Accessibility links

კიდევ ერთი დაღუპული ახალგორიდან 


ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 63 წლის ჯუმბერ მილაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე იყო, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანისას გზაში გარდაიცვალა.

63 წლის ჯუმბერ მილაძე ახალგორის რაიონის სოფელ ალევში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ინსულტის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. მისმა მეუღლემ ახალგორის ადმინისტრაციას რამდენჯერმე სთხოვა ავადმყოფის თბილისში გადაყვანის ნებართვა, მაგრამ ჩაკეტილი ე. წ. საზღვრის გამოუარს ეუბნებოდნენ.

რამდენიმე დღის წინ კი,როცა ჯუმბერ მილაძის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, იგი ოკუპირებული ახალგორიდან ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 5 დღის განმავლობაში მას ცხინვალის კლინიკაში მკურნალობდნენ, ამ დროს ოჯახი პაციენტის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანას ცდილობდა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხოლოდ 19 მაისს მიიღეს გადაწყვეტილება, პაციენტი წითელი ჯვრის მეშვეობით საქართველოს კლინიკაში გადაეყვანათ სამკურნალოდ. მილაძე სასწრაფო დახმარების მანქანაში დაიღუპა ერგნეთ-კარალეთის გზის მონაკვეთზე. გარდაცვლილის შვილი, ნინო მილაძე, აცხადებს, რომ მათი არაერთი მცდელობა დე ფაქტო ხელისუფლებისგან ჯუმბერ მილაძის გადმოყვანის ნებართვა მიეღოთ უშედეგო აღმოჩნდა.

ახალგორის ლეგიტიმური გამგებელი, ნუგზარ თინიკაშვილი, ამბობს, რომ დაბაში დარჩენილი მოქალაქეები ხშირად აწყდებიან დე ფაქტო ხელისუფლების ბიუროკრატიულ ბარიერებს და მათი გადმოყვანა საქართველოს კლინიკებში გვიანდება. მისი თქმით, ეს არ არის პირველი მსხვერპლი, ვისაც დროული სამედიცინო დახმარება ვერ გაეწია.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანისას 63 წლის ჯუმბერ მილაძის გარდაცვალებას სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება.

მინისტრის ცნობით, გარდაცვალებამდე ჯუმბერ მილაძეს ინსულტი ჰქონდადა ახალგორიდან ცხინვალის კლინიკაში გადაყვანისას,სავარაუდოდ, რთული გზის გამო, მისი მდგომარეობა დამძიმდა. სახელმწიფო მინისტრის ცნობით, გარდაცვლილის ოჯახს რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეცა შესაძლებლობა პაციენტი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოეყვანათ, რამაც მისი მდგომარეობა გაართულა.

„საუბედუროდ, ეს არის მორიგი მსხვერპლი იმ ძალიან არაადამიანური და, ამავდროულად, სრულიად არალეგალური შეზღუდვებისა, რომელიც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში. არ უნდა ფერხდებოდეს ასეთ გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებაზე მაინც გადაადგილება, მით უფრო, მოგეხსენებათ, რომ ახალგორელებს ექმნებათ ძირითადად ეს პრობლემა, რაც არის აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს, აი, ამ მოქმედებებს, რასაც ახორციელებს რეჟიმი“, - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

ჯუმბერ მილაძის ოჯახის წევრებმა ჯერ არ იციან, დე ფაქტო ხელისუფლება მათ მიცვალებულის ოკუპირებულ სოფელ ალევში გადასვენების უფლებას მისცემს თუ არა. მოსაბრუნის ე.წ. გამშვები პუნქტი სექტემბრის შემდეგ მოქალაქეებისთვის ჩაკეტილია და ის 8 თვის განმავლობაში რამდენჯერმე მხლოდ მძიმე ავადმყოფებისა და პენსიონერებისთვის გაიხსნა, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ კი ე.წ. გამშვებ პუნქტებზე ერთეული გადაადგილების შემთხვევებიც მინიმუმამდეა დაყვანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG