Accessibility links

"ჩვენ არ ვართ ძალიან მდიდარი ქვეყანა, რომ... სერვისპროვაიდერებში დაილექოს ამდენი ფული და ვერ მივიდეს შშმ პირებამდე"


„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა დაახლოებით სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 2020 წლის იანვრის ბოლოს მთავრობამ დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი პროექტი და დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოს გაეგზავნა. გასული კვირის ბოლოს შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე 30-ზე მეტი ორგანიზაცია და აქტივისტი გამოეხმაურა კანონპროექტს. ისინი თვლიან, რომ „რამდენიმე პოზიტიური ცვლილების გარდა, კანონპროექტი ვერ ცვლის შშმ პირთა უფლებრივ მდგომარებას, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, ეწინააღმდეგება კონვენციას და აუარესებს შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობის დაცვის სტანდარტებს“. ამასთან ხელმომწერები საქართველოს პარლამენტისგან მოითხოვენ, კანონპროექტის განხილვის ეტაპზე უზრუნველყოს შშმ პირებისა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობა.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ პროექტის ხელმძღვანელი, ნანა გოჩიაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში განმარტავს, რომ ჩართულობა და ინკლუზიურობა გაეროს „შშმ პირთა უფლებების კონვენციის“ მთავარი პრინციპია და ის დაცული უნდა ყოფილიყო კანონპროექტზე მუშაობის ყველა ეტაპზე:

„არ იყო ჩართულობა ეფექტიანი. რამდენიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს საკითხი: პირველი, როცა მოხდა გადაწყვეტილების მიღება, რომ ეს კანონი შექმნილიყო, საჭირო იყო კონსულტაციები დაწყებულიყო იმავე ეტაპზე შშმ პირებთან და არ ვგულისხმობთ ერთ კონკრეტულ ორგანიზაციას. კოალიცია, რომელიც მონაწილეობდა პროცესში, ერთი მიმართულებით მუშაობს და მთავარი დამახასიათებელი არის ის, რომ ეს კოალიცია წარმოადგენს ძირითადად სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების გაერთიანებას. ისინი ახორციელებენ სახელმწიფო პროგრამებს. ანუ, ჩართულობა გულისხმობს განსხვავებული, ალტერნატიული მოსაზრებების მქონე პირების ჩართულობას.

ასევე, ჩვენს განცხადებაში ნახსენებია რეგიონების ჩართულობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან რეგიონებში მცხოვრებ შშმ პირებს კიდევ სხვა გამოწვევები აქვთ. ანუ, სანამ დაიწყებოდა კანონპროექტის პირველადი ვარიანტის შექმნა, იქამდე საკითხები, რომლებიც აწუხებთ საქართველოში შშმ პირებს, უნდა ასახულიყო. უნდა გამოკვლეულიყო, რა საკითხებზე ყოფილიყო კანონპროექტში აქცენტი, რაც არ მომხდარა. ეს კანონპროექტი უნდა ყოფილიყო ინსტრუმენტი კონვენციის იმპლემენტაციისთვის და ასევე უნდა შექმნილიყო შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური გარანტიები, რაც ასევე არ ასახულა ამ კანონპროექტში“.

ნანა გოჩიაშვილის თქმით, შშმ პირებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან ერთხელ გაიმართა შეხვედრა, რომელზეც სამუშაო ჯგუფს წარუდგინეს წინადადებები:

„ზოგმა წერილობით წარვუდგინეთ მოსაზრებები, ზოგმა - ზეპირად, თუმცა უკუკავშირი აღარ ყოფილა. დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ გაკეთდა განცხადება, რომ კანონპროექტი არის მზად და გადაეცა პარლამენტს განსახილველად“.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების აქტივისტი, კობა ნადირაძე ამბობს, რომ ის იმ ერთ შეხვედრაზეც არ ყოფილა და მხოლოდ გარედან უწევს პროცესზე დაკვირვება. ის ადრინდელ საკანონმდებლო ინიციატივებსაც იხსენებს და ამბობს, რომ არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა უზრუნველყოფილი დაინტერესებული თემის ადეკვატური ჩართულობა:

„შშმ პირები არ არის ერთგვაროვანი მასა, ისევე როგორც დანარჩენი საზოგადოება, ერთმანეთისგან განსხვავდებიან, არა მხოლოდ იმის მიხედვით, ვის რა ფიზიკური შეზღუდვა აქვს (უსინათლო, სმენის არ მქონე თუ სხვა), არამედ ინტერესებითაც. ამ ადამიანებს შორის არიან სპორტსმენები, პოლიტიკაში ჩართულები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზოგი სერვისს აწვდის, ზოგი - დიდი ნაწილი არის სახლში, ვერ ახერხებს აქტიურ ცხოვრებაში ჩართვას“.

კობა ნადირაძის თქმით, არ ყოფილა განსაზღვრული კანონპროექტზე მუშაობის ფორმატი, რომ დაინტერესებული პირები და ჯგუფები ჩართულიყვნენ მასში.

შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციის - "ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის" ხელმძღვანელი, უფლებების აქტივისტი, გიორგი ახმეტელი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ დიდი ბრიტანეთიდან ჩაერთო. ის თვლის, რომ ხელისუფლებამ მრავალი წლის განმავლობაში ნაცად თანამშრომლობის გზას მიმართა და კანონპროექტის შემუშავების პროცესში ჩართო კოალიცია, რომელიც სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებს აერთიანებს:

„იყო სხვადასხვა ინიციატივა, რომელიც სრულდებოდა ამ კონკრეტული გაერთიანებისთვის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფით მხოლოდ. ეს გასაგებიცაა - მათი მოტივაციაა, რაც შეიძლება მეტი თანხები აკუმულირდეს ამ ორგანიზაციაში სერვისებისთვის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგ უკვე სახელმწიფოს ნაკლებად გამახვილებული ყურადღება მონიტორინგზე, ხარისხის შეფასებაზე. ეს ფული უბრალოდ ილექება სადღაც და ადამიანები ამ სერვისებს ან ღებულობენ უხარისხოდ, ან საერთოდ არ ღებულობენ. ეს პროცესი ძალიან გვაგონებს განვლილი 30 წლის განმავლობაში რაც ხდებოდა და სამწუხაროა, რომ ეს სისტემა დღემდე ასე მუშაობს.

...კანონპროექტს რომ ჩავურღმავდეთ, ისევ ყურადღება გამახვილებულია კონკრეტულ სერვისზე, რომელიც ამ ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს და აიღოს დამატებითი სახსრები ბიუჯეტიდან. ისინი იღებენ მილიონებს ბიუჯეტიდან, რომ შშმ პირთა თემს მიაწოდონ სერვისები, თუმცა, სადაც ჩვენ ამ ყველაფერს უნდა ვღებულობდეთ, არის სავალალო მდგომარეობა.

მონაწილეობის მეტი საშუალება რომ გვქონოდა, ყურადღებას გავამახვილებდით რელევანტური საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნაზე“.

გიორგი ახმეტელი ამბობს, რომ კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული გაეროს კონვენციის სტანდარტები. ისიც აღნიშნავს პროცესის არაინკლუზიურობას და ამის ცუდ შედეგზე:

„ძალიან მნიშვნელოვანია წარმოადგენლობითი ორგანიზაციის ცნების შემოტანა, რომელიც არ გვხვდება. ასეთი ორგანიზაციები არ არის სერვისების მიმწოდებელი, არამედ უფლებებსა და კვლევაზე ორიენტირებული. იყო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს ცნება საბოლოო ვარიანტში არ არის.

...ჩვენ არ ვართ ძალიან მდიდარი ქვეყანა, რომ მივბრუნდეთ, მოვბრუნდეთ, სერვისპროვაიდერებში დაილექოს ამდენი ფული, ვერ მივიდეს შშმ პირებამდე... მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა დავხარჯოთ, რასაც ვხარჯავთ და ამისთვის გვთავაზობს კონვენცია სტანდარტებს. უნდა გვქონდეს თანმიმდევრული პოლიტიკა. ესეც არის რაღაც ფრაგმენტული დოკუმენტი, რომელიც არანაირ იმედს არ გვაძლევს, რომ კონკრეტული შშმ პირებისთვის გააუმჯობესებს მდგომარეობას“.

გიორგი ახმეტელი სხვა ხარვეზებთან ერთად, აღნიშნავს იმასაც, რომ კანონპროექტში „გაურკვევლად“ არის შშმ სტატუსის მინიჭების საკითხიც.

შშმ პირები და მათი ინტერესების წარმომდგენი ორგანიზაციები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას კანონპროექტის საპარლამენტო განხილვაში:


დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG