Accessibility links

კორონავირუსის შიდაგავრცელების ჯაჭვი ბათუმსა და ქობულეთს შორის


ბათუმი, 17 მარტი, 2020 წ.

აჭარაში კორონავირუსის შიდა 5 ახალი გადაცემა 54 წლის ბათუმელ ქალს უკავშირდება, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა სტუმრად მშობლებსა და დასთან. მასთან კავშირში მყოფი 5-დან სამი ინფიცირებული ბათუმში მცხოვრები მეზობლები არიან, ორი კი მისი ოჯახის წევრები - და და მამა, რომლებმაც სოფლის ამბულატორიასა და ქობულეთის საავადმყოფოს სხვადასხვა ჩივილებით მანამდე რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა კორონავირუსზე ტესტი მას შემდეგ გაუკეთეს, რაც 7 აპრილს ვირუსი დაუდგინდა მათთან სტუმრად მყოფ ოჯახის წევრს. შემთხვევების გამოვლენის შემდეგ დაიკეტა ქობულეთის ორივე სამედიცინო დაწესებულება. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, რუსუდან შავიშვილი, ამბობს, სოფელში ინფექციონისტები მუშაობენ:

„ეპიდემიოლოგების ჯგუფები რამდენიმე ლოკაციაზეა გაყოფილი როგორც სოფელ გვარაში, ასევე აქვე, სამედიცინო დაწესებულებაში. მიმდინარეობს შეხვედრები და დეტალური ჩაკითხვა სამედიცინო პერსონალთან, შესაბამისი დოკუმენტების შესწავლით. ეპიდემიოლოგიური კვლევა - ეს არის იგივე სამედიცინო გამოძიება. დაველოდოთ საბოლოო დასკვნას“, - ამბობს რუსუდან შავიშვილი, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი.

ვიდრე ეპიდემიოლოგები დასკვნას დადებენ, 54 წლის ინფიცირებული ქალის 37 კონტაქტი მოძიებულია. მათგან 17 სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელია, 20 კი - ოჯახური კონტაქტი. ყველა მათგანი იზოლირებულია. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის, ინფორმაციით, ინფიცირებული ბათუმელი ქალის საკონტაქტო წრე შესაძლოა გაფართოვდეს. თავის მხრივ, უცნობია ამ ქალის დაინფიცირების წყარო:

ნინო ნიჟარაძე
ნინო ნიჟარაძე

„სამედიცინო პერსონალს შორის ვირუსის დადასტურება ჯერ არ გვქონია, მაგრამ კონტაქტირებულ პირთა სია, სავარაუდოდ, გაიზრდება. ჩვენ ვმუშაობთ როგორც ოჯახებში, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში. ამ ეტაპზე ქობულეთის სამედიცინო ცენტრში პაციენტთა მიღება შეწყვეტილია. ამავე დროს, ჩვენ ვსწავლობთ ყველა პაციენტის კვეთის ადგილებს - ვისთან ჰქონდათ შეხება, რომელ სამედიცინო დაწესებულებასთან ჰქონდათ შეხება. თითოეული პაციენტის კონტაქტი შეისწავლება და საჭიროების შემთხვევაში ყველა პირზე ჩატარდება ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. სავარაუდოდ, გახდება საჭირო ქობულეთის სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე მედიკოსების თვითიზოლაცია. პირველ ეტაპზე კარანტინსა და თვითიზოლაციაში ჩვენ გავიყვანეთ ბათუმის კლინიკების მედპერსონალთა ნაწილი, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ პირველ პაციენტთან“, - თქვა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ.

პირველ პაციენტს, 54 წლის ქალს, კონტაქტი ჰქონდა ბათუმში მოქმედ ორი კლინიკის, „მედინასა“ და „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“, მედპერსონალთან, ასევე სასწრაფო დახმარების ორ ბრიგადასთან. სწორედ სასწრაფო დახმარებამ მიიყვანა ბათუმელი ქალი 4 აპრილს მუცლის ტკივილითა და დიარეით ბათუმის სამედიცინო ცენტრში, სადაც ის მიიღეს, 5 აპრილს კი სახლში გაწერეს. ბათუმის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, სოსო ჯახიამ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პაციენტს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა:

„სასწრაფო დახმარების ექიმის დიაგნოზი იყო ტკივილი მუცლის არეში და პირღებინება. კლინიკაში პროტოკოლისა და სტანდარტული უსაფრხთოების ზომების სრული დაცვით (ეკიპირებით) მოხდა პაციენტის გასინჯვა, იყო გამოხატული ტკივილი მუცლის არეში. პაციენტს არ აღენიშნებოდა მწვავე რესპირაციული დაავადებისთვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი: ყელისა და თავის ტკივილი, ხველა, ქოშინი. ეპიდანამნეზი იყო სუფთა და არ იყო საეჭვო. მოგზაურობის ისტორია არ ჰქონდა. პაციენტს არც სასწრაფო დახმარების დროს და არც კლინიკაში დაყოვნებისას არ ჰქონდა სიცხე. გაეწია შესაბამისი დახმარება და გაეწერა სახლში დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით“, - განაცხადა ბათუმის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, სოსო ჯახიამ.

თუმცა კორონავირუსისთვის ერთ-ერთ დამახასიათებელ სიმპტომად სწორედ დიარეას ასახელებს ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მაია ბუწაშვილი:

„ინფიცირებულთა გარკვეულ პროცენტში ყოველთვის აღიწერებოდა კუჭ-ნაწლავის სიმპტომები. ეს იყო პირველივე ხანებიდან. მათ შორის იყო დიარეაც. ასე რომ, ეს არ არის უჩვეულო. უბრალოდ, ძალიან უჩვეულოა, რომ გამოხატული სხვა არაფერი არ იყოს. სავარაუდოდ, რომელიმე რესპირაციული სიმპტომი მაინც შეიძლება ჰქონდა ამ პაციენტს მსუბუქად გამოხატული, ვთქვათ, ყელის ტკივილი ან დაბალი ტემპერატურა, ან რაღაც ისეთი, რომელსაც, ალბათ, ნაკლებად მიაქციეს ყურადღება“, - გვითხრა მაია ბუწაშვილმა, ინფექციონისტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, 54 წლის ქალს ბათუმის სხვა კლინიკაში, „მედინაში“, დაუდგინეს ფილტვების ანთება დიარეასთან ერთად, რაც გახდა ინფექციაზე ტესტის ჩატარების მიზეზი. ეს იყო პირველი შიდაგადაცემის შემთხვევა, რასაც შემდეგ კიდევ 5 გადაცემა მოჰყვა ბათუმსა და ქობულეთში. ყველა პაციენტი ჰოსპიტალ „მედალფაში“ გადის მკურნალობას:

„5-დან 4 პაციენტი ასაკოვანია. აქვთ თანმხლები დაავადებები და მათი მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, არის საშუალო სიმძიმის, ხოლო ერთთან მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით. ამ დროისთვის კლინიკაში სულ 15 პაციენტია", - ამბობს ჰოსპიტალ „მედალფას“ კლინიკური დირექტორი, ალექსი გოხელაშვილი.

ზაალ მიქელაძე
ზაალ მიქელაძე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე, ამბობს, რომ შიდაგადაცემის პირველი შემთხვევის, 54 წლის ბათუმელი ქალისა, და მასთან კონტაქტში მყოფი ადამიანების მოძიება გრძელდება როგორც ბათუმში, ასევე ქობულეთში. პროცესში არიან ჩართული ეპიდემიოლოგები:

„რამდენად ითვლება ეს განსაკუთრებული ზომების გასატარებელ შემთხვევად, ამაზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, როცა დასრულდება ყველა კონტაქტის კვლევა, იმიტომ რომ, როცა ჩვენ ვლაპარაკობდით შიდაგადაცემის რისკზე, სწორედ ასეთ შემთხვევებზე გვქონდა აქცენტი. ამიტომ ვთხოვდით და კიდევ გავიმეორებ ამ თხოვნას: დარჩით სახლში! - და ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მოქალაქეს რომ არ ჰქონოდა კონტაქტი სამეზობლოსთან, ან მეზობლებს ამ ოჯახთან, და მას არ ჰქონოდა გადაადგილების ამდენი შემთხვევა, რა თქმა უნდა, კონტაქტების წრე იქნებოდა მინიმალური“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG