Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში ე. წ. ჭკვიანი კამერების ნაწილი ჩაირთო - ვინ რა მიზეზით ჯარიმდება


კახეთი
კახეთი

უკვე რამდენიმე დღეა, კახეთში ზოგ ადგილზე მუშაობა დაიწყო საავტომობილო გზებზე დამონტაჟებულმა ვიდეოკამერებმა, რომლებიც ე. წ. ჭკვიანი კამერების სახელით არის ცნობილი. 

დისტანციური მართვის მოწყობილობები დამონტაჟებულია არა მხოლოდ ცენტრალურ, არამედ ქალაქებისა და სოფლების შიდა გზებზეც. მძღოლების ნაწილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს, რომ, ბოლო რამდენიმე დღეა, ჯარიმდებიან ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის მიზეზით. როგორც თავად ამბობენ, ჯარიმა მათ ქუჩებში დამონტაჟებული კამერების მეშვეობით გამოეწერათ, შეტყობინება კი ტელეფონზე მიიღეს. ჯარიმის ოდენობა 50 ლარია. ერთ-ერთი მძღოლი ამბობს, რომ 18 დეკემბერს ის ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე მოძრაობისას დაჯარიმდა:

„ბაკურციხიდან დაწყებული გურჯაანის ბაზრამდე უკვე ჩართულია კამერები. ტექდათვალიერების გამო მე 50-ლარიანი ჯარიმა მომივიდა. არავის გავუფრთხილებივართ, რომ ასეთი რამ იგეგმებოდა“.

კახეთში დაჯარიმებული მძღოლები ამბობენ, რომ კამერების ჩართვის შესახებ საზოგადოების ინფორმირება არ მომხდარა და მათთვის არავის უთქვამს, რომ ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო დააჯარიმებდნენ. მძღოლების ნაწილის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ავტომობილების ტექინსპექტირების გავლა აღარ იყო სავალდებულო და, შესაბამისად, მათ ეს პროცედურა არ გაუვლიათ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე მაინც გამოექვეყნებინა, რომ კამერები ჩაირთო და კონტროლი მკაცრდებოდა ტექდათვალიერებაზე. ნება იბოძონ ახლა და გააუქმონ ის ჯარიმები, რომლებიც დღემდე დაიწერა. რადგან უკვე ვიცით, რომ აუცილებელია, ჩვენ გავივლით ტექდათვალიერებას“.

„ჩვენ ტექდათვალიერებაზე რომ დაგვაჯარიმეს, ისე, ცნობისთვის, ამ გზაზე (გურჯაანი-ბაკურციხე) მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე არის 40 კილომეტრი საათში. ჩვენ ამ სიჩქარით ვმოძრაობთ და სამთავრობო მანქანები 100-ით დადიან, რატომ მათ არ აჯარიმებენ სიჩქარის გადაჭარბებაზე?“

კახეთი
კახეთი

მას შემდეგ, რაც კახეთში საავტომობილო გზებზე დამონტაჟებული ვიდეოკამერები ჩაირთო და რამდენიმე მძღოლი დაჯარიმდა, ტექნიკური ინსპექტირების მომსახურების ცენტრებში მიმართვიანობა გაიზარდა. მძღოლები ცდილობენ, რომ ტრანსპორტი ტექნიკურად შეამოწმონ და შესაბამისი დოკუმენტი მიიღონ. გურჯაანში ტექინსპექტირების ცენტრის ხელმძღვანელის, უშანგი დათუკიშვილის, ინფორმაციით, აქამდე თუ დღეში მხოლოდ 3 ავტომობილი გადიოდა ტექდათვალიერებას, ახლა სამ დღეში 140-მდე ავტომობილი შემოწმდა. აქედან 30-მა სხვადასხვა მიზეზის გამო ტექდათვალიერება ვერ გაიარა. ტექინსპექტირება ფასიანია და მსუბუქი ავტომობილისთვის გადასახადი 60 ლარს შეადგენს.

„ყველა ცდილობდა, რაც შეიძლება გვიან შეემოწმებინა მანქანა ტექნიკურად, რადგან მომავალ წელსაც ცოტა გვიან მოუწევდა. სწორედ ამის გამო მოსახლეობა თავს იკავებდა ტექინსპექტირების გავლისგან, მაგრამ მას შემდეგ, რაც მძღოლები დააჯარიმეს, სამ დღეში 140-მდე მძღოლმა მოგვმართა. მანამდე დღეში სამი მძღოლი თუ მოვიდოდა“.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კახეთის რეგიონში, გზებზე, 300-ზე მეტი ვიდეოკამერაა განთავსებული - როგორც ნომრის ამომცნობი, ასევე ზოგადი ხედვის. იმის გარკვევას, თუ კონკრეტულად სად და როდის ჩაირთო „ჭკვიანი კამერები“, რადიო თავისუფლება შს სამინისტროს პრესსამსახურში სამი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა. ამ თემაზე მცირე ინფორმაცია მხოლოდ 21 დეკემბერს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა, 112-მა. ამ ინფორმაციის მიხედვით, 21 დეკემბრიდან რეგიონებსა და თბილისში სიჩქარის კონტროლის 19 სექცია ამოქმედდა, მათ შორის 4 მდებარეობს ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზაზე. ამ ინფორმაციაში არაფერი წერია იმის შესახებ, ჯარიმდებიან თუ არა იმავე სექციების მეშვეობით ის მძღოლები, ვისაც ავტომობილის ტექინსპექტირება არ აქვს გავლილი. ჩვენ ამ თემაზე მეტი ინფორმაციის მიღება გვსურდა 112-დან, მაგრამ უარი მივიღეთ.

კახეთი
კახეთი

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე - მაშინ, როცა საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული - სახელმწიფომ დროებით უარი თქვა დაეჯარიმებინა მძღოლები, რომელთაც ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირება არ ჰქონდათ გავლილი. იმხანად შესაბამისი განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა და იქვე დაამატა, რომ შეღავათი ეხებოდა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი იანვრიდან ტექნიკური დათვალიერება სავალდებულოა ქართული ნომრის მქონე ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის, თუმცა კახეთში მძღოლების ნაწილი ამბობს, რომ ტექნიკური ინსპექტირება არც მას შემდეგ ჰქონიათ გავლილი, რაც საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში ამ მიზეზით ისინი არავის დაუჯარიმებია.

ინსპექტირების გაუვლელად ავტომობილის მართვისა და ექსპლუატაციისათვის ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 50 ლარია, იურიდიული პირისთვის კი 200 ლარი.

კახეთი
კახეთი

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG