Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სიების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ამ ვითარებაში დარღვევა იყო ის, რომ დროულად არ გამოუცხადეს ცვლილებაზე"


ირაკლი მაკალათია, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი
ირაკლი მაკალათია, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ირაკლი მაკალათია წინააღმდეგია სახელმწიფოს მიერ კომპანიების ამა თუ იმ ჯგუფის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენების, თუმცა, იმ პირობებში, როცა ეს უკვე მოცემულობაა, ასევე არასწორად თვლის მთავრობის მიერ ე.წ. „ოქროს სიის“ კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელებისთვის ვადების მოულოდნელად შეცვლას:

„სიების წინააღმდეგი კი ვარ, მაგრამ ამ ვითარებაში დარღვევა იყო ის, რომ დროულად არ გამოუცხადეს ცვლილებაზე. 12 დღით ადრე არ უნდა ეუბნებოდე, ხო? მითუმეტეს, მათ წლის ბოლომდე დაგეგმილი აქვთ აქტივობები და დიდ ფინანსურ სირთულეებს წააწყდებიან. ზოგიერთი შეიძლება ბაზარსაც გამოეთიშოს. კომუნიკაცია უნდა ყოფილიყო ბიზნესთან“.

ირაკლი მაკალათია ვარაუდობს, რომ ფინანსთა სამინისტროს 31 მაისის გადაწყვეტილებით მოხდა იმპორტიორი კომპანიების გათანაბრება, თუმცა:

„მივიღეთ ასეთი რამ - ცუდი პირობებით გავათანაბრეთ კომპანიები და არ ჯობდა კარგი პირობებით გაგვეთანაბრებინა?“.

რა არის „ოქროს სია“? ეს არის სია იმ კომპანიების, რომლებიც დღემდე სარგებლობდნენ გამარტივებული საბაჟო პროცედურებით და იმპორტის გადასახდელების გადახდის განსხვავებული ვადით. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსს შემოსავლების სამსახური ანიჭებდა მათ, ვინც აკმაყოფილებდა განსაზღვრულ კრიტერიუმებს. ესენი იყო: საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტში ან/და ექსპორტში დეკლარირებული საქონლსი საბაჭო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი - არანაკლებ 5 მილიონი ლარისა; აგრეთვე გადახდილი იმპორტის გადასახდელების ოდენობის მაღალი მაჩვენებელი - არანაკლებ 900 ათასი ლარისა, ან საქონლის იმპორტის ან/და ექსპორტის მიზნით წარდგენილი საბაჟო დეკლარაციების დიდი ოდენობა - არანაკლებ 100-ისა. სიის მონაწილეს აგრეთვე უნდა ჰქონოდა გადასახადების გადახდის უხარვეზო ისტორია. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მინიჭება განსაზღვრული იყო „სპეციალური წესითაც“.

ირაკლი მაკალათია ამბობს:

„მთავრობისგან დადგენილ არანაირ პრივილეგირებულ სიებს არ ვემხრობი, რაც უნდა კეთილ მიზნებს ემსახურებოდეს. ყველა კომპანია უნდა იყოს ერთმანეთთან თავისუფალ კონკურენციაში. მთლიანად იმპორტზე ვართ დამოკიდებული და აქედან გამომდინარე იმპორტიორებს შორის კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა უკეთესი სერვისი მიიღოს“.

რა პრობლემას ხედავს ეკონომისტი სახელმწიფოს მიერ განსხვავებული რეჟიმების დაწესებაში?

„პრივილეგირებულ რეჟიმში მყოფი კომპანიები ეკონომიკისთვისაც ცუდია, იმ კომპანიებისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც. რადგან, სადღაც აღარ ეყოლება თავისი ლობისტი, ვიღაც მოსთხოვს ვალის გასტუმრებას და როცა ვალი დიდ თანხებზეა ასული, დიდი ფინანსური პრობლემები ექმნება კომპანიას და თვითონ მისთვის, იქ დასაქმებული ადამიანებისთვისაც წამგებიანია და ჰოლდინგებისთვის, რომლებსაც ის აფინანსებს.

ანუ წამგებიანი ბიზნესი რაც უფრო ადრე გამოეთიშება ბაზარს, მით უკეთესია. სხვა პირობებში, ჯახირ-ჯახირით და სახელმწიფოს მხრიდან ამ გადასახადების პატიებით, სუბსიდირებით რაღაც ეტაპამდე მივა, გაზრდის წარმოებას, მერე ეს საპნის ბუშტივით გასკდება, წარმოებაც გაჩერდება, სახელმწიფოს გადასახადი აღარ შეუვა და ა.შ.. მთელი რიგი პრობლემები ეწყობა ასეთ პრივილეგირებულ სიებთან დაკავშირებით“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG