Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კავკასია - 2020“-ისა და „სლავური ძმობის“ პოლიტიკური განზომილება


„სლავური ძმობა - 2020“. ბელარუსი. 16 სექტემბერი
„სლავური ძმობა - 2020“. ბელარუსი. 16 სექტემბერი

ბელარუსის არაღიარებულმა პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ მოსკოვთან შეთანხმებით გადაწყვიტა 21 სექტემბრიდან კიდევ რამდენიმე დღით გაეგრძელებინა რუსულ-ბელარუსული სამხედრო სწავლება „სლავური ძმობა - 2020“, რომელშიც ევროკავშირის ზეწოლით წელს მონაწილეობაზე უარი თქვა მოსკოვის მოკავშირე სერბეთმა.

აღსანიშნავია, რომ, იმავდროულად, რუსეთის სამხრეთ-დასავლეთსა და მის მიმდებარე საქართველოს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ასევე ანექსირებულ ყირიმში, სტარტი აიღო სტრატეგიულმა სამხედრო სწავლებამ „კავკასია - 2020“, რომელშიც, რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, ჩაბმული იქნება 80 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 1000-მდე სხვადასხვა სახის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ტექნიკა.

აფხაზეთში - წებელდისა და ნაგვალოუს პოლიგონებზე და ე.წ. სამხრეთ ოსეთში - ძარწემის პოლიგონზე.

გაბზარული „სლავური ძმობა“

სამხედრო სწავლება „სლავური ძმობა - 2020“-ის დაწყებამდე ოთხი დღით ადრე მოსკოვისა და მინსკისათვის ნამდვილ სიურპრიზად იქცა ბელგრადის გადაწყვეტილება, უარი ეთქვა ყოველწიურ საერთაშორისო წვრთნაში მონაწილეობაზე, რომელსაც შარშან, 2019 წელს, სწორედ სერბეთმა უმასპინძლა.

როგორც სერბეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ბელგრადმა მიიღო ევროკავშირის ძლიერი ზეწოლის შედეგად. ევროკავშირმა, რომელიც არ აღიარებს 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, პირდაპირ მოსთხოვა კავშირის წევრობის მაძიებელ სერბეთს, რომ არ გაეგზავნა სამხედროები ბელარუსში. „ევროკავშირმა გვთხოვა დაგვეტოვებინა „სლავურა ძმობა - 2020“, თორემ სასწორზე დაიდებოდა ჩვენი ევროპული მომავალი“, - თქვა ალექსანდარ ვულინმა.

სერბეთის მხრიდან უარის მიუხედავად, სწავლების მასპინძელმა ბელარუსმა და მისმა მოკავშირე რუსეთმა იხტიბარი არ გაიტეხეს და, ერთის ნაცვლად, ორ ეტაპად ჩაატარეს „სლავური ძმობა - 2020“.

თავდაპირველი გეგმით, ის 10-დან 15 სექტემბრამდე უნდა გამართულიყო, მაგრამ სოჭში ლუკაშენკა-პუტინის შეხვედრის შემდეგ კრემლმა გამოაცხადა, რომ მანევრები 25 სექტემბრამდე გასტანს. მეტიც, შეხვედრაზე პუტინი და ლუკაშენკა შეთანხმდნენ, 2021 წელს რუსეთმა და ბელარუსმა ორივე ქვეყანაში „თითქმის ყოველთვიურად“ ჩაატარონ ერთობლივი სამხედრო წვრთნა.

რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, ბრესტის პოლიგონზე თავშეყრილმა 6 000-კაციანმა რუსულ-ბელარუსულმა გაერთიანებულმა ქვედანაყოფმა 14-დან 21 სექტემბრამდე „კონტრტერორისტული თემატიკის სასწავლო-საბრძოლო ამოცანა“ შეასრულა.

რუსეთი ბელარუსში გამართულ სწავლებაზე წარმოდგენილია 1000 საჰაერო-მედესანტითა და 100 ერთეული საბრძოლო ტექნიკით.

როცა სწავლების ლეგენდის მოსამზადებელი ფაზა დასრულდა, შემდეგ ორმხრივმა ქვედანაყოფებმა დაიწყეს „პირობითი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ბლოკირება და განადგურება“ ქვეყნის, ანუ ბელარუსის, დასავლეთის რაიონის ტერიტორიებზე.

აშკარაა, რომ სამხედრო სწავლების ამ ლეგენდას საფუძვლად დაედო ბელარუსის არაღიარებული პრეზიდენტის, ლუკაშენკას მიერ გაკეთებული განცხადებები „დასავლეთის მხრიდან მომავალ სამხედრო საფრთხეებზე“, რასაც რუსეთიც იზიარებს.

მეტიც, უფრო ხანგრძლივი პერსპექტივით, კრემლი ბელარუსში მუდმივი სამხედრო ბაზის ქონას უმიზნებს. 2015 წელს ბელარუსმა უარი თქვა რუსეთის წინადადებაზე, მის ტერიტორიაზე შექმნილიყო სამხედრო ბაზა რუსეთის Su-27 გამანადგურებლებისთვის. შარშან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბელარუსის მაშინდელ უარს „უსიამოვნო ეპიზოდი“ უწოდა.

მაგრამ 14 სექტემბერს ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც „ძლიერი კაცის“ იმიჯის დამკვიდრებას ცდილობს, მორჩილი ვასალივით გამოიყურებოდა სოჭის შეხვედრაზე. მისი თქმით, ბელარუსი თავისი „უფროსი ძმის“ ერთგული უნდა დარჩეს - მან იგულისხმა როგორც რუსეთი, ისე ვლადიმირ პუტინი, რომელიც ორი წლითაა ლუკაშენკაზე უფროსი.

ამავე დროს, სოჭში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსის საზღვარი რუსეთთან ერთობლივი სახელმწიფოს საზღვარია და მადლობა გადაუხადა პუტინს, რომელიც ბელარუსის დიქტატორს, სამხედრო დახმარების გარდა, 1,5 მილიარდ დოლარ კრედიტს დაჰპირდა.

ანტიდასვლური სამხედრო ძალის „პოლიტიკური დემონსტრირება“

მასშტაბის გარდა, „კავკასია - 2020“-ს „სლავური ძმობისგან“ განასხვავებს საერთაშორისო ქვედანაყოფებისა და დამკვირვებელთა მრავალფეროვნებაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ერთობლივი მოქმედების შესასწავლად“ სამხედრო წვრთნაში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის, ბელარუსის, ირანის, ჩინეთისა და მიანმარის სამხედრო დანაყოფები. აზერბაიჯანი, ინდონეზია, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და შრი-ლანკა დამკვირვებლებით იქნებიან წარმოდგენილი.

„კავკასია - 2020“. 22 სექტემბერი
„კავკასია - 2020“. 22 სექტემბერი

რუსეთის მასპინძლობით ჩატარებულ მასშტაბურ და ერთობლივ სამხედრო წვრთნას ყოველთვის აქვს გარკვეული გეოპოლიტიკური დატვირთვა. რა ლეგენდითაც უნდა იყოს შენიღბული, რუსეთი ყოველ წელს ცდილობს „კავკასიის“ სახელწოდებით ცნობილი მანევრების გეგმაში გაითვალისწინოს და დაამუშაოს ისეთი ელემენტი, რომელიც მას შემდეგი პრაქტიკული ამოცანის შესრულებას გაუადვილებს სამხრეთ-დასავლეთის სტრატეგულ მიმართულებაზე.

ასე იყო 2008 წლის ივლისში ჩატარებული სამხედრო წვრთნის - „კავკასია 2008“-ის დროსაც. 12 წლის წინ რუსეთის სამხედრო დაჯგუფებამ ჯერ პოლიგონებზე დაამუშავა, ხოლო ერთ თვეში სისრულეში მოიყვანა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გეგმა, რასაც, სწავლების ლეგენდით, „მშვიდობისათვის იძულების სპეციალური ოპერაცია“ ეწოდებოდა.

რიგი სამხედრო ექსპერტების აზრით, „კავკასია - 2020“-ს ძნელად შეიძლება ეწოდოს მხოლოდ თავდაცვითი ხასიათის სწავლება, რადგან მასში მონაწილე ძალების წინაშე მდგარი „ოპერატიული ამოცანების მოცულობა“ ან „საცეცხლე და რადიოელქტრონული ზემოქმედება მოწინააღმდეგის განლაგების მთელ სიღრმეზე“ უფრო შეტევით ოპერაციებს განეკუთვნება.

თუ ისევ წარსულს დავუბრუნდებით და სამხედრო წვრთნის - „კავკასია 2008“-ის ლეგენდას გავიხსენებთ, 12 წლის წინ მანევრების მთავარ მიზნად სახელდებოდა „რუსეთის სამხრეთში ტერორისტული საფრთხის პირობებში“ ერთობლივი მოქმედების შეფასება.

მაგრამ სულ მალე ყველაფერი ცხადი გახდა. რუსეთის მაშინდელი სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის თანაშემწემ, პოლკოვნიკმა იგორ კონაშენკოვმა, პირდაპირ განაცხადა, რომ სწავლების მეორე ეტაპი მიზნად ისახავდა ასევე ერთ-ერთი წარმოსახული ქვეყნის „მშვიდობისათვის იძულებას“, რაშიც საქართველოს ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ მიმართული მუქარა ამოიკითხა.

21 სექტემბერს დაწყებული მორიგი სტრატეგიული დონის სწავლება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ტერიტორიებს მოიცავს, ასევე ვერ ჩაითვლება თავდაცვით მანევრად.

ამიტომ საქართველომ დაგმო რუსეთის მხრიდან წვრთნების საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარება და მათში ამ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ბაზების მონაწილეობა.

მაგრამ წლევანდელ „კავკასია - 2020“-ს უფრო სხვა გეოპოლიტიკური დატვირთვაც აქვს.

დასავლეთის სახელმწიფოების მიმართ ანტაგონისტურად განწყობილმა რუსეთმა, ჩინეთმა და ირანმა სექტემბრის დასაწყისიდან რამდენიმე მასშტაბური სახმელეთო და საზღვაო სამხედრო სწავლება წამოიწყეს, რასაც ნატოში სერიოზული შეშფოთება მოჰყვა ამ „ღერძის“ სახელმწიფოებიდან მომდინარე კოლექტიურ საფრთხესთან დაკავშირებით.

„ყველა ეს სწავლება ცხადყოფს, რომ მასში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებს - ვლადიმირ პუტინს, ჰასან როჰანისა და ჩინეთის თავმჯდომარეს, სი ძინ პინს - სურთ მოახდინონ თავიანთი ერთიანობის დემონსტრირება. ეს არის გარეთ მიმართული სამხედრო ძალის პოლიტიკური დემონსტრირება, მაგრამ რაიმე მონოლითური სამხედრო ბლოკის შექმნაზე ლაპარაკი ნაადრევად მიმაჩნია“, -უთხრა სამხედრო ანალიტიკოსმა მიხაილ მაგიდმა რადიო თავისუფლებას.

ამერიკული გამოცემა Defense New-ის ცნობით, ამა წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივი სამხედრო სწავლება ჩაატარეს არქტიკაში.

იმავდროულად, სექტემბერში ჩინეთმა, საბრძოლო სროლების გამოყენებით, მასშტაბური სწავლება ჩაატარა ტაივანის (ჩინეთი მას თავის ამბოხებულ ტერიტორიად მიიჩნევს) სანაპიროს მახლობლად. ამასთან, ამ სწავლების დროს კუნძულ ტაივანზე იმყოფებოდნენ აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები.

ირანმა, თავის მხრივ, სექტემბერში სტრატეგიული სმხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო სწავლებები ჩაატარა ომანის ყურესა და ჰორმუზის ყურეში. სწავლებაში Zolfaqar-99 დამკვირვებლების სახით მრავლად იყვნენ მიწვეული რუსი და ჩინელი სამხედრო სპეციალისტები.

სწავლების დროს თეირანმა გამოსცადა, ასევე, სხვადასხვა კლასის ფრთოსანი რაკეტები და უპილოტო საბრძოლო აპარატები.

21 სექტემბერს აშშ-ის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა ორ ათეულზე მეტ პირსა და ფირმას, რომლებიც ჩართული არიან ირანის ბირთვულ საქმიანობაში ან სარაკეტო და ჩვეულებრივი შეიარაღების სფეროში, მაშინ როცა ვაშინგტონი ცდილობს ცალმხრივად განახორციელოს გაეროს იარაღის ემბარგო ირანის მიმართ.

ვაშინგტონს სერიოზულად აფიქრებს ჩინეთის სამხედრო გავლენის გაზრდა რეგიონის ქვეყნებზე.

პენტაგონის ყოველწლიური არასაიდუმლო 200-გვერდიანი ანგარიშის თანახმად, რომელიც 1 სექტემბერს გამოქვეყნდა, მომავალ ათ წელიწალში პეკინი აპირებს გააორმაგოს ბირთვული ქობინების მარაგი, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სახალხო განთავისუფლების არმიის სამხედრო ობიექტების შესაძლო განთავსების ადგილებად განიხილავს „მიანმარს, ტაილანდს, სინგაპურს, ინდონეზიას, პაკისტანს, შრი-ლანკას, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, კენიას, სეიშელებს, ტანზანიას, ანგოლასა და ტაჯიკეთს“, - წერია ანგარიშში, რომელიც ასევე იტყობინება, რომ ჩინეთს აქვს უდიდესი საზღვაო ფლოტი, გემთმშენებლობის ძლიერი მარაგით.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG