Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კვარაცხელიას ოჯახის წევრის თქმით, ცხედარს წამების კვალი ეტყობა


ოკუპირებულ გალის რაიონში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ნახევარძმამ პაატა უზარაშვილმა ცხედარი დაათვალიერა და ამბობს, რომ მას წამების კვალი ეტყობა. როგორც მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, გარდაცვლილს თითქმის მთელ სხეულზე აღენიშნება სილურჯეები, ხოლო თვალის არეში აქვს ნახეთქი ჭრილობა. პაატა უზარაშვილის თქმით, მისი ძმა წამებისას შემოაკვდათ და შემდეგ თვითმკვლელობის სცენა დადგეს.

„ნაწამებია და ნაცემია საწყალი ბიჭი. თვალთან არის დარტყმული და ნათლად ჩანს, რომ ის ადგილი დახეთქილია. მეორე თვალთანაც დალურჯებული აქვს. აქვს დაბეჟილობები შუბლზე, მუცელზე, კუჭის თავთანაც არის გაშავებული, დაახლოებით, 5-10 სანტიმეტრი. შემდეგ გალურჯებულია ნეკნების მხარეც და სადაც ბარძაყი იწყება, ის ადგილიც, ასევე ზურგზეც არის სილურჯეები. ერთი სიტყვით, წამებულია“, - თქვა პაატა უზარაშვილმა.

მისივე სიტყვებით, ირაკლი კვარაცხელია, მართლაც, ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ხაზთან დააკავეს, როცა ის ზუგდიდში გადმოსვლას ცდილობდა. პაატა უზარაშვილის სიტყვებით, ფაქტს შეესწრო მისი მეგობარი, რომელიც შეშინებული ოდნავ მოშორებული ადგილიდან აკვირდებოდა მომხდარს. გარდაცვლილის ნახევარძმა სწორედ ამ მეგობარზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ დაკავებისას ირაკლი კვარაცხელია ნასვამი იყო, სიტყვიერი და ფიზიკრი შეურაცხყოფა მიაყენა ე.წ. რუს მესაზღვრეებს, რომლებმაც მას ცემა დაუწყეს და მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს.

მისი ინფორმაციით, ბოლო ათი დღე ირაკლი კვარაცხელია გალში იმყოფებოდა ნათესავებთან, რადგან აჩიგვარაში მის მშობლიურ სახლში აფხაზი ოჯახი ცხოვრობს. ამბობს, რომ ძმასთან ბოლო 2 წელია კომუნიკაცია არ ჰქონია.

XS
SM
MD
LG