ის ფაქტი, რომ ირანის თეოკრატიამ საერთოდ გაძლო ისლამურ რესპუბლიკაში გამარჯვებად არის მიჩნეული. მიმდინარე კონფლიქტის პირობებში ქვეყანამ ახალი და მძლავრი კოზირი მოიპოვა: კონტროლი ჰორმუზის სრუტეზე.
28 თებერვლიდან მოყოლებული ირანმა პრაქტიკულად დაბლოკა გლობალური ენერგეტიკული ბაზრისთვის საკვანძო საზღვაო არტერია, რომლის გავლითაც ყოველდღიურად ნავთობის ჯამური ექსპორტის 25%, ხოლო თხევადი გაზის 20% მოძრაობდა. ჰორმუზის ჩაკეტვამ მკვეთრად გაზარდა ნავთობის ფასი და შეაფერხე გლობალური ეკონომიკა, რამაც თეირანს ძალის პროეცირების ახალი ბერკეტი მისცა.
სწორედ ამ გამარჯვების აღქმით არის განპირობებული ირანის ქცევა მიმდინარე კონფლიქტში, როდესაც მძიმე მატერიალური დანაკარგების მიუხედავად რეჟიმი უარს ამბობს კაპიტულაციაზე. ისლამური რესპუბლიკის თავდაჯერება მოლაპარაკებების მაგიდასაც გადასწვდა, სადაც მისი მთავარი მიზანია დაასრულოს კონფლიქტი მისთვის ხელსაყრელ პირობებზე.
"გარკვეული თვალსაზრისით ირანი დღეს უფრო მომგებიან პოზიციაში, ვიდრე ომის დაწყებამდე. მათ როგორც იქნა აამუშავეს ბერკეტი, რომლითაც მრავალი წლის განმავლობაში იმუქრებოდნენ - ჩაკეტეს ჰორმუზი - და ამან გაამართლა", - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში იელის უნივერსიტეტის პროფესორი, არაშ აზიზი.
"ირანმა აჩვენა, ენერგეტიკულ ბაზრებზე გავლენით ჩვენი პოზიციის შერბილება ძალუძს", - დასძენს აზიზი და ყურადღებას ამახვილებს, რომ რეჟიმის მოულოდნელი მდგრადობის მიუხედავად, განცდილი უმძიმესი ეკონომიკური ზიანის გათვალისწინებით ომის დასრულება მათთვისაც სასურველია.
უსაფრთხოების ახალი წესრიგი
ირანის მიზანი აღარ არის მხოლოდ გადარჩენა - ამბობენ ექსპერტები. მათი აზრით, ირანი ცდილობს გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე ზეწოლის ბერკეტით დაასრულოს საერთაშორისო იზოლაცია და სანქციების რეჟიმი, რომელმაც ქვეყანა გლობალურ ეკონომიკას მოწყვიტა.
"ირანმა მიმდინარე ომში მკაფიოდ და არაორაზროვნად გაიმარჯვა... და, კონფლიქტის მხოლოდ იმგვარ დასასრულს დათანხმდება, რომელიც რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების ახალ წესრიგს დაეყრდნობა", - წერს 7 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტში, ირანის მეჯლისის სპიკერის, მრჩეველი, მაჰდი მოჰამადი.
8 აპრილს, ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ამერიკასთან მიმდინარე მოლაპარაკებებში ირანის მთავარი მიზანი "ახლო აღმოსავლეთში ახალი პოლიტიკური და უსაფრთხოების წონასწორობის შექმნაა, რომელშიც აღიარებული იქნება ისლამური რესპუბლიკის ძალა და ლიდერობა."
"ირანი მიმდინარე კრიზისში ხედავს შესაძლებლობას გარდაქმნას რეგიონული წესრიგი", - ამბობს არაშ აზიზი. მისი თქმით, ირანი შესაძლოა ცდილობდეს ინტეგრირებას რეგიონულ წესრიგში, რათა მეზობლებმა არ გარიყონ. ამასთანავე, აზიზის აზრით, შესაძლებელია ირანს სურს მეზობლებს აჩვენოს, რომ "რევიზიონიზმი არსად წასულა და ირანს ვერავინ აიძულებს მასზე უარის თქმას."
ახალი, კიდევ უფრო გამკაცრებული მიდგომის გამოხატულება გახდა თეირანის მიერ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დაწყებამდე გამოქვეყნებული 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა.
დოკუმენტის ირგვლივ გამართული მოლაპარაკებების პირველი რაუნდი წარუმატებელი აღმოჩნდა და ეს არ იყო გასაკვირი: გეგმა ირანის მაქსიმალისტურ მოთხოვნებს შეიცავდა, რომელიც იმთავითვე მიუღებელი ტრამპის ადმინისტრაციისთვის. მოთხოვნებს შორის იყო: ჰორმუზის სრუტეზე ირანის ეფექტური კონტროლის აღიარება, სპარსეთის ყურის ქვეყნებში მოქმედები ამერიკის სამხედრო ბაზების დახურვა და მრავალმილიარდიანი რეპარაციები მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.
ისლამაბადში მოლაპარაკებების დაწყებამდე თეირანმა უცხოეთის ბანკებში ირანის გაყინული ფინანსური აქტივების განბლოკვა მოითხოვა და უარის შემთხვევაში მოლაპარაკებების ჩაშლით დაიმუქრა. ამერიკამ ირანის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.
"ირანში ფიქრობენ, რომ მათ ამ ომში უკვე გაიმარჯვეს. აქედან გამომდინარე, მოლაპარაკებებში ისინი ძალის პოზიციიდან შედიან", - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში სინა აზოდი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი.
აზოდის თქმით, ირანმა მდგრადობა გამოავლინა ბრძოლის ველზეც და არაერთხელ მიიტანა სარაკეტო დარტყმები ისრაელის 'სენსიტიურ' ობიექტებზე და დიდი ზიანი მიაყენა ყურის მონარქიებში მოქმედი ამერიკული სამხედრო ბაზების აღჭურვილობას და ამერიკის მოკავშირე რეგიონული სახელმწიფოების ეკონომიკებს.
"ირანში გრძნობენ, რომ მათ შეუძლიათ წინააღმდეგობა მოლაპარაკებების მაგიდასთან გააგრძელონ", - ამბობს აზოდი.
სარისკო თავდაჯერება
თეირანი და ვაშინგტონი 2-კვირიან ზავზე დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე წუთებით ადრე შეთანხმდნენ.
ცეცხლის შეწყვეტის ისედაც მყიფე რეჟიმი მყისიერად აღმოჩნდა ჩამოშლის რისკის წინაშე: თავდაპირველად მხარეები ვერ თანხმდებოდნენ მოიცავს თუ არა შეთანხმება ლიბანს, სადაც ისრაელის არმიის სახმელეთო ოპერაცია მიმდინარეობს. მოგვიანებით ვითარება კიდევ უფრო გაართულა შეერთებული შტატების მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკირების დაანონსებამ, რისი მიზანიც ირანის ენერგეტიკული ექსპორტის შეზღუდვაა.
ამ სირთულეების მიუხედავად მოლაპარაკებები ამერიკასა და ირანს შორის შუამავლების გავლით გრძელდება. ექსპერტების ამბობენ, რომ პროცესში არცერთი მხარე არ ავლენს საკმარის მოქნილობას.
ისლამაბადში გამართული 21-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა განაცხადა, რომ ირანმა უარი თქვა მათ მიერ წარდგენილ პირობებზე.
ექსპერტების აზრით, არსებობს აღქმა, რომ დრო ირანის სასარგებლოდ მუშაობს და შესაძლოა ეს ასეც იყოს, თუმცა მზარდი საერთაშორისო უკმაყოფილებისა და ენერგეტიკული ბაზრების დესტაბილიზაციით ირანი ომის გაჭიანურებით რისკავს.
"ირანი ძალიან დიდ რისკზე მიდის", - ამბობს არაშ აზიზი.
ექსპერტი ამბობს, რომ ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში არაერთი მაგალითია, როდესაც რეჟიმმა "ზედმეტი მოინდომა" და სამხედრო გამარჯვებები დიპლომატიურ უპირატესობაში ვერ გადათარგმნა.
ამის ყველაზე კარგი მაგალითი 1980-88 წლების ერაყ-ირანის ომია. 1986 წელს ირანმა დაიკავა ერაყის კუთვნილი ფაოს ნახევარკუნძული. იმის ნაცვლად, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორია ერაყისგან პოლიტიკური დათმობების მისაღებად გამოეყენებინა, ირანმა ომის გაგრძელება არჩია და საბოლოოდ 1988 წელს იძულებული გახდა კონფლიქტი მისთვის ნაკლებად ხელსაყრელ პირობებზე დაესრულებინა.
ფორუმი