Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიბერსაფრთხის წინააღმდეგ რუსეთი საკუთარ „მდგრად ინტერნეტსეგმენტს“ ქმნის


რუსეთი გეგმავს მომდევნო კვირებში, როდესაც ტესტირება ჩაუტარდება კიბერთავდასხმის წინააღმდეგ შემუშავებულ ეროვნული თავდაცვის სისტემას, დროებით კავშირი გაწყვიტოს გლობალურ ინტერნეტთან.

რუსეთის მედიის 11 თებერვლის ცნობით, ტესტირება, რომლის დროსაც რუსეთში გადაიკეტება კიბერსივრცესთან დამაკავშირებელი მონაცემთა გადაცემის ყველა მარშრუტი, სავარაუდოდ, 1 აპრილამდე ჩატარდება.

უფრო ადრე, 14 დეკემბერს, რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში - სახელმწიფო სათათბიროში - ინიცირებულ იქნა კანონპროექტი, რომელიც „უცხოურ სერვერებთან წვდომის არარსებობის პირობებში ინტერნეტის რუსული სეგმენტის ავტონომიური მუშაობის უზრუნველყოფის პირობებს განსაზღვრავს“.

დამტკიცების შემთხვევაში, კანონი დაავალდებულებს ავტონომიურ ინტერნეტს, Runet-ს, გაიაროს ინტერნეტ-ტრაფიკის გაცვლის ის წერტილები, რომლებიც რუსეთის მთავარი სატელეკომუნიკაციო უწყების, „როსკომნადზორის“ მიერ რეგულირდება.

დოკუმენტს ახლავს განმარტება, რომლის თანახმად, კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები განაპირობა „აშშ-ის 2018 წლის სექტემბერს გამოქვეყნებული კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის აგრესიულმა ხასიათმა“, იმან, რომ „რუსეთი, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, პირდაპირ არის დადანაშაულებული კიბერთავდასხმებში“.

კანონის ძალაში შესვლის შემდეგ სისტემამ უნდა უზრუნველყოს რუსეთის დაცვა და ინტერნეტ-ტრაფიკის გაფილტვრა სავარაუდო კიბერომის შემთხვევაში.

ზემოხსენებული კანონპროექტის თანახმად, ინტერნეტის რუსულ სეგმენტში დაიდგმება „ტექნიკური მოწყობილობა“ ტრაფიკის წყაროს დასადგენად.

ეს „ტექნიკური მოწყობილობა“ გამოყენებული იქნება აუცილებლობის შემთხვევაში - „აკრძალული ინფორმაციის ინტერნეტრესურსში მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით“.

გარდა ამისა, რუსეთი შექმნის საკუთარ ეროვნულ DNS (დომენთა სახელობით სერვერს) - დეცენტრალიზებულ სისტემას - კომპიუტერების, სერვისების, ინტერნეტსა თუ კერძო ქსელებთან დაკავშირებული რესურსების აღსარიცხავად, რაც გააიოლებს იმ კომპიუტერების იდენტიფიცირებას, საიდანაც მონაცემები ინტერნეტის ბაზას ემატება.

სააგენტო „ინტერფაქსის“ 11 თებერვლის ცნობაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სათათბიროს 12 თებერვლის დღის წესრიგში უკვე შესულია კანონპროექტი ინტერნეტის რუსული სეგმენტის (Рунет) მდგრადი ფუნქციონირების შესახებ.

გასული წლის მარტის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა ინტერნეტის საკითხებში გერმან კლიმენკომ განაცხადა, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ინტერნეტის საკუთარი სეგმენტი, თუ დასავლეთი შეეცდება დასჯის მიზნით მოუსპოს რუსეთს ინტერნეტთან ყოველგვარი წვდომა.

რუსეთს ადანაშაულებენ ინტერნეტის, მეტწილად სოციალური ქსელების - ფეისბუკისა და ტვიტერის - საშუალებით განხორციელებულ კიბერთავდასხმებში, რაც მიზნად ისახავს დასავლეთში არეულობის შეტანასა და არჩევნებზე ზეგავლენას.

პასუხად, სოციალური ქსელები აქტიურად ეძებენ ე. წ. „ტროლების ფაბრიკებს“, რომლებიც ყალბი ანგარიშების გამოყენებით ცდილობენ ინტერნეტით დეზინფორმაციის გავრცელებას.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG