Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

""დარჩი სახლში" აღარ იმუშავებს, ეს ადამიანები აუცილებლად გამოვლენ. სიღარიბე უფრო დიდ პრობლემად გადაიქცევა, ვიდრე კოვიდვირუსია“


ირაკლი ყიფიანი, "რეფორმების გუნდის" ხელმძღვანელი, ეკონომისტი
ირაკლი ყიფიანი, "რეფორმების გუნდის" ხელმძღვანელი, ეკონომისტი

„რეფორმების გუნდის“ ხელმძღვანელი, ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი თვლის, რომ მთავრობის მიერ COVID-19-ით გამოწვეული სოციალური გამოწვევების საპასუხოდ დაგეგმილი ნაბიჯები არ მიდის საჭიროების მქონე ადამიანების უდიდეს ნაწილამდე. ის რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს ხელისუფლების მიდგომის ხარვეზიანობასა და ალტერნატიულ - უნივერსალურ მიდგომაზე, რომელიც, „დილის საუბრების“ სტუმრის აზრით, გაცილებით უკეთესად მოიცავდა მოსახლეობის საჭიროების მქონე ნაწილს:

„სოციალურ პოლიტიკაში დღეს არსებობს ორი მეთოდი. ერთია ამორჩევის, დამიზნების მეთოდი: როცა ხელისუფლება რაღაც კრიტერიუმით ეძებს იმ ჯგუფებს, რომლებსაც შეეხო კრიზისი და შემდეგ იწყებს ამ ჯგუფების დახმარებას. მაგალითად მოვიყვანოთ გაზის ვაუჩერების თემა, როცა კრიტერიუმად აიღეს გაზის მოხმარება, რაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის არააქტუალური იყო, რადგან გაზის ბალონებს მოიხმარენ. როცა შენ აწესებ კრიტერიუმს, აუცილებლად იარსებებს ოჯახი, რომელსაც გაუჭირდა კრიზისის დროს და ვერ დავეხმარეთ. მაგალითად, სოციალურად დაუცველ 121 ათას ოჯახს სახლში გაზი არ აქვს და მთავრობამ გაზის ვაუჩერი შესთავაზა.

მსგავსი მეთოდი იწვევს იმას, რომ საჭიროების მქონე ოჯახების დიდი ნაწილი ვერ ღებულობს დახმარებას.

როცა მთავრობა 200-ლარიან დახმარებას სთავაზობს მათ, ვინც სამსახური დაკარგა და ამისთვის კრიტერიუმად მოაქვს საშემოსავლოს გადახდა, მას გამორჩა ის ადამიანები, რომლებაც დაკარგეს სამსახური, მაგრამ საბანკო ანგარიშიც კი არ აქვთ.

დამიზნების მეთოდის მთავარი ნაკლოვანება არის ის, რომ ადამიანები, რომლებსაც დახმარება ეკუთვნით, შეიძლება გათვალისწინებული არ იყვნენ ამ პაკეტში.

ჩვენ ასეთ რეალობას ვხვდებით მოუწერსრიგებელი ბაზებით.

მეორე მეთოდი არის გამორიცხვის მეთოდი, რომლის დროსაც გამოვრიცხავთ იმ ჯგუფებს, რომლებსაც დანამდვილებით ვიცით, რომ კრიზისი არ შეეხოთ. ერთ-ერთი ასეთი დიდი ჯგუფი არის საჯარო მოხელეების ჯგუფი. ამ ადამიანებს უნარჩუნდებათ ხელფასები. შესაბამისად, იდენტიფიცირდა 300 ათასი ადამიანი, რომელსაც არ უნდა დავეხმაროთ. ასევეა ქონების გადასახადის გადამხდელები, დაახლოებით 100 ათასი ადამიანი. გამორიცხვის მეთოდით დაგვრჩა 1,1 მილიონი ოჯახი, რომელსაც სახელმწიფო უნდა დაეხმაროს.

გამორიცხვის მეთოდის ნაკლოვანება არის, რომ შეიძლება ამ 1,1 მილიონ ოჯახში მოხვდეს ისეთი, ვისაც არ სჭირდება დახმარება

ანუ, პირველი მეთოდის ნაკლოვანება არის, რომ ვისაც სჭირდებოდა, ნაწილი გამორჩენილია და მეორის - ვისაც არ სჭირდება, ისეთ ნაწილსაც დავეხმარეთ.

მაგრამ, რომ შევხედოთ საქართველოს რეალობას, სადაც მილიონამდე ადამიანს განცხადება აქვს დაწერილი დახმარების მიღების თხოვნაზე და რომ დაახლოებით 880 ათასი ადამიანი თვითდასაქმებულია, ეს უკვე ნიშნავს, რომ ამ ორიდან ყველაზე დაბალი ცდომილების მატარებელი იქნება გამორიცხვის მეთოდი.

რომელი ჯგუფები გამორჩა ხელისუფლებას შეიძლება პირდაპირ ვთქვათ: მაგალითად, ემიგრანტები რომ ავიღოთ, რომლებსაც გადმორიცხვები არ ჰქონდა საქართველოში და ჩამოვიდა კრიზისის დროს. შეიძლება ვერანაირი საბუთი ვერ წარმოადგინოს, თან უცხოეთში მუშაობდა არალეგალურად; მაგალითად, ფიზიკურ პირებთან დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ოჯახებში მიდიოდნენ გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად; აგრეთვე ელიავაზე მდგომი ფიზიკურად მომუშავე ადამიანები, რომლებიც სხვა ფიზიკურ პირს ელოდებოდნენ როდის ჩამოივლიდა და შეუკვეთავდა გარკვეულ სერვისს. ეს არის ადამიანების უდიდესი ჯგუფი, რომლებიც ვერანაირ საბუთს ვერ წარმოადგენენ და შესაბამისად, დარჩებიან სახელმწიფოს მხრიდან დახმარების გარეშე“.

ირაკლი ყიფიანი თვლის, რომ ის ბიუჯეტი, რაც ხელისუფლებას სოციალური საჭიროებების დაფარვისთვის აქვს განსაზღვრული, შესაძლებელია ეფექტიანად იყოს გამოყენებული:

„გაზის დახმარების პროგრამა ჯდება 150 მილიონი ლარი. ეს თანხა 3,3 მილიონ მოსახლეზე რომ გაგვენაწილებინა, სამსულიან ოჯახს დაახლოებით 135 ლარი ერგებოდა. რა უფრო გონივრული იყო - გაზის ვაუჩერები მიგვეცა მოსახლეობისთვის, თუ მიგვეცა 135 ლარი მაგ ნაწილში და ეს სრულად შეხვდებოდა 3,3 მილიონ ადამიანს. არავინ დარჩებოდა დახმარების გარეშე, მათ შორის არც ის, ვისაც სახლში აქვს გაზის ბალონი, ან იყენებს შეშას.

დღეს სოციალურ პოლიტიკაში ხელისუფლების მიერ ჯამურად გამოყოფილია 1 მილიარდ 35 მილიონი ლარი, რაც მან დააანონსა სხვადასხვა პროგრამით. თუ ამ თანხას გავყოფთ 1.1 მილიონ ოჯახზე, ანუ ყველას თუ დავეხმარებით, საჯარო მოხელეებისა და მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახების გარდა, ჩვენ მივიღებთ, რომ საშუალოდ სამსულიან ოჯახზე დახმარება გამოვა დაახლოებით 930 ლარი. ეს მნიშვნელოვანი თანხაა იმისთვის, რომ კრიზისის პირველ პერიოდში ადამიანმა შეძლოს მცირედი სტაბილურობის შენარჩუნება და არც ერთი ოჯახი არ დარჩეს დახმარების გარეშე.

„რეფორმების გუნდი“ მივმართავთ და აუცილებლად მოვთხოვთ ხელისუფლებას, რომ არსებული რესურსები გამოიყენოს ამ მიმართულებით“.

ამასთან, ირაკლი ყიფიანის თქმით, ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციის პასუხისმგებლობაც არის კრიზისთან ეფექტიანად გამკლავება:

„დღეს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევა პოლიტიკური ჯგუფებისთვის არის, რაც შეიძლება მეტად გადაიტანონ დღის წესრიგი ეკონომიკასა და ჯანდაცვაზე, მსჯელობა პროფესიულ საუბრებში, პროფესიულ შეთავაზებებში. ეს არ ნიშნავს თანამშრომლობას ხელისუფლებასთან, მაგრამ ეს ნიშნავს სრულ მხარდაჭერას იმ მილიონობით დარჩენილი ადამიანის, რომელიც სიღარიბეშია.

კარგი იქნება, გაერთიანებული ოპოზიციის საერთო წერილი თუ იქნება პრემიერმინისტრის სახელზე, რომლითაც ისინი მოთხოვენ საჭიროების მქონე ადამიანების დახმარების მეთოდის შეცვლას, რომ მილიონობით ადამიანი, არ დარჩეს სიღარიბეში და სიღარიბის ზღვარს მიღმა. მეტი პროფესიონალიზმი გვჭირდება დღეს ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც, რომ ეს კრიზისი გადავაგოროთ“.

„დილის საუბრებში“ ირაკლი ყიფიანი შექმნილი კრიზისის სტრუქტურაზეც ლაპარაკობს:

„დღეს ეკონომიკაში რაც ხდება, არ არის ერთი ტიპის ეკონომიკური შოკი, არამედ ჯაჭვური რეაქციით ხდება პროცესების ერთმანეთზე გადაცემა: ვიღაცა ვიღაცის მომხმარებელია, ვიღაცა ვიღაცის მომწოდებელია და ერთ რგოლში წარმოქმნილი პრობლემა ანგრევს მთელ ამ ეკონომიკურ ჯაჭვებს.

ის, რომ საქართველოში შემცირებულია უცხოური ვალუტის შემოდინება, ერთ-ერთი უმთავრესი გამაპირობებელია ლარის გაუფასურების. ის, რომ ამ ეკონომიკური შეზღუდვების გამო ეკონომიკური აქტივობა გვაქვს გაჩერებული, პირდაპირ ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტა ვერ იქნება იმ ნიშნულზე, რომლიდანაც დაიწყო გაუფასურება.

ამ პირობებში ლარის გამყარების ერთადერთი გზა არის ქვეყანაში უცხოური ვალუტის მნიშვნელოვანი შემოდინება და რეალური მიმართვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, კრიზისის პერიოდშიც კი. საბოლოოდ, თუ ეკონომიკა არ გაიხსნა, ლარი ვერასდროს იქნება მყარი, რადგან დამოკიდებულია სავაჭრო ბალანსებზე, უცხოურ გზავნილებზე, უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე - ბევრ ფაქტორზე, რაც საბოლოოდ ნიშნავს ეკონომიკის გახსნის გადაწყვეტილების მიღებას.

ნებისმიერი შემოსული თანხა, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში გრანტების სახით შემოვა, უნდა ხმარდებოდეს შემდეგ მიმართულებებს: მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და აქ მხოლოდ გზები არ იგულისხმება, არამედ აეროპორტებს, მთლიანი ლოჯისტიკის განახლებას, მცირე ზომის მთავრობის რეფორმას (ესტონეთის მაგალითის გადმოღებას), საგადასახადო რეფორმის დაფინანსებას, რომ საქართველომ თავისი საგადასახადო სიმარტივით მსოფლიოს გააგებინოს, რომ ჩევნ ვართ ქვეყანა, სადაც არათუ ყველაზე დაბალი გადასახადია, არამედ რაღაც გადასახადები საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს“.

ირაკლი ყიფიანი შიშობს, რომ ეკონომიკის ხანგრძლივად გაჩერება მოსახლეობას მიიყვანს იმ მდგომარეობამდე, როცა აღარ დააინტერესებს COVID-19-ის საფრთხე:

„იმედი მაქვს საღი აზრის, იმედი მაქვს მოსახლეობის, რომელიც დაიწყებს ამ თემებზე საუბარს და ოპოზიციური გაერთიანებების, რომლებსაც ახლა უნდა ეყოთ ყველაზე დიდი პრინციპულობა, პროფესიონალიზმი, რომ მოთხოვონ ხელისუფლებას და ეს გამარჯვება იყოს მიღწეული, რადგან ეს თუ ვერ შევძელით, ნიშნავს, რომ რეალურად გავწირეთ ადამიანები სიკვდილისთვის.

"დარჩი სახლში" აღარ იმუშავებს, ეს ადამიანები აუცილებლად გამოვლენ. აუცილებლად დადგება ის ოპტიმალური წონასწორობის წერტილში, სადაც სიღარიბე უფრო დიდ პრობლემად გადაიქცევა, ვიდრე კოვიდვირუსია“.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG