Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაშიას მხარდამჭერები: „ცხრაში ფეხბურთის საყურებლად და გურამის მხარდასაჭერად მივდივართ“


გურამ კაშია გუნდთან ერთად ვარჯიშობს თბილისის ზღვასთან მდებარე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე. 4 სექტემბერი
გურამ კაშია გუნდთან ერთად ვარჯიშობს თბილისის ზღვასთან მდებარე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე. 4 სექტემბერი

ფეხბურთელ გურამ კაშიას მხარდამჭერები, რომლებიც 9 სექტემბერს საქართველო-ლატვიის საფეხბურთო მატჩზე დასწრებას და გურამ კაშიას მხარდაჭერას გეგმავენ, დეზინფორმაციას უწოდებენ მოძრაობა „ქართული მარშის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დინამოს სტადიონზე „გეი აღლუმი“ უნდა გაიმართოს.

„ეს ტყუილია. ჩვენ მოხალისეები ვართ და მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ გურამ კაშიას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მარიამ დოლიძემ.

საზოგადოების ის ნაწილი, ვინც მიიჩნევს, რომ გურამ კაშია უსამართლო აგრესიის მსხვერპლია, გეგმავს 9 სექტემბრის მატჩზე კაშიას მხარდამჭერი ბანერებით მისვლას, რომლებზედაც ფეხბურთელის ფოტო იქნება გამოსახული. სოლიდარობის ნიშნად კი ხელზე იმ ფერად სამკლავურს გაიკეთებენ, რის გამოც კაშია გააკრიტიკეს.

„ჩვენ მივხვდით, ამხელა აგრესიის შემდეგ როგორი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ შეიძლება გურამ კაშია აღმოჩენილიყო და ვიფიქრეთ, რომ მას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. 9 სექტემბერს ჩვენ მივდივართ ფეხბურთის საყურებლად, ასევე მისი და თანასწორობის იდეის მხარდასაჭერად“, - ამბობს მარიამ დოლიძე.

ფერადი სამკლავურები უკვე მზადაა და მოხალისეები ელიან, რომ საფეხბურთო მატჩზე ამ სამკლავურით კაშიას ბევრი მხარდამჭერი მივა.

თუმცა პარალელურ რეჟიმში აქციას აანონსებს „ქართული მარშიც“, რომლის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ხალხს მოუწოდებს არ დაუშვან „ლგბტ სამკლავურით სტადიონზე ვინმეს მისვლა“.

გურამ კაშიამ ფეისბუკგვერდი 28 აგვისტოს გააუქმა და ინსტაგრამის ანგარიში დახურა. მისი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის შეურაცხმყოფელი სტატუსები, რაც უეფას ჯილდოს მოჰყვა.

22 აგვისტოს უეფამ გურამ კაშია თანასწორობის პრიზით დააჯილდოვა ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG