Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ შემცირდა ქართული კვერცხი მაღაზიის დახლებზე? - ქვეყანა ქათმის გრიპის აფეთქების ზღვარზეა


კვერცხის დეფიციტი ქართულ მეფრინველეობის ფერმებში გავრცელებულმა ქათმის გრიპმა გამოიწვია
კვერცხის დეფიციტი ქართულ მეფრინველეობის ფერმებში გავრცელებულმა ქათმის გრიპმა გამოიწვია

ბოლო ხანს უბნის მაღაზიაში ქათმის კვერცხი ვერ იყიდეთ? ეს მარტო თქვენთან არ ხდება - რამდენიმე კვირაა, საქართველოს ქსელურ მარკეტებში კვერცხის მარაგს შეფერხებებით ავსებენ. გავარკვიეთ, რომ კვერცხის დანაკლისის მიზეზი ფრინველის გრიპია.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ვირუსი ქართული მეფრინველეობის მსხვილი ფერმების დიდ ნაწილს უკვე მოედო. სურსათის ეროვნული სააგენტო ამ დრომდე დუმს, საჯაროდ საუბარს ფერმერებიც ერიდებიან.

დავადგინეთ, რომ ფრინველის გრიპი H9N2, რომელიც ახლაა გავრცელებული, დაბალ პათოგენურია (LPAI - Low Pathogenic Avian Influenza) - ფრინველიდან ადამიანზე უკიდურესად იშვიათად გადადის და მეტწილად მსუბუქად მიმდინარეობს. ამ შტამის ვირუსს ფრინველებში არ აქვს მაღალი სიკვდილიანობა, თუმცა, თუ ვირუსს თან დაერთო ბაქტერიული ინფექციები, სიკვდილიანობა იზრდება, რადგანაც ვირუსი ქათმების იმუნურ სისტემას ასუსტებს.

ქათმის ფერმებს დიდი ზიანს აყენებს ისიც, რომ H9N2 დრამატულად, ზოგჯერ 40%-მდეც კი ამცირებს კვერცხის დებას, და აუარესებს კვერცხის ხარისხს.

H9N2 ფრინველის გრიპის ნაკლებ საშიში და ყველაზე გავრცელებული შტამია მსოფლიოში. მას ეკონომიკურ ვირუსსაც უწოდებენ, დიდი ზიანის გამო.

არაერთი წყარო რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ ქსელურ მარკეტებში კვერცხის დეფიციტი მსხვილ ადგილობრივ ფერმებში ფრინველის გრიპის გამო კვერცხდების შემცირებამ გამოიწვია და ახლა მეწარმეები დანაკლისის შევსებას იმპორტით ცდილობენ - კვერცხის დამატებითი პარტია უკვე შემოვიდა თურქეთიდან და სომხეთიდან.

საქართველოში კვერცხის ბაზარი თითქმის მთლიანად - 96% - ადგილობრივად წარმოებულ კვერცხს უკავია. ქართველი ფერმერები წელიწადში დაახლოებით 670 მილიონ კვერცხს აწარმოებენ, ერთი მოქალაქე კი საშუალოდ 173 ცალ კვერცხს ჭამს, ანუ ორ დღეში 1 ცალს მაინც.

“რა ფრინველის გრიპი? ქათმების გატანას ვერ აუხვიდოდით”

ფრინველის გრიპი აღმოსავლეთ საქართველოს ფერმების აბსოლუტურ უმრავლესობაშია მოდებული, რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა დასავლეთ საქართველოშიც.

“სადღაც რაღაცა შეიძლება არის, მაგრამ ისეთი, - როგორც დაცემები და, არიქა, კატასტროფა, - არავის ხმამაღლა არ უთქვია. სწორედ გამიგეთ, რაც ვიცი, იმას ვიძახი…“

რადიო თავისუფლება ესაუბრა ფერმერებს, ვეტერინარებს, წყაროს სურსათის ეროვნულ სააგენტოში - ყველა ერთხმად ადასტურებს, რომ ქვეყანა ქათმის გრიპის აფეთქების ზღვარზეა. მიუხედავად ამისა, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ფრინველის გრიპის შესახებ ამ დრომდე საჯაროდ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

“რა ფრინველის გრიპი, ფრინველის გრიპი რომ საქართველოში იყოს, ქათმების გატანას ვერ აუხვიდოდით”, - ასე უპასუხა რადიო თავისუფლების შეკითხვას, სააგენტოს წარმომადგენელმა სატელეფონო საუბრისას. წერილობით გაგზავნილ დეტალურ კითხვებზე კი პასუხად მივიღეთ, რომ გრიპის შემთხვევები არ არის რეგისტრირებული.

მეფრინველეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმაც იგივე თქვა მედიაკომპანია BMG-ს 4 დეკემბრის გადაცემაში. მან კვერცხის დეფიციტი იმპორტის შეფერხებითა და სხვა დამატებითი ფაქტორებით ახსნა. რადიო თავისუფლებას კი უჩუმბეგაშვილმა უთხრა, რომ, “სადღაც რაღაცა შეიძლება არის, მაგრამ ისეთი, - როგორც დაცემები და, არიქა, კატასტროფა, - არავის ხმამაღლა არ უთქვია. სწორედ გამიგეთ, რაც ვიცი, იმას ვიძახი…“

„კი ბატონო, ვადასტურებ, რომ კვერცხი იმ რაოდენობით აღარ არის დახლებზე, ამიტომ, ალბათ, უნდა მოველოდოთ, რომ რაღაცები გამჟღავნდება. მაგრამ ამ ეტაპზე არავინ ასე, ოფიციალურად, დადასტურებულად, რომ ჩემთან გრიპი იყო, ან არის, არ იძახის. შეიძლება, ჰქონდეს და არ თქვას, შეიძლება, არ იცოდეს. ამ ეტაპზე გაცხადებული არ არის”.

ქათმის ფერმა, საილუსტრაციო ფოტო
ქათმის ფერმა, საილუსტრაციო ფოტო

ქართული ფერმების უმრავლესობაში ქათმის გრიპის H9N2 შტამის გავრცელება რადიო თავისუფლებას დაუდასტურა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის ექსპერტმა, ვეტერინარმა მიხეილ სოხაძემ. ის ამბობს, რომ მეფრინველეთა ასოციაციამ და სახელმწიფომ რეაგირება დააგვიანა:

“ჩემი სუბიექტური აზრია, რომ უფრო ადრე უნდა მიეღოთ ზომები. ჩვენ ვიცოდით, რომ ჩვენს სამეზობლოში, მათ შორის, თურქეთში ეს შტამი დაფიქსირებულია, ამის შესახებ სახელმწიფო უწყებებს და ასოციაციას ადრეულად რომ შეეტყობინებინა მეფრინველეებისთვის, შესაძლოა, ვირუსის გავრცელება და ეს დეფიციტიც თავიდან აგვერიდებინა. იმედია, კარგ გაკვეთილად გამოდგება ეს ფაქტი”.

როგორი იქნებოდა რეაგირება ევროპული სტანდარტით?

ევროკავშირის ქვეყნებში ფრინველის გრიპის დაფიქსირებისთანავე სურსათის ეროვნული უწყებები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები ერთობლივად, სწრაფად და გამჭვირვალედ მოქმედებენ - ვირუსის ზუსტი შტამის შესახებ მაქსიმალურად ზუსტ, ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან ფერმერებს და ფერმის პროდუქციის მომხმარებლებს.

აფრთხილებენ სოფლად მცხოვრებ შინამეურნეობებს, რომ ოჯახებში შინაური ფრინველის დაცემის შესახებ ინფორმაცია დროულად მიაწოდონ სახელმწიფოს.

სახელმწიფო უწყებები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ პრევენციის მიზნით მხოლოდ თერმულად დამუშავებული (75 გრადუსზე მაღლა) ფრინველის პროდუქტი გამოიყენონ.

ფერმებს, სადაც პირველად დაფიქსირდება ფრინველის გრიპი, აკვირდებიან; მკაცრად აკონტროლებენ იქ ახალი ფრინველის შეყვანას და გამოყვანას.

საშიში შტამების შემთხვევაში კი საყოველთაო კარანტინი და ფრინველის განადგურება ხდება.

რა ხდება საქართველოში?

საქართველოში უწყებების საჯარო და გამჭვირვალე რეაგირების გარეშე დარჩა ფრინველის გრიპის H9N2 შტამის პირველი შემთხვევები 2024 წლის ზაფხულშიც. რადიო თავისუფლებას რამდენიმე წყარომ უთხრა, რომ კახეთის ერთ-ერთ ფერმაში გრიპის გავრცელებისთანავე შეატყობინეს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. მაშინ ფერმერები გრიპის აფეთქებისგან კლიმატურმა პირობებმა დაიცვა - ზაფხული ცხელი იყო, 30 გრადუსზე ზემოთ კი ვირუსი ნაკლებად ვრცელდება.

“გასულ წელს არანაირი შემთხვევა არ დადასტურებულა”, - უთხრეს სურსათის სააგენტოში რადიო თავისუფლებას.

ქათმის გრიპის ამ შტამს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვაქცინით ებრძვიან. ახალგამოჩეკილ წიწილებში ვაქცინის ინიექცია ფრინველს ვირუსის მარტივად გადატანაში ეხმარება.

ვეტერინარული პრეპარატების უმსხვილესი კომპანიის “ინვეტის” წარმომადგენელი დავით სირბილაძე ამბობს, რომ 1 წლის წინ, მას შემდეგ, რაც ვირუსის პირველი შემთხვევების შესახებ შეიტყვეს საქართველოში, ქართული ფერმებიდან ნიმუშები აიღეს და საქართველოსა და უცხოეთში კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ეს იყო შტამი H9N2. ამის შემდეგ დაარეგისტრირეს და ქვეყანაში შემოიტანეს ვაქცინა, რომელიც მხოლოდ მეხორცულ, ბროილერის ქათმის ჯიშზე მუშაობს და არა კვერცხისმდებელ ქათმებში.

“მეორე ვაქცინა, რომელიც მეკვერცხულებში გამოიყენება, ფრანგული წარმოების ვაქცინაა. ჯერ ევროკავშირში არ არის დარეგისტრირებული და ამიტომ მის საქართველოში რეგისტრაციას დაახლოებით 5-6 თვე სჭირდება. ჯერ სურსათის ეროვნულ სააგენტოში ოფიციალური განაცხადი არ გვაქვს შეტანილი, დოკუმენტაციის შეგროვების და თარგმნის ეტაპზე ვართ”, - უთხრა "ინვეტის" წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას. სირბილაძეც ადასტურებს, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ფერმების უმრავლესობაში ვირუსი უკვე გავრცელებულია და დროული მოქმედებაა მნიშვნელოვანი.

რადიო თავისუფლებას სპეციალისტები ეუბნებიან, რომ სახელმწიფოს და ფერმერების დაგვიანებულ რეაგირებას მალე შესაძლოა, ვირუსის მთელ საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელება მოჰყვეს. საქართველოს კანონმდებლობით, ვირუსის მასობრივად გავრცელების შემთხვევაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს უფლება აქვს ქვეყანაში ვაქცინის შემოტანა გამონაკლისის წესით, რეგისტრაციის გარეშე დაუშვას.

სპეციალისტების აზრით ქათმის “ეკონომიკური ვირუსი” უკვე მნიშვნელოვნად აზიანებს დარგს და ქვეყანას.


  1. საქართველოში ამ ეტაპზე დადასტურებულია თუ არა ფრინველის გრიპის ვირუსის რომელიმე შტამის ცირკულირება კომერციულ მეფრინველეობაში? გთხოვთ, დააზუსტოთ, დაფიქსირებულია თუ არა დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის (LPAI) H9N2 შტამი.
  2. თუ H9N2 ვირუსი დადასტურებულია, ქვეყანაში არსებული ქათმის ფერმების რა მოცულობაში (პროცენტულად ან რაოდენობრივად) არის ვირუსი ამ ეტაპზე აღმოჩენილი (ეპიზოოტიური სტატუსი)?
  3. გვაქვს თუ არა საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ქვეყანაში არსებული კვერცხის წარმოების შემცირება და შეფერხება, რასაც დარგის წარმომადგენლები აცხადებენ, პირდაპირ კავშირშია H9N2-ის მასშტაბურ გავრცელებასთან?
  4. ქვეყანაში არის თუ არა დარეგისტრირებული H9N2 შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც შეესაბამება ადგილობრივ მოცირკულირე ვირუსის ვარიანტს? თუ არა, მიმდინარეობს თუ არა მისი რეგისტრაციის ან იმპორტის ხელშეწყობის პროცედურა?
  5. თუ დადასტურდა, რომ H9N2 შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში გასული წლის ზაფხულში (ამ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში), რა კონკრეტული ღონისძიებები (ვეტერინარული კონტროლი, ზონირება, მონიტორინგი, ფერმერების ინფორმირება) გაატარა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინფექციის შეჩერებისა და ეკონომიკური ზარალის მინიმიზაციის მიზნით?

სეს-ის პასუხი:

სურსათის ეროვნულ სააგენტოს, შარშან და წელს, აკრედიტებულ ლაბორატორიაში 10 ნიმუში აქვს გამოკვლეული ფრინველის გრიპის გამოვლენის მიზნით.

არცერთ შემთხვევაში ფრინველის გრიპი არ დადასტურდა. ამასთან , სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის არცერთ კომერციულ ფერმას რაიმე სახის დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით არ მიუმართავს.

მიმდინარე წლის 4 დეკემბერს მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლებთან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა, სადაც ყურადღება გამახვილდა ბაზარზე პროდუქციის მიწოდების ლოგისტიკური სისტემის გამართულად ფუნქციონირების მნიშვნელობაზე, რამაც უნდა უზრუნველყოს სამომხმარებლო ბაზრის შეუფერხებელი და სტაბილური მომარაგება.

არ არის რეგისტრირებული, არ მიმდინარეობს მუშაობა.

გასული წელს არანაირი შემთხვევა არ დადასტურებულა.

თავდაპირველ ვერსიაში სურსათის ეროვნული სააგენტოს პასუხი არასრულად იყო ასახული, რაც ჩასწორდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG