Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობაურის ადვოკატი: „მკვლელობამდე რაიან სმიტს ბლაგვი საგნით სცემეს“


სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის მტკიცებით, 19 წლის მწყემსი უდანაშაულოა და ამაზერაიან სმიტის გვამის გამოკვლევით დადგენილი შემდეგი გარემოება მეტყველებს:

“რაიან სმიტს სიცოცხლეში, ანუ გარდაცვალებამდე უახლოეს პერიოდში, მკვრივი ბლაგვი საგნით მიყენებული აქვს 3-4 დაზიანება წვივისა და გულ-მკერდის არეში, ასევე იღლიასა და მუცელში. ლოგიკური ჯაჭვი რომ ავაგოთ, მდგომარეობა ასეთი იყო. გარკვეულმა პირმა თუ პირებმა, რომლებსაც მალხაზ კობაური მიუთითებს, ჯერ მიაყენეს დაზიანება და შემდგომ მოახდინეს რაიან სმიტის განზრახ მკვლელობა. თუ ამ დაზიანებებს მალხაზ კობაური მიაყენებდა, მაშინ როგორღა დაიმორჩილებდა ბევრად უფრო ძლიერ რაიან სმიტს და როგორ აიძულებდა ზურგით დადგომას? ეს ამყარებს იმ ვერსიას, რომ მკვლელობაში მონაწილეობდა რამდენიმე ადამიანი და ამის გამო შეუძლებელი იყო რაიან სმიტს გაეწია ფიზიკური წინააღმდეგობა. ამ ვერსიას ამყარებს ისიც, რომ გვამი გადატანილია დაახლოებთი 1,5 კმ-ზე“.

ადვოკატის თქმით, კონფლიქტის შემდეგ პირველი გასროლა განხორციელებულია სწორედ ზურგის არეში. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია განისაზღვროს სასიკვდილო გასროლის ტრაექტორია, რაზეც შესაბამისი ექსპერტიზა უნდა დაინიშნოს.

„მალხაზ კობაური არის მსხვერპლი ამ დანაშაულში. მას არანაირი შემხებლობა არ აქვს საქმესთან. დაზიანებების არსებობა გამორიცხავს იმ რეალობას, რასაც გვთავაზობს გამოძიება“, - განაცხადა ადვოკატმა.

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, თუ სმიტები სხვა, უცხო პირმა ან პირებმა მოკლეს, რატომ დატოვეს ერთადერთი მოწმე, კობაური ცოცხალი, ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა ასე უპასუხა:

„ჩვენ ზუსტ ვერსიაზე, რატომ დატოვეს მოწმე, ამაზე ვერ ვისაუბრებთ. თუმცა გარკვეული ვერსიები არსებობს და თუ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა, ეს ნიუანსები შეიძლება დაგეგმილი იყო შესაბამისი პირების ან სამსახურების მიერ. ეს შესაძლოა, იყო კვალის ასარევად“,- აღნიშნა მამულაშვილმა.

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ასევე ჩატარდება ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს, შეუძლია თუ არა ბრალდებულ კობაურს, ზოგადად, სქესობრივი აქტის დამყარება. ადვოკატის თქმით, შესაძლოა, საერთოდ გამოირიცხოს გაუპატიურების მცდელობის თეორიული ვერსიებიც კი.

“ჩვენ ამ კვირაში ჩანიშნული გვაქვს ექსპერტიზა და ჩატარდება მალხაზ კობაურის ჯანმრთელობის და ფიზიოლოგიური კომპლექსური კვლევა, რითაც დადგინდება, რამდენად აქვს მას შესაძლებლობა ზოგადად, სქესობრივი აქტის დამყარებისა და ამ შეკითხვაზე მტკიცე პასუხის გაცემა შემდგომში მყარად მოგვიწევს. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ საერთოდ, ამ კუთხით გამოირიცხება თეორიული ვერსიები გაუპატიურებაზე. ამ კვირაში ჩატარდება ეს ექსპერტიზა“, - განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

მალხაზ კობაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვე-პუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი.

19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს ხადის ხეობაში აშშ-ს მოქალაქეების, რაიან და ლორა სიმტებისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG