Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეს არის შიში ამ დაავადების მიმართ და ჩვენ რა თქმა უნდა, ვცდილობთ, რომ ვიპოვნოთ ვინმე დამნაშავე, რაც გამოიხატება ასეთი არასწორი ფორმით"


კამილა მამედოვა, მარნეულის სათემო რადიოს დირექტორი
კამილა მამედოვა, მარნეულის სათემო რადიოს დირექტორი

მარნეულის სათემო რადიოს დირექტორი კამილა მამედოვა რადიო თავისუფლების ეთერში ყვება რა ვითარებაა მარნეულში მკაცრი კარანტინის რეჟიმის შემოღების შემდეგ:

„შორიდან ალბათ საშინელებათა ფილმის გმირები გგონივართ, მაგრამ რეალურად წყნარად ვართ, სახლებში ვართ. ადამიანები მაინც გადიან. სასურსათო მაღაზიები ღიაა. არის კომუნიკაცია გარკვეულწილად, თუმცა ჩანს, რომ პასუხისმგებლიანად მოეკიდა მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებას.

ქუჩაში ძალიან ცოტა ადამიანი დადის. გუშინ სამი გასვლა მქონდა და ჩემი დაკვირვება ასეთი იყო: დილით ძალიან ბევრი ადამიანი დავინახე, კარანტინისთვის ბევრი. მივხვდი, რომ ხალხი გამოსული იყო აფთიაქში, სასურსათო მაღაზიებში, ალბათ, მთელი დღის მარაგი რომ ეყიდათ. დღის მეორე ნახევარში ნაკლები ხალხი იყო და საღამოს საერთოდ არავინ იყო. მხოლოდ მანქანებით გადაადგილდებოდნენ, ალბათ, ახალგაზრდები ერთობიან ასე კარანტინის პირობებში.

გარკვეულწილად არის შიშის ფაქტორი. მიწევს გასვლა გარეთ და არის რაღაც შინაგანი შიში - არავის ვეურთიერთო, რომ სახლში არ მოვიტანო. უფრო იმაზე ვღელავ, რომ არ გადავდო ჩემი ოჯახის წევრს. სხვა ოჯახის წევრები საზღვარგარეთ ცხოვრობენ და თუ დახმარება დაგვჭირდა, ვერავინ დაგვეხმარება.

...ადამიანები ცდილობენ დაიცვან დისტანცია და უფრო პასუხისმგებლობით მოიქცნენ. სამწუხაროდ, ამ შედეგამდე მივედით, რომ ეს პასუხისმგებლობა გვეგრძნო. ნათესავებში მიმოსვლა არ გვაქვს. თუმცა, ერთი კვირის წინ მეპატიჟებოდნენ ნიშნობებზე და ძალიან გაკვირვებულები იყვნენ, რომ უარი ვუთხარი დაპატიჟებაზე“.

კამილა მამედოვას თქმით, მარნეულში მოძრაობენ სადისტრიბუციო მანქანები და ამარაგებენ მაღაზიებს. შეკითხვაზე - როგორ შეხვდა მოსახლეობა მთავრობის გადაწყვეტილებას მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების კარანტინის ზონად გამოცხადების შესახებ და ხომ არ გამოიწვია ამან მღელვარება, „დილის საუბრების“ სტუმარი პასუხობს:

„ეს იყო ლოგიკური. მოსახლეობაში ზედმეტი ღელვა არ მიგრძვნია. ყველა ამბობდა იმას, რომ უფრო მკაცრი ზომებია საჭირო. მარნეულის მერი, მაგალითად, ძალიან სთხოვდა მოსახლეობას, რომ ხელისუფლების რეკომენდაციები გაეთვალისწინებინათ. სავარაუდოდ, არ იყო გათვალისწინებული, რადგან ქორწილები და ნიშნობები ტარდებოდა. გვჭირდებოდა სახელმწიფო დონეზე გადაწყვეტილება, რომ მივყოლოდით ამ რეკომენდაციებს, უკვე როგორც სავალდებულოდ შესასრულებელს“.

მარნეულის სათემო რადიოს დირექტორი თვლის, რომ COVID-19-ზე საინფორმაციო კამპანია მარნეულში ძალიან გვიან დაიწყო:

„თემის გასერიოზულება დაიწყო დაგვიანებით. გუბერნიამ ეთნიკური უმცირესობების ენაზე კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა ათი დღის წინ. დაიწყეს ინტენსიურად ბუკლეტების ბეჭდვა. ანუ, გამოვიდა, რომ ჩვენ როცა წლებია ვლაპარაკობთ, რომ უნდა მიაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია მათ მშობლიურ ენებზე, რადგან აქ მნიშვნელოვანია ინფორმირებულობა და მერე დავიწყოთ ჭკუის სწავლება თუ ვინ რატომ არ ლაპარაკობს ქართულ ენაზე. მთავარი მიზანი არის ინფორმირებული მოსახლეობა. როცა ამაზე ვლაპარაკობდით, ყოველთვის იყო ასეთი პასუხი: ჩვენ ვცდილობთ, ყველამ ისწავლოს სახელმწიფო ენა, არ გაგვაჩნია დამატებითი რესურსი და ა.შ.. მაგრამ ათი დღის წინ აღმოჩნდა, რომ არსებობს ეს რესურსი, რომელიც თარგმნის და დებს პოსტებს აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, აგრეთვე არის ფული პლაკატების დასაბეჭდად.

ვფიქრობ, დღევანდელი სიტუაცია არის იმის „აფეთქება“, რაც წლების განმავლობაში გროვდებოდა. უბრალოდ, ახლა ეს ადამიანის სიცოცხლესთან არის დაკავშირებული და ამიტომაც არის ასეთი მტკივნეული. თორემ არაინფორმირებულ ამომრჩეველზე ვლაპარაკობთ წლებია. ამაზე მუდმივად უნდა ეფიქრა და ემუშავა სახელმწიფოს და დღეს ეს პრობლემა არ დადგებოდა“.

კამილა მამედოვა ყურადღებას ამახვილებს ეროვნულ უმცირესობებთან სახელმწიფოს კომუნიკაციის ერთ დეტალზე - დღეს კვლავაც არაერთს ჰგონია, რომ ეროვნულ უმცირესობებთან საკომუნიკაციოდ რუსული ენის გამოყენება კვლავაც აქტუალურია, რაც დიდწილად აღარ არის სიმართლე:

„კომუნიკაციის ალტერნატიულ საშუალებად კვლავ რუსულს რომ გვაჩეჩებენ: საქართველოში ნამდვილად არის ქართული ენის ცოდნის პრობლემა ეთნიკურ უმცირესობებში, თუმცა, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს - საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელებისა და სომხების ახალ თაობას შესაძლებლობაც მიეცა და მან გააკეთა კიდეც არჩევანი, რომ იცოდეს სახელმწიფო ენა. რუსულის, როგორც საკომუნიკაციო ენის აქტუალურობა, როგორც ეს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში იყო, უკვე აღარ არის.

მაგალითად, გუშინ, როცა დავრეკეთ ცხელ ხაზზე, რადგან გვაინტერესებდა ლაპარაკობენ თუ არა 1505-ზე და 116001-ზე ეთნიკური უმცირესობების ენებზე (დღეს ამ თემში კარანტინია გამოცხადებული და შეიძლება დასჭირდეთ რაღაც ინფორმაციის მიღება), ოპერატორმა კვლავ - რუსული ხომ არ იცითო, რომ რუსულად დაგეხმაროთო. ასე რომ, კვლავ არსებობს ეს სტერეოტიპი. შეიძლება უფროსმა თაობამ იცოდეს რუსული, მაგრამ ყველასთვის ეს აღარ არის კომუნიკაციის ალტერნატივა. ეს უნდა იყოს გათვალისწინებული. დაგვპირდნენ, რომ ცხელ ხაზზე დაამატებენ ოპერატორებს, რომლებიც სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ილაპარაკებენ და იმედია ეს მალე მოხდება“.

მარნეულში COVID-19-ის გავრცელების მხრივ შექმნილმა ვითარებამ და რისკებმა ძალიან მცდარ და დამაზიანებელ დისკუსიასაც მისცა საბაბი, როცა ადამიანების ნაწილი შექმნილ ვითარებაში კონკრეტულ ეთნიკურ უმცირესობას ადანაშაულებს:

"ეს არის შიში ამ დაავადების მიმართ და ჩვენ რა თქმა უნდა, ვცდილობთ, რომ ვიპოვნოთ ვინმე დამნაშავე, რაც გამოიხატება ასეთი არასწორი ფორმით. როცა ვამბობთ, რომ დაავადებას ეროვნება არ გააჩნია და ზოგადად საქრთველოს მოქალაქეებსაც კი და ეს ყველაფერი ძალიან პირადია, რაც რელიგიას, ეთნიკურობას ეხება, სამწუხაროდ ამის გასაცნობიერებლად მეტი დრო გვჭირდება", - ეუბნება რადიო თავისუფლებას კამილა მამედოვა.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG