Accessibility links

"მოსამართლეს, მგონი, ჩვენი რცხვენოდა კიდეც, ვერც გვიყურებდა დარბაზში მსხდომ ადამიანებს"


ირაკლი შავგულიძე და კახა არცივაძე, "ნაკრესის" წარმომადგენლები

სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის - „ნაკრესის“ წევრები რამდენიმე დღეა მხოლოდდამხოლოდ ამ ორგანიზაციის კონსერვაციის პროგრამის დირექტორ ბეჟან ლორთქიფანიძის ამბით არიან მოცულები. ის სხვა რამდენიმე პირის მსგავსად 25 ივლისს დააკავეს: „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას“, - განაცხადა დაკავების დღეს შსს-მ.

27 ივლისს ბეჟან ლორთქიფანიძეს და სასამართლოში მყოფ კიდევ სამ პირს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

„ნაკრესის“ გამგეობის თავმჯდომარე, ირაკლი შავგულიძე და გამგეობის წევრი, კახა არცივაძე წარმოუდგენლად თვლიან ბეჟან ლორთქიფანიძის ბრალეულობას, მეორე მხრივ კი აბსურდს უწოდებენ 27 ივლისის სასამართლო სხდომას, რომელზეც 4 ადამიანს, რომელიც ერთმანეთსაც არ იცნობდა, ერთად მიუსაჯეს წინასწარი პატიმრობა. კახა არცივაძე ყვება:

„4 ადამიანი იჯდა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ერთმანეთთან. 4 ადამიანს ბრალდება ჯგუფური რაღაც ქმედება. ისინი ერთმანეთს არ იცნობენ, არ აქვთ არანაირი ურთიერთობა და ამ 4 ადამიანს ერთ ქვაბში ხარშავენ. შეიძლება, ბეჟანია დამნაშავე და ეს სამი უდანაშაულოა. ამის გარჩევა იყო იქ აბსოლუტურად შეუძლებელი.

ქსეროქსზე გადაღებული ბრალდებებით, ერთი და იგივე არგუმენტები საკმაოდ მონოტონურ სტილში წაიკითხეს რაღაცა. მგონი, არც მოუსმინეს და მერე მოსამართლეს (ახალგაზრდა ქალბატონი იყო) მგონი, ჩვენი რცხვენოდა კიდეც, ვერც გვიყურებდა დარბაზში მსხდომ ადამიანებს. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ალბათ, ჯერ კიდევ ოპტიმისტი ვარ. ადამიანს სახეზე ჰქონდა ხელი აფარებული და ისე კითხულობდა იმ აბსურდს, რის გამოც მან დატოვა საპატიმროში ეს 4 ადამიანი.

ეს 4 ადამიანი იყო დამნაშავე თუ არ იყო, ამ თემაზე მომავალში უნდა იმსჯელოს სასამართლომ. ისინი ისეთივე მონაწილეები იყვნენ იმ აქციის, როგორც ის 400 ადამიანი , რომელიც აქციაზე დააკავეს ადმინისტრაციული წესით. მათ შორის, ვანოც, ჩვენი თანამშრომელი“.

ვანო - ივანე სხირტლაძე „ნაკრესის“ თანამშრომელია და სწორედ ის არის ცნობილ კადრში, როცა მწვანემაისურიან ახალგაზრდა კაცს, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმის წინ ჯდება, ფარებმომარჯვებული სამართალდამცავების რიგი „ისრუტავს“.

ირაკლი შავგულიძე ამბობს, რომ ბეჟან ლორთქიფანიძის მსგავსად თვითონაც და „ნაკრესის“ არაერთი სხვა თანამშრომელიც იმყოფებოდნენ 20 ივნისის აქციაზე, იქ იყვნენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მომხდარზე პროტესტს გამოხატავდნენ:

„ჩვენ ვართ ჩვენს საქმეში ჩაფლული ხალხი, ერთ-ერთი უძველესი არასამთავრობო ორგანიზაცია.

პოლიტიკურ პროცესებში ორგანიზაციულ დონეზე არასდროს ვერთვებით.

გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ თავისუფალი ადამიანების გუნდი. თითოეულს აქვს თავისი მრწამსი, თავისი გამოხატვის უფლება და ა.შ.

ჩვენ ჩვენი პროფილით ვმუშაობთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, გვაწუხებს ყველაფერი, რაც სხვას აწუხებს“.

ირაკლი შავგულიძესა და მის კოლეგებს ამ დღეებში არაერთხელ მოუწიათ იმის მოსმენა - თუ ბეჟან ლორთქიფანიძე ისეთია, როგორსაც აღწერთ, „რა უნდოდა იქ?“:

„იცით რა არის, ასე ადვილია - „რა უნდოდა იქ“? ვიღაცები, ვინც სახლში სხედან, ეს მათი არჩევანია. მე მათ არ განვსჯი. ამის უფლება ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ეს ქვეყანა რაღაცაზე დგას და ეს ქვეყანა, ვფიქრობ, დგას ბეჟანისნაირებზე!

ბეჟან ლორთქიფანიძისნაირი ადამიანი ციხეში ეს არის აბსურდზე აბსურდი! დაწყებული დაჭერიდან, დამთავრებული წინასწარი პატიმრობის მისჯით, აბსურდის თეატრიც აღარ იყო, რადგან აბსურდის თეატრს ჰყავს ჭკვიანი რეჟისორი. ვფიქრობ, აქ რეჟისურის ნიჭიერებაზე შეიძლება კითხვის ნიშნები დავსვათ. არავის აქვს უფლება განსაჯოს რატომ მივიდა ბეჟანი იქ!“.

კახა არცივაძე 27 ივლისის სასამართლო სხდომის გახსენებისას რამდენჯერმე ახსენებს საბჭოთა წარსულს:

„რაც მე იქ ვნახე, ეს იყო ჩვენთვის შოკი. გამახსენდა ჩემი ბავშვობა, ჩემი სტუდენტობის პერიოდი, ეროვნული მოძრაობა რომ იწყებოდა - რაღაც საბჭოთა სასამართლო, სადაც იჯდა ორი, ბოდიში ამ გამოთქმაზე, გაქსუებული პროკურორი... სასამართლოზე არის ადვოკატი, ბრალდების მხარე და მოსამართლე, რომელმაც უნდა იმსჯელოს და ეს ორი მხარე ერთმანეთს ეპაექრება.

აქ ჩვენ რა ვნახეთ? ზის ერთი - ბრალდების მხარე და თავსაც არ იწუხებს, რომ დაასაბუთოს თავისი პოზიცია. უბრალოდ, ზის ორი ტიპი, რომელიც დარწმუნებულია, რომ მათ რაც თქვეს, ისე იქნება და საერთოდ არც აინტერესებთ, რომ დაასაბუთონ მაინც თავიანთი პოზიცია.

ამ ხალხს ციხეში რატომ ტოვებ - იმიტომ, რომ ინგლისური იციან, კბილებს იხეხავენ და დასავლეთში არიან ნამყოფები?

საბჭოთა პერიოდში რომ იყო, ადამიანს სახლში რომ უპოვნიდნენ პლაკატს ინგლისურენოვანი წარწერით და პასუხისგებაში აძლევდნენ, დაახლოებით ეგ არის“.

ირაკლი შავგულიძე დარწმუნებულია, რომ ბეჟან ლორთქიფანიძის ბრალეულობის დამტკიცებას ვერასდროს შეძლებენ:

„ეს არის ადამიანი, რომელსაც 45 წლის განმავლობაში უკანონობასთან ახლოსაც არ გაუვლია. რთულია ამის წარმოდგენა საქართველოში.

მე ვარ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი და პირდაპირ ვაცხადებ: ჩემი კეთილსინდისიერება პირდაპირ დაკავშირებული და დამოკიდებული იყო, არის და იქნება ბეჟანის კეთილსინდისიერებაზე“.

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG