Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქართველო მზად უნდა იყოს იმ მომენტისთვის, როდესაც მისი დრო დადგება“ - ნატოს სპეციალური წარმომადგენლის ექსკლუზიური ინტერვიუ


ხავიერ კოლომინა
ხავიერ კოლომინა

ხავიერ კოლომინა, ესპანელი დიპლომატი, რომელმაც 2021 წლის სექტემბრიდან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე ჯეიმს აპატურაი შეცვალა, რადიო თავისუფლებას პირველ ინტერვიუს აძლევს.

ვაჟა თავბერიძე მას ბრიუსელში პრაღიდან რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე, ნატოს კოლექტიურ პასუხზე რუსეთისადმი და რასმუსენის ცნობილ ფორმულაზე ესაუბრა. კოლომინა ამბობს, რომ მადრიდის სამიტამდე საქართველოში სტუმრობას გეგმავს.

რადიო თავისუფლება: ეუთოსა და რუსეთის მოლაპარაკებების დროს გაკეთდა განცხადება, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა - პოლონელმა თანათავმჯდომარემ თქვა: „ბოლო 30 წლის განმავლობაში დღეს ყველაზე ახლოს ვართ რუსეთთან ომთან . იზიარებენ ამ განწყობას ნატოში?

იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ამავდროულად მზად ვართ ყველა სცენარისათვის.

ხავიერ კოლომინა: რთულია ამაზე პირდაპირ გიპასუხოთ - მაგრამ სიტუაცია ძალიან სერიოზულია. რუსეთი არ წყვეტს უკრაინის საზღვართან სამხედროების მობილიზებას, შესაბამისად, [ღია] კონფლიქტის რისკი რჩება. ნატოში ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დიპლომატიურ გზაზე დავრჩეთ: რუსეთს შევთავაზეთ კონსულტაციები, ჩვენი მხრიდან იყო როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი შეთავაზებები, თუ რაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ რუსეთთან ერთად - მაგრამ არა იმ მოთხოვნებზე, რომელიც რუსეთს ჰქონდა, რადგან ისინი ჩვენთვის მიუღებელი იყო. ვმუშაობდით ყველა საკითხზე, რაც, ჩვენი აზრით, შეიძლება გახდეს დიალოგისა და პროცესის საფუძველი, რათა ნატოსა და რუსეთს შორის განახლდეს კომუნიკაცია, რომელიც ახლა მთლიანად შეჩერებულია. ჩვენ გვწამს, რომ ჯერ კიდევ არის დრო დიალოგისთვის, მაგრამ, ამავდროულად, რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს თავდაცვასა და [რუსეთის] შეკავებაზე, მათი ქმედებებიდან გამომდინარე.

რადიო თავისუფლება: რუსეთმა ასევე არაორაზროვნად მიგანიშნათ, რომ იმ ტიპის დიალოგი, რომელსაც თქვენ სთავაზობთ, კრემლს არ აინტერესებს, მათი ულტიმატუმები კი თქვენთვისაა მიუღებელი. სად მივყავართ ყველაფერ ამას?

ხავიერ კოლომინა: რთულ სიტუაციამდე, აი, სად. ჩვენ ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ, ამავდროულად, მზად ვართ ყველა სცენარისათვის. მათი შეთავაზებები ძირითადად მიუღებელი იყო და ასეც ვუთხარით - ჩვენ არ წავალთ ისეთ კომპრომისზე, რომელიც ნატოს ფუნდამენტური პრინციპების ხარჯზე გაკეთდება, არ წავალთ კომპრომისზე, რომელიც შეზღუდავს რომელიმე ქვეყნის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი და უსაფრთხოება. თავისთავად ცხადია, არ შეიცვლება ჩვენი პოზიცია უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით. ჩვენ, და პირადად მე, როგორც სპეციალური წარმომადგენელი და დიპლომატი, ვიმედოვნებ, რომ რუსებიც დიპლომატიურ კურსს არჩევენ.

ნატოს სპეციალური წარმომადგენლის ექსკლუზიური ინტერვიუ
please wait

No media source currently available

0:00 0:07:24 0:00

რადიო თავისუფლება: დასავლურ პრესაში სულ უფრო და უფრო ხშირად ქვეყნდება მოსაზრებები, სადაც საუბარია, რომ შეიძლება ვიხილოთ რაიმე მორატორიუმი ნატოს გაფართოებაზე - რომ მაგალითად პროცესი გაიყინოს 20 წლით, შემდეგ კი ვნახოთ, რა იქნება. განიხილება თუ არა მსგავსი სცენარი ბრიუსელში?

[მორატორიუმი ნატოს გაფართოების დროებით “გაყინვაზე”] - გადაჭრით ვიტყვი, რომ ეს ვარიანტი ნატოში საერთოდ არ განიხილება

ხავიერ კოლომინა: გადაჭრით შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი რამ საერთოდ არ განიხილება. მეც ბევრი მსგავსი სტატია წავიკითხე. მაგრამ ჩვენ ერთობ მკაფიოდ ვუთხარით რუსებს: ჩვენი პრინციპების ხარჯზე დათმობებზე არ წავალთ. ასი პროცენტით, მტკიცედ ვდგავართ პოზიციაზე, რომ უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ისევე როგორც ნატოს ღია კარის პოლიტიკა, კომპრომისის საგნად არ იქცევა.

რადიო თავისუფლება: უკრაინისა და საქართველოს ნატოში მისაღებად კონსენსუსია საჭირო, მაგრამ საიდუმლო არაა, რომ ამ იდეის მიმართ ნატოს წევრი რიგი ქვეყნები სკეპტიციზმით არიან განმსჭვალული. რა არის საჭირო ამ კონსენსუსის მისაღწევად?

ხავიერ კოლომინა: საქართველო ჩვენთვის ერთობ ღირებული პარტნიორია. კარგი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოსთან, როგორც პრაქტიკული კუთხით, ასევე პოლიტიკური დიალოგის მხრივ. ნატოს ჩართულობა დიდია და ვფიქრობ, საქართველოსგან რისი დანახვაც გვსურს, მეტწილად ვხედავთ. მაგრამ არის გარკვეული საკითხები, სადაც სამუშაო რჩება - ესენია რეფორმები, შიდაპოლიტიკური სიტუაცია, პოლარიზაცია პოლიტიკურ პარტიებს შორის - ეს ის საკითხებია, რაც შეშფოთებას იწვევს, მათ შორის იმ წევრი ქვეყნებისგან, რომელთაც განსხვავებული ხედვა აქვთ ნატოს ღია კარში საქართველოს შეპატიჟებაზე.

რადიო თავისუფლება: ნატოსკენ წევრობისკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება რეფორმები და შიდაპოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებაა? ესაა რეალური სურათი?

ხავიერ კოლომინა: ვიტყოდი, რომ საქართველო მზად უნდა იყოს იმ მომენტისთვის, როდესაც მისი დრო დადგება. გასაგებია, რომ ახლა არ არის [შესაფერისი] დრო ღია კარის პოლიტიკაში გარღვევისთვის. ეს საქართველოს ხელისუფლებამაც იცის, მაგრამ ისინი მაინც მზად უნდა იყვნენ, გაატარონ საჭირო რეფორმები - საარჩევნო, სასამართლო, უსაფრთხოების კუთხით და ა.შ. ვიცი, რომ ქართველები ამ მხრივ მუშაობენ, მაგრამ ზოგიერთ ასპექტში ეს სამუშაო შეიძლება გაუმჯობესდეს. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ეს რეფორმები ტარდება. 2021 წელი არ იყო საუკეთესო წელი ამ თვალსაზრისით. ჩვენ დავინახეთ რამდენიმე რამ, როგორიცაა მაგალითად ევროკავშირთან აპრილის შეთანხმებიდან გასვლა, რაც შეიძლება წავიკითხოთ, როგორც გზავნილები, რომლებიც დამაბნეველია მოკავშირეებისთვის და მე მომიწია აქ, ბრიუსელში საუბარი, რათა სიტუაცია განმემარტა.

რადიო თავისუფლება: მოდი პირდაპირ გკითხავთ - რუსეთის ფაქტორი რომ არა, იქნებოდა თუ არა საქართველო უკვე ნატოს წევრი?

არა მგონია, ქართველ ხალხს კარგი სამსახური გავუწიოთ იმით, რომ საქართველოს მხოლოდ ნაწილი მივიღოთ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი მორატორიუმი გამოვაცხადოთ

ხავიერ კოლომინა: უკვე ბევრჯერ ნათქვამს გავიმეორებ - ღია კარის პოლიტიკაზე გადაწყვეტილებები მიიღება 30 მოკავშირის და თავად პარტნიორების მიერ, რომლებსაც სურთ გახდნენ ალიანსის წევრები, არცერთ მესამე მხარეს არ აქვს ვეტო ამ გადაწყვეტილებებზე. რუსეთი ამაზე გავლენას ვერ ახდენს. ახდენს თუ არა გეოპოლიტიკური სიტუაცია მსოფლიოში ამაზე გავლენას? რა თქმა უნდა - ეს მსოფლიოში რაც ხდება, ყველაფერზე ახდენს გავლენას.

რადიო თავისუფლება: და რაც შეეხება ტერიტორიულ პრობლემებს, რომელიც უკრაინასა და საქართველოს აქვთ - აქვს თუ არა ამ ფაქტს გავლენა ალიანსში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე?

ხავიერ კოლომინა: ჩვენ მკაფიოდ ვაფიქსირებთ ნატოს პოზიციას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და, ჩემი აზრით, ამ საკითხში მოკავშირეებს შორის აბსოლუტური კონსენსუსი არსებობს - ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ რუსული ჯარების გაყვანა იმ ქვეყნებიდან, სადაც ამ ჯარების ყოფნა არ სურთ. გვწამს, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს საკუთარი ევროატლანტიკური გზა, და როდესაც ის მზად იქნება ნატოში შესასვლელად, გახდება კიდეც ნატოს წევრი. მაგრამ არა მგონია, რეალური იყოს საქართველოს მხოლოდ ერთი ნაწილის ინტეგრაცია ნატოში - ჩვენი გადმოსახედიდან, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ფუნდამენტური პრინციპია, ამიტომ, ჩვენ ვახდენთ ზეწოლას რუსებზე, რომ მათ ჯარები გაიყვანონ, პარალელურად კი ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს გაწევრიანებაზე.

რადიო თავისუფლება: ეს გარკვეულწილად პასუხია კითხვაზე, რომელიც ჯერ არ დამისვამს. საუბარია ნატოს ყოფილი გენმდივნის, რასმუსენის იდეაზე, რომ საქართველო ნატოს წევრი შეიძლება ისე გახდეს, რომ კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გავრცელდეს. თქვენ ამაზე ადრეც გააკეთეთ კომენტარი და განაცხადეთ, რომ „ეს [მიდგომა] არ არის სასარგებლო დღევანდელ ვითარებაში“. რატომ?

უმეტეს ასპექტში ქართული ჯარის დონე ოპტიმალურია

ხავიერ კოლომინა: ვფიქრობ, იმ პრინციპების ერთგულნი უნდა დავრჩეთ, რომელთაც აქამდე ვიცავდით. ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენტიტეტია. არა მგონია, ქართველ ხალხს კარგი სამსახური გავუწიოთ იმით, რომ საქართველოს მხოლოდ ნაწილი მივიღოთ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი მორატორიუმი გამოვაცხადოთ. ამის ნაცვლად, ვფიქრობ, ზეწოლა უნდა იყოს რუსეთზე - მათ იციან, რომ ამ ტერიტორიებიდან საკუთარი ჯარები უნდა გაიყვანონ. ჩვენ კი ვიცით, რომ ეს ის გზაა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენამდე მიგვიყვანს. ეს სწორედ ისაა, რაც ყველას გვსურს.

რადიო თავისუფლება: როგორ შეაფასებდით ქართველი სამხედროების მომზადების დონეს - აკმაყოფილებენ თუ არა ქართველი ჯარისკაცები ნატოს სტანდარტებს?

ხავიერ კოლომინა: უმეტეს ასპექტში ქართული დანაყოფების დონე და მომზადება ოპტიმალურია. ყველა პარტნიორს ნამდვილად არ ძალუძს ნატოს ოპერაციაში 800 ჯარისკაცის უპრობლემოდ ყოლა. მარტში ნატოს წვრთნები გვაქვს. მსგავსი წვრთნებიც არაა ის, რასაც ჩვენ ყველა პარტნიორთან ვაკეთებთ; ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ კონკრეტულად იმ პარტნიორებთან, რომლებიც, ჩვენი აზრით, რეალურად არიან მომზადებულნი იმ დონეზე, რომ უშუალოდ ნატოსთან ერთად ივარჯიშონ. ეს მხოლოდ იმის დასტურია, თუ რამდენად შესანიშნავია ურთიერთობა. ადრეც ვთქვი, რომ სამიტამდე რაღაც მომენტში ვგეგმავდი საქართველოში ვიზიტს და ამის გაკეთებას წვრთნების ფარგლებში ვეცდები.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG