Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მატარებლები არასდროს ჩერდება - ინტერვიუ “უკრაინის რკინიგზის” სამგზავრო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან


“უკრაინის რკინიგზის” სამგზავრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ოლეგ პერცოვსკი
“უკრაინის რკინიგზის” სამგზავრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ოლეგ პერცოვსკი

ომის დაწყებიდან “უკრაინის რკინიგზა” ერთი დღითაც არ გაჩერებულა. შეწყვეტილი საჰაერო მიმოსვლის პირობებში უდიდესი სატრანსპორტო დატვირთვა ქვეყნის თითქმის 20 000-კმ-იან რკინიგზაზე მოდის, რომელიც ომის პირველი დღიდან გადარჩენისთვის იბრძვის - რელსები მუდმივად ზიანდება, ხიდები ფეთქდება, წყდება ელექტროკავშირები, ოკუპირებულ რეგიონებში კი რელსების ქვეშ ნაღმები აწყვია. მიუხედავად ამისა, რკინიგზამ მილიონობით ადამიანის ევაკუაცია შეძლო და საგანგებო რეჟიმის დროსაც კი ახერხებს როგორც უბრალო მგზავრების, ასევე საერთაშორისო დელეგაციებისა და სამედიცინო პერსონალის გადაყვანას. “უკრაინის რკინიგზის” სამგზავრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ოლეგ პერცოვსკი ჰყვება, რა დგას #KeepRunning [“გააგრძელე მიმოსვლა”] ჰეშთეგის უკან, რომელიც უკრაინული რკინიგზის სლოგანად იქცა. ოლექსანდრთან ინტერვიუ ორი დღის განმავლობაში იწერებოდა, რადგან საჰაერო განგაშის გამო იძულებული იყო, თანამშრომლების ევაკუაციაზე ეზრუნა.

- რამდენი მატარებელი ემსახურება უკრაინას ამჟამად?

ყოველდღე 80-100 ღამის მატარებელი დადის, ასევე 12 “ინტერსიტი” [სწრაფი საქალაქთაშორისო მატარებელი - რ.თ.] და 200-250 ადგილობრივი, რეგიონული მატარებელი. პოლონეთის მიმართულებით, რაც ომი დაიწყო, მატარებლების რაოდენობა გავზარდეთ, კიევი-ფშემისლის მიმართულებით ორი “ინტერსიტი” მატარებელი დადის და გვაქვს ღამის მატარებელი კუპეებით, ომის შემდგომი სიახლე. ასევე გვაქვს პირდაპირი მატარებლები ვარშავაში, ვენასა და ბუდაპეშტში. საზღვარგარეთ მატარებლები მხოლოდ კიევიდან არ დადის, გვაქვს ღამის მატარებლები ზაპოროჟიედან, დნიპროდან, ოდესიდან.

ევაკუაციას გავაგრძელებთ უსაფრთხოდ გასვლის უკანასკნელ მსურველამდე. ახლა ნაკლები ხალხია, მეტწილად ისინი, ვისაც მხოლოდ მატარებლით შეუძლია წასვლა. #KeepRunning პოკროვსკიდან.

ფშემისლი, პოლონეთის სასაზღვრო ქალაქი, შედარებით პატარა სადგურია, მაგრამ ბედისწერამ ასე განსაზღვრა რომ საკმაოდ დიდი დატვირთვით უწევს მუშაობა.

- ამდენი მატარებლის მომსახურებას ბევრი ადამიანი სჭირდება. როგორ უმკლავდებით სამუშაოს ომის დაწყების შემდეგ?

“უკრაინის რკინიგზა” ქვეყანაში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია, სულ 230 000 ადამიანი მუშაობს, ოღონდ უმეტესობა ინფრასტრუქტურაშია დასაქმებული. სამგზავრო განყოფილებაში დაახლოებით 30 000 ადამიანი გვყავს, აქედან 8000-9000 რეგიონულ მატარებლებში მუშაობს, დანარჩენი - გრძელი მიმოსვლის მატარებლებში. დაახლოებით 9000 ადამიანი უშუალოდ მგზავრებთან მუშაობს, გამცილებლები და მემანქანეები არიან.

ომის განმავლობაში 260 თანამშრომელი დავკარგეთ [ამ ინტერვიუს ჩაწერიდან ეს რიცხვი 3-ით გაიზარდა, რ.თ.]. დაახლოებით 8000 ადამიანი გაიწვიეს, ან თავისი ნებით წავიდა ომში. ზოგიერთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა, მაგალითად, დონეცკში, როცა ხიდის აფეთქებისას ნამსხვრევები საევაკუაციო მატარებელს მოხვდა და გამცილებელი მოკლა. ზოგიერთი თანამშრომელი გზის შეკეთების დროს დაიღუპა, ზოგი რკინიგზის მახლობლად ცხოვრობდა და ევაკუაციისას სახლი არ დატოვეს, რადგან სარკინიგზო მიმოსვლის შენარჩუნებაზე ზრუნავდნენ და დაბომბვას შეეწირნენ. ზუსტი დანაკარგი ახლაც არ ვიცით, რადგან არის ქალაქები, მაგალითად, მარიუპოლი, სადაც ჯერჯერობით დანაკარგი უცნობია.

პასუხისმგებლობა გვაქვს, ყველა თანამშრომელს ხელფასი გადავუხადოთ და დავეხმაროთ იმ თანამშრომლების ოჯახებს, რომლებიც საბრძოლველად წავიდნენ. “უკრაინის რკინიგზას” ბევრი წყარო აქვს საკუთარი თავის შენარჩუნებისთვის. ნაწილს სახელმწიფო ფარავს, ნაწილს - საერთაშორისო სახსრები.

- რა ზარალი ადგება რკინიგზას და როგორ აღადგენთ დაზიანებულ უბნებს?

მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილებულია მომსახურების გუნდები, რომლებიც 24/7-ზე რკინიგზის შეკეთებაზე ზრუნავენ. თავდაპირველად მიდის გუნდი, რომელიც ზარალს აფასებს - გაყვანილობაა დაზიანებული, თავად რკინიგზა თუ უფრო რთული სახის დაზიანებაა, და შემდეგ უკვე სპეციალისტები ერთვებიან საქმეში. გზის ნებისმიერ დაზიანებულ უბანზე რამდენიმე საათში მიდიან და მაქსიმალურად სწრაფად მუშაობენ. ხანდახან დაზიანება ისეთია, რომ რამდენიმე საათი ვერ ეყოფა, მაგალითად, ხიდი თუ ააფეთქეს, ინჟინრების ჩართვაა საჭირო.

ფოსფორის ნაღმის ნარჩენები ლიანდაგზე

ასევე დიდი დრო მიაქვს ნაღმების განეიტრალებას. ეს ძირითადად გათავისუფლებულ ოლქებში ხდება, მაგალითად, ხარკოვში, როგორც კი გათავისუფლდა, სამხედროებს სურდათ, რაც შეიძლება მალე აღედგინათ მატარებლების მიმოსვლა, მაგრამ ჯერ ჩვენი გამნაღმველი გუნდი ჩავიდა და რკინიგზა შეამოწმა. სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევებსაც ეწირება ჩვენი თანამშრომლების სიცოცხლე.


დიზელის მატარებელი. ჩვენს ენერგოსადგურზე წუხელ ღამით ბრუტალურ თავდასხმაში დავკარგეთ კოლეგა. ომით მიყენებული დარტმებიდან ეს ყველაზე მძიმეა. თუმცა, ჩვენი მგზავრებისთვის მიცემულ პირობას არ დავარღვევთ. გავაგრძელებთ განრიგით მოძრაობას, შეწყვეტილი ელექტრომომარაგების პირობებშიც.

-სამგზავრო მატარებლების უსაფრთხოებას როგორ იცავთ?

პირველ რიგში, მატარებლებს სიჩქარის ლიმიტს ვუწესებთ, სხვადასხვა რეგიონის მიხედვით. საგანგებო რეჟიმის დროს, როგორიც ახლაა, ბაქანზე ადამიანებს მხოლოდ უშუალოდ ჩასხდომის დროს ვუშვებთ. საბედნიეროდ, გვაქვს მიწისქვეშა გადასასვლელები, სადაც მგზავრები ჩასხდომამდე გვყავს გაჩერებული. ჩვენი პერსონალი ადამიანებს წყალს და ცხელ ჩაის ურიგებს, ვცდილობთ, დასაჯდომებიც მოვაწყოთ, რომ მგზავრები კომფორტულად გვყავდნენ.

მოსახლეობის ევაკუაციის დროს პირველი რიგის ამოცანაა საკმარისი მატარებლის მიყვანა კრიზისის ადგილამდე. თავდაპირველად ხალხის უზარმაზარი ნაკადი მიდიოდა [უკრაინიდან], ახლა ასიათასობით ადამიანი არ გვყავს და უფრო მოწყვლად ჯგუფებზე ვართ კონცენტრირებული. აქ შედის დონბასის ოლქის მოსახლეობა, გარკვეული ასაკობრივი ჯგუფები, შშმ პირები. ასევე გვაქვს სამედიცინო ევაკუაციის პროგრამა Doctors Without Borders-თან ერთად. მათ იციან, რომელი პაციენტები, რომელი საავადმყოფოდან სად უნდა გადაიყვანონ. ასევე, ზამთარში ენერგეტიკული კოლაფსის რისკი უფრო მაღალია და მოგვყავს ადამიანები იმ რეგიონებიდან, სადაც ისინი, დიდი ალბათობით, გათბობის გარეშე დარჩებიან.

დიპლომატიური დელეგაციების მიღების დროსაც სხვადასხვა პროცედურა გვაქვს. გამომდინარე დელეგაციის სიდიდიდან, შეიძლება ერთი მატარებელი დავუთმოთ, ზოგი კი ჩვეულებრივად დადის სხვა მგზავრებთან ერთად. საჰაერო მიმოსვლის არარსებობის პირობებში ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი სამუშაოა, და ჩვენი ვალია, ყველა ადამიანი, დიპლომატი თუ მოქალაქე, მივიყვანოთ დანიშნულების ადგილამდე.


პოლიტიკა პოლიტიკაა. ჩვენთვის, “უკრაინის რკინიგზაში” ბორის ჯონსონი ყოველთვის იქნება შესანიშნავი მგზავრი და უკრაინის ბრძოლის მხარდამჭერი, რომელსაც არ ეშინია, თავისუფლად გაიაროს ომით გატანჯული ერის დედაქალაქში. ყოველთვის პატივი იქნება თქვენი ბორტზე ყოლა! პრემიერის წოდებით თუ მის გარეშე.

- გარე დამკვირვებლისთვის ასე ჩანს, რომ სხვა მნიშვნელოვან ობიექტებთან შედარებით, რკინიგზაზე ნაკლები შეტევაა. როგორ ხსნით ამას?

ის, რომ უკრაინის რკინიგზას მტერი სწყალობს, სიმართლეს არ შეესაბამება. რკინიგზას ყოველდღიურად ადგება ზარალი. ძირითადად, თავს ესხმიან ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და რელსებს. არა მგონია, მტერს ახლა ჰქონდეს ისეთი ამბიციური გეგმა, როგორიცაა რკინიგიზის სათავისოდ გამოყენება. ადრე რომც ჰქონოდათ მსგავსი გათვლა, ახლა ეს წარმოუდგენელია.


ერთადერთი, რაც გაქცეულ ოკუპანტებს შეუძლიათ… სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმაა. ამაღამ იერიში მიიტანეს ხარკოვის ენერგოსადგურზე. ამას 6 მატარებელზე ჰქონდა გავლენა - მოძრაობა ყველამ გააგრძელა, მაქსიმუმ 1.5 საათის დაგვიანებით.

- “უკრაინის რკინიგზა” ომის დროს ახალ ხაზებსაც აშენებს, როგორ?

ძალიან ბევრს ვაშენებთ, უფრო მეტსაც, ვიდრე ომამდე. ახალი ხაზების უმეტესობა დასავლეთ საზღვართან მიდის - რაც რუსული და ბელარუსული ტრანზიტი ჩავჭერით, საქმე გადარჩენაზე მიდგა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ტვირთები დასავლეთისკენ მივმართოთ. დასავლეთის ხაზებს არ შეეძლო ამხელა დატვირთვის ატანა და განახლება გახდა საჭირო, ბევრ მარშრუტზე ლიანდაგის სიგანეს [ევროპულ] სტანდარტზე ვცვლით. უკრაინაში წარმოებული ან შეკეთებული ყველა გზის სიგანე (რელსებს შორის მანძილი) 1520 მილიმეტრია, თუმცა საერთაშორისო მატარებლებისთვის, რომლებიც ლვოვის მიმართულებით დადიან, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავიყვანოთ 1435 მმ სიგანის რკინიგზა.

- რა არის ახლა თქვენთვის ყველაზე რთული?

ჩვენი თანამშრომლებისა და მგზავრების უსაფრთხოების დაცვა. ინფრასტრუქტურას გავარემონტებთ, ამის კეთება ვიცით. ვიცით, როგორ ვმართოთ კრიზისული სიტუაციები, მაგრამ როცა თანამშრომლებს ვკარგავთ, ეს აუნაზღაურებელი ზარალია. ამ ბრუტალური თავდასხმების გამო, ადამიანები ახლაც იხოცებიან და ამას ვერაფერს ვუხერხებთ - ყველა უსაფრთხოების ზომის მიუხედავად, უძლურები ვართ, როცა ციდან რაკეტა ვარდება. ყველაფერ დანარჩენს მოვერევით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG