცდაა. ბევრისგან მოვისმინე და წავიკითხე კიდეც, რომ მოეწონათ ზელენსკის საინაუგურაციო სიტყვა. თქვენ თუ ხართ ოპტიმისტურად განწყობილი? გამოსაცდელი დრო ახსენეთ. რამდენი დრო შეიძლება ჩაითვალოს გამოსაცდელად?

დევიდ კრამერი: გეთანხმებით, რომ მისი საინაუგურაციო სიტყვა ძალიან კარგი იყო. მას ჰქონდა ყველა სწორი გზავნილი. იყო პოპულიზმის რაღაც ელემენტები შერწყმული ლიდერის პასუხისმგებლობების გაცნობიერებასთან. ვფიქრობ, ზუსტი იყო მისი პასუხი პრეზიდენტ პუტინის პასპორტიზაციის მცდელობაზე, რაც საქართველომაც გამოსცადა. მან ძალიან კარგად უპასუხა მის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ვფიქრობ, იქ არის იმედის განცდა. ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობაა ითანამშრომლოს მასთან, მიიღოს ის, დაეხმაროს მას წარმატების მიღწევაში. ზელენსკის წარმატება უკრაინის ინტერესებშია. ზელენსკის წარმატება საქართველოს ინტერესებშია. ზელენსკის წარმატება აშშ-ის ინტერესებშია. და, საბოლოოდ, ერთ დღესაც, ზელენსკის წარმატება იქნება რუსეთის ინტერესებშიც.

რადიო თავისუფლება: რისი გაკეთება შეუძლიათ საქართველოსა და უკრაინას ერთად რუსეთის წინააღმდეგ?

უნდა ვაჩვენოთ, რომ ოკუპაცია, რომელიც არის სხვა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საშინელი დარღვევა, არ ახდენს ქვეყნის დისკვალიფიკაციას ნატოში გაწევრიანებისთვის
დევიდ კრამერი

დევიდ კრამერი: უკრაინა და საქართველო არიან ქვეყნები, რომლებმაც განიცადეს რუსეთის აგრესია და თავდასხმა, რომლებიც მუდმივად არიან რუსეთის დეზინფორმაციის სამიზნეები, სადაც რუსეთი ცდილობს გააღვივოს რეალური ვითარების მიმართ ეჭვი ქართველებისა და უკრაინელების გონებაში. ეს ორი ქვეყანა არის კრემლის კიბერთავდასხმების სამიზნე და ორივე ქვეყნის მოსახლეობა გამოხატავს ძლიერ სურვილს იცხოვრონ უფრო თავისუფალ საზოგადოებებში, რომლებიც მეტად ინტეგრირებული იქნებიან ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში, რომლებიც თავისუფალი იქნებიან რუსეთის მძიმე ხელისგან. თუკი არ იქნება მასიური მიწისძვრა, რომელსაც ნამდვილად არავინ ისურვებდა, საქართველო და რუსეთი ყოველთვის ერთმანეთის მოსაზღვრე ქვეყნები იქნებიან, თუმცა საქართველოს სურს უფრო ძლიერი კავშირები ევროკავშირთან, ნატოსთან. ბოლო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ, მიუხედავად იმედგაცრუებისა ნატოსკენ მიმავალ გზაზე მწირი პროგრესის გამო, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების დაპირება 11 წლის წინ გაიცა, მაინც ძლიერი მხარდაჭერაა - მგონი, 78%, რაც ბოლო გამოკითხვებში ვნახე.

ნატომ უნდა დაარწმუნოს საქართველო და უკრაინა 11 წლის წინანდელი დაპირების რეალურობაში.
დევიდ კრამერი

რადიო თავისუფლება: ცოტათი ნაკლებია, მაგრამ მაინც ძლიერია.

დევიდ კრამერი: დიახ, მცირდება და მე ეს მაშფოთებს. ეს ისევეა ნატოს ბრალი, როგორც საქართველოს ლიდერებისა. არ იყო საკმარისი პროგრესი 2008 წლის ბუქარესტის კომუნიკეს შემდეგ, რომელშიც ნატომ განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან წევრები. არასაკმარისი პროგრესი იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ ქართველებს გაეგოთ, რომ სწორი მიმართულებით მიდიან. ვფიქრობ, ზოგიერთს საქართველოში და ზოგიერთ უკრაინელს აშფოთებთ ის, რომ ისინი ვერასდროს მიაღწევენ ნატოში გაწევრიანების მიზანს. ვფიქრობ, ნატომ უნდა დაარწმუნოს საქართველო და უკრაინა 11 წლის წინანდელი დაპირების რეალურობაში. არც თუ დიდი ხნის წინ ნატოს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი იყო აქ და გაიმეორა ის გზავნილი. ვფიქრობ, რიტორიკიდან რეალურ მოქმედებაზე უნდა გადავიდეთ.

რადიო თავისუფლება: რა შეიძლება მოხდეს გაწევრიანებამდე? რა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ნატომ?

საჭიროა, ნატომ აჩვენოს, რომ ის მზად არის მიიღოს საქართველო.
დევიდ კრამერი

დევიდ კრამერი: თუკი გავიხსენებთ, 2008 წელს საქართველო ისწრაფვოდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებისკენ. ნატომ მას ის არ მისცა. ამის ნაცვლად იყო ეს დაპირება, რომელიც გარკვეულწილ უსწრებდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმას. არ ვარ დარწმუნებული, რომ ახლა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს შეიძლება უკანგადადგმული ნაბიჯიც იყოს. ეს შეიძლება იყოს ნაბიჯი არსაით. საქართველოს სჭირდება დარჩეს ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე. მან აჩვენა მზადყოფნა შეიტანოს წვლილი ნატოს მისიებში: ავღანეთში ის არის მეორე უმსხვილეში კონტრიბუტორი. 2008 წელს საქართველო დაუპირისპირდა რუსეთის სამხედრო ძალებს. ის განიცდის პროგრესს სამხედრო ძალების სამოქალაქო კონტროლსა და წვრთნაში. საქართველო აჩვენებს, რომ სწორი მიმართულებით მიდის. საჭიროა, ნატომ აჩვენოს, რომ ის მზად არის მიიღოს საქართველო. ეს არ იქნება ხვალ. ალბათ, არ მოხდება წელს და მომავალ წელს, მაგრამ არც ძალიან დიდი ხნის შემდეგ. სხვა შემთხვევაში, ნატო რუსეთს ანიჭებს დე ფაქტო ვეტოს უფლებას საქართველოსა და უკრაინის ნატოსკენ სწრაფვაზე. თუკი ნატო იტყვის, რომ ქვეყანა ვერ გახდება ნატოს წევრი, იმის გამო, რომ მისი ნაწილი ოკუპირებულია, ეს იქნება დამატებითი სტიმული რუსეთისთვის მოახდინოს მორიგი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია, თუკი მას ეცოდინება, რომ ამით ქვეყანას მოუჭრის ნატოში გაწევრიანების გზას. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ოკუპაცია, რომელიც არის სხვა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საშინელი დარღვევა, არ ახდენს ქვეყნის დისკვალიფიკაციას ნატოში გაწევრიანებისთვის. გავიხსენოთ, რომ დასავლეთ გერმანია შეუერთდა ნატოს მაშინ, როცა აღმოსავლეთ გერმანია ოკუპირებული იყო საბჭოთა კავშირის მიერ

საქართველომ და უკრაინამ, ორივე ქვეყნის ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ მეტი აერთიანებთ, ვიდრე განასხვავებთ.
დევიდ კრამერი

რადიო თავისუფლება: განსხვავებული დრო იყო.

დევიდ კრამერი: ძალიან განსხვავებული, მაგრამ უსაფრთხოების საჭიროება, რომელსაც უზრუნველყოფს ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლი, უცვლელია და ჩვენ ვხედავთ პუტინის ლიდერობით რუსეთის მზადყოფნას გამოიყენოს ძალა თავისი მეზობლების ტერიტორიებზე შესაჭრელად და განსაკუთრებით, ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგ. შეხედეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ისინი ჯერაც ღელავენ, მაგრამ ღამით უკეთესად სძინავთ, რადგან იციან - ნატოს წევრები არიან და მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია მეხუთე მუხლით. ჩემი აზრით საქართველო და უკრაინა უნდა იყვნენ უფლებამოსილი ასეთსავე დაცულობაზე.

რადიო თავისუფლება: ამ ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებამდე, რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი. მაგალითად, მახსოვს პოროშენკოს ინიციატივა, რომელიც წინ არ წასულა - გაფართოებულიყო დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომლებიც დაწესებული იყო უკრაინაში შეჭრის გამო და მას დამატებოდა საქართველოს ოკუპაციაც. ამ კუთხით, რა შეიძლება ორმა ქვეყანამ ერთად გააკეთოს, დასავლეთის დახმარებით?

დევიდ კრამერი: ვფიქრობ, არაეფექტიანი კოორდინაცია იყო საქართველოსა და უკრაინას შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხზე.

რადიო თავისუფლება: მაგრამ საკმარისი იყო მხოლოდ ამ ორი ქვეყნის კოორდინაცია? როგორც ვიცი, არ ყოფილა რაიმე იმპულსი დასავლეთისგანაც.

დასავლეთის სანქციები ეფექტიანი იქნება, თუკი ისინი დროთა განმავლობაში გამკაცრდება. თუკი ისინი უცვლელი დარჩება, რუსები ადაპტირდებიან.
დევიდ კრამერი

დევიდ კრამერი: არ ყოფილა, მაგრამ, ვფიქრობ, საქართველომ და უკრაინამ, ორივე ქვეყნის ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ მეტი აერთიანებთ, ვიდრე განასხვავებთ. ორივე ქვეყანა იბრძვის თავი დააღწიოს პუტინის მცდელობას რუსეთის კონტროლქვეშ მოაქციოს ისინი; ორივე ქვეყანამ გამოსცადა სისხლისღვრა რუსეთის აგრესიის შედეგად. ეს ქვეყნები უნდა ისწრაფოდნენ ერთი მიზნისკენ - უფრო დემოკრატიული საზოგადოებისკენ, კეთილდღეობისკენ და ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში მეტად ინტეგრაციისკენ. ამ საერთო მიზნების მისაღწევად საქართველომ და უკრაინამ გაცილებით მეტი უნდა გააკეთონ ერთად. იმედი მაქვს, კიევში ხელისუფლების ცვლილების კვალობაზე საქართველოს ხელისუფლება გააცნობიერებს უკრაინელ კოლეგებთან ურთიერთობის დამყარების საჭიროებას.

რადიო თავისუფლება: არის თუ არა დასავლეთის სანქციები ეფექტიანი რუსეთის წინააღმდეგ?

დევიდ კრამერი: დასავლეთის სანქციები ეფექტიანი იქნება, თუკი ისინი დროთა განმავლობაში გამკაცრდება. თუკი ისინი უცვლელი დარჩება, რუსები ადაპტირდებიან. რუსეთის ეკონომიკა, რუსეთის ხელისუფლება მოერგება მათ. იმისათვის, რომ სანქციებმა იმუშაოს (ვფიქრობ, რომ სანქციებს ჰქონდა ეფექტი. მათ შეაკავეს პუტინი იმისგან, რომ მეტი ჩაედინა უკრაინაში 2014-15 წლებში) და შეცვალოს პუტინის ქმედება, ისინი უნდა იზრდებოდეს მანამდე, ვიდრე არ დავინახავთ ქცევის ცვლილებას. როცა დავინახავთ ქცევის ცვლილებას, როცა დავინახავთ, რომ რუსეთი გამოვიდა არა მხოლოდ დონბასიდან, არამედ ყირიმიდანაც, მაშინ შესაძლებელი იქნება სანქციების გაუქმება. ახლა ნამდვილად არ არის სანქციების გაუქმების დრო.

მაშფოთებს ის, რომ საქართველოში არის ტენდენცია არჩევნების მოგებისა მხოლოდ მოგებისთვის, მკაფიო პლატფორმის და იმის ცოდნის გარეშე - რაში უნდა გამოიყენოს გამარჯვებულმა პარტიამ არჩევნების მოგება.
დევიდ კრამერი

რადიო თავისუფლება: მოდით, საქართველოში დავბრუნდეთ. მესმის, ეს ინტერვიუ უსასრულო ვერ იქნება, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ შემდეგ არჩევნებამდე შევხვდებით. სინამდვილეში, ბოლო არჩევნებიც ჯერ არ დასრულებულა. თბილისის ერთ-ერთ ოლქში მეორე ტურს ველოდებით. თუმცა, სრულიად აშკარაა, რომ ყველაფერი ეს განიხილება მორიგი არჩევნების კონტექსტში და ყველა ფიქრობს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე. მინდა გკითხოთ: რა არის ის მთავარი საფრთხე, რაც თავიდან უნდა აიცილოს საქართველომ 2020 წლის არჩევენების კონტექსტში?

დევიდ კრამერი: არაერთი საფრთხეა. ერთ-ერთი არის თავიდან აიცილოს პოლარიზაცია, რომელიც არაერთ ქვეყანაში ვნახეთ, მათ შორის, ჩემს ქვეყანაში - შეერთებულ შტატებშიც, სადაც დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის პოლარიზაცია იმაზე მაღალია, ვიდრე მე მრავალი წლის განმავლობაში მინახავს. თანამშრომლობა პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც განიცდის ზეწოლას, საშიშროებას, აგრესიას რუსეთის მხრიდან. მეორე - მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ შენი მიზანი არ უნდა იყოს ძალაუფლებას ჩაჭიდება იმისთვის, რომ ოპოზიციას არ მისცე ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება. არჩევნებში გამარჯვება უნდა გინდოდეს საქართველოს საერთო საქმის წინ წასაწევად, რაც არის - მეტი პოლიტიკური რეფორმა, მეტი ეკონომიკური რეფორმა, მეტი უსაფრთხოების რეფორმა და მეტი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში. მაშფოთებს ის, რომ საქართველოში არის ტენდენცია არჩევნების მოგებისა მხოლოდ მოგებისთვის, მკაფიო პლატფორმის და იმის ცოდნის გარეშე - რაში უნდა გამოიყენოს გამარჯვებულმა პარტიამ არჩევნების მოგება. ვფიქრობ, უფრო ძლიერად უნდა იყოს არგუმენტირებული - რას გააკეთებს „ქართული ოცნება“, თუკი არჩევნებში გაიმარჯვებს და ასევე - რას გააკეთებს ოპოზიცია არჩევნების მოგების შემთხვევაში. იმედი მაქვს, ისინი გამონახავენ მეტ საერთოს, ვიდრე დასაწყისში იყო და შეთანხმდებიან მეტი დემოკრატიული რეფორმების, მეტი ეკონომიკური რეფორმების, მეტი უსაფრთხოების რეფორმის გატარებასა და მეტად ინტეგრაციაზე ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში. იმედი მაქვს, იქნება საერთო თანხმობა იმ პოლიტიკური განსხვავებულობის გაცნობიერების კვალობაზე, რომელიც არჩევნების დროს ზედაპირზე ამოდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG