Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ტრაგედია იქნება, თუ საქართველოს ევროპული მისწრაფებები პარტიული პოლიტიკის გამო შეფერხდება“ - ინტერვიუ სვენ მიკსერთან


„თუ ქართველი პოლიტიკოსები მოახერხებენ და საკუთარ ანტაგონიზმსა და კინკლაობას გვერდზე გადადებენ, პოზიტიური პასუხის შანსიც გაიზრდება“, - ასე აფასებს ევროპარლამენტარი და ესტონეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სვენ მიკსერი საქართველოს შანსებს, 2024 წლისთვის დაგეგმილ ევროკავშირის წევრობის განაცხადზე დადებითი პასუხი მიიღოს. გასულ კვირას მისერი საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებლის რანგში ეწვია თბილისს, შეხვდა პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, მოინახულა ე.წ. ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი. ბრიუსელში დაბრუნებულმა კი რადიო თავისუფლებას გაუზიარა საკუთარი შთაბეჭდილებები.

რადიო თავისუფლება: რა შთაბეჭდილებებით ბრუნდებით საქართველოდან?

სვენ მიკსერი: ვიტყოდი, რომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს ვხედავთ ევროკავშირის კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და დანერგვის მხრივ, მაგრამ შეუსრულებელი რჩება ასევე მნიშვნელოვანი საკითხები. პოლიტიკური გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, ევროპისთვის შემაშფოთებელია პოლიტიკური პოლარიზაცია და მძაფრი ანტაგონიზმი, რაც, თავისთავად ცხადია, საქართველოს პროგრესს აფერხებს რიგ საკვანძო საკითხებში. ბოლო დროს კი, შეშფოთება გაჩნდა რიგი დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებითაც. დემოკრატიულ სახელმწიფოში კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, რომლებსაც ევალებათ აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობა.

რადიო თავისუფლება: პარლამენტში გამოსვლისას, თქვენ მოუწოდეთ საქართველოს, ყოფილიყო ამბიციური. რამდენად რეალისტურია ქვეყნის ამბიცია, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით?

სვენ მიკსერი: თუ ქართველი პოლიტიკოსები მოახერხებენ და საკუთარ ანტაგონიზმსა და კინკლაობას გვერდზე გადადებენ, პოზიტიური პასუხის შანსიც გაიზრდება. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ჯერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც კი არ აქვს. წინ დიდი გზაა და ბევრი რეფორმაა გასატარებელი, ასე რომ, ვფიქრობ, საქართველო ჯერ არაა მზად იმისთვის, რომ ევროკავშირში მიიღონ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეფორმების საკითხს სერიოზულად არ უნდა მოეკიდოთ, რადგან მეტი წილი ამ რეფორმებისა გათვლილია როგორც საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაზე, ასევე ხალხის კეთილდღეობაზე, მიუხედავად იმისა, დაგვირგვინდება თუ არა ეს ყველაფერი ევროკავშირის წევრობით. ცხადია, ბევრი სამუშაოა შესასრულებელი ევროკავშირისგან დადებითი პასუხის მისაღებად, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოსთვისაც გაიხსნება და ამ მომენტისათვის ქართველები მზად უნდა იყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო დიდხანს მოგიწევთ ლოდინი.

რადიო თავისუფლება: პოლიტიკურ ელიტას კომპრომისისკენ მოუწოდეთ - როგორ ფიქრობთ, მოახერხებენ ამას?

სვენ მიკსერი: ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნები ტარდება და დღეს ხელისუფლებაში მყოფი პარტიები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ხვალ შესაძლოა ოპოზიციის რანგში მოგვევლინონ. იგივე ითქმის ოპოზიციაზეც. ერთი სტრატეგიული მიზანი, რომელსაც, როგორც მე დავინახე, მთავრობაც იზიარებს და ოპოზიციაც, არის მისწრაფება, ევროპულ თანამეგობრობას შეუერთდეთ. ასე რომ, ნამდვილი ტრაგედია იქნება, თუ საქართველოს ევროპული მისწრაფებები პარტიულ პოლიტიკას [Party Politics] შეეწირება. ვფიქრობ, პარტიები ერთად უნდა მუშაობდნენ ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ამას ვერ ვხედავთ.

რადიო თავისუფლება: ყურადღება გაამახვილეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულებაზეც - რა გამოწვევებს გამოყოფდით ამ მხრივ?

სვენ მიკსერი: ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ევროკავშირის ნორმებთან დაახლოება შრომის კანონმდებლობის, კონკურენციის კანონებისა და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროში. ყველაზე მთავარი კი, ვფიქრობ, მართლმსაჯულების რეფორმაა, რომელსაც ევროკავშირი დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების მნიშვნელოვანი პირობა იყო. ჯერჯერობით ვერ ვხედავთ მზაობას, ეს შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს. როცა ვსაუბრობთ მოსამართლეების უვადო დანიშვნებზე, უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ამ ნაბიჯს გადავდგამთ, მერე მოგვიწევს ამ მოცემულობით ცხოვრება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში.

რადიო თავისუფლება: ფაქტია, რომ მმართველი პარტია ამ საკითხზე პოზიციების შეცვლას არ ჩქარობს. ევროკავშირს ხომ არ მოუწევს კომპრომისზე წასვლა?

სვენ მიკსერი: ევროკავშირისკენ სვლა და დაახლოება ორ მხარეს შორის კომპრომისის ხარჯზე არ ხდება - არის გარკვეული სტანდარტები, რომელიც უნდა დააკმაყოფილო. შეგვიძლია, ეს სპორტის ელიტურ კლუბს შევადაროთ - თუ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებ, არ აგიყვანენ, და, რა თქმა უნდა, მოლოდინი არ უნდა გქონდეს, რომ სტანდარტებს სანახევროდ შეასრულებ და მაინც გახდები კლუბის წევრი. ევროკავშირის წევრობაც ზუსტად ასეთი პრინციპით მუშაობს. ყველა ფრონტზე, როცა საქმე ეხება ჰარმონიზაციას, ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილებას, კომპრომისზე მოლაპარაკებები უადგილოა.

რადიო თავისუფლება: ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობაზეც საუბრისას ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ადამიანური, სამართლიანი მიდგომისა და სასამართლო პროცესის უფლება - თქვენი გადმოსახედიდან, დაცულია დღეს მისი ეს უფლება?

სვენ მიკსერი: გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს სერიოზულად მოეკიდება. ჩვენ ვეთანხმებით დამოუკიდებელი ინსტიტუციების მიერ გამოთქმულ შეშფოთებებს, რომ [სიტუაცია ამ ეტაპზე] აშკარად მიუთითებს გარკვეულ პრობლემებსა და ხარვეზებზე.

რადიო თავისუფლება: თქვენი კოლეგა, ლიეტუვის ყოფილი პრემიერი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ევროკავშირმა მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინოს და გვთავაზობს „ყველაფერი, წევრობის გარდა (ჯერჯერობით)“ მოდელს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ასოცირებული ტრიოსთვის. თქვენ რას ფიქრობთ?

სვენ მიკსერი: ვემხრობი მოსაზრებას, რომ ევროკავშირის ჩართულობა უფრო ინტენსიური უნდა გახდეს, რადგან ვფიქრობ, რომ საქართველოს კიდევ უფრო ინტეგრირება დასავლურ სტრუქტურებში ნამდვილად შედის ევროკავშირის ინტერესებში. მაგრამ ცხადია, იმისთვის რომ ეს პროცესი წარმატებული იყოს, საჭიროა ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის გულწრფელი ძალისხმევა.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG