Accessibility links

"პოლიციელის ჩვენებას მტკიცებულებათა შეჯიბრებითობის პროცესში მინიჭებული აქვს მეტი წონა, ვიდრე მეორე მხარის ჩვენებას"


ირმა ლოხიშვილი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" სამართლებრივი მკვლევარი

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ახორციელებს პროექტს - "ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების აღსრულების გაუმჯობესება ადვოკატირებისა და კვლევების გზით". პროექტის იურისტმა ირმა ლოხიშვილმა „დილის საუბრებში“ ილაპარაკა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმსა და იმ შესაძლებლობაზე, რომელიც ამ პროცესში ეძლევათ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გახდება საბოლოო (არ გასაჩივრდება დიდ პალატაში, ან გასაჩივრდება და დიდი პალატა მიიღებს საბოლოო გადაწყვტილებას), იწყება მისი აღსრულების პროცესი. სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, რომ დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებებს. 6 თვეში ერთხელ ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფო წარადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებების აღსრულების სამოქმედო გეგმებს. მათში შეიძლება იყოს ინდივიდუალური ღონისძიებები კონკრეტული პირის მიმართ და ზოგადი ღონისძიებები - საკანონმდებლო ხარვეზები, რომლიდანაც დარღვევა გამომდინარეობს, ან ადმინისტრაციული და სასამართლო პრაქტიკის გაუმჯობესების ღონისძიებები.

სამოქმედო გეგმებს მინისტრთა კომიტეტი განიხილავს სხდომებზე, რომლებიც იმართება წელიწადში 4-ჯერ.

თუკი სახელმწიფო თავს არიდებს აღსრულებას - კომიტეტი ატყობინებს სახელმწიფოს, რომ აღუსრულებლად შეაფასა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, მიმართავს კვლავ სასამართლოს და ის წყვეტს აქვს თუ არა ადგილი კონვენციის დარღვევას. ამის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილება გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს და მას შეუძლია „სადამსჯელო“ ზომების მიღება დამრღვევი სახელმწიფოს მიმართ.

მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის პროცესში გარკვეული როლი აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათ უფლება აქვთ წარადგინონ ალტერნატიული ხედვა განსხვავებული მოსაზრებები იმისგან, რასაც სახელმწიფო წარადგენს სამოქმედო გეგმაში, ან აღსრულების ანგარიშში.

ამ უფლების გამოყენების ფარგლებში „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ შეარჩია სამი საქმე, რომელიც შეეხება 2009 წლის 15 ივნისის აქციას და მის დარბევას. ეს საქმეებია: „შპს სტუდია მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, „გიორგი ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „მენაბდე საქართველოს წინააღმდეგ“. დაკავებული პირების მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას (ბექაურის საქმეში).

ირმა ლოხიშვილი ლაპარაკობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გამოწვეულ პრობლემებზე:

„კოდექსი არის საბჭოთა კავშირის დროს მიღებული. აქ პრობლემა არის ის, რომ გვხვდება რიგი მუხლები - 5-მდე მუხლია, რომელიც ითვალისწინებს ისეთი ხასიათის სანქციას, რომელიც თავისი შინაარსით და ბუნებით არის სისხლისსამაართლებრივი სანქცია. ვგულისხმობ 15 დღიანი ვადით პირის პატიმრობის სანქციას.

მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული კოდექსი ითვალისწინებს ასეთი ტიპის სანქციებს, სამართლიანი სასამართლოსა და მხარეთა შეჯიბრებითობის უზრუნველყოფის გარანტიები მოცემული არ არის“.

მთავარ პრობლემას წარმოადგენს მტკიცებულება. როგორც წესი, ასეთ საქმეებზე მტკიცებულება არის პოლიციის მიერ შედგენილი ოქმი და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომელთა ჩვენება:

„ამ პროექტის ფარგლებში კვლევისთვის რომ გამოგვეკვეთა პრობლემები, ვიკვლიეთ სასამართლოს დადგენილებები ადმინისტრაციულ სამართალთადრღვევებზე - 30-მდე საქმე გამოვითხოვეთ სასამართლოებიდან და შევაფასეთ როგორ უყურებს სასამართლო მტკიცებულებათა სტანდარტს. ვციტირებთ სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან - პოლიციელის ჩვენების შეფასებისას სასამართლო ავითარებს მიმართულებას, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ „პოლიციელის ჩვენების სანდოობის პრეზუმპცია“.

პოლიციელის ჩვენებას მტკიცებულებათა შეჯიბრობითობის პროცესში მინიჭებული აქვს მეტი წონა, ვიდრე მეორე მხარის ჩვენებას და სასამართლო ამას ასაბუთებს იმით, რომ პოლიციელი ჩვენების მიცემისას გადმოსცემს არა უბრალოდ ფაქტებს, არამედ მას გააჩნია სპეციფიკური უნარები შეაფასოს სამართლებრივად და სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია მისთვის მეტად ღირებული, ვიდრე ეს შეუძლია მეორე მხარეს.

ამიტომ დგება სიტუაცია, როცა არ არის საქმეზე ობიექტური მტკიცებულებები, გვაქვს ერთი მხარის ჩვენება, რომელიც უარყოფს ბრალდებას; გვაქვს პოლიციელის ჩვენება. ეს საკითხები განსაკუთრებით პრობლემურია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებთან კავშირში - ესენია წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. ასეთ შემთხვევებში სასამართლო ეყრდნობა პოლიციელთა ჩვენებას და ადგენს სამართალდარღვევის ფაქტს. შესწავლილი 30 საქმიდან 4 იყო, როცა პირმა აღიარა დარღვევა, 2 გამამართლებელი დადგენილება იყო და 24 პირი სადაოდ ხდიდა სამართალდარღვევის ფაქტს“.

20 ივნისის აქციებთან დაკავშირებით ეს პრაქტიკა ხელისგულზე დაიდო. „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აწარმოებს არაერთ საქმეს 20-21 ივნისის მოვლენების გამო წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდაღვევებზე. ამ მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზაცია ასევე ამუშავებს არალეტალური იარაღის გამოყენების საერთაშორისო სტანდარტებს და ასევე განვიხილავს საკონსტიტუციო სარჩელის სტრატეგიებს.

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG