Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის მარიონეტები და პარტნიორები ახლო აღმოსავლეთში იარაღის წარმოებას აფართოებენ


ლიბანის „ჰეზბოლას“ მებრძოლი ისრაელის საზღვარზე ირანული წარმოების საზენიტო რაკეტით.
ლიბანის „ჰეზბოლას“ მებრძოლი ისრაელის საზღვარზე ირანული წარმოების საზენიტო რაკეტით.

ირანის სტრატეგია ახლო აღმოსავლეთში, არსებითად, ძველ ანდაზას ამართლებს: მიეცით თქვენს მარიონეტებს და პარტნიორებს იარაღი და ისინი ბრძოლას კიდევ ერთი დღით გააგრძელებენ. მაგრამ, ასწავლეთ მათ იარაღის კეთება და თქვენ შეძლებთ აიძულოთ ისინი, მუდამ ებრძოლონ თქვენს მტრებს.

იმ საფრთხის ფონზე, რომ ომი ღაზის სექტორში უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტში შეიძლება გადაიზარდოს, ირანის გეგმა - დახმარება გაუწიოს თავის ექსტრემისტ მოკავშირეებს იარაღის წარმოების განვითარებასა და ბრძოლის უნარის გაძლიერებაში, ხორცს ისხამს.

ირანი ხედავს, რომ მის ძალისხმევას, მოკავშირეებს ხელი შეუწყოს იარაღის საკუთარი წარმოების აწყობაში, ფუჭად არ ჩაუვლია, როცა ისინი ისრაელის და დასავლეთის წინააღმდეგ ისლამური რესპუბლიკის ბრძოლაში თავიანთ პასუხისმგებლობას კისრულობენ.

„ირანმა მოკავშირეებისა და პარტნიორების ქსელი შექმნა მთელ ახლო აღმოსავლეთში: დაწყებული ჰუტის მიმდევართა დაჯგუფებით იემენში, დამთავრებული პროირანული დაჯგუფებებით ერაყსა და სირიაში, "ჰეზბოლათი" ლიბანში, "ჰამასით" ღაზაში“, - ამბობს სამუელ ბენდეტი, ვირჯინიის სამხედრო-საზღვაო ანალიტიკური ცენტრის თანამშრომელი, და აზუსტებს: „[თეირანი] ძირითადად უშუალოდ უზიარებს თავისი ტექნოლოგიის ნაწილს, ან უზრუნველყოფს ელემენტებით და სხვა დახმარებით ადგილობრივ მეწარმეებს, რომლებიც ამ დაჯგუფებებს ეკუთვნიან, ან კიდევ წვრთნის მათ ირანში, ანდა იმ ადგილებზე, სადაც ისინი იმყოფებიან“.

სამხედრო დაჯგუფებები, რომლებსაც თეირანის უჭერს მხარს, სულ უფრო მეტად იყენებენ მათ მიერვე წარმოებულ იარაღს, რომელიც ხშირად ირანულ მოდელს ემყარება, ან წარმოებული და აწყობილია ირანის დახმარებით.

„ამ დაჯგუფებებს ახლა უკვე მეტი ცოდნა და ტექნოლოგია აქვთ, რომელიც მათ ირანმა მისცა“, განაცხადა ბენდეტმა. „და ახლა ისინი ამას აშშ-სა და რეგიონში მისი მოკავშირეების წინააღმდეგ იყენებენ“.

ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელსაც ირანი უჭერს მხარს და რომელიც უფრო ცნობილია, როგორც „ჰამასი“, ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული შეერთებული შტატებისა და ევროპის კავშირის მიერ. ის იყენებდა ადგილობრივი წარმოების იარაღის ფართო სპექტრს და ახორციელებდა მოწინავე საბრძოლო ტაქტიკას თავისი მოულოდნელი მრავალელემენტიანი თავდასხმის დროს ისრაელზე 7 ოქტომბერს, როცა ისრაელის მხარეს 1200 ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ აღმოაჩინეს ირანული წარმოების ნაღმსატყორცნები და ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომლებიც პალესტინელების ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ გამოიყენა თავდასხმის შემდეგ, ხოლო ისრაელის სამხედრო ოფიციალური პირების მონაცემებით, როგორც იტყობინებიან, თავდასხმისას გამოყენებული იარაღის 10 პროცენტი ირანში იყო დამზადებული.

მაგრამ მათი უმეტესობა, ისრაელის თავდაცვის ოფიციალური პირების თქმით, წარმოებული ან განახლებული იყო „ჰამასის“ მიერ უშუალოდ ღაზის სექტორში. მათ შორის არის შაშხანები, რეაქტიული ჭურვები, რაკეტები, ნაღმსატყორცნები, ჭურვები და ამუნიცია.

ირანის, სულ მცირე, 19 მარიონეტიდან და პარტნიორიდან რეგიონში, ზოგიერთმა, რომლებიც მხარში უდგანან ირანს ე.წ. წინააღმდეგობის ღერძის შექმნაში, გამოიყენა ირანული ან ადგილობრივი წარმოების იარაღი, რომელიც თეირანის დახმარებით შეიქმნა, ისრაელისა და ასევე, აშშ-ის ჯარების წინააღმდეგ, რომლებიც რეგიონშია განლაგებული „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ.

ეს შეიარაღებული დაჯგუფებები თავს იწონებენ სხვადასხვა დონის ცეცხლსასროლი იარაღით თავ-თავიანთ არსენალებში, რომლებიც შედგება საბჭოთა პერიოდის, რუსული, ირანული და ადგილობრივი წარმოების იარაღისგან, ან რომელიც ირანული მოდელის მიხედვითაა შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ ირანი უარყოფს დაჯგუფებებისთვის იარაღის პირდაპირ მიწოდებას, ბევრი ჭურვი, რაკეტა და სხვა იარაღი ირანში წარმოებული იარაღის მსგავსია.

თეირანის მარიონეტებს შორის ლიბანის „ჰეზბოლა“ ამაყობს ყველაზე მძლავრი არსენალით, რომელიც მოიცავს საკუთარი წარმოების ან გადაკეთებულ ჭურვებსა და რაკეტებს. 7 ოქტომბრის შემდეგ, „ჰეზბოლამ“ ასობით რაკეტა და ჭურვი დაუშინა ისრაელს.

იემენში მოქმედი ჰუტის მიმდევრების დაჯგუფება აცხადებს, რომ ისრაელს ესროლა ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, ასევე გაუშვა დრონები. 8 ნოემბერს პენტაგონმა განაცხადა, რომ ჰუტის მიმდევრებმა იემენის სანაპიროსთან ჩამოაგდეს აშშ-ის სამხედრო დრონი.

პენტაგონის მონაცემებით, ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის და შემდეგ რეგიონში, რომელსაც „ჰამასი“ მართავს, შეჭრის დროს, აშშ-ის მხარდაჭერის საპასუხოდ, ირანის მოკავშირეებმა ერაყსა და სირიაში აშშ-ის ჯარზე 58 თავდასხმა განახორციელეს.

თეირანი უარყოფს „ჰამასის“ თავდასხმაში მონაწილეობას, ხოლო ნოემბრის დასაწყისში, ზოგიერთი ცნობით, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ მოითხოვა „ჰამასის“ ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიესაგან, ჩააჩუმოს ისინი, ვინც ირანსა და ლიბანის „ჰეზბოლას“ მოუწოდებს ჩაერთონ „ჰამასის“ და ისრაელის ომში.

აიათოლა ალი ხამენეი მიესალმება „ჰამასის“ ლიდერს ისმაილ ჰანიეს (მარცხნივ) 2012 წელს თეირანში შეხვედრისას.
აიათოლა ალი ხამენეი მიესალმება „ჰამასის“ ლიდერს ისმაილ ჰანიეს (მარცხნივ) 2012 წელს თეირანში შეხვედრისას.

Reuters-ის მიერ მოხმობილი წყაროების თანახმად, ხამენეიმ ჰანიესთან შეხვედრისას თეირანში განაცხადა, რომ ირანი გააგრძელებს „ჰამასის“ პოლიტიკურ და მორალურ მხარდაჭერას, მაგრამ პირდაპირ კონფლიქტში არ ჩაერთვება.

ამავე დროს, ირანი თავს იწონებს, რომ „ჰამასს“ ბოლო წლებში ეხმარებოდა. ექსპერტები აცხადებენ, რომ ეჭვგარეშეა „ჰამასის“ სამხედრო სიძლიერის ასამაღლებლად თეირანის დახმარება, მიუხედავად საერთაშორისო სანქციებისა და ღაზის სექტორის სახმელეთო და საზღვაო ბლოკადისა, რომელიც ისრაელმა და ეგვიპტემ 2005 წელს შემოიღეს.

ახლო აღმოსავლეთის ექსპერტი, პოლიტოლოგი, აჰმედ ფუად ალხატიბი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ჰამასმა“ თავისი არსენალი მოაგროვა ღაზის სექტორში ისრაელის დასახლებების ევაკუაციის შემდეგ მათი იარაღის მიტაცებით, ასევე ისრაელში მისი შესყიდვით, იარაღის კონტრაბანდით ეგვიპტის საზღვრიდან და უპილოტო საფრენი აპარატების, რაკეტების და სხვა საბრძოლო მასალების საკუთარი წარმოებით.

მისი თქმით, თუმცა, 2007 წელს ღაზის სექტორში ხელისუფლებაში „ჰამასის“ მოსვლის შემდეგ არ არსებობს პრაქტიკული მტკიცებულება იმისა, რომ იარაღის კონტრაბანდა მოხდა საზღვაო გზით.

ხოლო ეგვიპტიდან კონტრაბანდა, რომელმაც მწვერვალს მიაღწია 2011 წლის რევოლუციის შემდეგ, მკვეთრად შემცირდა „მუსლიმი ძმების“ მთავრობის დამხობის შემდეგ 2013 წელს და ნულს გაუტოლდა მომდევნო წლებში.

თუმცა, ალხატიბის თქმით, იარაღი და არსენალი, რომელსაც ახლა ფლობს „ჰამასი“, მთელი ათი წლის განმავლობაში გროვდებოდა ათას ტონობით კონტრაბანდული იარაღის და იმ მასალების შეტანის შედეგად, რომელიც შეიძლებოდა ასევე საკუთარი წარმოებისთვის გამოეყენებინათ. „კონტრაბანდის შეწყვეტის მიუხედავად, მარაგი საკმარისად ფართო და მრავალფეროვანი იყო იმისთვის, რომ „ჰამასს“ და სხვა დაჯგუფებებს შესძლებოდათ დარტყმების მიყენება მოწინააღმდეგისთვის და ასევე თავდაცვა, როგორც ეს დავინახეთ 7 ოქტომბერს და როგორც ეს ჩანს ღაზის სექტორში ისრაელის ქვეითი ჯარის იერიშის დროს“, - ამბობს ალხატიბი, აშშ-ის მოქალაქე, რომელიც წარმოშობით ღაზიდანაა.

მისი თქმით, „ჰამასს“ ადრე უფრო მეტი ყურადღება შაშხანების და ტყვიამფრქვევების მომარაგებაზე ჰქონდა მიმართული. ახლა მან ეს ყურადღება უფრო მეტად გადაიტანა კინეტიკური პოტენციალის, ნაღმების, მართვადი ქობინების, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისა და რეაქტიული ყუმბარების მარაგის გაზრდაზე. დაჯგუფებამ ასევე მნიშვნელოვანი ფული გაიღო შორი მოქმედების რაკეტების, დამიზნების და მიზნის მოძებნის საშუალებების, დრონების, თვითმფრინავებისა და კომერციული კლასის შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატების შემუშავებისთვის.

ალხატიბის თანახმად, „ჰამასს“ თეირანთან უთანხმოება ჰქონდა, სხვათა შორის, სირიაში 2011 წელს მეამბოხე ექსტრემისტული დაჯგუფების მხარდაჭერის გამო. მაგრამ იაჰია სინვარმა, ღაზაში „ჰამასის“ მეთაურმა, ორგანიზაცია ირანთან კვლავ დააახლოვა და შეაკავშირა, რადგან მიხვდა, რომ „ირანის გარეშე მათ სამხედრო პოტენციალს შემდგომი განვითარების საშუალება არ ექნებოდა“.

ირანთან, სირიის რეჟიმთან და ცხადია, „ჰეზბოლასთან“ ურთიერთობის „გარდაქმნა“, ამბობს პალესტინური წარმოშობის ამერიკელი, საჭირო იყო „ჰამასისთვის“ მასალების შესაძენად და „რაც უფრო მნიშვნელოვანია, შეზღუდული და არარსებული კონტრაბანდის პირობებში, ქვეყნის შიგნით იარაღის სისტემების წარმოების ტექნოლოგიების განვითარებისთვის“.

მისივე თქმით, იარაღის ირანული ნახაზების და დისტანციური სწავლების თანამედროვე ციფრული პლატფორმების გამოყენების გზით, „ჰამასმა“ ძველი რაკეტების, მათი განახლების, მოქმედების მანძილის და განადგურების სიმძლავრის გაზრდის შესახებ ცოდნა შეიძინა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა და „ჰეზბოლამ“ შეძლეს, „ჰამასისთვის“ დისტანციურად ესწავლებინათ ასევე საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკა და გვირაბების მასშტაბური ქსელის განვითარება.

„და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ირანმა „ჰამასს“ ასწავლა სტრატეგიული შესაძლებლობების გამოყენება, - ამბობს ალხაბიტი, - მაგალითად, ბრძოლის ველზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება“.

ეგვიპტე-ღაზის საზღვრის ქვეშ გვირაბების გავლით კონტრაბანდა ახლა უკიდურესად შეზღუდულია.
ეგვიპტე-ღაზის საზღვრის ქვეშ გვირაბების გავლით კონტრაბანდა ახლა უკიდურესად შეზღუდულია.

„რაც განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო 7 ოქტომბრის თავდასხმისას, „ჰამასმა“ პირველად გვიჩვენა პარტიზანული ომის მიმართ კომბინირებული მიდგომა, როცა დაზვერვა დაკავშირებული იყო საარტილერიო ცეცხლის წარმოებასთან, პარაპლანების გამოყენებასთან, ქვეითი ჯარისა და ელიტური ძალების მოქმედებასთან, ღაზაში მძევლების გადაყვანისთვის ლოგისტიკურ ქსელებთან და თავდასხმების ტალღისებურ წარმოებასთან...“ - ამბობს ალხატიბი.

„ეს იყო ხარისხობრივი ნახტომი „ჰამასის“ საბრძოლო დოქტრინაში. და მისი შესწავლა და განვითარება მთლიანობაში, მხოლოდ ირანის მხარდაჭერით და ასევე, რეგიონში მისი მოკავშირის - „ჰეზბოლას“ და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დახმარებით იყო შესაძლებელი“.

ახლო აღმოსავლეთში ირანის მიერ თავისი მარიონეტების მხარდაჭერა და სირიის სამოქალაქო ომში მონაწილეობა მას საშუალებას აძლევს, ჰყავდეს გამოცდილო მეომრების საკმარისი რაოდენობა, რომლებიც მომზადებული არიან მომავალი კონფლიქტებისთვის.

ალხაბიტი აღნიშნავს, რომ ირანს ასეულათასობით შიიტი მოხალისე ჰყავდა ერაყსა და სირიაში როგორც სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მხარდასაჭერად, ისე სირიის და ერაყის სამთავრობო ჯარებთან ერთად ექსტრემისტულ გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად.

„ახლა, როცა ეს ორი დაჯგუფება, „ისლამური სახელმწიფო“ და სირიელი მეამბოხეები, ძირითადად განადგურებული არიან, ირანს დარჩა ეს მძლავრი, ბრძოლებში გამობრძმედილი, კარგად გაწვრთნილი, კარგად ორგანიზებული სამხედრო ფორმირებები, რომლებსაც საქმე არ აქვთ“, - ამბობს ალხაბიტი და დასძენს: „ახლა ისინი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ გადამუშავდა და გადაკეთდა ე.წ. წინააღმდეგობის ღერძის შემდგომი გაძლიერებისთვის და ისრაელსა და აშშ-სთან პოტენციურ ბრძოლაში გამოსაყენებლად“.

XS
SM
MD
LG