Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთის ოთხ რაიონში ვაშაძე ლიდერობს, ოთხში - ზურაბიშვილი


საარჩევნო უბანი ლაგოდეხში
საარჩევნო უბანი ლაგოდეხში

კახეთის რვა მუნიციპალიტეტიდან ოთხში გრიგოლ ვაშაძემ მიიღო ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა, ხოლო ოთხში - სალომე ზურაბიშვილმა. როგორც ირკვევა, რეგიონში გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა ყველაზე მეტად სურდათ თელავში, ლაგოდეხში, ყვარელსა და ახმეტაში, ხოლო სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა ყველაზე მეტად სურდათ საგარეჯოში, სიღნაღში, გურჯაანსა და დედოფლისწყაროში.

მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ მიღებული ხმების საერთო რაოდენობა არც ერთი კანდიდატისთვის არ არის საკმარისი, რომ არჩევნები პირველივე ტურში მოეგო. ამიტომ პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატების საარჩევნო შტაბებმა მეორე ტურისთვის დაიწყეს მზადება. ოპოზიცია კონკრეტულ დარღვევებზე ლაპარაკობს, „ქართულ ოცნებაში“ კი დემოკრატიის მაღალ ხარისხზე მიუთითებენ. საჩივრების განხილვისთვის ემზადებიან საოლქო საარჩევნო კომისიებშიც, თუმცა თავად საჩივრების რაოდენობა მინიმალურია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, კახეთში 8 მუნიციპალიტეტიდან ში დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა, ხოლო 4-ში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. ვაშაძემ კახეთში ყველაზე მეტი ხმა თელავში 50:12 %, შემდეგ კი ლაგოდეხში 45:04 % მიიღო.

გიორგი ბოტკოველი
გიორგი ბოტკოველი

გიორგი ბოტკოველი, გრიგოლ ვაშაძის თელავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ, მიუხედავად ამომრჩეველზე განხორციელებული ზეწოლის და დაშინებისა, ასეთ შედეგს მაინც ელოდნენ. მისივე თქმით, უკვე დაიწყეს მზადება არჩევნების მეორე ტურისთვის.

გაერთიანებული ოპოზიციისგან გასხვავებით, მიღებული შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებისთვის. კანდიდატის თელავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ბენო გეგეჭკორი გვეუბნება, რომ მეორე ტურისთვის ისინიც ემზადებიან.

ბენო გეგეჭკორი
ბენო გეგეჭკორი

მისივე თქმით, არჩევნებმა რეგიონში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ოპოზიციის ბრალდებები გაყალბების შესახებ ტყუილია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, საოლქო კომისიებში 500-მდე საჩივარია შესული, მათ შორის 5 საჩივარი დაიწერა თელავის მუნიციპალიტეტში. მართალია, ეს საჩივრები ჯერ არ განუხილავთ, მაგრამ თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალმახელიძე ამბობს, რომ საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ დარღვევებს, ამიტომ ის გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების საბოლოო შედეგებზე. კალმახელიძე ამბობს, რომ თელავში ყველა საჩივარი პარტია „ევროპული საქართველოს“ დამკვირვებლებმა დაწერეს.

მართალია, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები 28 ოქტომბერს, არჩევნების მიმდინარეობის დროს, მთელი დღის განმავლობაში დარღვევებზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ ირკვევა, რომ, მაგალითად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არცერთი საჩივარი არ არის დაწერილი. ლაგოდეხის მე-15 ოლქის თავმჯდომარე, რევაზ გაიპარაშვილი, ამბობს, რომ ერთადერთი საჩივარი იყო, რომელიც საარჩევნო სიაში გარდაცვლილი პირის არსებობას ეხებოდა, თუმცა ავტორმა ეს საჩივარი უკან გაიწვია.

საარჩევნო უბანი კაბალში
საარჩევნო უბანი კაბალში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას, თქმით, დიდი ალბათობით, გაიმართება არჩევნების მეორე ტური, რომლის ჩატარების ბოლო ვადაა 2018 წლის 2 დეკემბერი.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG