Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში მცხოვრები ოჯახი ცრუ ბრალდებისთვის საჯარო სკოლის პედაგოგის გათავისუფლებას ითხოვს


კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მეოთხეკლასელი ბავშვის დედა ამბობს, რომ მის არასრულწლოვან შვილს, რომელიც მე-4 კლასის მოსწავლეა, კლასის დამრიგებელმა და პედაგოგმა მისი საფულიდან ფულის მოპარვა დააბრალა.

დედა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში ამბობს, რომ პედაგოგი მათ სახლში მივიდა, ოთახები გაჩხრიკა და ბავშვს სთხოვდა ეღიარებინა თანხის მოპარვა.

„ბავშვი სკოლიდან რომ მოვიდა, მას მალევე უკან მოჰყვა მასწავლებელი. ის ჩემს შვილს ეუბნებოდა, რომ შენ ჩემი საფულე მოიპარე, სადაც დიდძალი თანხა მედოო. შემდეგ მასწავლებელი პირველ და მეორე სართულებზე ოთახებში შევიდა. ფულს ჩემი დედამთილის ოთახშიც კი ეძებდა. მან ძებნის დროს სახლში ყველაფერი გადმოყარა. ბავშვიც იქ იყო, რომელმაც ფულის მოპარვა არ აღიარა. შემდეგ პედაგოგი სახლში წავიდა და მოგვიანებით გავიგეთ, რომ თანხა უპოვია. თურმე მას დილით ფული ქმრისთვის მიუცია და აღარ ახსოვდა, შემდეგ სკოლაში წასულა, საფულე კი სახლში დარჩენია“, - ამბობს არასრულწლოვნის დედა „ფორმულასთან“.

მისივე ინფორმაციით, „პედაგოგის მიერ მათ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ ბავშვმა სტრესი მიიღო, სახლიდან გაიქცა და რამდენიმე საათის შემდეგ ის პოლიციამ დააბრუნა ოჯახში“.

დედა ითხოვს, რომ პედაგოგი სკოლიდან საერთოდ გაათავისუფლონ.

რადიო თავისუფლებამ დეტალების გარკვევა სცადა თავად იმ პედაგოგთან, რომელსაც არასრულწლოვნის ოჯახი ცრუ ბრალდებაში ადანაშაულებს, თუმცა მან ამ თემაზე საუაბარი არ ისურვა.

ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა კი გვითხრა, რომ მომხდარის შემდეგ პირველი, რაც გააკეთეს, პედაგოგი გაათავისუფლეს კლასის დამრიგებლის პოზიციიდან.

„ჩვენ ვიცით, რომ სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ პედაგოგი უკვე სახლში იყო წასული და შემდეგ მალევე სკოლაში დაბრუნდა. იქ უთქვამს, რომ, მგონი, აქ დავკარგე თანხაო. სკოლაში რომ ვერ იპოვა, შემდეგ ერთ-ერთი მოსწავლის ოჯახში წასულა და თანხის ძებნა იქ დაუწყია. სხვა დეტალები არ ვიცი. ამ საქმეს იძიებს პოლიცია. ბოლომდე გავერკვევით ყველაფერში და შემდეგ მივიღებთ სერიოზულ გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭოსთან ერთად“, - ამბობს რესურსცენტრის უფროსი.

მიუხედავად რესურსცენტრის უფროსის განცხადებისა, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე გამოძიება არ დაუწყია.

„პოლიციამ გამოკითხა ყველა მხარე, არავის არ აქვს პრეტენზია და არც საჩივარი. გამოძიება არ მიმდინარეობს“, - განაცხადეს შს სამინისტროში.

რადიო თავისუფლება ასევე დაინტერესდა, მუშაობენ თუ არა არასრულწლოვანთან სოციალური სამსახურის წარმომადგენლები. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე მათ უწყებაში ამ დრომდე არანაირი შეტყობინება არ შესულა.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG