Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუნესკოს გადაწყვეტილება - ქართული ჭიდაობა მსოფლიომ აღიარა


ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების - ქართული მრავალხმიანობის, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდისა და ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის შემდეგ - იუნესკოს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში გაწევრიანდა ტრადიციული ქართული ჭიდაობა.

ისტორიული გადაწყვეტილება 29 ნოემბერს მიიღეს, მავრიკის ქალაქ პორტ-ლუისში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის სხდომაზე.

„2014 წელს, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. 2016 წელს, კი პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, ქართულ ჭიდაობას ეროვნული კატეგორია განესაზღვრა" - უთხრა რადიო თავისუფლებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა. "მესამე ნაბიჯი უკვე მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მოხვედრა იყო და ამისთვის იუნესკოს 2016 წელს მივმართეთ. სანამ საბოლოო პასუხს მივიღებდით, ცხადია, ჩაატარეს სრულფასოვანი მეცნიერული კვლევა, შეისწავლეს, რა იყო ქართული ჭიდაობის ექსკლუზიურობა და დღეს უკვე საკითხი ისე დაამტკიცეს, დარბაზში ერთი შეკითხვაც კი არ დასმულა. გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღეს“.

ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში. მისი, როგორც სპორტის ეროვნული სახეობის სიძველეს ადასტურებს „ალავერდის“ კედელზე შესრულებული ჭიდაობის სცენაც. პერსონაჟების სახეები, ჩაცმულობა და მოძრაობის პლასტიკა ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს ქართულ ტრადიციულ საჭიდაო ხელოვნებაზე. შეჯიბრებები საქართველოში რელიგიურ დღესასწაულებზეც იმართებოდა.

ქართული ჭიდაობა ორასამდე ილეთსა და კონტრილეთს აერთიანებს. კლასიფიცირებულია ძირითადი ფანდები: ცერული, სარმა, თეძო, მოგვერდი, კისრული, ბრუნები და კაური. ქართული ჭიდაობის განუყოფელი ნაწილია მუსიკალური აკომპანემენტი. გამოიყენება ზურნა და დოლი.

ლევან ხარატიშვილის განცხადებით, იუნესკოს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში გაერთიანება ნიშნავს, რომ ქართული ჭიდაობის ელემენტების ექსკლუზიურობა ფაქტობრივად დაკანონდა. ამასთან, იუნესკო უკვე ეწევა ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციას და ელექტრონულ თუ ბეჭდურ გამოცემებში მას დიდ ყურადღებას დაუთმობს.

უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ 29 ნოემბრის აღიარებით ქართული ჭიდაობისადმი საერთაშორისო ინტერესიც საგრძნობლად გაიზრდება. ახალგაზრდებს კი დამატებითი სტიმული გაუჩნდებათ.

იუნესკოს გადაწყვეტილებას გამორჩეული ინტერესით ელოდნენ ლეგენდარული ქართველი სპორტსმენები. მათ შორის, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გურამ საღარაძეც.

„ქართული ჭიდაობა ჩვენი გენეტიკის განუყოფელი ნაწილია. მსოფლიოში სახელგანთქმული ბევრი ქართველი მოჭიდავის წარმატებების საფუძველი სწორედ ტრადიციული ქართული ჭიდაობა გახდა და მომავალშიც აუცილებლად ასე გაგრძელდება, თუკი ჩვენს ეროვნულ საუნჯეს მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა,“ - გვითხრა გურამ საღარაძემ.

  • 16x9 Image

    ოთარ მაღლაკელიძე

    სპორტული ჟურნალისტი. ბლოგერი. აშუქებს ქართული და უცხოური სპორტის ამბებს. არის ქართველ სპორტსმენთა შესახებ გამოცემული ოთხი წიგნის ავტორი; ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2012-2017 წლებში იყო „თავისუფლების დილის“ თანაწამყვანი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG