Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იფრინეს თუ არა შოვში შსს-ს თერმულმა დრონებმა პირველ კრიტიკულ საათებში?


შოვი, სტიქიის ზონა
შოვი, სტიქიის ზონა

ოფიციალურ მონაცემებსა და თვითმხილველების მონაყოლზე დაყრდნობით, შეუძლებელია დაზუსტებით იმის თქმა, რომ 3 აგვისტოს, შოვში, სტიქიის შემდეგ პირველი რამდენიმე კრიტიკული საათის განმავლობაში, ტერიტორიის თავზე შს სამინისტროს თერმულმა დრონებმა იფრინეს.

დრონი თერმული კამერით, ანუ თერმული დრონი, თითქმის შეუცვლელი ინსტრუმენტია სამძებრო-სამაშველო ოპერაციების დროს, განსაკუთრებით ღამით, როდესაც ხედვის შესაძლებლობები შეზღუდულია.

თერმული კამერა „ხედავს“ - ადამიანებს, ცხოველებს, მარტივად რომ ვთქვათ ყველას, ვისი სხეულის ტემპერატურა 30 გრადუსიდან ზევითაა, ანუ ცოცხალია.

თერმულ კამერას შეუძლია დააფიქსიროს ცხედარიც, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის ჯერ კიდევ ასხივებს თერმული კამერისთვის აღსაქმელ სითბოს. ანუ, ადამიანის გარდაცვალებიდან არ არის გასული ორ-სამ საათზე მეტი.

თერმული კამერით ძებნისას მნიშვნელობა აქვს გარემოსაც. მაგალითად, თოვლსა და ღვარცოფში, სადაც ტემპერატურა დაბალია, გარდაცვლილი ადამიანის სხეული უფრო სწრაფად კარგავს სითბოს და შესაბამისად, მცირდება თერმული კამერის ეფექტიანობაც.

თერმულ დრონებს სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს იყენებენ დღისითაც, როდესაც სამძებრო ტერიტორიაზე, ხედვის არეალსა და ობიექტებს სხვადასხვა ფიზიკური ბარიერები, მაგალითად, ნანგრევები ან ტალახი ფარავს, ამ დროს კამერა აგნებს და ნარინჯისფრად ან წითლად ამოანათებს გადარჩენილ ადამიანებსა და ცხოველებს. უარეს შემთხვევაში - გარდაცვლილი ადამიანის ცხედარს.

რატომ არის მნიშვნელოვანი დრონების რაც შეიძლება სწრაფად გამოყენება?

პირველი - იმიტომ, რომ გადარჩენილები რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანონ მაშველებმა უსაფრთხო ადგილას. და მეორე - იპოვოს ახლად დაღუპულები მანამდე, სანამ მათი ცხედრები უფრო ღრმად არ ჩაეფლობა, მაგალითად, მეწყერში, ღვარცოფში და უჩინარნი გახდებიან როგორც თერმული დრონებისთვის, ისე სხვა ტექნიკისა და მაშველებისთვის.

დრონს, რომელიც თერმული კამერითაა აღჭურვილი, არ შეუძლია დააფიქსიროს ცოცხალი არსება, თუკი ის მიწის ქვეშ, თუნდაც ნახევარი მეტრის სიღრმეში იმყოფება. ანუ, მცდარია წარმოადგენა იმის შესახებ, რომ თერმულ კამერას ე.წ. რენტგენის უნარი აქვს.

უჩა აბაშიძე
უჩა აბაშიძე

„თუკი ცოცხალი ადამიანი ან ახლად გარდაცვლილი ადამიანი, არც ისე ღრმადაა ჩაფლული, მაგალითად, რამდენიმე სანტიმეტრის სიღრმეშია, გინდ ნანგრევებში, გინდ მეწყერში, გარშემო ტერიტორიას გარემოსთან შედარებით ათბობს და არის შანსი, რომ ზევიდან დახედვისას, განსაკუთრებით ღამით, როცა მზე არ ანათებს და დანარჩენი ყველაფერი ცივია, დაინახო გამთბარი ზონები, რაც გეუბნება იმას, რომ იქ ან ცოცხალი ობიექტია ან სულ ცოტა ხნის წინ არის დაღუპული“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას უჩა აბაშიძე, სამხედრო კომენტატორი და დრონების მწარმოებელი.

სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ თუკი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია თერმულ დრონებს იყენებს, ტექნიკა ოპერაციაში სტიქიიდან რაც შეიძლება სწრაფად, უახლოეს საათებში ჩაერთოს.

თერმული დრონებით მუშაობისას, მნიშვნელოვანია კამერების გამოყენების ზედმიწევნით ცოდნაც, ამბობს უჩა აბაშიძე. მისი თქმით, ოპერატორს, რომელიც თერმულ დრონთან მუშაობს, უნდა შეეძლოს, ამოიცნოს თერმულ კამერაში მოხვედრილი სხვადასხვა ობიექტი:

„მაშველები უნდა ვარჯიშობდნენ, დგამდნენ სიმულაციებს, უნდა იცოდნენ, რა მდგომარეობაში, რისი აღმოჩენა შეუძლიათ. მაგალითად, შეუძლიათ თუ არა ზედაპირული ტალახის ქვეშ, ადამიანის სხეულის რომელიმე ნაწილის გარჩევა, ხელის, ფეხის. შეუძლიათ თუ არა სხეულის სითბოსგან გამთბარი ტალახის დანახვა. უნდა იცოდე, რისი ამოცნობა შეუძლია შენს კამერას და რისი არა, რადგან თანამედროვე თერმული კამერები ხარისხის მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან და ბევრი რამ სწორედ მათ ხარისხზეა დამოკიდებული“.

დრონებს თერმული კამერით საქართველოში არაერთი კომპანია აწარმოებს. მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებული კომპანია "დელტა-ვებე".

უჩა აბაშიძის შეფასებით, საქართველოში 2 ასეულამდე თერმული დრონი იქნება. მათი ღირებულება ხარისხის მიხედვით 5 ათასიდან 10 ათას დოლარამდე მერყეობს.

რას ამბობს შსს სტიქიის ზონაში თერმული დრონების გამოყენებაზე?

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, ღვარცოფი დაახლოებით დღის 3 საათისთვის მოვარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში სტიქიიდან დაახლოებით 3-დან 4 საათში ჩაერთვნენ. ანუ, მაშინ, როდესაც ღვარცოფს უკვე სრულად ჰქონდა დაფარული კურორტ შოვის არეალი, მათ შორის, ღვარცოფის ქვეშ იყო მოქცეული და აღარ არსებობდა ე.წ. კოტეჯების ტერიტორია, სადაც სტიქიის მომენტში ათობით ადამიანი იმყოფებოდა, ღვარცოფს ჰქონდა წაღებული მჟავე წყლების მიმდებარე ტერიტორიაც.

სტიქიის ზონა
სტიქიის ზონა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 3 აგვისტოს გავრცელებულ პირველ განცხადებებში, არსად იყო ნახსენები, რომ ღვარცოფში მოყოლილ ადამიანებს მაშველები დრონებით და მით უმეტეს, თერმული დრონების დახმარებით ეძებდნენ.

ინფორმაცია სამაშველო-სამძებრო ოპერაციაში დრონების ჩართვის შესახებ მხოლოდ 4 აგვისტოს გაჩნდა. თუმცა, არსად ყოფილა ნახსენები სიტყვა თერმული დრონი: „ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი“.

„თერმული დრონები“ პირველად 10 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ახსენა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა და სწორედ ამით ახსნა სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომ სტიქიის ღამეს, კატასტროფის ეპიცენტრში, „არ იყო აღარაფერი აუცილებლობა“ ვერტმფრენების გამოყენების:

თემურ მღებრიშვილი
თემურ მღებრიშვილი

„რატომ არ გავრისკეთ და რატომ არ იყო საჭიროება? გვქონდა ჩვენ ადგილზე მობილიზებული შესაბამისი სითბური დრონები, რომლებიც ძალიან მარტივად აფიქსირებდა იმ არეალს, რომელიც იყო დატბორილი და ასევე, ტყის მასივში შესული იყო ცოცხალი ძალა და სითბური დრონების საშუალებით უფრო მარტივად [ეძებდა], ვიდრე ვერტმფრენით. სითბური დრონების საშუალებით ჩვენ მოვახდინეთ იმ ლოკაციების აღმოჩენა, სადაც იყვნენ ადამიანები უსაფრთხო ადგილზე გახიზნულები“.

სტიქიის ღამეს თერმული დრონების გამოყენებასა და შესაბამისად, სამძებრო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვის საჭიროების არ არსებობაზე ილაპარაკა 13 აგვისტოს შოვში ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც:

ვახტანგ გომელაური შოვში
ვახტანგ გომელაური შოვში

„მუშაობდა 5-6 სითბური დრონი, რომლებიც ბევრად უკეთესად ხედავს. ეს არის მაღალი თანამედროვე ტექნოლოგიური დრონები, სითბური გამოსახულება ძალიან მნიშვნელოვანია. მუშაობდნენ მაღალ და დაბალ სიმაღლეებზე. კითხვას ვსვამ, ვერტმფრენიდან უფრო კარგად დაინახავდა თუნდაც ღამე, თუ ღამის ხედვის და სითბური დრონებით? დღის შუქზე დათვალიერდა ეს ტერიტორია მთლიანად, არანაირი დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომ ის ამოსაყვანი ყოფილიყო და ჩვენ დავტოვეთ... კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანამ დაღამდებოდა, 2 საათით ადრე ვერტმფრენებმა იმუშავეს, გამოიყვანეს ხალხი, ის 140 ადამიანი იყო უსაფრთხოდ, მათთან იყვნენ ჩვენი პოლიციელები, მაშველები“.

3 აგვისტოს, სტიქიის ზონაში, ღვარცოფში, 6 წლის შვილთან და სხვა 10 ადამიანთან ერთად ჩარჩენილი გიო ადამია, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სამსაათიანი ლოდინის შემდეგ, მას შემდეგ, რაც სამაშველო ვერტმფრენმა გადაუფრინათ, მალევე გამოჩნდა მათ თავზე დრონი. თუმცა, დაზუსტებით იმის თქმა, ვის ეკუთვნოდა დრონი და იყო თუ არა ის სითბური კამერით აღჭურვილი, არ შეუძლია:

გიო ადამია
გიო ადამია

“დაახლოებით საღამოს 6 საათის შემდეგ გამოჩნდა დრონი. დაგვაფიქსირა, ხელს ვუქნევდით, ვეძახდით. არ ვიცი, ვისი ან რა ტიპის დრონი იყო. გადაგვიღო და გაფრინდა”.

რა ვკითხეთ და რა გვიპასუხა შინაგან საქმეთა სამინისტრომ?

მუშაობდა თუ არა ნამდვილად სტიქიიდან პირველი კრიტიკული საათებისა და ღამის განმავლობაში თერმული დრონები, ამის გადამოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებამ კიდევ ერთხელ სცადა:

  • სტიქიის დღეს, რომელ საათზე დაიწყეს მუშაობა თერმულმა დრონებმა?
  • 3-4 აგვისტოს, რამდენი საათი იმუშავეს თერმულმა დრონებმა და კონკრეტულად რა ტერიტორია დაათვალიერეს?
  • დააფიქსირა თუ არა თერმულმა დრონებმა მეწყერში მოყოლილი ცოცხალი ადამიანები, რომელთა „პირველაღმომჩენი“ სწორედ თერმული დრონი იყო და რომელთა უსაფრთხო ადგილზე გამოყვანაც მოხერხდა? თუ კი, სად და რამდენი?
  • ღვარცოფში მოყოლილი დაღუპულების აღმოჩენა თუ მოხდა თერმული დრონის საშუალებით?


17 აგვისტოს, აი, ამ კითხვებით მიმართა რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს.

მიუხედავად იმისა, რომ სტიქიიდან ორ კვირაზე მეტია გასული და მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია უწყებას ლოგიკურად დამუშავებული და ადვილად ხელმისაწვდომი უნდა ჰქონდეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მონაცემებს მხოლოდ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით 10 დღეში შეგვატყობინებდნენ.

შოვი, სტიქიის ზონა
შოვი, სტიქიის ზონა

გიორგი ბახია, მოძრაობა „ბრაკონიერების წინააღმდეგ“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, შოვში, სტიქიის ზონაში, 4 აგვისტოს, გამთენიისას ჩავიდა. შუაღამიდან იმყოფებოდა სტიქიის ზონაში მისი კიდევ ერთი კოლეგა, რომელიც მზად იყო, ტერიტორიაზე თერმული დრონით ემუშავა, თუმცა გიორგი ბახია გვეუბნება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს და აზუსტებს, რომ სტიქიის ღამეს არც სხვა თერმული დრონები დაუნახავთ:

„არ ვიცი, იმ ღამეს დრონები არ დაგვინახავს. 4 აგვისტოს, დილით, 20 წუთით მოგვეცა ჩვენი თერმული დრონების აფრენის უფლება. სიცოცხლის სხივები აღმოვაჩინეთ სამ ლოკაციაზე, მაგრამ რა შეიძლებოდა ეს ყოფილიყო, ცხოველი თუ ადამიანი, ამის გარჩევა შეუძლებელი იყო. 4-5 დრონი გვყავდა.

თერმული დრონების აფრენის ერთადერთი აზრი ის იყო, რომ თუ ადამიანი ნახევრად იყო ჩარჩენილი ტალახში, ან სადმე ქვაზე, ხეზე იჯდა და ცოცხალი იყო, დავხმარებოდით, თორემ დანარჩენ შემთხვევაში, თერმული დრონებით მუშაობა, აზრს კარგავს. გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთ საათში, ადამიანი უკვე ცივდება. ერთი საათის შემდეგ უკვე შეუძლებელია თერმული დრონებით მისი დაფიქსირება, მით უმეტეს, თუკი ის სიღრმეშია ჩაფლული“.

5 აგვისტოს, სტიქიიდან მესამე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს, რომლებიც თერმული დრონების გამოყენებით ცდილობდნენ სამაშველო ოპერაციაში ჩართვას და დახმარებას, განცხადებით მიმართა და მოუწოდა, რომ დრონებს შესაძლოა პრობლემები შეექმნა სამაშველო საქმიანობაში ჩართული ვერტმფრენისთვის და ამიტომ მათ უნდა შეეწყვიტათ სტიქიის ზონაში დრონების თვითნებური გამოყენება.

18 აგვისტოს საღამოს მონაცემებით, შოვში 27 ცხედარია ნაპოვნი. ამ დრომდე დაკარგულია 6 ადამიანი.

სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ გარდაცვლილთა, დაკარგულთა და გადარჩენილთა შესახებ ოფიციალური სრულყოფილი ინფორმაცია. ცნობები დაღუპულთა და დაკარგულთა შესახებ მხოლოდ მედიასა და სოციალურ ქსელებში, მათ ახლობლებზე დაყრდნობით ვრცელდება.

XS
SM
MD
LG