Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობა ხაბაზი: ძალიან მალე ვიზეიმებთ ერთად გამარჯვებას!


კობა ხაბაზი
კობა ხაბაზი

22 აპრილს უკრაინაში მებრძოლ ერთ-ერთ უძველეს და უდიდეს უცხოელ მოხალისეთა დანაყოფ „ქართულ ლეგიონს“ დაარსების მე-9 წლისთავი შეუსრულდა.

როგორც მისმა მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მთლიანობაში „ქართულ ლეგიონში“ ამჟამად 1000-ზე მეტი, სხვადასხვა ეროვნების მოხალისეა გაერთიანებული და მსურველთა ნაკადები არ წყდება რუსეთის მიერ შარშანდელი 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული მასშტაბური ომის შემდეგ.

სწორედ რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ გაწევრიანდა „ქართულ ლეგიონში“ კობა ხაბაზი. საქართველოს მე-6 და მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, 2004 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი. კობა ხაბაზი, რომელიც „ქართული ლეგიონის“ საარტილერიო დივიზიონის შემადგენლობაში ხშირად მონაწილეობს მოწინავე პოზიციების საცეცხლე მხარდაჭერაში, ცოტა ხნის წინ როტაციით დაბრუნდა ფრონტის ხაზიდან.

კობა ხაბაზი: პირველ რიგში მე მინდა დავიწყო... „ქართული ლეგიონის“ ყველა წევრს მინდა მივულოცო „ქართული ლეგიონის“ დაარსებიდან მეცხრე წელი, საიუბილეო თარიღია... და რამდენიმე მნიშნელოვანი მომენტი მინდა გამოვყო. პირველი: „ქართული ლეგიონი“, მისი შემადგენლობაა. ეს ადამიანები, მებრძოლები, რომელთაც ვიცნობ, თითქმის ყველას, უკრაინაში იცავენ მის ტერიტორიულ მთლიანობას და, შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ემსახურებიან საქართველოს - იცავენ საქართველოს თავისუფლებას და საქართველოს მომავალს. და მათი სულისკვეთება მინდა შევაჯამო. „ქართული ლეგიონის“ სულისკვეთება გამოხატული ყველაზე მეტად არის სწორე მის მებრძოლებში. ეს სულისკვეთება შეიძლება შეფასდეს ორი სიტყვით: ეს არის თავისუფლება და ეს არის გამარჯვების რწმენა.

კობა ლიკლიკაძე: კობა, თქვენ ხართ საქართველოში, მე ვიტყოდი, ვეტერანი პოლიტიკოსი. მე და თქვენ თითქმის ერთი ასაკის ვართ, მახსოვხართ თქვენ მიტინგებზე, ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობიდან, რამდენიმე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყავით. და უცებ სამხედრო ფორმა ჩაიცვით და ხართ მოხალისე. თან, მე როგორც ვიცი, არტილერისტი ხართ. რატომ აირჩიეთ ეს პროფესია და რა გაკავშირებთ არტილერიასთან?

კობა ხაბაზი: პირველი, დავიწყოთ, ალბათ, იქიდან, რომ მე სხვა არჩევანი არ მქონდა. როგორც კი ომი დაიწყო უკრაინაში, მე ვთქვი, რომ მივდივარ უკრაინაში-თქო. იმიტომ რომ, საქართველოს და უკრაინის ისტორია ერთმანეთთან არის ძალიან მჭიდროდ გადაჯაჭვული. ჩემი კიდევ ორმაგად არის. შეიძლება ტრაბახივით გამომივიდეს, მაგრამ, მე მგონი, ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელიც ვარ ორივე ქვეყნის ღირსების ორდენით დაჯილდოებული. აჭარის „ვარდების რევოლუციის“ გამო დაჯილდოებული ვარ საქართველოს „ღირსების ორდენით“ და უკრაინაში „მაიდანზე“ მომხდარი მოვლენების გამო დაჯილდოებული ვარ უკრაინის „ღირსების ორდენით“. აქედან გამომდინარე უკრაინაში ომი ჩემთვის იყო დამატებითი [არგუმენტი], რომ მე უნდა ვყოფილიყავი აქ.

„ჩვენს ანგარიშზე არის ოკუპანტების დანგრეული ბლინდაჟები და სამეთაურო შტაბები“

კობა ლიკლიკაძე: ბატონო კობა, აქვე შეგეკითხებით, საბრძოლო ორდენი უკრაინის ომისთვის ჯერ არ გაქვთ მიღებული?

კობა ხაბაზი: არ მაქვს მიღებული და, საბრძოლო ორდენს რაც შეეხება, მაქვს ჩემი დამოკიდებულება. და მიმაჩნია, რომ საბრძოლო ორდენი, თუ ვინმეს მისცემენ, ყველაზე ბოლოს უნდა მომცენ მე. იქიდან გამომდინარე, რომ აქ არიან ბიჭები, რომლებსაც აქვთ სამხედრო გამოცდილება, აქ არიან მეომრები, რომლებიც მართლაც საოცრებებს სჩადიან. ხუმრობით ვამბობ, ამ სიბერეში არტილერისტი გავხდი-მეთქი, მაგრამ მეამაყება იმიტომ, რომ მართლა საამაყოა იმ ადამიანებთან ერთად მსახური, ვისთან ერთადაც აქ ვარ. ჩვენი ხელმძღვანელი არის მიხეილ ქამხაძე. ადამიანი, რომელზეც ლეგენდები დადის არტილერიაში. მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს არტილერისტად ითვლება. ესაა ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოდან, დგას უკრაინელების გვერდით... მას, დაწყებული რეკოგნისცირებიდან, ჭურვების შერჩევიდან, კუთხეების გამოთვლიდან, გასროლიდან და არ ვიცი, სული და გული აქვს ჩვენში ჩადებული. და მართლა გვასწავლა ძალიან ბევრი.

კობა ლიკლიკაძე: და ეს ცოდნა ბრძოლის ველზე თუ გამოიყენეთ? ანუ თქვენმა საარტილერიო დანადგარმა მოწინააღმდეგეს მიაყენა რაიმე ზიანი?

კობა ხაბაზი: არაერთი! არაერთი წარმატებული გასვლა გვქონდა. და უფრო მეტიც, შემიძლია ვთქვა, რომ წარუმატებელი გასვლა არ გვქონია. ჩვენი ყველა გასვლა, ყველა საბრძოლო დავალება სრულდება წარმატებით და ჩვენს ანგარიშზე არის ოკუპანტების, მტრის დანგრეული ბლინდაჟები, ჩვენს ანგარიშზე არის საწყობების განადგურება, გამანაწილებელი პუნქტების თუ სამეთაურო შტაბების განადგურება. თითქმის ყველა გასვლას ვასრულებთ წარმატებით იმიტომ, რომ, კიდევ გავიმეორებ, მიშამ, მიხეილ ქამხაძემ მართლა საუკეთესო არტილერისტების ჯგუფი შექმნა და მას ყველა აღნიშნავს უკრაინაში. მართლა მაგრები არიან ჩვენი ბიჭები!

„მიმდინარეობს დამრტყმელი მუშტის ფორმირება“

კობა ლიკლიკაძე: კობა, არ შემიძლია არ გკითხოთ იმაზე, რასაც კადრში ვხედავ - ესაა უკრაინის და საქართველოს დროშები. და ქართულ დროშაზე არის უამრავი წარწერა. მე არ შემიძლია ეს გავარჩიო, მითხარით, რა წარწერებია და ვისი გაკეთებულია ეს წარწერები?

კობა ხაბაზი: მე ამ დროშას ვეძახი ჩვენი საქართველოს სულს და გულს. იმიტომ, რომ ამ წარწერებში არის მართლა ყველაფერი. მასში არის ჩაქსოვილი,. თუ რას ფიქრობენ ჩვენი ბიჭები. ამოვიკითხავ, მაგალითად: „გაგვიძეხ, ბერო მინდიავ, მუხლი შაიბი მგლისაო. გაგვიყოლიე ახლები, შანსი მოგვეცი ცდისაო!“ ან მეორე: „საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ „სიმართლის მხარეს, სინათლის მხარეს“, „საქართველო გაიმარჯვებს“. რომელი ერთი ჩამოვთვალო: „სჯობს მონობაში გადიდგულებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი“ და სხვა. ყველა ადამიანი ტოვებს რაღაცას. საინტერესო სწორედ ის არის ჩემთვის, რომ არ არის ისეთი წარწერა, რომელშიც საქართველო არ ფიგურირებდეს. გარდა იმისა, რომ უკრაინაში ვართ და უკრაინის თავისუფლებისთვის ვიბრძვით, აქ ყველა სუნთქავს საქართველოთი, და აქ მყოფი „ქართული ლეგიონის“ ყველა წევრის საფიცარი არის ჩვენი საქართველო.

კობა ლიკლიკაძე: კობა, დაბოლოს მინდა გკითხოთ, რომ ყველა მოუთმენლად ველოდებით, თუ როდის გადავა უკრაინა კონტრიერიშზე, როდის დაიწყება ოკუპირებული უკრაინული მიწების გათავისუფლება. ახლა თქვენ რიგითი ჯარისკაცი ხართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც დონის ინფორმაციას ფლობთ. გვითხარით, როდისთვის ელოდებით თქვენ, კობა ხაბაზი, კონტრიერიშს და მიიღებთ თუ არა თქვენც მონაწილეობას?

კობა ხაბაზი: რა თქმა უნდა, მივიღებ მონაწილეობას. უფრო მეტიც, ალბათ დაიწყება კონტრიერიში, განხორციელდება იმით, რომ არტილერია დავამუშავებთ პოზიციებს და საცეცხლე მხარდაჭერას გავიკეთებთ და მოიერიშეები გადავლენ შეტევაზე. რაც შეეხება, თუ როდის დაიწყება. მე მგონი, ეს არის ორ ფაქტორზე დამოკიდებული. პირველია ამინდები. იცით, რომ თითქმის ერთი თვე გაუჩერებლივ წვიმდა. და აუცილებელი არის, რომ ცოტა მეტის სიმშრალე იყოს, რომ ტექნიკის გადაადგილებას პრობლემა არ შეექმნას. და მეორე ეს არის „დამრტყმელი მუშტის“ ფორმირება. მართლა კოლოსალური დახმარება მოდის დასავლეთიდან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ეს არის არტილერია, ეს არის მძიმე ტექნიკა. ეს არის შეიარაღების სხვადასხვა სახეობები და ასე შემდეგ. ამიტომ, როდესაც შეიკვრება ეს „მუშტი“, რამდენიმე მიმართულებით დაიწყებს კონტრშეტევას უკრაინული არმია. ასე კონკრეტულ თარიღს ვერავინ ვერ გეტყვით. არც ვიცი, და რომც ვიცოდე, არ ვიტყოდი, მაგრამ ერთ პირობას გაძლევთ, კობა, ძალიან მალე, ძალიან მალე ვიზეიმებთ ერთად გამარჯვებას! ბოროტება დამარცხდება! ამაში ვარ დარწმუნებული. უკრაინა იქნება თავისუფალი, ტერიტორიულ მთლიანობას აღიდგენს და იქნება ძლიერი! ასევე საქართველოში ბოროტება დამარცხდება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც აღდგება და საქართველო იქნება ძლიერი! ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული და ეს იქნება ძალიან მალე!

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG