Accessibility links

იობის წიგნი და აორთქლებული ადამიანები


”ლევიათანი” ( “Левиафан” - 2014, რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი)

“შენ გაუჭეჭყე თავი ლევიათანს, მიეცი საჭმელად უდაბნოს ხალხს” (ფსალმუნი 73-14)

”ქვეყანაში ალბათ მეორე ყველაზე მდიდარ კაცს - ხაზარაძეს რომ ესე ექცევა ივანიშვილი, წარმომიდგენია, ჩვეულებრივ მოქალაქეს რომ გადაეკიდოს, რას უზამს. საერთოდ ააორთქლებენ.” - ფეისბუკზე, ჩვენი რადიოს ბლოგერის, გიორგი ცხადაიას ეს სტატუსი რომ წავიკითხე, შემეშინდა. კარგა ხანია, ასე ძალიან არ შემშინებია. კი, რა თქმა უნდა, ძალაუფლების დემონსტრირება იმ ყბადაღებულ 9 წელს არაერთხელ ვიხილეთ. მაგრამ უცბად გავიაზრე, რომ ”ქართული ოცნება” განსხვავებულად, შეიძლება ითქვას, უფრო ”მოდერნულად” მიმართავს ძალადობას, ვიდრე ამას ნაცები აკეთებდნენ 7 ნოემბრის შემდეგ - ივანიშვილის ხელისუფლება სხეულს აღარ სჯის. ის ცდილობს დაამყაროს ტოტალური კონტროლი (ამიტომაც მისდგა მედიას) სხეულებსა და სულებზე. სხვა საქმეა, რამდენად გამოსდის ეს. მაგრამ ფაქტია, რომ ცდილობს. იმ ქვეყნის თავიც შეეცადა ამას თავის დროზე, სადაც ბატონმა ივანიშვილმა მილიონები ”იშოვა” - რუსეთის თავი, ვლადიმირ პუტინი. ივანიშვილისგან განსხვავებით, მან უკვე წარმატებით დაასრულა ეს პროცესი - სასულიერო ხელისუფლებასთან ერთად დაიმორჩილა ყველა ინსტიტუტი და რაც მთავარია, ადამიანები, ის ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომელთა აორთქლებაზე წერს გიორგი ცხადაია.

ანდრეი ზვიაგინცევი პირველი რუსი კინემატოგრაფისტია, რომელმაც ეს პროცესი აღწერა თავის ”ლევიათანში”. მერამდენედ ვწერ ამას - ზვიაგინცევმა ქართველებს დაგვასწრო! წესით, ის ყველაფერი, რაც მან ასახა “ლევიათანში”, გაცილებით ადრე უნდა გვენახა ქართულ კინოში - კორუფცია, ეკლესიის ფარისევლობა, უსამართლობა ძალაუფლების ყველა სივრცეში, განათლების კატასტროფული დონე, სიყვარულის დეფიციტი და ცხადია, "სარდაფები", ანუ ყველაფერი, რასაც მალავს ძალაუფლება, რაც ჩვენს დროში, თუნდაც შუა საუკუნეებისგან განსხვავებით, აღარ ჩანს, ფორმა არა აქვს, მაგრამ სწორედ ამ უხილავ ძალაუფლებას შეუძლია ააორთქლოს ადამიანი.

„ლევიათანში“ ბოროტებას სახე არა აქვს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაფერი რაც აქ, ბარენცის ზღვისპირა ქალაქში, თამაშდება შორი დისტანციიდან, მოსკოვიდან იმართება - ქალაქის მერს კაბინეტში ხატებთან ერთად პუტინის სურათი უკიდია... არა, ბოროტება უსახოა და სწორედ უსახობის გამოა ბოროტება. ამ მოსაწყენ ყოფაში, სადაც ადამიანები დილიდან იწყებენ არყის სმას, სიკეთე აღარაა საკმარისი უსახო ბოროტების დასამარცხებლად.

”შენ ჩემი თვალი ჩააბრუნე ჩემსავე სულში და დამანახვე შავი ლაქები”, - შექსპირს ასე ესმის ხელოვან-წინასწარმეტყველის მისია - დაგვანახვოს ის, რაც შენიღბულია, გაანათოს ის, რაც ჩაბნელებულია, შემოატრიალოს ჩვენი მზერა. მხოლოდ ეს გაბედული ურთიერთობა სინამდვილესთან, დღევანდელობასთან, შესაძლებლობას იძლევა ვიწინასწარმეტყველოთ ხვალინდელი. სხვანაირად არ გამოვა. ხელოვანმა უნდა გაბედოს - მაშინაც კი, თუკი იცის, რომ მას უიმედობასა და სისასტიკეში დაადანაშაულებენ. ასეც მოხდა. რუსეთში კულტურის მინისტრმა ვლადიმირ მედინსკიმ აღნიშნა, რომ ”ლევიათანს” არაფერი საერთო არა აქვს რუსეთის სინამდვილესთან, რადგან ამ ფილმში მან ”ვერ დაინახა ვერც საკუთარი თავი, ვერც თავისი კოლეგები და ნაცნობები და ნაცნობების ნაცნობები”, მინისტრმა დაუმატა, რომ ”ფილმი „ეგზისტენციური უიმედობით“ არის გამსჭვალული და მასში არ არის არც ერთი დადებითი გმირი”. მერე რუსეთში შემოიღეს კანონი, რომელიც კინოსა და თეატრში ბილწსიტყვაობას კრძალავდა. სასწრაფოდ გადაფარეს ”ლევიათანის” ის დიალოგები, რომლებშიც სიტყვით, სწორედ სიტყვით იქმნებოდა სიძულვილის და ძალადობის ველი. შეიძლება ითქვას ხმა ჩაუხშეს რეალობას, რომელშიც ცხოვრობს თანამედროვე რუსი ადამიანი. იგი მართლაც შეიძლება ააორთქლონ, თუკი გაბედავს და ძალადობის სისტემას შეეწინააღმდეგება, თუკი თავის ღირსებას დაიცავს, თავის სახლს დაიცავს (ჩვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, ”სამშობლოს დაიცავს”)

ანდრეი ზვიაგინცევმა გადაიღო პოლიტიკური დრამა, სადაც ადამიანები იღუპებიან (ქრებიან) მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანაში საშინელი უსამართლობაა. ზვიაგინცევმა გადაიღო ის, რაც ასე გვაკლია ყველას - „ფაქტურული კინო“, დეტალების გაძლიერებული შეგრძნებით. როცა ავტორს სრულიად ცარიელ სივრცეშიც კი შეუძლია მიაღწიოს სახიერებას.

ანდრეი ზვიაგინცევს, მეორე ანდრეის, ტარკოვსკისგან განსხვავებით (მათ ხშირად ადარებენ ერთმანეთს), აქვს საოცარი უნარი დარჩეს ხელოვნების საზღვრებში, მაშინაც კი, როცა მაქსიმალურად უახლოვდება პუბლიცისტიკას, პოლიტიკას, სოციოლოგიას და ქადაგებას. ეს გამოარჩევს მას უამრავი სხვა თანამედროვე კინემატოგრაფისტისგან; პერსონაჟთან ერთად თანაარსებობის უნარი, პასუხისმგებლობის განცდა ყველაფერი იმის გამო, რაც ხდება მის სამშობლოში - ზვიაგინცევის შემოქმედების ერთი მხარეა, მაგრამ არის კიდევ მეორე მხარე, ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი - დიახ, ფილმში არ არიან ისინი, ვისაც მედინსკი და მისთანანი ”დადებით გმირებს” უწოდებენ, დიახ, უიმედობა და გამოუვალობის განცდა თავიდან ბოლომდე მიყვება ”ლევიათანს”. თუმცა ამ დისჰარმონიულ მასალაში (ფაბულაში, პერსონაჟებში, ”პრობლემებში”) ზვიაგინცევი ახერხებს გამოძერწოს აბსოლუტურად ჰარმონიული ფორმა. ფილმის ფორმა კი ერთგვარი ”სულია”, ანუ ის სამყარო, რომელშიც ანდრეი ზვიაგინცევი წონასწორობას და ჰარმონიას იცავს. ფილმის მსვლელობის პროცესში, ასე, ნელ-ნელა, კონკრეტულიდან გადავდივართ მეტაფიზიკურისკენ. თანაც ეს მეტაფიზიკური ჩვენში იღვიძებს. აბსტრაქტულ სახიერებას ვწვდებით საკუთარ თავში. იმედი აღარაფერშია და სიბნელეში დარჩენილებს საკუთარ თავში გვიხდება სინათლის ძებნა.

როგორც კი მაყურებელი ”ფორმალურ” ჰარმონიას იგრძნობს, საშინელი სისასტიკის და ძალადობის მიღმა, რომელიც თამაშდება ”ლევიათანში”, ის ხსნას, იმედს, ნორმას დაინახავს (”შენ მოაბრუნე ჩემი თვალები”). ჰოდა, აბა, სხვა რა არის კათარზისი თუ არა ეს განცდა? თავადაც გვითხრა ერთ შეხვედრაზე, მჯერა დოსტოევსკის. სიტყვების ”სილამაზე იხსნის სამყაროსო”. ეს გაბანალურებული, მრავალჯერ გადაღეჭილი სიტყვები ახალ სიცოცხლეს იძენს ”ლევიათანში”. ყველაფერი იხრწნება, მაგრამ რჩება მხატვრული ფორმა, რომელმაც, ვინ იცის, შეიძლება მართლაც იხსნას სამყარო ძალადობისგან, ვინც იცის, შეიძლება მართლაც იხსნას უბრალო ადამიანი გაქრობისგან.

„ღვთაებრივში შეღწევის“ ეს პროცესი, რომელიც ანდრეი ზვიაგინცევმა წარმოგვიდგინა „ლევიათანში“ დასრულდება პომპეზური წირვით რუსულ ეკლესიაში. ამ ეპიზოდის აღქმისას კათარზისი უკვე შემდგარია, რეალობის ნიღბები ჩამოხსნილია, ფორმალური ჰარმონია ნაგრძნობია. მაყურებელი შესცქერის ფარისევლურ თეატრს, როგორც ბუტაფორიას, როგორც უსიცოცხლო სანახაობას, რომელიც აღარაა საშიში.

ჩვენ ვერავინ მოგვერევა თუკი „თვალებს ჩავაბრუნებთ“ და დავინახავთ შავ ლაქებს ჩვენში და ჩვენ გარშემო. ძნელია ეს. ძნელია სიმართლისთვის თვალის გასწორება. ძნელია იმის აღიარება, რომ დაგვემსხვრა ილუზიები და დაგვენგრა ოცნებები. მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. დღეს იმ „უბრალო ადამიანს“ გააქრობენ და ხვალ ჩვენ მოგვადგებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG