Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1921 და 2024 - ისტორიკოსები საუბრობენ, რამდენად რეალურია ისტორიის განმეორება 


"საზოგადოება მზად იყო დამოუკიდებლობისთვის, მოწადინებული იყო. ვფიქრობ, ამ კუთხით დღევანდელ საზოგადოებას არ ჩამოუვარდებოდა..."
"საზოგადოება მზად იყო დამოუკიდებლობისთვის, მოწადინებული იყო. ვფიქრობ, ამ კუთხით დღევანდელ საზოგადოებას არ ჩამოუვარდებოდა..."

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა „აგენტები კანონი“ სამი მოსმენით მიიღო და უყურადღებოდ დატოვა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების თხოვნა, ბევრს 1921 წელი გაახსენდა, თარიღი, როდესაც ქვეყანამ 70 წლით დაკარგა დამოუკიდებლობა და რუსეთის ნაწილად იქცა.

რამდენად შესაძლოა ისტორია განმეორდეს? რადიო თავისუფლებამ მაშინდელი და ახლანდელი მოვლენების შედარება ისტორიკოსებს სთხოვა.

მიხეილ ბახტაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ისტორიის მკვლევარი.

- 1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სამი წლის შემდეგ კი ქვეყანა რუსეთმა დაიპყრო. რამდენად ჰგავს ან არ ჰგავს მაშინდელი მოვლენები იმას, რაც დღეს ხდება?

- ჰგავს იმით, რომ რუსეთი ყოველთვის საფრთხეა თავისი მეზობლებისთვის. არ ვიცი რატომ, მაგრამ რუსეთისთვის სამხრეთ კავკასიაში დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა ყოველთვის მიუღებელი იყო.

თუმცა, მე-20 საუკუნის ოციანი წლების მსოფლიო დღევანდელისგან სრულიად განსხვავდება. მაშინ არანაირი საგარეო მხარდაჭერა არ გვქონდა. არ მოიძებნა ძალა, რომლის მეშვეობითაც რუსეთის განეიტრალება მოხერხდებოდა. დღეს ასეთი ძალა დასავლეთია.

- რამდენად ჰქონდა მე-20 საუკუნის დასაწყისის საზოგადოებას ეროვნული განწყობა? ეს ხომ ის პერიოდია, როდესაც ქართულად ყველა როდი ლაპარაკობდა.

- საზოგადოება მზად იყო დამოუკიდებლობისთვის, მოწადინებული იყო. ვფიქრობ, ამ კუთხით დღევანდელ საზოგადოებას არ ჩამოუვარდებოდა.

მიხეილ ბახტაძე
მიხეილ ბახტაძე

- მაშინ უფრო სუსტი იყო რუსეთი თუ ახლა უფრო სუსტია?

- ძნელი სათქმელია. ჩემი აზრით, ახლა უფრო სუსტია. მაშინ პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული სახელმწიფოები შეეგუენ, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიას დაიკავებდა. დღეს საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმებულია, რომ რუსეთის ექსპანსია უნდა შეწყდეს. მაშინ რუსეთი იმპერიის შექმნის პროცესში იყო, ზენიტში, დღეს კი ეს იმპერია ინგრევა.

- მაშინდელ საქართველოს არ ჰქონდა დიასპორა საზღვარგარეთ. დღეს ქართველები თითქმის მთელ მსოფლიოში არიან. ეს რამე უპირატესობას გვაძლევს?

- იმას, რომ ამით შეგვიძლია უკეთ დავანახოთ ამ ქვეყნებს ჩვენი მოთხოვნები და ჩვენი რეალური საჭიროებები.

ოთარ ჯანელიძე, ისტორიკოსი - მუშაობს საქართველოს უახლესი ისტორიის საკითხებზე. Მას ეკუთვნის წიგნი: „26 მაისიდან 25 თებერვლისკენ“.

- ისტორიას რაღაც მოვლენების განმეორება ახასიათებს, მაგრამ ისტორიის კანონი ისიც არის, რომ მნიშვნელოვან ცვლილებებს გეოპოლიტიკური ცვლილებებიც მოჰყვება ხოლმე. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სხვა ინტერესები გაჩნდა და რუსეთს ამიტომაც დარჩა ბურთი და მოედანი.

მართალია, დამოუკიდებლობა რომ გამოვაცხადეთ, გვცნეს და გვაღიარეს, მაგრამ ამასაც დიდი დრო დასჭირდა. 1918 წელს გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა და 1920 წელს გვაღიარეს.

პარალელურად საქართველო ერთა ლიგაში რომ მიეღოთ, დამოუკიდებლობას უფრო დიდი ხნით შევინარჩუნებდით. ერთა ლიგა ახლანდელი გაეროს მსგავსი ორგანიზაცია იყო, რომელიც ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა. ერთა ლიგას ძალიან კარგი წესდება ჰქონდა. ერთ-ერთი მუხლის მიხედვით, ის ვალდებული იყო, წევრი ქვეყანა სხვა ქვეყნის აგრესიისგან დაეცვა.

- როგორც ნატოს?

- დიახ. ჩვენებმა როგორც კი გაიგეს ამ ორგანიზაციის შეახებ, მაშინვე მიმართეს. ერთა ლიგის საზოგადოებაც კი შეიქმნა საქართველოში. გაიგზავნა დელეგაცია, მემორანდუმი, დასაბუთება, თუ რატომ უნდა იყოს საქართველო დამოუკიდებელი. განიხილეს კიდეც ეს საკითხი, მაგრამ დიდმა მოთამაშეებმა - ინგლისმა და საფრანგეთმა თავისი გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნები მიიმხრეს და საჭირო ხმები ვერ დავაგროვეთ. ეს ნიშნავდა იმას, რომ მაშინ ევროპამ კარი მიგვიხურა და რუსეთთან პირისპირ დაგვტოვა. მასაც დიდი დრო არ დასჭირვებია საქართველოს ხელმეორედ დასაპყრობად.

Quiz: რა იცით 25 თებერვალზე?

Quiz: რა იცით 25 თებერვალზე?

დაიწყე ვიქტორინა

ეს რუსეთის მეორე მობრუნება იყო, რომელიც 70 წელს გაგრძელდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი დასუსტდა, მაგრამ ამ რეგიონებისადმი ინტერესი არ დაუკარგავს. კრემლში სპეციალური ტერმინიც კი მოიგონეს „ახლო საზღვარგარეთი“ - ეს ნიშნავს იმ პოსტსაბჭოთა სივრცეს, რომელიც კრემლს უნდა მისი გავლენის ქვეშ დარჩეს და სხვა არ შეეცილოს.

მაგრამ ახლა სხვა დიდი მოთამაშეებიც გამოჩნდნენ: აშშ, ევროკავშირი, თურქეთი, ირანი და ამ ბოლო დროს ჩინეთიც. საქართველო იქცა ძალიან მნიშვნელოვან გამტარად, ცნობილი პროექტები რომ გავიხსენოთ ნავთობის, გაზის. ეს პროექტები რუსეთის გარეშე გაკეთდა, რაც რუსეთს აღიზიანებს, არ უნდა მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ დარჩეს.

მაგრამ განსხვავებით მეოცე საუკუნის ოციანი წლებისგან, როდესაც უცხოეთიდან ცენტიც არ მიგვიღია, ახლა ქვეყანაში დიდი ფინანსები შემოდის, ასევე სამხედრო დახმარებაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ დასავლეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს არ აღიარებს. სანამ ეს არაღიარების პოლიტიკა გრძელდება, გვაქვს შანსი, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს შემადგენლობაში დავიბრუნოთ.

ამიტომაც ვფიქრობ, დასავლეთი არ მიგვატოვებს და თუ მიგვატოვა, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ გაბატონდება საქართველოზე.

დიმიტრი სილაქაძე
დიმიტრი სილაქაძე

დიმიტრი სილაქაძე, ისტორიკოსი, რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მკვლევარი.

- მაშინ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგი იყო, დღეს კი, რაც ხდება, ხელისუფლების ხელით ხდება. ხელისუფლება აცხადებს, რომ დასავლეთისკენ სვლა სურს, მაგრამ რეალურად სხვა რამეს აკეთებს.

მაშინდელი მსოფლიო სრულიად სხვა იყო. 1921 წელს ჩვენ ფაქტობრივად ერთი-ერთზე დავრჩით რუსეთთან. დღეს ევროკავშირი და აშშ აქტიურად ეხმარება ქართველ ხალხს და ზეწოლას ახდენენ მთავრობაზე, რომ რუსეთი აქ არ დაბრუნდეს.

ჩვენ მაშინ არასრული სამწლიანი დამოუკიდებლობა გვქონდა, ახლა კი 33 წელია დამოუკიდებლები ვართ. ამ დროის განმავლობაში რამდენიმე ომი გვქონდა რუსეთთან. გმირების მთელი გალერეა არსებობს. ძნელი იქნება ამას ხაზი გადაუსვა. ამიტომაც შეიძლება გადავურჩეთ იმ საფრთხეს, რომელიც არსებობს.

- თუმცა „აგენტების კანონი“ ძალაუნებურად გვახსენებს მე-20 საუკუნის დასაწყისის რეპრესიებს, როდესაც ხალხს სწორედ ჯაშუშობის ბრალდებით იჭერდნენ.

- ცხადია, ეს საფრთხე არსებობს. რუსეთის დაბრუნება არ ნიშნავს იმას, რომ რუსთაველზე რუსული ჯარი დადგება. სახელმწიფოს დაქვემდებარება სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვაგვარად ხდება. თუ ამოქმედდება კანონი, რომელიც პუტინის რუსეთშია, აქ სწორედ ისეთივე გარემო შეიქმნება, როგორიც რუსეთსა და ბელარუსშია. ეს ბუნებრივად გაგვრიყავს დასავლეთისგან.

რეპრესიებს რაც შეეხება, რეპრესიები ერთ დღეში არ იწყება. 1921 წელსაც რეპრესიები მაშინვე არ დაწყებულა. ჯერ თითო-ოროლა ადამიანს აპატიმრებდნენ, შემდეგ მეტს, შემდეგ დახვრეტები დაიწყო და ასე 1937 წლამდე. რეპრესიების ერთ-ერთი მახასიათებელი ის არის, რომ პროცესის შეჩერება შეუძლებელი ხდება და რაღაც ეტაპზე ორგანიზატორებსაც ამ ხორცსაკებში მოაქცევს. ეს პროცესი საქართველოში თუ დაიწყო, ის ყველასთვის საშიში იქნება, მათ შორის - ჯალათებისთვისაც. ამიტომაც საფრთხე არსებობს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ დღეს უფრო მეტი შანსი გვაქვს, ამ ყველაფერს გადავურჩეთ.

- რამდენად ხშირი იყო მაშინ საპროტესტო გამოსვლები? ჩვენ ვიცით აჯანყებების შესახებ. მშვიდობიანი გამოსვლებიც ჰქონდათ ქართველებს თუ პირდაპირ შეიარაღებულ აჯანყებებზე გადავიდნენ?

- სხვათა შორის, ეს ჩვენი ისტორიის არცთუ კარგად ცნობილი ფურცლებია. პირდაპირ აჯანყებით არ იწყებდნენ. იქაც იყო გამოსვლები. ჯერ 1921 წლის 26 მაისს, შემდეგ სამხედრო მინისტრის პარმენ ჭიჭინაძის დაკრძალვისას. თბილისში მუშები გაიფიცნენ. სტუდენტები გამოვიდნენ. 1922 წლის თებერვალში, ანუ 1921 წლის თებერვლის წლის თავზე, მთელი საქართველოს მასშტაბით ორი კვირა აქციები იყო. რამდენიმე ათასი ადამიანი დააპატიმრეს კიდეც.

- და ეს ყველაფერი მაინც უშედეგო გამოდგა.

- კი, სამწუხაროდ, თუმცა, მაინც ვიტყვი, რომ დღეს მაინც სულ სხვა მსოფლიოა და ხალხიც ძნელად თუ დათმობს თავის მომავლს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG