Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში დაკავებულ ორ ყოფილ ქართველ მაღალჩინოსან პოლიციელს უკრაინის მოქალაქეობა აღმოაჩნდა


უკრაინის ნაციონალური პოლიციის ოფიციალური საიტის ცნობით, ეჭვმიტანილები კიევ-ბორისპოლის ტრასაზე 19 აგვისტოს დააკავეს.
უკრაინის ნაციონალური პოლიციის ოფიციალური საიტის ცნობით, ეჭვმიტანილები კიევ-ბორისპოლის ტრასაზე 19 აგვისტოს დააკავეს.

უკრაინის პოლიციის მიერ 19 აგვისტოს დაპატიმრებული სამიდან ორი ქართველი მოქალაქე იმ 14 უცხოელს შორის აღმოჩნდა, რომლებსაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ცოტა ხნის წინ უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა „უკრაინისათვის გაღებული თვალსაჩინო წვლილისთვის“.

უკრაინის ნაციონალური პოლიციის ოფიციალური საიტის ცნობით, ოპერაცია „დაკავების“ ფარგლებში, კიევ-ბორისპოლის ტრასაზე 19 აგვისტოს სამართალდამცველებმა დააკავეს ბოროტმოქმედნი, ნაძარცვი ფულითა და ძვირფასეულობით სავსე ჩემოდნებით.

მანამდე „ნიღბიანი სამი ბოროტმოქმედი შეიჭრა ბორისპოლის რაიონის სოფელ არტიომოვკაში მდებარე ერთ-ერთ კოოპერატიულ სახლში. თავს დაესხნენ სახლის პატრონს და მის ცოლს, შეუკრეს ხელ-ფეხი, მოიპარეს ძვირფასი ნივთები, დიდი რაოდენობით თანხა, „ლეკსუსის“ მარკის ავტომობილი და გაიქცნენ“, - იტყობინება კიევის ნაციონალური პოლიციის საიტი.

ზოგიერთი ინფორმირებული წყაროს ცნობით, უკრაინელ მეწარმეზე თავდასხმა ყოფილმა ქართველმა პოლიციელებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც მსხვერპლმა უარი თქვა დიდი რაოდენობით ვალის გადახდაზე.

დამნაშავეები პოლიციური წარსულით

სხვადასხვა უკრაინულ და ქართულ საიტებზე გამოქვეყნებული ინფორმაციების თანახმად, პოლიციის მიერ დაკავებული სამივე ეჭვმიტანილი სხვადასხვა დროს საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდნენ, სხვადასხვა თანამდებობაზე. მირიან გოჩაძე, ამ ცნობების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმს ხელმძღვანელობდა და საქართველო 2013 წელს, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, დატოვა. საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა კიდევ ერთ ეჭვმიტანილს: ლევან ხუციშვილი სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთ სამმართველოს ედგა სათავეში. შინაგან საქმეთა სტრუქტურებში მუშაობის დიდი სტაჟი აქვს თენგიზ ზანაძეს, რომელმაც საქართველო ასევე 2013 წელს დატოვა.

საქართველოდან წასვლის შემდეგ სამივე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის სუვერენიტეტის დაცვის მიზნით დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, რის გამოც, როგორც ზემოთ ითქვა, ორ მათგანს - თენგიზ ზანაძესა და ლევან ხუციშვილს - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 27 ივნისის ბრძანებით უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა.

უკრაინის ხელისუფლებაში არ აკეთებენ კომენტარს, იმოქმედებს თუ არა ეჭვმიტანილთა წარსული დამსახურება მათ ბედზე. სამი ყოფილი ქართველი პოლიციელის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით (ძარცვა), რაც 8-დან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„გუშინ დავაკავეთ და დავაპატიმრეთ სამი კაცისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფი ყაჩაღური თავდასხმისათვის. სხვა დეტალებზე ვერაფერს გეტყვით“, - მოგვწერა რადიო თავისუფლების შეკითხვის პასუხად ზორიან შკირიაკმა, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG