Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირმა პავლიაშვილი: საჭიროა გენდერული კვოტირება


დაწესდება თუ არა დროებით ნორმად გენდერული კვოტირება 2020 წლის საპარლამენტო  არჩევნებისთვის? ეს კითხვა მიმდინარე პროცესში  აქტუალობას არ კარგავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკვე არსებობს მმართველი გუნდის მიერ ამ მიმართულებით  ჩამოყალიბებული პრინციპები.

ამ პრინციპებსა და „გენდერული კვოტირების“ პერსპექტივაზე რადიო თავისუფლების დილის პროგრამაში ისაუბრა ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის ხელშეწყობის ჯგუფის წევრმა, დამოუკიდებელმა ექსპერტმა ირმა პავლიაშვილმა. პრინციპები გულისხმობს იმას, რომ პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისთვის პარტიული სიის ყოველი მეოთხე პირი ქალი იყოს:

„პრინციპები მოიცავს იმას, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ყოველ ოთხეულში ერთი იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, ხოლო თვითმმართველობის არჩევნებისთვის ყოველი მესამე. პრინციპები ასევე ითვალისწინებს იმას, რომ თუ მანდატის შეწყვეტა ვადაზე ადრე მოხდება, დეპუტატს, საკრებულოს წევრს ჩაანაცვლებს იმავე სქესის წარმომადგენელი. ამ საკითხებზე მსჯელობა იყო საარჩევნო ჯგუფის მუშაობის ფორმატში“, - განაცხადა ირმა პავლიაშვილმა. ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის ხელშეწყობის ჯგუფის მიერ მომზადებული გენდერული კვოტირების პროექტი პარლამენტმა 2018 წლის მარტში ჩააგდო. პროექტი გულისხმობდა იმას, რომ პროპორციულ ნაწილში, საარჩევნო სიის ყოველი მეორე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. პროექტს 150 დეპუტატიდან მხარი მხოლოდ 66-მა დაუჭირა.

ირმა პავლიაშვილი გენდერული კვოტირების საჭიროების შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:49:57 0:00

რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტმა ახლა მაინც მიიღოს სავალდებულო გენდერული კვოტირება, რათა ქირურგიული ჩარევა განხორციელდეს გენდერული თანასწორობის მისაღწევად. მისი შეფასებით, გენდერული ბალანსის მხრივ წარმომადგენლობით ორგანოებში მდგომარეობა არასახარბიელოა:

„ჩვენი წარმომადგენლობითი ორგანოები არ არის დაბალანსებული. სტატისტიკა ძალიან დაბალია. თუ გადავხედავთ 2016 წლის პარლამენტს, იგივე თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს, ვნახავთ რომ ქალთა ჩართულობა ძალიან დაბალი იყო. მაგალითად იგივე 2012-2016 წლების პარლამენტში წარმოდგენილი იყო სულ 18 ქალი, 150 დეპუტატის ფარგლებში. 2016 წლის არჩევნებისთვის გარკვეულწილად მოიმატა ამ ციფრმა და 24-მა ქალმა მოიპოვა მანდატი, თუმცა შემდგომ უკვე მთავრობის ფორმირებისა და პირადი განცხადების საფუძველზე მანდატის შეწყვეტის გამო ეს რაოდენობა შემცირდა და სადღაც 21 ქალია პარლამენტში წარმოდგენილი, რაც დამეთანხმებით რომ დაბალი პროცენტია. კიდევ უფრო დაბალი პროცენტია წარმომადგენლობით ორგანოებში, საკრებულოებში“, - აღნიშნა ირმა პავლიაშვილმა.

მისი თქმით, მაშინ როცა ქვეყნის მოსახლეობის 53% ქალია, ქალის ხმა პოლიტიკაში სათანადოდ უნდა ისმოდეს: „დაბალი ჩართულობა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. ერთი პატრიარქალური მენტალური, დამოკიდებულება, რომ ქალის საქმე პოლიტიკა არ არის და მან საოჯახო საქმეებს უნდა მიხედოს ან გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე არ უნდა იყოს. ასევე ხელს უშლის ქალთა აქტიურობას და პოლიტიკაში ჩართულობას ის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია და ეს ყველაფერი აისახება ქალების განწყობაზე...ამიტომ ეს ფაქტორები ყველა უკვე ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს ერთიანობაში, რამდენიმე არჩევნები გავაანალიზეთ და დავინახეთ, რომ ბუნებრივი გზით ძალიან ნელა იზრდება პროცენტი ქალთა ჩართულობის...

ცოტათი იზრდება. თუ წინა მოწვევის პარლამენტი ვთქვით, რომ 12 % იყო, 16-ის შემდგომი პარლამენტის საქმიანობაში ეს პროცენტი 16%-მდე გაიზარდა. მაგრამ ეს ჩართულობა და წარმომადგენლობით ორგანოებში მონაწილეობა მაინც დაბალია“, - აღნიშნა ირმა პავლიაშვილმა. მისი განმარტებით, წარმომადგენლობით დემოკრატიაში გენდერული თანასწორობა სათანადოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რაც საერთაშორისო სტანდარტით იმას გულისხმობს, რომ კრიტიკული ზღვარი 30% -ზე დაბალი არ უნდა იყოს.

„ანუ ჩვენ რომ ბუნებრივი გზით მივუშვათ ეს პროცესი, ვხედავთ რომ ძალიან ნელა იზრდება და ეს ზრდა არ არის გარანტირებული და შეიძლება მომავალი არჩევნების დროს შეიცვალოს და უფრო დაბალი პროცენტული ჩართულობა იყოს. მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც შერეული საარჩევნო სისტემა გვაქვს და მაგალითად თუ პროპორციული უფრო მეტად უწყობს ხელს იმას, რომ ქალები წარმომადგენლობით ორგანოებში იყვნენ და უფრო მეტად ახალისებს გენდერული თანასწორობის მიღწევას,მაჟორიტარულში ასე არ არის. იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, რომელზეც მე ვსაუბრობდი, ეს ხელისშემშლელია იმის, რომ ქალის ნომინირება მოხდეს მაჟორიტარ კანდიდატად. ამიტომ არის სწორედ მნიშვნელოვანი ის, რომ მივიღოთ სავალდებულო გენდერული კვოტა და მოვახდინოთ ხელოვნური ქირურგიული ჩარევა სწორედ გენდერული თანასწორობის მისაღწევად“, - აღნიშნა ირმა პავლიაშვილმა.

მისი თქმით, იმისთვის რომ ეფექტური შედეგი დადგეს და რეალურად მივიღოთ ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში, რამდენიმე მიმართულებით უნდა მოხდეს მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული პრინციპების დახვეწა:

„ოთხეულში ერთი ვერ უზრუნველყოფს რეალურ ჩართულობას, პროცენტულობა დიდად არ იცვლება. საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით, როგორც ვთქვით, კრიტიკული მასა 30-დან 40 პროცენტი უნდა იყოს. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ვიზრუნოთ ამ პროცენტულობის ზრდაზე, რასაც ოთხეულში ერთი ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დისკუსია ისევ გაგრძელდეს პარლამენტში, როდესაც მოხდება ინიცირება, საკომიტეტო განხილვების დაწყება. შეიძლება განისაზღვროს, რომ მაგალითად, ყოველ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე მოხდეს კვოტის ზრდა. თუ დღეს პოლიტიკური პარტიები საუბრობენ, რომ მათ გაუჭირდებათ ქალების მოძიება, შესაძლებელია, რომ წლების მიხედვით მოხდეს პროცენტულობის ზრდა, რომ ეს ხელისშემწყობი გახდეს პოლიტიკურ აქტიურობაში. შეიძლება შევთანხმდეთ იმ პრინციპზე, რომ ხელს ვუწყობთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ ისინი გაძლიერდნენ, შიდა დემოკრატიაზეც იფიქრონ და შესაბამისად არ დაეკისროთ მათ ისეთი ვალდებულება, რომელიც ხელს შეუშლით პოლიტიკის წარმოებაში და საარჩევნო ჩართულობაში.

შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ თუ 2020-ის არჩევნებისთვის ეს არის ყოველ ოთხეულში ერთი, შეიძლება უკვე 2024-ის არჩევნებისთვის ეს იყოს სამეულში ერთი და ასე შემდეგ მანამ, სანამ არ მოხდება არსებითი თანასწორობის მიღწევა“, - თქვა ირმა პავლიაშვილმა „დილის საუბრებში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG