Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ის საკუთარი თავის აჩრდილად იქცა - რა გამოხმაურებები მოჰყვა სააკაშვილის გამოჩენას სასამართლოზე


მიხეილ სააკაშვილი სასამართლოზე კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო, 22 დეკემბერი
მიხეილ სააკაშვილი სასამართლოზე კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო, 22 დეკემბერი

მას შემდეგ, რაც 22 დეკემბრის სასამართლოზე, თვეების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის გამოსახულება დარბაზში, ეკრანზე გამოჩნდა, დასავლური მედია მის ფიზიკურ მდგომარეობასა და შესაძლო მოწამვლაზე კიდევ უფრო ალაპარაკდა.

"სააკაშვილი შიშობს, რომ ქართულ ციხეში მისი სიცოცხლე საფრთხეშია", - ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს გამოცემა Politico. სტატიაში 22 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე, დისტანციურად ჩართულ მიხეილ სააკაშვილზე წერენ, რომ იგი სასამართლოს წინაშე წარსდგა გალეული, ავადმყოფობისგან დასუსტებული.

"რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პირადი მტერი, სააკაშვილი 2021 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს, როდესაც ის სამშობლოში დაბრუნდა თვითნებური გადასახლებიდან...

მისი მდგომარეობის გაუარესებაზე მტკიცებულებების რაოდენობის ზრდა, სავარაუდოდ, გაზრდის საერთაშორისო ზეწოლას ქართული ოცნების მთავრობაზე. ბევრი შიშობს, რომ იგი კრემლთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს. იმის ნიშნად, რომ სააკაშვილის მკურნალობამ მნიშვნელოვანი დაბრკოლება შეიძლება შეუქმნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, ევროპარლამენტმა გასულ კვირას მიიღო რეზოლუცია, რითაც მისი [სააკაშვილის] "ჰუმანიტარული მიზნით" გათავისუფლება მოითხოვა", - წერია სტატიაში.

გამოცემამ, ასევე გამოაქვეყნა მოკლე აუდიოინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც, მათივე თქმით, რამდენიმე კვირის წინ ამერიკელმა ადვოკატმა მასიმო დ'ანჯელომ ჩაიწერა კლინიკა "ვივამედში" მასთან ვიზიტის დროს.

ადვოკატი: გაქვთ მუდმივი შიში თქვენი სიცოცხლისა და უსაფრთხოების გამო?

სააკაშვილი: დიახ, რა თქმა უნდა.

ადვოკატი: ვიცი, რომ ეს გუშინ უკვე გკითხეთ, მაგრამ გჯერათ, რომ მოგწამლეს?

სააკაშვილი: არ ვიცი.

ადვოკატი: რაიმე ეჭვი გაქვთ?

სააკაშვილი: ყველაფერი შეიძლება, მოხდეს აქ, მაგრამ არ ვიცი.

ადვოკატი: მოდი, ცოტა ვისაუბროთ იმ ეპიზოდებზე, როცა თქვენ ციხის თანამშრომლებმა გცემეს. შეგიძლიათ კონკრეტულად რაიმეს გახსენება?

სააკაშვილი: მანქანიდან გადმომათრიეს და ამ დროს მცემეს.

ადვოკატი: შეიძლება გაიხსენოთ, რა ხდებოდა, სანამ ისინი თვალებს აგიხვევდნენ?

სააკაშვილი: ისინი შეეცადნენ ჩემთვის ხელები შეეკრათ, გავეთრიე, იატაკზე დავეგდე. შემდეგ თვალებზე ჩამომაფარეს.

ადვოკატი: წიხლებს გირტყამდნენ?

სააკაშვილი: მგონი, კი.

ადვოკატი: ახლა რამე გტკივათ?

სააკაშვილი: მკლავი და ფეხის ზოგიერთი კუნთი.

ადვოკატი: თავს სუსტად გრძნობთ?

სააკაშვილი: დიახ, თავს საკმაოდ სუსტად ვგრძნობ და დაღლილი ვარ. მას შემდეგ, რაც აქ გადმოვედი, დაახლოებით, 22 კილოგრამი დავიკელი.

ადვოკატი: თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევთ?

სააკაშვილი: რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პოლიტიკის გამო ხდება.

"პუტინმა მოწამლა ის? უბრალოდ შეხედეთ ამას: მარცხნივ გამოსახულია მიხეილ სააკაშვილი 1 წლის წინ, მარჯვნივ კი სააკაშვილი დღეს. მისი ადვოკატები სასამართლოზე განიხილავენ საკითხს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პუტინის მტერი მოწამლეს. ისინი ამბობენ, რომ კვლევებმა მის ორგანიზმში მძიმე მეტალების არსებობა გამოავლინა. ისინი ამბობენ, რომ ამის უკან პუტინი დგას..." - ამბობს CNN-ის წამყვანი მიხეილ სააკაშვილის შესახებ მომზადებული სიუჟეტის წარდგენისას და ეკრანზე აჩვენებს მის გასული წლის ნოემბერში და წელს, 22 დეკემბერს გადაღებულ ფოტოებს.

მარცხნივ: მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 29 ნოემბრის სასამართლოზე, მარჯვნივ: მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 22 დეკემბრის სასამართლოზე
მარცხნივ: მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 29 ნოემბრის სასამართლოზე, მარჯვნივ: მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 22 დეკემბრის სასამართლოზე

CNN-მა მიხეილ სააკაშვილის საკითხს გადაცემის თითქმის 11-წუთი დაუთმო. სიუჟეტის გარდა, ასევე გამოაქვეყნა კლინიკა "ვივამედში" ამერიკელ ადვოკატ მასიმო დ'ანჯელოს მიერ მიხეილ სააკაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუს კიდევ ერთი ფრაგმენტი:

ადვოკატი: შეგიძლია, ზუსტად გაიხსენო ის მომენტი, როცა გცემეს და საათი წაგართვეს?

სააკაშვილი: იმ დროს ისინი მახრჩობდნენ და ხელზე მირტყამდნენ.

ადვოკატი: კისერზე შეგადგნენ?

სააკაშვილი: კისერზე შემადგნენ, ეს ვიდეოზეც იყო, სადაც ყველაფერი უკეთ ჩანდა, მაგრამ წაშალეს.

"ძაფზე ჩამოკიდებული სიცოცხლე", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გერმანული გამოცემა Tagesschau, სადაც წერია, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა პოლიტიკური საკითხია.

"ციხეში გატარებული ერთი წლის შემდეგ, იგი საკუთარი თავის აჩრდილად იქცა, რაც სასამართლოზე გამოჩნდა. მისი საკითხი, ასევე დაკავშირებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან.

გალეული სახე, შუბლზე ჩამოცვენილი თმა, გაჭაღარავებული წვერი ნიკაპზე, ოდნავ გახელილი თვალები - საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფიზიკური და გონებრივი ძალა დაკარგა. იგი ისე გამოიყურება, თითქოს აღარაფერზე შეუძლია რეაგირება", - წერს სტატიის ავტორი სილვია შტობერი.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უკრაინის ომზე საუბრისას ცნობილი ისტორიკოსი და ჟურნალისტი იური ფელშტინსკი პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასაც შეეხო. მან სააკაშვილის სასამართლოდან გავრცელებული კადრი "სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ლიტვინენკოს" შეადარა.

"მსგავსება აშკარაა სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ლიტვინენკოსთან. ის ჩემი მეგობარი იყო და იმ საქმეს შეეწირა, რომელსაც ერთად ვაკეთებდით. ვფიქრობ, სირცხვილია, რაც დღეს სააკაშვილის თავს ხდება, რასაც საქართველოს დღევანდელი მთავრობა აკეთებს. ამის დაშვება დანაშაულია. და ვფიქრობ, ის ხალხი, ვინც ეს ჩაიდინა, ადრე თუ გვიან პასუხს აგებს და დაისჯება. ეს საშინელი კადრია - ის საშინლად გამოიყურება. მე ვიცი, როგორ გამოიყურებოდა ის ადრე და დღეს ეს სხვა ადამიანია. დიახ, სამწუხაროა, მაგრამ ის გამოიყურება ისე, როგორც ადამიანი, რომელიც მოწამლეს", - ამბობს იური ფელშტინსკი.

მიხეილ სააკაშვილის შეერთებულ შტატებში გადაყვანის უფლების მიღების თხოვნით, აშშ-ში მოღვაწე 55-მა ქართველმა ექიმმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წერილით მიმართა.

"გთხოვთ, მოითხოვოთ უფლება საქართველოს მთავრობისგან, რომ დროებით გადაეცეს მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის განკარგულებაში მისი ჯანმრთელობის სრულად შესაფასებლად. როგორც საქართველოს ხანგრძლივ მეგობარს ჩვენ ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას და პიროვნებების პატივისცემას. როგორც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი დემოკრატიის პრეზიდენტს ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია მას დაეხმაროს სანამ დაგვიანდება", - წერია მიმართვაში. ისინი, პრეზიდენტ ბაიდენს სთხოვენ, დაეხმაროს იმაში, რომ შეძლონ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა.

სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და მისი უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვა მაკკეინის ინსტიტუტმაც. სენატორი ჯონ მაკკეინი, რომლის სახელსაც ატარებს ეს ინსტიტუტი, მიხეილ სააკაშვილს მის ძველ მეგობრად თვლიდა. 2010 წლის იანვარში სააკაშვილმა იგი ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა, იმ თანადგომისთვის, რომელიც მან საქართველოს რუსეთთან ომის დროს აღმოუჩინა.

ინსტიტუტის განცხადებაში წერია, რომ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებამ 2021 წლის ოქტომბერში დააპატიმრა იმ ბრალდებით, რომელსაც პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. მათივე თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი მძიმე მეტალებით არის მოწამლული, ჯანმრთელობის მდგომარეობა კი გაუარესებულია.

"მაკკეინის ინსტიტუტი დგას სააკაშვილის გვერდით, რომელიც იყო ოდესღაც უფრო თავისუფალი და უფრო დემოკრატიული საქართველოს ლიდერი, სენატორ მაკკეინის მეგობარი. ჩვენ ხაზს ვუსვამთ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის საჭიროებას. ვუსურვებთ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას”, - მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის ეველინ ფარკასის ეს სიტყვები თან ახლავს სააკაშვილის მხარდამჭერ წერილს.

დასავლური გამოცემები სააკაშვილის დასუსტებულ ჯანმრთელობას მის სავარაუდო მოწამვლასთან აკავშირებენ და იხსენებენ მისი და პუტინის მტრობის ისტორიას. ასევე, სააკაშვილის მდგომარეობას საქართველოს პოლიტიკური პრობლემად მიიჩნევენ, რომელსაც შეუძლია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება შეაფერხოს.

თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. გუშინ, 22 დეკემბერს, ამ საქმეზე მესამე სხდომა გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. სხდომას დისტანციურად დაესწრო მიხეილ სააკაშვილიც. შემდეგი განხილვა 29 დეკემბერს არის დანიშნული.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG