Accessibility links

site logo site logo

კანცელარიასთან ონის და ნამახვანის ჰესების მშენებლობის ნებართვების გაუქმებას ითხოვენ


სახელმწიფო კანცელარიასთან რაჭასა და ლეჩხუმში დაგეგმილი დიდი ჰესების წინააღმდეგ რაჭის მოსახლეობა, გარემოსდამცველი ორგანიზაციების წევრები და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი აქციას მართავენ. მათი მოთხოვნა ონისა და ნამახვანის ჰესების კასკადების მშენებლობაზე გაცემული ნებართვების გაუქმება და დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვაა.

თამთა მეტრეველმა, რაჭველი მოსახლეობის სახელით თქვა, რომ მათ ყველა ფორმა სცადეს მანამ, სანამ კანცელარიასთან აქციას გამართავდნენ და ასე მოითხოვნენ მთავრობისგან ჰესების მშენებლობაზე უარის თქმას. მისი თქმით, მოსახლეობის ჩართულობა ამ პროცესის განხილვაში დაბალი იყო, საჯარო განხილვებში ჩართულები არ იყვნენ სპეციალისტები და ადგილობრივები და ვინაიდან კომუნიკაცია მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის უკვე ჩიხშია შესული, ისინი იძულებულები არიან საკუთარი მოთხოვნა ასე მიიტანონ ხელისუფლებამდე.

"ჩვენ, როცა პირველად დავხედეთ პროექტს, ყველანაირი სპეციალისტების ჩართვის გარეშე, პირველი იმან გაგვაკვირვა, რომ 6 მეტრის დიამეტრის მქონე გვირაბს უნდა გაევლო ჩვენი სახლებიდან კილომეტრსა და 300 მეტრში და ცხადი იყო, რომ ჩვენი სახლები დაიბზარებოდა და ჩვენი სოფელი დარჩებოდა წყლის გარეშე", - თქვა თამთა მეტრეველმა, რომელმაც აქციაზე იკითხა, რას მოუტანს ახალი ჰესი ეკოლოგიას წყლების განმავლობაში.

"ეს არის ბომბი, რომელიც ჩაუდეს ზედა რაჭას", - ასე ახასიათებს თამთა მეტრეველი ონის კასკადის შესაძლო საფრთხეს.

ლეიბორისტული პარტიის წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ონის და ნამახვანის ჰესების გარდა, ხელისუფლება 200 სხვა, მათ შორის 30 დიდი ჰესის აშენებას გეგმავს და საქართველოსთვის საზიანოა როგორც დიდი ჰესები, ასევე დიდი რაოდენობით მცირე ჰესები.

"ჩვენ მოვითხოვთ ონის კასკადის და ნამახვანი ჰესის მშენებლობის ნებართვის გაუქმებას მთავრობისგან და დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვას, რისი დაპირებაც გასცა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლამდე", - თქვა ლაშა ჩხარტიშვილმა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას შეუძლია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის გაუქმება და ამ პროცესის შეჩერება.

ონის რაიონში, მდინარე რიონზე, 206.1 მგვტ სიმძლავრის “ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის” მშენებლობის პროექტს სს “ონი კასკადი” ახორციელებს. კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (გზშ) 2017 წლის დეკემბერში წარადგინა. გარემოს დაცვის სამინისტროსგან მშენებელი კომპანიისთვის რამდენჯერმე შენიშვნებით უკან დაბრუნებულ პროექტზე, 2020 წლის 17 მარტს, როცა ქვეყანა მთლიანად კორონავირუსთან ბრძოლით იყო დაკავებული, გარემოსდაცვითი ნებართვა გაიცა.

ამავე თემაზე:

WWF-ის კავკასიის ოფისი: რაჭას ჰესების კასკადი კი არა, დიდი ეროვნული პარკი ესაჭიროება

„თუ იქნება ჰესი, არ იქნება მდინარე“: ონში ჰესის მშენებლობას გარემოს დაცვის სამინისტრომ მწვანე შუქი აუნთო

რა იქნება რაჭაში: ჰესი, ეროვნული პარკი, ორივე ერთად თუ არც ერთი?

რატომ „არა“ რაჭაში ჰესის აშენებას? სამი მოსაზრება

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG