Accessibility links

კლასტერის ეფექტი


საქართველო ახალი კორონავირუსის გავრცელებით ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს. თუმცა ეს სურათი, მომდევნო დღეებში, დიდი ალბათობით ამოყირავდება. აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნაზე ეკლესიისა და ხელისუფლების შეთანხმება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას და მოქალაქეების სიცოცხლეს.

1 მარტს იტალიიდან საქართველოში დაბრუნდა 44 წლის კაცი, რომელსაც რამდენიმე დღეში პაციენტ #4-ს დაარქმევენ. პაციენტმა #4, რომელიც ქვეყნის პირველ მსხვილ და გახმაურებული კლასტერს უკავშირდება, იტალიაში მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად იმოგზაურა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანამ სწრაფად მიიღო ზომები და ამავე დღეს შეაჩერა მიმოსვლა ირანთან, სადაც იმ დროს, ჩინეთს შემდეგ, ახალი კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა. პირველი მარტისთვის, იტალია ახალი კორონავირუსის 1 500-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევითა და 34 გარდაცვალებით, აზიის ფარგლებს გარეთ, პირველ ადგილზე იყო.

ჩინეთიდან, ირანიდან თუ იტალიიდან დაბრუნებულ ყველა ადამიანს, ჯანდაცვის სისტემა თვითიზოლაციისკენ მოუწოდებდნენ. მიუხედავად ამისა, საქართველოში მე-4 პაციენტთან ერთად დაბრუნებული ადამიანი სამსახურში მივიდა, შეხვედრები გამართა და ვირუსი გაავრცელა.

10 დღეში “იტალიურ კლასტერში” 12 ინფიცირებული აღმოჩნდა. მე-4 პაციენტის და მისი ჯგუფის საქართველოში დაბრუნებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, საქართველოში, ერთ დღეში, ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. აქედან ზოგი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძის განცხადებით, ისევ იტალიურ კლასტერს უკავშირდება.

დაავადების კლასტერი, ან ინფექციური კლასტერი არის მსგავსი შემთხვევების ჯგუფი, რომელიც დაფიქსირდა ერთსა და იმავე ადგილზე, ერთსა და იმავე დროს.

არაერთი ქვეყანა, რომელსაც პანდემიამ მძიმედ დაარტყა, საერთო ისტორიებს იტყობინება - როცა სოციალურ, კულტურულ ან რელიგიურ შეკრებები ერთი ადამიანი ასობით ინფიცირებულის წყარო გახდა. ასეთი კლასტერები საკვანძო როლს თამაშობს არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მსოფლიოში ვირუსის მკვეთრ გავრცელებაში.

საქართველოში, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აღრიცხულია სულ მცირე 12 სხვადასხვა კლასტერი: ირანის, იტალიის, მარნეულის, ეროვნული ბანკის, ქობულეთის. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, ზუსტად რამდენი და რომელი კლასტერები აღირიცხება საქართველოში და რამდენი ადამიანი ერთიანდება თითოეულში, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ინფორმაციის გაცემაზე უარი თქვა.

ცნობილი კლასტერები

ქობულეთის კლასტერი

ეს კლასტერი უკავშირდება ჯერჯერობით დაუდგენელი წყაროდან დაინფიცირებულ ბათუმელ ქალს, რომელიც ქობულეთის ერთ-ერთი სოფელში მშობლებსა და დას სტუმრობდა, 10 დღის განმავლობაში.

ქალთან კავშირში მყოფი 5 ინფიცირებულიდან ორი მისი ოჯახის წევრები, და და მამა არიან, სამი კი - ბათუმში მცხოვრები მეზობლები. ქალის მამას და დას, თავის მხრივ, კონტაქტი ჰქონდათ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულებასთან და სამ დადასტურებულ მეზობელთან.

15 აპრილის მონაცემებით, ქობულეთის კლასტერში 29 ადამიანი შედის, რომელთა ირგვლივ 410 კონტაქტირებული ადამიანი აღირიცხება.

მარნეულის კლასტერი

22 მარტს, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალს, რომელიც წლისთავზე იმყოფებოდა და 100-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. მომდევნო დღეს, ხელისუფლებამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა - შეზღუდა იქ შესვლა და გამოსვლა, დაკეტა ობიექტები, შეზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და მუნიციპალიტეტების შიგნით გადაადგილება. ჯანდაცვის სფერომ მარნეულელი ქალის 150-ზე მეტი კონტაქტი დაადგინა, 100-მდე ადგილობრივს ჩაუტარდა ტესტირება, დაინფიცირებული კი მხოლოდ 15 ადამიანი აღმოჩნდა.

მარნეულის კლასტერთანაა დაკავშირებული საქართველოში ორსული ქალის დაინფიცირების პირველი შემთხვევაც

ეროვნული ბანკის კლასტერი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2 აპრილს განაცხადა, რომ მის 7 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა. 6 დღეში ეს რიცხვი 16-მდე გაიზარდა. ამავე დღეს, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა 53 წლის მამაკაცს ლენტეხში. შემთხვევა ეროვნული ბანკის კლასტერს უკავშირდება. 10 აპრილს ლენტეხის მუნიციპალიტეტში 5000-მდე ადამიანი სრულ კარანტინში მოაქციეს, მას შემდეგ, რაც ოთხ ადგილობრივ მცხოვრებს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ოფიციალური ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან და მათგან ერთი არასრულწლოვანია.

მღვდლის კლასტერი

6 აპრილს კლინიკა “თიმში” ანალიზებისთვის იმყოფებოდა მღვდელი გიორგი პაპავა. ხუთ დღეში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა კლინიკის ერთ ექიმს. შემდეგი ორი დღის განმავლობაში კი თავად სასულიერო პირს და თავის დას, რომელიც კლინიკის თანამშრომელია.

კლინიკაში ვიზიტის შემდეგ, 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე მღვდელი ეკლესიაში წავიდა და ეზიარა. მსახურების შემდეგ მას უკვე ჰქონდა მაღალი სიცხე. პაპავას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა 8 აპრილსაც, ის კი მაინც მივიდა ეკლესიაში, ღვთისმსახურების ჩასატარებლად.

გიორგი პაპავა აცხადებს, რომ სამედიცინო კლინიკაში ის კლინიკაში ხალხმრავლობა იყო და სავარაუდოდ, სწორედ იქ დაინფიცირდა: „ეს ვირუსია ჩემო კარგო, გესმის, ნებისმიერ ადგილზე შეიძლება დაგეტაკოს. ამისგან დაზღვეული არც თქვენ ხართ, არც მე და არც არავინ დედამიწის ზურგზე“.

“თიმში” ამბობენ, რომ გიორგი პაპავამ დაავადება გადასდო თავის დას, რომელსაც სიმპტომები არ ჰქონდა,, დადიოდა სამსახურში და გადასდო თანამშრომლებსაც. 14 აპრილის მონაცემებით, ვირუსი აქვს პაპავას დის მცირეწლოვან შვილს და დედამთილს. ასევე, ინფიცირებულია კლინიკის 6 თანამშრომელი, 50-მდე თანამშრომელი კარანტინისა და თვითიზოლაციის რეჟიმშია. კლინიკა დაიხურა.

ეკლესია: მორიგი კლასტერი?

ქრისტიანულ კალენდარში ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული, აღდგომა, 2020 წელსაც მასობრივი თავშეყრის მიზეზი ხდება, ახალი კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის მიუხედავად. კომენდანტის საათის გამო, მრევლი ტაძრებში 9 საათს გაატარებს.

“ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს არის დაავადება, რომელსაც მოვიხდით ყველანი, ადრე თუ გვიან”, - აცხადებს საქართველოს საპატრიარქო.

აქამდე, საქართველომ შეძლო მთელს ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება კონტაქტების დადგენის გზით. მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაშია უცნობი დაინფიცირების წყარო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში, ყველა ახალი შემთხვევას იკვლევენ, ადგენენ, ვისთან ჰქონდა დაინფიცირებულს კონტაქტი, უკავშირდებიან, რეკომენდაციებს აძლევენ და აკვირდებიან მათ.

დაავადების შემდეგ, სიმპტომების გამოვლენას, საშუალოდ, შესაძლოა, 5-6 დღე დასჭირდეს, თუმცა ამ პერიოდში ადამიანი პოტენციურად ვირუსის გამავრცელებელია. საშუალოდ, COVID-19-ით ინფიცირებული ერთი ადამიანი ვირუსს გადასდებს 2,5 ადამიანს. ამის გამო, ჯანდაცვის სპეციალისტების მთავარი რეკომენდაცია სოციალური დისტანცირება და სახლში დარჩენაა.

“ერთი ადამიანი, აინფიცირებს ორ ნახევარ ადამიანს 5 დღის განმავლობაში. 30 დღეში ერთი ადამიანისგან დაინფიცირდება - 401. თუ ამ ერთ ადამიანს 50%-ით მაინც შევზღუდავთ, ის დააინფიცირებს მხოლოდ 1,25 ადამიანს და 30 დღეში მხოლოდ - 15-ს”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ნტერვიუში აშშ-ის ბერკლის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, თამარ ჭელიძე.

16 აპრილს კიდევ 30-ით გაიზარდა COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი და 336-ს მიაღწია. საქართველოში 488 რეანიმატოლოგია, რომელთაც დღეში 1 200 პაციენტის მოვლა შეუძლიათ. ქვეყანაში არის სულ 256 ინფექციონისტი და ოპტიმალური გადანაწილების პირობებში, მათ 853 პაციენტის მოვლა შეუძლიათ. მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც საქართველოში ხელოვნური სუნთქვის აპარატით შეიძლება იმართოს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ 1 200. ორიდან ერთი სცენარის მიხედვით, 9 მაისისთვის ჯანდაცვის სისტემა 2 000 შემთხვევას ელის, მეორე სცენარით - 4 000-ზე მეტს.

ეკლესიაში ხალხის მასობრივმა შეკრებამ, შესაძლოა, შექმნას გაცილებით დიდი კლასტერი, რაც მათი გადაადგილებისა და კონტაქტების დადგენას შეუძლებელს, პროცესს კი უმართავს გახდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG