აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ვეტერანი, ყოფილი სნაიპერი, რომელმაც ერაყისა და ავღანეთის ომებიც გამოიარა, უკრაინაში 635 დღე, 2025 წლამდე საერთაშორისო ლეგიონში, სპეცოპერაციების ჯგუფს მეთაურობდა. ახლა უკრაინისთვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად ვაშინგტონში იბრძვის და პერიოდულად ჩადის ხოლმე ფრონტის ხაზზე.
ზაპოროჟიეს ფრონტიდან ახლახან დაბრუნებული სემპსონი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განმარტავს, თუ რატომ არ სჯერა, რომ მორიგი რუსული მობილიზაცია ფრონტზე ვითარებას შეცვლის, და პირიქით - რატომ მიაჩნია, რომ უკრაინა რუსეთზე სწრაფად მოახერხებს ომის ახალ პირობებთან შეგუებას. ჰყვება, თუ როგორ ცდილობენ რუსები უკრაინულ თავდაცვის ხაზების გარღვევას დობროპილიის მიმართულებით და ამბობს, რომ როგორც ამერიკელებმა, ისე ზოგადად ნატოს ჯარებმა დეტალურად უნდა შეისწავლონ ოპერაცია „ვივალდის“ მეთოდები.
რადიო თავისუფლება: უკრაინის ფრონტიდან ახლახან დაბრუნდით. რა ვითარებაა იქ?
სემპსონი: ზაპოროჟიეს ფრონტზე ყოფნა ჩემთვის ძალიან ბევრის მომცემი იყო. ვესაუბრე მეთაურებს, რომლებსაც ოთხ წელზე მეტია ვიცნობ, და მებრძოლებს, რომლებთან ერთადაც ადრე ფრონტის წინა ხაზზე ვიდექი. ერთმანეთთან ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ ყველაფერს მიყვებიან: კარგს, ცუდს და ყველაფერ დანარჩენსაც. ვისაუბრეთ იმაზე, როგორ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, და როგორია ბოლო დროს მსხვერპლის თანაფარდობა. ეს თანაფარდობა დაახლოებით ერთია შვიდთან: ერთ დაღუპულ უკრაინელ ან უცხოელ მებრძოლზე დაახლოებით შვიდი დაღუპული რუსი მოდის. ჩვენი მხარისთვის ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.
ვისაუბრეთ წვრთნებზეც: რა მხრივ შეიძლება გაუმჯობესება და რა სჭირდება საწვრთნელ ინფრასტრუქტურას. ამ საკითხზე კონგრესში რამდენიმე ადამიანთან ერთად ვმუშაობ. გვინდა შევქმნათ ამერიკულ-უკრაინული საწვრთნელი პროგრამა, რომელიც არსებული პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება - ხშირად უკრაინელ ახალწვეულებს თვეობით უწევთ ლოდინი, ვიდრე სათანადო წვრთნებს გაივლიან. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევით ამ ვადებს მნიშვნელოვნად შევამცირებთ.
[მობილიზაცია] რუსებისთვის სავალალო შედეგებით დამთავრდება - ბრძოლის ველზე ვითარება მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, უბრალოდ ჩვენ მეტი სამიზნე გაგვიჩნდება
რადიო თავისუფლება: ერთი შვიდთან - ეს მთელი ფრონტის მაჩვენებელია თუ მხოლოდ ზაპოროჟიეს მონაკვეთის?
სემპსონი: ეს ლოკალური მონაცემებია, თუმცა ჩემს მიერ არსებული ცნობებით - უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ახლახან ჩატარებული, შიდა მოხმარებისთვის გამიზნული კვლევის მიხედვით სხვა მონაკვეთებზეც უმეტესწილად მსგავსი ვითარებაა. და თუ უკრაინა სიახლეების დანერგვას განაგრძობს, ეს თანაფარდობა კიდევ გაუმჯობესდება. განსაკუთრებით გავრცელებული ცნობების ფონზე, რომ პუტინი კიდევ დაახლოებით ნახევარი მილიონი ჯარისკაცის მობილიზებას აპირებს. მათთვის ეს სავალალო შედეგებით დამთავრდება - ბრძოლის ველზე ვითარება მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, უბრალოდ ჩვენ მეტი სამიზნე გაგვიჩნდება. ამას დაემატება ახლახან მიღებული სანქციების კანონიც, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა. ამ კანონს პირდაპირი, უარყოფითი გავლენა ექნება რუსეთის ეკონომიკასა და მთლიანად მის საომარ მანქანაზე.
რადიო თავისუფლება: ანუ თვლით, რომ მობილიზაციის ხარჯზეც კი რუსები ვერ შეძლებენ დონბასის სრულად დაკავებას მომავალი წლისთვის
სემპსონი: მე მომავალ წელზე არ შევჩერდებოდი - მე ვიტყოდი, ოდესმეც კი. უკრაინის დაზვერვა და მისი დასავლელი პარტნიორები რუსების წინსვლის მცდელობებს live-ში ხედავენ და მზად არიან. მაქსიმუმი, რასაც პუტინს მობილიზაცია მოუტანს, შესაძლოა, რამდენიმე უმნიშვნელო კილომეტრია, მაგრამ წინ დიდად ვერ წაიწევენ. კიდევ ერთხელ ვიტყვი: „ჩვენი მხარისთვის ეს უბრალოდ მეტი სამიზნის გამოჩენას ნიშნავს.
უკეთესი იქნებოდა, უბრალოდ დანებებულიყვნენ. მაგრამ თუ თამაში უნდათ? სიამოვნებით ავყვებით და ვაჩვენებთ, რა შეგვიძლია.
რადიო თავისუფლება: არ მინდა, ეშმაკის ადვოკატის როლი მოვირგო, მაგრამ ეს ფრაზა რამდენიმე უკრაინელი მეთაურისგან უკვე მოვისმინე: რომ მეტი რუსი ჯარისკაცი უბრალოდ „მეტ სამიზნეს“ ნიშნავს. პუტინს რომ ეთქვა, უკრაინაში ჯარის რაოდენობას ვამცირებო, მგონია, იგივე მეთაურები იტყოდნენ: კარგია, მშვენიერია, ნაკლები საქმე გვექნებაო. გამოდის, ორივე ვარიანტი მომგებიანია. რამდენად გულწრფელია მათი ეს განცხადებები, ხომ არ არის ეს მორალის შენარჩუნებაზე გათვლილი ყოყლოჩინობა?
სემპსონი: ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გიპასუხებთ: , ამ საქმეში 20 წელზე მეტია ვარ და ერაყის, ავღანეთისა და უკრაინის საომარ ზონებში 3000 დღეზე მეტი გავატარე. ჩვენც დაახლოებით ასე ვფიქრობდით: თუ მოწინააღმდეგე პოზიციებზე მცირერიცხოვან დანაყოფებს ტოვებდა, ველოდით, რომ საქმეს უფრო იოლად და სწრაფად მოვრჩებოდით, თანაც ჩვენი მხრიდან ნაკლები დანაკარგით. თუ დამატებითი ძალები მოჰყავდათ, ეს უფრო, ასე ვთქვათ, კრეატიულად მოქმედების მეტ შესაძლებლობას გვაძლევდა. არ გვაშინებდა, პირიქით, აზარტსაც გვმატებდა. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, უბრალოდ დანებებულიყვნენ. მაგრამ თუ თამაში უნდათ? სიამოვნებით ავყვებით და ვაჩვენებთ, რა შეგვიძლია.
ასე ვფიქრობთ ჩვენ, ჯარისკაცები. ეს მხოლოდ ეგო არ არის. როცა იცი, რომ უკეთ ხარ გაწვრთნილი, უფრო კრეატიული ხარ, უფრო ადაპტირებადი და ზოგადად, საბრძოლო მომზადების მხრივ მოწინააღმდეგეზე მაღალ დონეზე დგახარ. და ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვიტყვი, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლად მობილიზებულ რუსებს მომზადებითაც, მოქნილობითაც და საბრძოლო შესაძლებლობებითაც აშკარად აღემატებიან.
უკრაინას დასავლეთის ბევრ ქვეყანაში ჰყავს პარტნიორები და ეს საშუალებას გვაძლევს, სიახლეები გაცილებით სწრაფად დავნერგოთ. რუსეთიც აუმჯობესებს საკუთარ შესაძლებლობებს, მაგრამ ბევრად ნელა. რუსეთში ისევ ვერ ელევიან ძველ მიდგომას: პრობლემა გაქვს? ცოცხალი ძალა მიაყარე, სანამ არ გადაჭრი. ჩვენ ასე არ ვმოქმედებთ.
“თუ პოზიციაზე მყოფი ჯარისკაცი რუსი მეთაურის ბრძანების მიუხედავად წინ არ მიდის, მას საკვებსა და წყალს უწყვეტენ. მერე მუქარაზე გადადიან: ახლა თქვენს პოზიციაზე FPV-დრონს გამოვგზავნით”
რადიო თავისუფლება: ისევ ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას დავუბრუნდეთ - სად იცვლება ფრონტის ხაზი და რომელი მიმართულებით?
სემპსონი: დეტალებს, რომლებიც კონკრეტულ დროს, ადგილს ან ოპერაციას უკავშირდება, ვერ გავამხელ. ზოგადად კი, დონბასის ფრონტზე - დობროპილიის მიმართულებით რუსები ცდილობენ, რაც შეიძლება ღრმად გააღწიონ უკრაინელთა თავდაცვით ხაზებში. ორ-სამკაციან ჯგუფებს აგზავნიან.
ტყვედ აყვანილ რუსებს ვესაუბრე და ვიცი, რომ ბევრ მათგანს დიდი არჩევანი არ აქვს. თუ პოზიციაზე მყოფი ჯარისკაცი რუსი მეთაურის ბრძანების მიუხედავად წინ არ მიდის, მას საკვებსა და წყალს უწყვეტენ. მერე მუქარაზე გადადიან: ახლა თქვენს პოზიციაზე FPV-დრონს გამოვგზავნით.
ან თავისიანები მოკლავენ, ან საკვებისა და წყლის გარეშე ნელ-ნელა დაიღუპება, ან ბრძანებას დაემორჩილება და წინ წავა, სადაც შეიძლება გადარჩეს და შეიძლება ვერა. ასე ატარებს რუსული მხარე ამ შეტევას. ჩვენ კი ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი მოწინააღმდეგე ცოცხლად ავიყვანოთ ტყვედ. რადგან ვიცით, რაც მეტ ტყვეს ავიყვანთ, მით მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაბრუნდება საბოლოოდ სახლში ტყვეთა გაცვლის შედეგად.
ტყვეები მეც ამიყვანია და მზად ვიყავი, საკუთარი უსაფრთხოების ხარჯზე რისკზე წავსულიყავი, ოღონდ მომდევნო ტყვეთა გაცვლისთვის უკეთ მომზადებული ვყოფილიყავით.
უკრაინელები რამდენიმე მიმართულებით ცდილობენ ტერიტორიების დაბრუნებას, მაგრამ პრაგმატულად წყვეტენ, სად მიმართონ ძალისხმევა, რისკსა და შესაძლო სარგებელს წონიან. იკავებენ ადგილებს, რომლებსაც ტაქტიკური მნიშვნელობა აქვთ, იქნება ეს სოფელი თუ ქალაქის ნაწილი.
ოპერაცია „ვივალდის“ განვითარებას უკვე კარგა ხანია ვადევნებ თვალს - იქ გამოყენებული მეთოდები ძალიან ჰგავს იმას, რაც უკრაინაში გატარებული 777 დღის განმავლობაში ვისწავლე. დრონების მუდმივი მონიტორინგის გამო ე.წ. „ბოლო მილის“, გზის ბოლო მონაკვეთის გავლა იმდენად სახიფათო გახდა, რომ ფეხით ათი კილომეტრის დასაფარად შეიძლება ორი-სამი დღე დაგჭირდეს. „ვივალდის“ ფარგლებში კი ვნახეთ, როგორ იყენებენ დრონებს, რათა სახმელეთო რობოტები რუსეთის პოზიციების სიღრმეში გადაისროლონ. ეს ინოვაციაცაა და პრაგმატული გამოსავალიც, რომელიც ქვეითების გადაჭარბებულ საფრთხეში ჩაგდებას არ მოითხოვს. ესაა ოცდამეერთე საუკუნის ომის კომბინირებული მანევრი - ერთიანდება დრონები, რადიოელექტრონული დუელი, დარტყმები სამეთაურო რგოლებსა და მომარაგებაზე, ასევე მცირე მოიერიშე ჯგუფები. კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ იპოვებს უკრაინა უპირატესობას ახალ პირობებთან შეგუებით და არა ძალების მასობრივად თავმოყრით. „ვივალდის“ მიერ გამოყენებულ მიდგომებსა და მანევრებს დიდი ოპერატიული ღირებულება აქვს და ვთვლი, რომ როგორც აშშ-მ, ასევე ზოგადად ნატომ ეს ოპერაცია ყურადღებით უნდა შეისწავლონ.
ამის პარალელურად, ზაპოროჟიეს ფრონტზე უკრაინელები ჯერ კიდევ ეძებენ გზას, როგორ დაიბრუნონ ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი ისე, რომ ბირთვული კატასტროფა არ გამოიწვიონ.
მდინარე დნიპრო უკრაინელებს მტრის წინააღმდეგ კაშხლის გამოყენების საშუალებასაც აძლევს. როცა რუსები დამშრალ კალაპოტზე გადადიან, უკრაინელებს შეუძლიათ კაშხალი გახსნან და წყალი რუსული ძალების „გასაჭედად“ გამოიყენონ. ეს მტრისთვის ბრძოლის პირობების კარნახის ერთობ საინტერესო ხერხია, უძველესიც და, ამავე დროს, ინოვაციურიც.
ჩვენს მხარეს მეტი ფინანსური შესაძლებლობა აქვს, უფრო „ღრმა ჯიბეები“.
რადიო თავისუფლება: ე.წ. დრონების ომზე გადავიდეთ. ვხედავთ, რომ რუსეთი სულ უფრო ხშირად იყენებს „გერანის“ ახალ მოდელებს, რომლებიც რეაქტიული ძრავითაა აღჭურვილი, უკრაინას კი მათი ჩამოგდება სულ უფრო უჭირს. ამასთანავე, რუსეთი სულ უფრო და უფრო ზრდის წარმოების მასშტაბებს. დღეს ვის აქვს უპირატესობა დრონებით ომში?
სემპსონი: ეს ახალი გამოწვევაა, მაგრამ, მთლიანობაში, უკრაინისთვის დაუძლეველი პრობლემა არ არის. უკრაინას აქვს როგორც ინოვაციური პოტენციალი, ისე საჭირო რესურსები, რომ მას გაუმკლავდეს. უკვე წარმატებით გამოიცადა ახალი მოდელები, რომლებიც სწორედ რეაქტიული ძრავის მქონე დრონების განეიტრალებაზეა მორგებული. მართალია, ცალკე აღებული, უკრაინის რესურსები რუსეთისას ჩამორჩება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კიევს უამრავი დასავლელი პარტნიორი ეხმარება, ფინანსურად იქნება ეს თუ აღჭურვილობით. რუსეთსაც ჰყავს პარტნიორები: ჩინეთი, ჩრდილოეთი კორეა და ირანი. თუმცა, ჩემი აზრით, ჩვენს მხარეს მეტი ფინანსური შესაძლებლობა აქვს, უფრო „ღრმა ჯიბეები“.
უკრაინას გაცილებით ნაკლები ეხარჯება და რუსეთს უზარმაზარი თანხების დახარჯვას აიძულებს მიზერული შედეგების მისაღწევად.
რადიო თავისუფლება: „ჯიბეებზე“ არ შეგედავებით, მაგრამ ნებისყოფაც თქვენს მხარეს უფრო მეტი აქვს? კრიზისის გაძლების უნარიც?
სემპსონი: ვფიქრობ, რომ კი და ეს აქ, ვაშინგტონშიც გამოჩნდა, როცა რუსეთის წინააღმდეგ უმკაცრესი სანქციების კანონპროექტი მივიღეთ. მისი მთავარი სამიზნე რუსეთია, მაგრამ ის ყველას შეეხება, ვინც რუსეთთან საქმეს დაიჭერს, მათ შორის ჩინეთსაც. ჩინეთი ამ სანქციების პაკეტში პირდაპირ არის გათვალისწინებული: თუ ის რუსეთის ექსპორტის დაახლოებით 15 პროცენტზე მეტის შესყიდვას გააგრძელებს, მას ძალიან მასშტაბური სადამსჯელო ზომები დაატყდება თავს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, მჯერა, რომ ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ჩვენი მხარე უკეთეს მდგომარეობაშია. რუსეთი მეტ ფულს ხარჯავს და მეტ საბრძოლო მასალას იყენებს, მაშინ როცა იმავე დაპირისპირებაში უკრაინას გაცილებით ნაკლები ეხარჯება და რუსეთს უზარმაზარი თანხების დახარჯვას აიძულებს მიზერული შედეგების მისაღწევად.
რუსეთს საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვა არ შეუძლია.
რადიო თავისუფლება: ამ „ღრმა ჯიბეებში“ საკმარისი გადამჭერი რაკეტები მაინც არ მოიძებნა. ამ დეფიციტის ფონზე, რამდენად რთული ზამთარი ელის წინ უკრაინას?
სემპსონი: თუ „პატრიოტებზე“ საუბრობთ, მაშინ მომიწევს დაგეთანხმოთ - დიახ, ნამდვილად ასეა. თუმცა, უკრაინისთვის მიყენებული ზიანის ღირებულება მაინც გაცილებით ნაკლებია იმაზე, რაც რუსეთს ამ შეიარაღების შექმნა და წარმოება უჯდება. ხარჯების თანაფარდობა კვლავ უკრაინის სასარგებლოდ რჩება.
გარდა ამისა, ახლახან უკრაინამ საფრანგეთისა და ბრიტანეთისგან SCALP-EG-ისა და Storm Shadow-ის წარმოების ლიცენზია მოიპოვა. ბევრს საუბრობენ cruise missile „ფლამინგოზეც“, რომელიც უკრაინაში უნდა დამზადდეს. ინტენსიური კვლევები ტარდება, იქმნება საჭირო ტექნოლოგიები, რათა შიდა პროდუქციის ბალისტიკური რაკეტის წარმოება დაიწყონ და რუსეთის სიღრმეში სულ უფრო მეტ სამიზნეს დაარტყან. თუმცა, ბალისტიკური რაკეტების გარეშეც კი, სულ ახლახან რუსეთში, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 2 000 კილომეტრში ფეთქდებოდა და იწვოდა ობიექტები. საქმე იქამდე მივიდა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ისიც კი თქვა: კარგი იქნებოდა, უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნების ნაწილზე დარტყმები შეწყვიტოსო. ჩემთვის ეს სხვა არაფერია, თუ არა საჯარო აღიარება, რომ რუსეთს საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვა არ შეუძლია.
ფორუმი