Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"30 დღეზე მეტი გავიდა, რაც ჩაკეტილები ვართ და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გატანა დაიწყო დაახლოებით 10 დღის წინ"


კამილა მამედოვა, მარნეულის სათემო რადიოს დირექტორი
კამილა მამედოვა, მარნეულის სათემო რადიოს დირექტორი

ყველაზე ხანგრძლივი და მკაცრი კარანტინის რეჟიმი ჯერჯერობით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებისთვის აღმოჩნდა. შეზღუდვების დაწესებიდან ერთი თვის თავზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვაა.

22 აპრილს მარნეულში საპროტესტო აქცია გაიმართა, რითაც მედიის ყურადღებაც მიიქცია და ხელისუფლებისაც. იმისდა მიუხედავად, ვინ როგორ პოლიტიკურ შეფასებას აძლევს ამ აქციას, ფაქტია, რომ მოწეული ბოსტნეულის გაყიდვის პრობლემა მარნეულელებს აქვთ და ეს რეგიონი არ არის ერთადერთი ამ მხრივ.

მარნეულის სათემო რადიოს დირექტორი კამილა მამედოვა მკაცრი კარანტინის რეჟიმის დაწყებიდან ერთი თვის თავზე რადიო თავისუფლების ეთერში თხრობას კარგი ამბით - იმით იწყებს, რომ მუნიციპალიტეტში არ არის ვირუსის ფართო გავრცელება, ინფიცირების მხოლოდ 15 შემთხვევაა და მათგან 8 უკვე გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება მოსახლეობის სატკივარს:

„მარნეულის მოსახლეობის უმრავლესობა მიწაზე მომუშავე ადამიანები და მცირე ბიზნესში თვითდასაქმებულები არიან. აბსოლუტურად ყველაფერი არის შეჩერებული. პირველი, რაც გამოაცხადეს, როცა მარნეული დაიხურა, რომ ამ ადამიანებს პრობლემა არ შეექმნებოდათ, თუმცა გუშინდელი აქცია იმის მანიშნებელია, რომ არც ისე სწრაფად და ოპერატიულად იყო გადაჭრილი ეს პრობლემები.

30 დღეზე მეტი გავიდა, რაც ჩაკეტილები ვართ და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გატანა დაიწყო დაახლოებით 10 დღის წინ. თან, შემოიყვანეს მხოლოდ ორი დისტრიბუტორი. მხოლოდ ერთის სახელს ამბობენ. „ჯიბეს“ ასახელებენ. ამბობენ, რომ არის მსხვილი კომპანია. მისი არჩევის პროცესი როგორი იყო, ჩვენ არ ვიცით, რადგან ცოტა რთულია ადგილობრივ თვითმმართველობასთან კომუნიკაცია. სხვა არ ეკითხება და ჩვენ რომ გვინდა ვკითხოთ, არ გვეკონტაქტებიან. არ ვიცით, რატომ გადაწყდა ასე? რამდენი პრეტენდენტი იყო მარნეულში შემომსვლელი? იყო თუ არა შესაძლებლობა დისტრიბუტორებს შორის კონკურენციის? არ იყო ეს პროცესი გამჭვირვალე.

კომპანიის მიერ შეთავაზებული იყო ძალიან დაბალი ფასი. ამბობენ, არ მოველოდით, რომ ამდენი პროდუქტი იქნებოდაო, ანუ მეტი, ვიდრე „ჯიბეს“ სურს, რომ გაიტანოს თბილისის ცენტრალურ სავაჭრო დაწესებულებებში. როგორც მიყვებიან ჩემი მეგობრები და ნაცნობები, თბილისში პატარა ჯიხურებში აღარ არის სოფლის მეურნეობის პროდუქცია, როცა აქ არის მარაგი.

გუშინდელი აქციის შემდეგ არაოფიციალურად გავიგეთ, რომ კიდევ რამდენიმე სადისტრიბუციო კომპანიას შემოიყვანენ, რომ მთლიანად მოიცვან პროდუქციის გატანა. აღმოჩნდა, რომ სტრესულ ვითარებაში შეუძლიათ უფრო ოპერატიულად იმუშაონ, რადგან, სანამ აქცია გრძელდებოდა, შემოიყვანეს დიდი ტრაილერი. ყველას აქვს ერთი კითხვა, რატომ არ გააკეთეს ეს მანამდე, ვიდრე ხალხი გამოვიდოდა? პლუს, თქვეს, რომ ეს პოლიტიკური ინტერესებით იყო ორგანიზებული. გამოსული ადამიანები ასახელებდნენ ძალიან რეალურ პრობლემებს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ უბიძგა მათ.

ჩემი ინფორმაციით, სოფლებში ნომერი პირველი პრობლემა არის ის, რომ ადამიანებს აქვთ კრედიტით იჯარით აღებული მიწა, რომ მოიწიონ მოსავალი და მთელი წლის შემოსავალი ჰქონდეთ. ის, რაც გუშინ ითქვა, რომ კორონას გამო მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია და შენ არ უნდა გვევაჭრებოდე კიტრის ფასზე, ხალხისთვის არც ისე ძლიერი არგუმენტია.

გუშინ ნათქვამი ფასი იყო 1 კგ კიტრზე 50 თეთრი. ერთმა ბიჭმა, რომელიც არ იმყოფებოდა ამ აქციაზე, მაგრამ ფეისბუკლაივით თქვა, რომ ამდენი თვის შრომის შემდეგ, ერთი ტონა კიტრი 600 ლარად უნდა გაეყიდა. მერია გვეუბნებოდა, საკმაოდ კარგ ფასში მიდის ვაჭრობა და კმაყოფილები არიან ფერმერებიო.

სოზარ სუბარმა თქვა, რომ მარნეულელებმა რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ - ეკონომიკური კრიზისია და უნდა მიიღონ ის, რასაც სთავაზობენ.

შეიძლება ეს შეაფასო პოლიტიკური კუთხით ოპოზიციის თამაშად, თუმცა საფუძველი არსებობს და თუ ამით ისარგებლა ოპოზიციამ, მთავრობამ მას ამისთვის მისცა საფუძველი“.

კამილა მამედოვას თქმით, არსებობს კომუნიკაციის პრობლემა ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის, აგრეთვე იმის სურვილი, რომ რეალური პრობლემები არ გამოჩნდეს:

„გუშინ ძალიან ბევრმა თქვა, არ ვიცი, ვის უნდა მივმართოო. ეს თვითმმართველობის პრობლემაა, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს. არის ხარვეზი და ეს ხარვეზი უნდა იყოს აღიარებული და მასზე უნდა იმუშაონ.

დაახლოებით ერთი კვირის წინ იყო: მარნეულში დაიწყო საღამოს საათებში საპროტესტო აქცია სიგნალებით. ადამიანებს სთხოვდნენ გამოსულიყვნენ აივნებზე და ეხმაურათ იმაზე, რომ მარნეულში არის მოუგვარებელი პრობლემები და რომ ამ სიგნალის შესახებ გაიგოს მთელმა საქართველომ. საკმაოდ კარგად ორგანიზებული აქცია იყო. იცით მირტაგი ასადოვის ამბავი. ეს ყველაფერი იყო სწორედ ამ აქციის გამო. ეძებდნენ ორგანიზატორებს.

ასეთი მოქმედების მიზეზი არის ის, რომ მათ სურთ აჩვენონ, რომ რეგიონში ყველაფერი არის კარგად, ყველა ბედნიერია და ჩვენთან არავინ არაფერს აპროტესტებს.

ადგილობრივი ხელისუფლება ჩვენ არ გვეკონტაქტება. იყენებს ცენტრალურ ტელევიზიებს და ჰყავთ ერთი რესპონდენტი, რომელიც სულ ამბობს, რომ ყველაფერი კონტროლირებადია და ყველაფერი არის კარგად. და, როცა ადამიანები ასიგნალებენ ან აქციაზე გამოდიან, ეს ცოტათი ხელს უშლის ამ ილუზიის შექმნას.

ეს უკმაყოფილების პროცესი, რომელიც შესაძლებელია იყოს ორგანიზებული ვინმეს მიერ, თუ ადგილობრივი ხელისუფლება არ დაიწყებს ამ ადამიანებთან ურთიერთობას და სიტუაციაში რეალურად გარკვევას, სურათის დამალვის ნაცვლად, შეიძლება გაგრძელდეს და პროტესტის დამალვა შეუძლებელი იქნება“.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG