Accessibility links

ლუკაშენკასა და პუტინის შეხვედრა სოჭში: ვინ რა მიიღო?


14 სექტემბერს სოჭში გაიმართა რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და ალიაქსანდრ ლუკაშენკას შეხვედრა. ეს მათი პირველი შეხვედრა იყო პირისპირ მას შემდეგ, რაც ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

ლუკაშენკა შეხვედრაზე დასუსტებული ჩავიდა. მას უპირისპირდება ოპოზიცია და მოსახლეობის ფართო ფენები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ლუკაშენკას სასარგებლოდ გააყალბეს.

რაც შეეხება პუტინს, მისი მიზანი იყო, რუსეთისთვის მოგებიან დათმობებზე დაეყოლიებინა ლუკაშენკა, პირველ რიგში - ორ ქვეყანას შორის ინტეგრაციის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.

ყველაზე მნიშვნელოვანი ოფიციალური ინფორმაცია, რაც გავრცელდა შეხვედრის შემდეგ, არის ის, რომ რუსეთი ბელარუსის დიქტატორს 1,5 მილიარდ დოლარ კრედიტს დაჰპირდა. უღირს კი პუტინს ლუკაშენკასთვის ამ ფასის გაღება?

სესხი

საპროტესტო გამოსვლებმა ბელარუსში კიდევ უფრო გააღრმავა COVID-19-თან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი. არაპროგნოზირებად ვითარებაში ბელარუსის მოსახლეობამ აგვისტოში 1 მილიარდ დოლარზე მეტი გაიტანა საბანკო ანგარიშებიდან - 17-ჯერ მეტი, ვიდრე ივლისში.

ასეთ ვითარებაში ბელარუსის რეჟიმისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ფინანსური ინექციის შეშხაპუნება.

„ეს არის ფული, რომელიც სასწრაფოდ არის საჭირო. ეს ნაღდი ფულია. ის საჭიროა ძველი კრედიტის გასასტუმრებლად, ხელფასების გადასახდელად, იერარქიის შესანარჩუნებლად და კრიზისისგან ქვეყნის გადასარჩენად“, განუცხადა რადიო თავისუფლების რუსულენოვან ტელეარხ Current Time-ის ბელარუსმა ჟურნალისტმა ფრანაკ ვიაჩორკამ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პუტინი ფინანსური ყავარჯნებით ეხმარება მოსკოვის ორბიტაში მყოფ მოკავშირეს. 2013 წელს, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც ორჭოფობდა, მოეწერა თუ არა ხელი შეთანხმებისთვის, რომელიც ევროკავშირთან კიევის კავშირებს გაამყარებდა, პუტინმა დაიყოლია, უარი ეთქვა ამ ნაბიჯზე - მან იანუკოვიჩს 15 მლრდ დოლარი შესთავაზა, აქედან - 3 მლრდ დოლარი სწრაფი კრედიტის სახით. მაშინ ეს დახმარება იანუკოვიჩს ძვირად დაუჯდა - ის „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შედეგად ჩამოაგდეს.

სამხედრო თანამშრომლობა

სოჭის შეხვედრა დაემთხვა რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნას ბრესტში, ნატოსა და ევროკავშირის წევრი პოლონეთის საზღვარზე. თავდაპირველი გეგმით, ის 10-დან 15 სექტემბრამდე უნდა გამართულიყო, მაგრამ სოჭში კრემლმა გამოაცხადა, რომ მანევრები 25 სექტემბრამდე გასტანს. მეტიც - შეხვედრაზე პუტინი და ლუკაშენკა შეთანხმდნენ, 2021 წელს რუსეთმა და ბელარუსმა ორივე ქვეყანაში „თითქმის ყოველთვიურად“ ჩაატარონ ერთობლივი სამხედრო წვრთნა.

ეს აშკარა მინიშნებაა იმაზე, რომ კრემლი მზად იქნება ლუკაშენკას დასახმარებლად სამხედრო ძალის გამოსაყენებლად, თუკი ამას საჭიროდ მიიჩნევს.
უფრო ხანგრძლივი პერსპექტივით, კრემლი ბელარუსში მუდმივი სამხედრო ბაზის ქონას უმიზნებს. 2015 წელს ბელარუსმა უარი თქვა რუსეთის წინადადებაზე, მის ტერიტორიაზე შექმნილიყო სამხედრო ბაზა რუსეთის Su-27 გამანადგურებლებისთვის. შარშან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბელარუსის მაშინდელ უარს „უსიამოვნო ეპიზოდი“ უწოდა.

მორჩილი „ძლიერი კაცი“

სოჭში ლუკაშენკას თავი ისე ეჭირა, თითქოს სულაც არ ესაჭიროებოდა მოსკოვის დახმარება. მისი თქმით, დიდ პრობლემას არ წარმოადგენს მის წინააღმდეგ წამოწყებული საპროტესტო გამოსვლები (მაშინ, როცა ისინი 100 ათასამდე ადამიანს უყრის ხოლმე თავს). ბელარუსის ლიდერის სიტყვებით, მის ქვეყანაში ხალხი „ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს“.

ლუკაშენკას თქმით, მის მმართველობას საფრთხე არ ემუქრება და დასძინა, რომ საპროტესტო აქციების მონაწილეებს ჯერ არ გადაუკვეთიათ „წითელი ხაზი“. მან ღიად მიანიშნა „წითელ ხაზზე“ ჩეჩნეთში, სადაც რუსეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა 1999 წელს დაიწყო ომი, რომელმაც ხელი შეუწყო მის პოლიტიკურ კარიერას და დაეხმარა პრეზიდენტის სავარძლის მოპოვებაში.

მით უფრო თვალში საცემია, რომ ლუკაშენკა, რომელიც „ძლიერი კაცის“ იმიჯის დამკვიდრებას ცდილობს, მორჩილი ვასალივით გამოიყურებოდა სოჭის შეხვედრაზე. მისი თქმით, ბელარუსი თავისი „უფროსი ძმის“ ერთგული უნდა დარჩეს - მან იგულისხმა როგორც რუსეთი, ისე ვლადიმირ პუტინიც, რომელიც ორი წლითაა ლუკაშენკაზე უფროსი. ამავე დროს სოჭში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსის საზღვარი რუსეთთან ერთობლივი სახელმწიფოს საზღვარია და მადლობა გადაუხადა პუტინს.

მიმომხილველებს მხედველობიდან არ გამორჩენიათ სოჭის შეხვედრის ოპტიკური მხარე, რომელსაც განსაკუთრებული ხაზგასმით წარმოაჩენს რუსეთის მედია. აშკარად შეინიშნებოდა, შეხვედრის ორი მონაწილიდან რომელი აწარმოებდა მოლაპარაკებებს ძლიერის პოზიციიდან.

„სხეულის ენა ამ შემთხვევაში ბევრად მეტს მეტყველებს, ვიდრე რუსული ენა“, დაწერა ტვიტერში გამოცდილმა შვედმა პოლიტიკოსმა და კრემლის კრიტიკოსმა კარლ ბილდტმა ფოტოების შესახებ, რომლებზეც ჩანს, როგორ აქტიურობს ლუკაშენკა და ცდილობს პუტინის გულის მოგებას, მაშინ, როცა ამ უკანასკნელს განსაკუთრებული ინტერესი არ ეტყობა.


ცნობილი უცნობები

სოჭის შეხვედრის წინ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა გამოაცხადა, რომ ორი ლიდერი მოილაპარაკებს ნავთობისა და გაზის სფეროში თანამშრომლობაზე, სახელმწიფო ვალებსადა ეკონომიკური კავშირების სხვა სფეროებზე, მაგრამ დოკუმენტებს ხელს არ მოაწერენო.

ლუკაშენკას კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ის წავიდა დათმობებზე, რომლებიც შეხვედრის შემდეგ საჯაროდ არ გამოუცხადებიათ.

ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა და ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ Current Time-ს განუცხადა, რომ ლუკაშენკა „არალეგიტიმური“ ლიდერია და საერთოდ არა აქვს უფლება, ბელარუსის სახელით მიაღწიოს შეთანხმებებს.

მზარდი გავლენა?

შესაძლოა, ლუკაშენკამ სოჭის შეხვედრით ხელისუფლებაში ყოფნის დრო გაიხანგრძლივა. მაგრამ პუტინის მხრიდან ავტორიტარი ლიდერის მხარდაჭერამ რუსეთს კიდევ უფრო გაუუარესა დასავლეთთან ისედაც გართულებული ურთიერთობები და შესაძლოა მილიონობით ბელარუსსაც აუცრუოს გული „უფროსი ძმის“ მიმართ.

მაგრამ შესაძლოა, ამ შეხვედრით პუტინმა ლუკაშენკასა და ბელარუსზე გავლენის მეტი ბერკეტი მოიპოვა. ყოველ შემთხვევაში - ამ მომენტისთვის.

რუსეთის პრეზიდენტმა ეჭვი არავის დაუტოვა, რომ მოსკოვი ბელარუსის მომავლის ფორმირებაში აქტიური როლის თამაშს აპირებს.

მან ლუკაშენკას მოუწოდა, იმუშაოს ქვეყნის კონსტიტუციის სწრაფად შეცვლაზე და თქვა, რომ ამ პროცესში რუსეთიც იქნება ჩართული „უმაღლეს დონეზე“.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ, როგორც პუტინმა მიანიშნა, მისთვის ლუკაშენკა არ არის შეუცვლელი.

რუსეთისთვის ბელარუსი უახლოესი მოკავშირეა და ის შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, „განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის მოცემულ მომენტში ხელისუფლების სათავეში“, თქვა პუტინმა.

„უძღები შვილის დაბრუნება“: რუსეთის სოცმედია სოჭის შეხვედრის შესახებ

ლუკაშენკას და პუტინის შეხვედრას მთავარი ადგილი უკავია რუსეთის სოცქსელებში. სერგეი მარკოვი ფეისბუკში თავის გვერდზე წერს:

„[ლუკაშენკა] მრავალვექტორულობის თამაშმა გაიტაცა. მაგრამ დროზე მოეგო გონს იანუკოვიჩისგან განსხვავებით და რუსეთი მას იხსნის. რუსეთი ყველას იხსნის, ვინც ითხოვს. უძღები შვილის დაბრუნება - ეს დიდი ბიბლიური სიუჟეტია“.

სოჭის შეხვედრას ბევრად უფრო ნაკლები მოწიწებით მოიხსენიებს ალექსეი ტაბალოვი:

„დღეს სოჭში ერთმანეთს პირისპირ ხვდება ორი ბაღლინჯო, რომელიც ისე ჩაებღაუჭა ძალაუფლებას, რომ ძალის გარეშე მათი აგლეჯა უკვე შეუძლებელია“.

ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის აღსაწერად და მის მნიშვნელობაში გასარკვევად სოცქსელების მომხმარებლები ხან ბიბლიურ მეტაფორებს მიმართავენ, ხან ისტორიულ ანალოგიებს. მაგალითად, ანდრეი პერლა რუსეთის პრეზიდენტთან გამგზავრებას ფეოდალურ ურთიერთობებს ადარებს:

„შუა საუკუნეებში ასე მიემგზავრებოდნენ ვასალები სიუზერენებთან - ნაწილობრივ ფორმალური, ნაწილობრივ შინაარსობრივი უფლების მოსაპოვებლად, გაეგრძელებინათ საკუთარი ფეოდის მართვა. სამთავროს, ან საჰერცოგოსი. ლუკაშენკა ბელარუსის არჩეული და ლეგიტიმური პრეზიდენტია. მაგრამ დღევანდელი შეხვედრისას ნათლად ჩანდა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრეზიდენტი, ამავე დროს - სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში? თუ ცხოვრების მიხედვით? - პუტინის ვასალია...“

ლუკაშენკას ვიზიტის მთავარი შედეგია მილიარდ-ნახევარი დოლარი კრედიტი, რომლიც დაპირებაც მიიღო მოლაპარაკებების დროს.

კირილ გონჩაროვი ლაკონიურად აღწერს ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრას:

„ - თქვენ ჩვენი უფროსი ძმა ბრძანდებით, ვლადიმირ ვლადიმირის ძევ!

- აი, თქვენ 1,5 მლრდ დოლარი“.

სოცქსელების ზოგი მომხმარებელი დაინტერესდა, რა უჯდება ეს მილიარდ-ნახევარი დოლარი რუსეთის გადასახადის გადამხდელს.

„პუტინმა რუსეთის ყოველი პენსიონერისგან აიღო $34 (2 571 რუბლი) და ლუკაშენკას აჩუქა ის“, წერს გენადი ვოლტმანი.

„3 მილიარდად იყიდეს ყირიმი და დონეცკი ლუგანსკიანად (მარიუპოლი უკან გამოისყიდეს). და მილიარდ-ნახევრით რა იყიდეს ბელარუსში?“ - სვამს ფილიპ ლეონტიევი შეკითხვას, რომელიც ერთი შეხედვით რიტორიკულად ჟღერს, მაგრამ არცთუ რიტორიკული ხასიათისაა, ვინაიდან ჯერჯერობით არ არის ნათელი, რას ესწრაფვის კრემლი ბელარუსთან მიმართებით.

სოცქსელებში შეხვდებით ისეთ მოსაზრებებსაც, რომელთა ავტორები მიიჩნევენ, რომ ბელარუსისთვის კრედიტის გამოყოფა არაკონსტიტუციურია.

მიხაილ კრუტიხინი წერს: „თუკი რუსეთის კონსტიტუციიდან ამოვალთ, მაშინ პუტინს არავითარი უფლება არ ჰქონდა, ლუკაშენკასთვის მიეცა გადასახადის გადამხდელთა ფული. ფედერალურ სახსრებს განაგებს არა ის, არამედ მთავრობა (მუხლი 114). ის თავად იმყოფება აღმასრულებელი ხელისუფლების კმაყოფაზე, რომელიც ამისთვის ბიუჯეტში გამოყოფს ფულს.

თუმცა... რა კონსტიტუციაზეა ლაპარაკი...“

სოციალურ ქსელებში სოჭის შეხვედრას ზოგი არა მხოლოდ ლუკაშენკასა და კრემლის ურთიერთობების, არამედ უფრო ფართო გეოპოლიტიკური თამაშის ჭრილში განიხილავს.

ალექსეი ლაფშინის აზრით, ამ მომენტში ბელარუსის საკითხში რუსეთისა და დასავლეთის ინტერესები თანხვდება. „არ უნდა ვიფიქროთ, რომ რუსეთი სრულიად დამოუკიდებელ მოთამაშედ გამოდის. გლობალისტურ სისტემას კრემლი მყარად ჰყავს მოქცეული მარწუხებში, მაგრამ მოცემულ ეტაპზე მოსკოვს საშუალება მისცა, ბელარუსის საქმეებს მოჰკიდოს ხელი. რუსეთის ოლიგარქიის ინტერესები ხომ არ ეწინააღმდეგება გლობალურ სისტემას, ბელარუსის ამჟამინდელი პრეზიდენტი კი ეწინააღმდეგება. რუსეთის საპირწონედ კოლექტიური დასავლეთი იყენებს პოლონეთსა და ლიეტუვას, რომელთა უკან, ცხადია, ბევრად უფრო მძლავრი ძალები დგას“, წერს ლაფშინი და დაასკვნის, რომ სოჭის შეხვედრას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არავითარი გარდატეხა არ შეუტანია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG