Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კავკასიელები და ნაპოლეონი - ინტერვიუ ლუიზიანის უნივერსიტეტის პროფესორ ალექსანდრე მიქაბერიძესთან


ნაპოლეონ I, ფრანგი მხატვრის პოლ დელაროშის (Paul Delaroche) პორტრეტი
ნაპოლეონ I, ფრანგი მხატვრის პოლ დელაროშის (Paul Delaroche) პორტრეტი

რა აკავშირებს კავკასიას ნაპოლეონთან? ჰქონდა თუ არა ნაპოლეონს გეგმები კავკასიასთან დაკავშირებით? კავკასიელთაგან ვის ჰქონდა წვდომა იმპერატორის კარზე?

ამ და სხვა საკითხებს განიხილავენ ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე მიქაბერიძე და ჩეჩენი ისტორიკოსი, პოდკასტ „კავკასიის ქრონიკის“ ავტორი მაიბეკ ვაჩაგაევი.

- რატომ დაინტერესდით ნაპოლეონით?

- ოჯახში ვხუმრობთ ხოლმე, რადგან ბებია გვარად ფრანგიშვილი იყო, ეტყობა, სწორედ მისგან მერგო გენეტიკურად საფრანგეთისა და საფრანგეთის ისტორიის სიყვარული.

დაახლოებით 10 წლის ვიყავი, როცა წიგნის მაღაზიაში წავაწყდი ალბერტ მანფრედის, ერთ-ერთი გამოჩენილი საბჭოთა ისტორიკოსის წიგნს „ნაპოლეონ ბონაპარტს“ - საფრანგეთის იმპერატორის ბიოგრაფიას. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ უბრალოდ შემიყვარდა იმ პერიოდის ისტორია. არა კონკრეტული პიროვნება, არამედ საფრანგეთის საინტერესო, თუმცა რთული ისტორია.

ამის შემდეგ თითქმის 30 წელია ვმუშაობ საფრანგეთის ისტორიაზე. უფრო მეტად ჩემი ინტერესები ფოკუსირებულია საფრანგეთის ურთიერთობებზე ევროპულ ქვეყნებთან - მაგალითად, საფრანგეთის ურთიერთობებზე რუსეთთან ან ნაპოლეონის ომების როლზე გლობალური მასშტაბით.

ალექსანდრე მიქაბერიძე
ალექსანდრე მიქაბერიძე
ალექსანდრე მიქაბერიძე – საქართველოს ნაპოლეონის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი; ორ ათეულზე მეტი წიგნისა და სახელმძღვანელოს ავტორი, რედაქტორი და მთარგმნელი; ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შრევეპორტი) სრული პროფესორი და ჯეიმს სმიტ ნოელის იშვიათი წიგნების კოლექციის კურატორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. დაასრულა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე.
მას შემდეგ უკვე თითქმის ოცი წელია მოღვაწეობს აშშ-ში, კითხულობდა ლექციებს ფლორიდისა და მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, აშშ-ის უმაღლეს სამხედრო საზღვაო კოლეჯსა და აშშ-ის სამხედრო აკადემიაში ვესტ-პოინტში;
ავტორია რამდენიმე ათეული სამეცნიერო სტატიის და ოცზე მეტი წიგნისა, რომლებიც თარგმნილია რამდენიმე ენაზე. მონაწილეობა მიიღო აშშ-ის სამხედრო აკადემიის (ვესტ-პოინტის) ახალი სამხედრო ისტორიის სახელმძღვანელოს შექმნაში.
2020 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა მისი ფუნდამენტური კვლევა – “The Napoleonic Wars: A Global History”, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ხელმძღვანელობს ნაპოლეონის ეპოქაზე კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ წამოწყებულ საგამომცემლო პროექტს, რომელშიც მსოფლიოს 100-მდე ისტორიკოსია ჩაბმული. ნაპოლეონის კვლევაში შეტანილი წვლილისთვის ალექსანდრე მიქაბერიძე აირჩიეს დიდი ბრიტანეთის სამეფო ისტორიული საზოგადოების წევრად.
მიღებული აქვს ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების ჯილდო.

- რატომ შეიჭრა ნაპოლეონის არმია რუსეთში 1812 წელს?

- ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. 1812 წლის ომს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ნაპოლეონის ეპოქის ისტორიაში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეტაკება ევროპის ქვეყნებს შორის. ამ ომის გამომწვევი მთელი რიგი კომპლექსური, ძალიან რთული მიზეზი არსებობს.

უპირველეს ყოვლისა, უნდა გვესმოდეს, რომ საფრანგეთს და რუსეთს ჰქონდათ საკუთარი ინტერესები - როგორც ევროპაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ (ბალტიის ქვეყნებში, კავკასიაში, ბალკანეთში). მიუხედავად იმისა, რომ 1807 წელს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I იძულებული გახდა დაედო ნაპოლეონთან ტილზიტის ზავი სამხედრო წარუმატებლობის გამო, რომელიც რუსეთმა განიცადა, ცხადი იყო, რომ ეს მშვიდობა ხანგრძლივი არ იქნებოდა.

1812 წელს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ძალიან სწრაფად მიექანებოდა ომისკენ - პირველ რიგში ეკონომიკური წინააღმდეგობების გამო. ნაპოლეონს სურდა შეექმნა ეგრეთ წოდებული კონტინენტური სისტემა, ანუ ერთიანი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი მოდელი მთელი ევროპისთვის. რუსეთისთვის ასეთი სისტემა მიუღებელი იყო.

რუსეთისა და საფრანგეთის ინტერესები ერთმანეთს შეეჯახა გერმანიაში, სადაც რუსეთის მმართველ რომანოვების დინასტიას ურთიერთობა ჰქონდა ბევრ გერმანულ სახელმწიფოსთან. საფრანგეთისა და რუსეთის ინტერესები შეეჯახა პოლონეთშიც: 1807-1808 წლებში ნაპოლეონმა გადაწყვიტა ხელახლა შეექმნა პოლონური სახელმწიფო, რომელიც გაანადგურა რუსეთმა 1795 წელს. გარდა ამისა, ამ ორი სახელმწიფოს ინტერესები შეეჯახა ახლო აღმოსავლეთშიც, ასევე კავკასიაში.

ამის გამო ცხადი იყო: ნაპოლეონის სწრაფვა ევროპაში საფრანგეთის ჰეგემონიისკენ აუცილებლად შეეჯახებოდა რუსულ რევანშიზმს 1805-1807 წლების ომებში დამარცხების გამო. 1812 წელს ყველა ამ ფაქტორმა ერთად მოიყარა თავი.

ვფიქრობ, ეს იყო ნაპოლეონის ერთ-ერთი მთავარი შეცდომა. რადგან შესაძლებელი იყო მთელი რიგი საკითხების დიპლომატიური გზით განხილვა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-თან. მით უმეტეს, რომ საფრანგეთი ომს აწარმოებდა ესპანეთშიც, სადაც 250 ათასზე მეტი ჯარისკაცი ჰყავდა გაგზავნილი.

- იცოდა ნაპოლეონმა რამე კავკასიელების შესახებ?

- ოჰ, რა თქმა უნდა! ნაპოლეონს ისტორია აინტერესებდა; მისი ბიბლიოთეკა შეიცავდა სხვადასხვა ქვეყნების შესახებ დაწერილ ასობით ტომს. ეგვიპტეში შეჭრამდე მან საგულდაგულოდ შეისწავლა ამ ქვეყნის ისტორია, განსაკუთრებით მამლუქების ისტორია. შესაბამისად, იცოდა, რომ ბევრი მამლუქი კავკასიური წარმოშობისა იყო. ნაპოლეონი ამბობდა, რომ მამლუქები კავკასიელები, ეგვიპტეში ჩასული უცხოელები არიან და, რომ საჭიროა მათი იქიდან განდევნა.

ამასთან ერთად, მის ამალაშიც იყვნენ კავკასიელები, მამლუქები - სომხები, ქართველები, ჩერქეზები და კავკასიის სხვადასხვა ხალხების წარმომადგენლები.

- მამლუქები ნაპოლეონის არმიაში - ვინ არიან ისინი?

- ერთ-ერთი წიგნი, რომელზეც ვმუშაობ, ერთი მამლუქის ბიოგრაფიაა. ყველამ იცის ნაპოლეონის მამლუქი მცველის, რუსტამ რაზას შესახებ, მაგრამ, სამხედრო და ისტორიული თვალსაზრისით, უფრო საინტერესოა სხვა მამლუქები, რომლებიც იმპერატორის არმიის ესკადრონში მსახურობდნენ.

ჟან-ლეონ ჟერომი. ბონაპარტი ეგვიპტეში (1863)
ჟან-ლეონ ჟერომი. ბონაპარტი ეგვიპტეში (1863)

როდესაც ნაპოლეონი ეგვიპტეში ომობდა, იგი აღფრთოვანებული იყო მამლუქების პირადი გამბედაობითა და იარაღის ფლობით. სწორედ ეს გახდა მამლუქებისგან რაზმის შექმნის მიზეზი.

როდესაც 1801 წელს ბრიტანელებმა ფრანგები ეგვიპტიდან განდევნეს, მათთან ერთად საფრანგეთში ჩავიდა 1200-ზე მეტი მამლუქი, მათ შორის, ბერძნები, სომხები, ქართველები, კოპტები, არაბები. 1802 წელს სწორედ მათი რიგებიდან შეარჩია ნაპოლეონმა დაახლოებით 150 ადამიანი და შექმნა მამლუქთა გვარდიის ესკადრონი, რომელიც იმპერატორის არმიის შემადგენლობაში იბრძოდა.

ჩემთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა თბილისელი ჟან შაჰინის ისტორია. აღსანიშნავია, რომ თბილისიდან იყო რამდენიმე მამლუქი, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ნაპოლეონის თითქმის ყველა სამხედრო ლაშქრობაში.

მაგალითად, შაჰინის ჯგუფმა აუსტერლიცის ბრძოლის დროს ხელში ჩაიგდო რუსული არტილერია, რის გამოც მამლუქებმა ფრანგული ჯილდოები მიიღეს. 1807 წელს ისინი იბრძოდნენ ეილაუში, პოლონეთში, შემდეგ - ესპანეთში, სადაც დაკარგეს ბევრი მეომარი, განსაკუთრებით ბენევენტეს ბრძოლაში.

მამლუქები ასევე იბრძოდნენ ავსტრიაში, მათ მონაწილეობა მიიღეს რუსეთში შეჭრაშიც, სადაც ბევრი მათგანი დაიღუპა.

სამწუხაროდ, ბევრი მამლუქი - განსაკუთრებით მარსელში მცხოვრებნი, დახოცეს ეგრეთ წოდებული თეთრი ტერორის დროს, ნაპოლეონის დამხობის შემდეგ. გადარჩენილთაგან ზოგიერთი, როგორც ჩემი წიგნის გმირი შაჰინი, პარიზის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ მელუნში ცხოვრობდა. იქ იყო მამლუქთა ბარაკები, რომელთა ნაწილი დღემდეა შემორჩენილი. 1830 წელს, როდესაც მეფე შარლ X-მ (Charles X) ალჟირში შეჭრა გადაწყვიტა, ბევრი მამლუქი დაბრუნდა საფრანგეთის არმიაში კონსულტანტებად, ინსტრუქტორებად.

ფრიდრიხ ენგელსი „ანტიდიურიგში“ არჩევს რა რაოდენობრივი კატეგორიის თვისობრივში გადაზრდის პრობლემას, იშველიებს ნაპოლეონის აზრს სახელგანთქმული მამლუქების ინდივიდუალურ სამხედრო მამაცობაზე და მასთან შედარებით ევროპული სამხედრო ორგანიზაციის უპირატესობაზე. „ორი მამლუქი, - წერდა ნაპოლეონი, - აუცილებლად სჯობია სამ ფრანგს. 100 მამლუქი 100 ფრანგს უდრის. 300 ფრანგი ჩვეულებრივად სჯობია 300 მამლუქს, ხოლო 1000 ფრანგი ყოველთვის ამარცხებდა 1600 მამლუქს“.

- რუსტამ რაზა ახსენეთ, მოგვიყევით მის შესახებ.

- ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ნაპოლეონმა შექმნა მამლუქთა რაზმი, საფრანგეთის იმპერიის პროპაგანდა იყო. საფრანგეთის არმიის რიგებში მებრძოლი მამლუქები წარმოადგენდნენ ძალაუფლების, ფრანგული იმპერიალიზმის სიმბოლოს. 1801-1803 წლებში მათ იყენებდნენ სამხედრო აღლუმებში, სადაც ისინი გამოდიოდნენ თავიანთი ფერადი კოსტიუმებით და დიდ შთაბეჭდილებას ახდენდნენ მნახველებზე.

რუსტამ რაზა სწორედაც რომ ჯდება ამ კონტექსტში. ის ნაპოლეონის პირადი მცველი და საჭურველთმტვირთველია, სძინავს იმპერატორის კარის წინ, ემსახურება საკვების მიღებისა და ტუალეტის დროს.

კორონაციის დროს ნაპოლეონმა შეუკვეთა რუსტამისთვის კოსტიუმები, რომელთა ფასი 6000 ფრანკს აღემატებოდა, რაც იმ დროისათვის უზარმაზარი თანხა იყო - საფრანგეთის არმიის გენერლის თითქმის წლიურ ბიუჯეტს შეადგენდა! ეს კეთდებოდა ნაპოლეონის კარზე ეგზოტიკის, კოლორიტის შესატანად. რუსტამი არ იბრძოდა - ის ემსახურებოდა.

1814 წელს ნაპოლეონის ტახტიდან გადადგომის შემდეგ რუსტამი არ გაჰყვა იმპერატორს გადასახლებაში. ის წავიდა სამსახურიდან და დაბრუნდა სახლში ცოლთან. ერთი წლის შემდეგ, როცა ნაპოლეონი დაბრუნდა ხელისუფლებაში, რაზას სურდა მისთვის თავისი სამსახური შეეთავაზებინა, მაგრამ ნაპოლეონმა მისი ნახვაც კი არ ისურვა.

რუსტამ რაზა
რუსტამ რაზა
„რუსტამი და ნაპოლეონის პირადი მოსამსახურე ლუი კონსტანტ ვარი (ცნობილია კონსტანტის სახელით) ყოველ დილას იმპერატორს ჩაცმა-დაბანაში ეხმარებოდნენ. დღის განმავლობაში – ბრძოლის ველზე, საზეიმო შეხვედრასა თუ ნადიმზე რუსტამი მუდამ ნაპოლეონის გვერდით იმყოფებოდა. მას თან დაჰქონდა ვერცხლის მათარა, რომელშიც ესხა კონიაკი ნაპოლეონის წყურვილის დასაკმაყოფილებლად.
ღამით, როგორც რუსტამი ამბობს: „მეძინა იმპერატორის საძინებელი ოთახის წინ მდებარე მოსაცდელში, სადაც ჩემთვის ყოველღამე შლიდნენ პატარა საწოლს. თუ არსებობდა შეთქმულების საშიშროება, იმპერატორის კარის წინ ვწვებოდი“.
მამლუქის გამოჩენას უფრო დიდი ეფექტი რომ ჰქონოდა, ნაპოლეონმა მისთვის რამდენიმე ძვირფასი ტანისამოსი პარიზში საუკეთესო მკერავებს შეაკერინა. რუსტამის პირველი ტანისამოსი ბერძნულ-თურქულ სტილში იყო შესრულებული და მისი შეკერვა 742 ფრანკი დაჯდა, რაც რიგითი მამლუქის წლიურ ხელფასს თითქმის ორჯერ აღემატებოდა. 1804 წელს თავისი კორონაციისათვის ნაპოლეონმა რუსტამისათვის კიდევ უფრო მდიდრული ორი ხელი ტანისამოსი შეაკერინა, რომელიც მას 8000-ზე მეტი ფრანკი დაუჯდა.
რუსტამი თვითონ შენიშნავს: „სახალხო აღლუმებისთვის არაბული ბედაური მყავდა, ოქროთი მორთული აღკაზმულობითა და თურქული უნაგირით. ჩვეულებრივი მგზავრობისა და სეირნობის დროს კი ფრანგულ ცხენებზე ვიჯექი და ჰუსართა მოოქროვილ უნაგირს ვიყენებდი“.
კონსტანტი აღნიშნავს, რომ „იმპერატორის ყოველი საჯარო გამოჩენის დროს რუსტამი მისი შეუცვლელი თანამგზავრი იყო. იგი ყველა მგზავრობის, ცერემონიისა თუ ბრძოლის დროს თან ახლდა მას. თავის მდიდრულ აღმოსავლურ ტანსაცმელში გამოწყობილი რუსტამი ყველაზე თვალწარმტაცი ფიგურა იყო იმპერატორის ისედაც ბრწყინვალე გარემოცვაში. მისი გამოჩენა საოცარ ზეგავლენას ახდენდა, განსაკუთრებით უბრალო ხალხზე და პროვინციებში", - ა. მიქაბერიძე, ნ. ხოფერია, წინასიტყვაობა „ნაპოლეონის მამლუქი. რუსტამ რაზას მემუარები“. 2012 წელი

- კავკასიასთან დაკავშირებით თუ ჰქონდა რამე გეგმები ნაპოლეონს?

- კავკასია საკმაოდ ხშირად მოიხსენიება საფრანგეთის სხვა ქვეყნებთან - რუსეთთან, ირანთან დიპლომატიურ მიმოწერაში.

როდესაც ნაპოლეონი ჯერ კიდევ 1807 წელს პოლონეთში იბრძოდა, მასთან მივიდა ირანის დელეგაცია. მხარეებმა გააფორმეს ფინკენშტაინის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის იმპერატორმა აღიარა სპარსელთა გავლენა სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით საქართველოში. ეს გაკეთდა ირანის გამოსაყენებლად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

დელეგაცია ჯერ არც კი იყო სამშობლოში დაბრუნებული, რომ ნაპოლეონმა ხელი მოაწერა ტილზიტის სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლითაც ის აღიარებდა რუსეთის გავლენას იმავე სამხრეთ კავკასიაში - რათა გამოეყენებინა პეტერბურგი ბრიტანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ნაპოლეონის ომები გლობალური კონფლიქტი იყო. ერთ-ერთი ფრონტი კავკასიაში გადიოდა.

1810-1812 წლებში შეიქმნა საინტერესო ვითარება: ბრიტანელი ოფიცრები წვრთნიდნენ ირანის არმიას, რომელიც კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. ამის პარალელურად ევროპაში ბრიტანელები ცდილობდნენ, ფრანგების წინააღმდეგ საბრძოლველად შეექმნათ ალიანსი რუსებთან. ამ ყველაფერს ასრულებს ნაპოლეონის შეჭრა რუსეთში.

1813 წელს რუსეთი და ბრიტანეთი ქმნიან ალიანსს, ირანი და კავკასიის საკითხი კი ბრიტანეთისთვის მეორეხარისხოვანი ხდება. 1813 წელს რუსეთი ამარცხებს ირანს და ხელს აწერს გულისტანის საზავო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც სამხრეთი კავკასია მას რჩება.

ეს არის მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტი, როდესაც აქტუალური ხდება ჩრდილოეთ კავკასიის საკითხი.

- ვისაუბროთ ნაპოლეონის წინააღმდეგ მებრძოლ კავკასიელებზე. ვის გაიხსენებდით?

- ამ პერიოდში რუსეთის ჯარში ბევრი კავკასიური წარმომავლობის ოფიცერი მსახურობდა. ქართველები პეტრე ბაგრატიონი, მისი ძმა რომანი; შალიკოვები (შალიკაშვილი), განგებლოვები (განგებლიშვილი). ჩემს გამოკვლევებში შევძელი 50-ზე მეტი ასეთი ოფიცრის პოვნა - ბევრი მათგანი, მათ შორის გენერალი, წარმოშობით ქართველია. იყვნენ სომხური წარმოშობის გენერლებიც, მაგალითად, ვალერიან მადათოვი.

პეტრე ბაგრატიონი
პეტრე ბაგრატიონი

კიდევ ერთი ოფიცერი, ალექსანდრ ჩეჩენსკი, დაიბადა ჩეჩნეთში; ტყვედ აიყვანეს შეიხ მანსურის მშობლიურ სოფელ ალდიზე თავდასხმის დროს. ჩეჩენსკი გაიზარდა რუსეთის ტყვეობაში, მას ზრდიდა ნაპოლეონის ომების ცნობილი მონაწილე, გენერალი ნიკოლაი რაევსკი.

ალექსანდრ ჩეჩენსკიმ დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი, სამხედრო სამსახური დაიწყო კავალერიის პოლკში, რომლის შემადგენლობაში იბრძოდა ნაპოლეონის წინააღმდეგ 1805-1807 წლებში და დაჯილდოვდა კიდეც მამაცობისათვის. ჩეჩენსკიმ ომი დაასრულა 1815 წელს პოლკოვნიკის წოდებით.

კავკასია იყო ადგილი, სადაც შემდგომში მრავალი ფრანგი სამხედრო ტყვე გადაასახლეს - ერთ-ერთი პირველი სასტუმრო ტფილისში სწორედ მათ დააარსეს.

ალექსანდრ ჩეჩენსკი
ალექსანდრ ჩეჩენსკი

- მართალია, რომ ნაპოლეონის ერთ-ერთი შთამომავალიც საქართველოში დასახლდა?

- დიახ. საინტერესოა, რომ ეს ამბავი პირადად მეც შემეხო. როცა ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი, ჩემი კვლევებისა და ნაპოლეონის შესახებ მოვუყევი. მან კი პასუხად მითხრა: იცი, ბაბუაჩემი მიურატის შვილიშვილის ნათლული იყო!

ნაპოლეონის და, კაროლინა დაქორწინდა მარშალ იოაჰიმ მიურატზე. მათ ჰყავდათ შვილები, შვილიშვილები. ერთ-ერთი შვილიშვილი აშილ მიურატი ქართველ პრინცესა დადიანზე დაქორწინდა და საცხოვრებლად გადავიდა დასავლეთ საქართველოში, ზუგდიდში. აქ არის დადიანების ძალიან საინტერესო მუზეუმი, სადაც მიურატებისა და ნაპოლეონის მრავალი ნივთია დაცული. მიურატის ეს ხაზი დღესაც ცხოვრობს ზუგდიდში!

ნაპოლეონ.

ნაპოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას,
და თქვა: „აბაო ხელმწიფებამ რა შემიძინა?“
და რა იხილა თვისს დიდების მსხვერპლი თვის წინა,
მისს მოღრუბლულს შუბლს შუქი რაღაც გარდაეფინა.

„ახლა კი კმარა“, თქვა მან გულში, „სურვა აღმიხდა:
სახელი ჩემი ვასახელე ქვეყნის საოცრად,
შევმოსე ძალით საყვარელი ჩემი საშვენად
და დაუმონე გულმტკიცენი მას სადიდებლად“.

„მაგრამ მე გვამში სული ვერღა მომთავსებია!
მითხზავს გვირგვინსა დიდებისას მე თვითონ ბედი,
ხოლო მე უნდა მას მოვასხა შარავანდედი;
ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი!“

„მაგრამ ვინ იცის, იქნება რომ ბედსაც მოვსწყინდე,
და სხვა მან ჩემის სახელითა დააგვირგვინოს!..
არა, არა მრწამს, რომე ბედმა მე მიორგულოს:
მე მან გამზარდა და თვისს გაწვრთნილს რაღა მიხერხოს!“

„ვერა გაუძლებს ნაპოლეონ მეტოქეებსა!
რა გინდ ძლიერად, მეცნიერად, ვინ ხელმწიფებდეს,
მაინც მე იგი ვერ ვითვისო, ვერ ჩემოდნობდეს,
თვითონ სამარეც მევიწროოს, თუ ტოლი მყვანდეს!“

ბევრი დღე გავა, რომ ჯერ ბევრი ვერ ვცნათ ჩვენ მისი!
თვითონ სიკვდილიც მას უებროდ აღმოგვიჩინებს:
დამქრალი ცეცხლი და ზღვის ღელვა წარმოგვიდგინებს
მისს ცეცხლსა სულსა და ზღვა გულსა განსაკვირველებს!
ნიკოლოზ ბარათაშვილი

- როგორ იმოქმედა ნაპოლეონის ომებმა კავკასიაზე?

- ჩემს ერთ-ერთ წიგნში ვამტკიცებ, რომ ნაპოლეონის ომები არ იყო მხოლოდ ევროპული კონფლიქტი. იგი გლობალური მასშტაბით განვითარდა.

ჩვენ ვხედავთ სამხედრო მოქმედებების თეატრს ამერიკის კონტინენტზე, სადაც იყო კონფლიქტი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის, თვალს ვადევნებთ ესპანეთის იმპერიის დასასრულს, შესამჩნევია ომის გამოძახილები არგენტინაში, ჩილესა და კოლუმბიაში. ამავე პერიოდში მიმდინარეობს ომი ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკისთვის, იგივე შეიძლება ითქვას ინდოეთზეც.

ჩემს წიგნში განვიხილავ კონფლიქტის გამოძახილებს ჰავაიში, იაპონიასა და ჩინეთში... ჩემთვის ნაპოლეონის ომები გლობალური მასშტაბის კონფლიქტებია და კავკასია აქ მხოლოდ ერთ-ერთი ფრონტია.

კავკასიისთვის ასეთი რეალობა შეიქმნა: ვერც საფრანგეთმა და ვერც ბრიტანეთმა ვერ შეაჩერეს რუსეთის ექსპანსია. ნაპოლეონის ომების ბოლოს კავკასიის რეგიონი ნაწილობრივ უკვე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშია და იწყება ხანგრძლივი კავკასიური ომი, რომელიც შეცვლის ისტორიას.

XS
SM
MD
LG