Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტანტინ ეგერტი: „პუტინის რეჟიმი, როგორიც აქამდე ვიცოდით, დამთავრდა. რაღაც ახალი იწყება”


რუსი ჟურნალისტი კონსტანტინ ეგერტი
რუსი ჟურნალისტი კონსტანტინ ეგერტი

„უკვე ვეღარ ვიტყვით, რომ პუტინი ქვეყანას, სიტუაციას აკონტროლებს, რომ თუნდაც საკუთარი ბედ-იღბლის გამგეა”, - ეუბნება რუსი ჟურნალისტი, „ბიბისის“ მოსკოვის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი და „დოიჩე ველეს“ ყოველკვირეული სვეტის ავტორი კონსტანტინ ეგერტი რადიო თავისუფლებას. „რუსული ბიუროკრატიის თვალში, პუტინი მთავარი კაცი აღარ არის... ეს ის პუტინია, რომელმაც დილით გამოგვიცხადა, პრიგოჟინი მოღალატეაო, ახლა კი ამ მოღალატეს უზავდება”, - ამბობს ეგერტი. ვაჟა თავბერიძე მას კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის” ხელმძღვანელის 24 ივნისის ერთდღიან სამხედრო აჯანყებასა და მის შესაძლო შედეგებზე ესაუბრა.

ამ ყველაფერმა დაასუსტა პუტინი, და ძირი გამოუთხარა სისტემას, რომელსაც ის ეყრდნობა. ამ ყველაფერმა მნიშვნელოვნად მოარყია ის ბერკეტები და სტრუქტურები, რომელთაც ის უკრაინაში ომის გასაგრძელებლად იყენებდა. 

რადიო თავისუფლება: პირველი და ალბათ, მთავარი კითხვა: რისი მომსწრენი გავხდით? რა ვიხილეთ?

ეგერტი: ძალიან ძნელია განსაზღვრო, მაინც რა ვნახეთ. ვნახეთ ის, რაც ძალიან ჰგავდა ნამდვილ სამხედრო ამბოხებას პუტინის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ პუტინის პირდაპირ ხსენებას გაურბოდნენ. ახლა კი ევგენი პრიგოჟინი გვამცნობს, რომ მოსკოვისკენ მიმავალნი უკან შემობრუნდებიან, რადგან არ უნდათ რუსული სისხლი დაიღვაროს, თითქოს ეს „პერსპექტივა“ ახლაღა გაახსენდა, მაშინ კი, როდესაც მოსკოვისკენ „დააწვა“ თავისი ხალხით, ამაზე არ უფიქრია. მომლაპარაკებლის როლში კი მოგვევლინა ლუკაშენკა, რაც ცალკე სიგიჟე და ცირკია. ასე რომ, არა მგონია, დღეს ვინმეს ჰქონდეს ზუსტი პასუხი კითხვაზე - მაინც რა ვნახეთ. ბევრი ისეთი ასპექტია, მექანიზმები, რომლის მუშაობასაც, ვშიშობ, ჩვენ ვერ ვხედავთ. აი, ერთი რამის თქმა კი დანამდვილებით შემიძლია: ამ ყველაფერმა დაასუსტა პუტინი, და ძირი გამოუთხარა სისტემას, რომელსაც ის ეყრდნობა. ამ ყველაფერმა მნიშვნელოვნად მოარყია ის ბერკეტები და სტრუქტურები, რომელთაც ის უკრაინაში ომის გასაგრძელებლად იყენებდა. ამ ყველაფერმა ქაოსი დათესა იმ მილიონობით ადამიანის გონებაში, ვის მხრებზედაც დგას ეს რეჟიმი. და ეს ყველაფერი უშედეგოდ არ ჩაივლის, მაშინაც კი, თუ პრიგოჟინი თუნდაც ხვალვე განაცხადებს, რომ ფრონტზე თავის ადგილს უბრუნდება და შოიგუ & გერასიმოვის გადაყენებას აღარ ითხოვს. ვფიქრობ, პუტინის რეჟიმი - ისეთი, როგორსაც მას აქამდე ვიცნობდით - მორჩა, დამთავრდა და რაღაც ახალი იწყება რუსეთში, შეიძლება კიდევ უფრო უარესი, თუმცა ამაზე უარესი ძნელი წარმოსადგენია, განსაკუთრებით, თუ უკრაინელი ხარ. მაგრამ ვფიქრობ, უკვე ვეღარ ვიტყვით, რომ პუტინი ქვეყანას, სიტუაციას აკონტროლებს, რომ თუნდაც საკუთარი ბედ-იღბალის გამგეა.

პუტინმა ამ ნაბიჯით სტრატეგიული შეცდომა დაუშვა: პრიგოჟინი აღაზევა, თავის ტოლ-სწორად აქცია. 

რადიო თავისუფლება: საერთოდ რატომ გააკეთა პრიგოჟინმა ის, რაც გააკეთა?

ეგერტი: ამ ეტაპისთვის, არც ეგ ვიცით ზუსტად. მაგრამ მარტო ის ფაქტიც კი, რომ ლუკაშენკას მოუწია მოსკოვისკენ მიმავალი პრიგოჟინის შეჩერება და დაყოლიება, მიანიშნებს იმაზე, რომ რუსული ბიუროკრატიის თვალში, პუტინი მთავარი კაცი აღარ არის. გავიხსენოთ, ეს ის პუტინია, რომელმაც დილით გამოგვიცხადა, პრიგოჟინი მოღალატეაო, ახლა კი ამ მოღალატეს უზავდება - თანაც არა თვითონ, არამედ შუამავლის მეშვეობით, რომელიც აქამდე მის „უმცროს პარტნიორად“ ითვლებოდა. ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს - პუტინი დაფრთხა, და სიტუაციიდან თავის დაძვრენა სცადა. თავის მხრივ, შეშინდა პრიგოჟინიც, იმიტომ რომ 25 000 კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცით შეიძლება მოსკოვში შესვლა კი მოახერხო, მაგრამ მის კონტროლსა და შენარჩუნებას ვერ მოახერხებ, ქვეყნის დაპყრობაზე რომ არაფერი ვთქვათ. ამიტომ ვფიქრობ, ორივე მხარემ გაიაზრა: ამ ეტაპისთვის, ორივესთვის უკეთესია, თავი ისე მოვაჩვენოთ, თითქოს რაღაცებზე შევთანხმდით. მაგრამ პუტინმა ამ ნაბიჯით სტრატეგიული შეცდომა დაუშვა: პრიგოჟინი აღაზევა, თავის ტოლ-სწორად აქცია. რაც, რა თქმა უნდა, მისი რეპუტაციისთვის დიდი დარტყმაა. და იმ ხალხის თვალში, რომელსაც პუტინი ეყრდნობა, ვისაც ქვეყნის ყოველდღიური მართვა აბარია - ადგილობრივი ეფესბე (ფედერალური უსაფრთხოების სამსახური -რ.თ.), დირექტორები, პოლიცია, კორპორაციების თავკაცები და ა.შ. - ისინი ხედავენ, რომ პუტინი თურმე სულაც ვერ აკონტროლებს ყველაფერს, მისი შეშინება კი არცთუ ისე რთულია. ასე რომ, ამ ისტორიას აუცილებლად ექნება გაგრძელება, ეს ასე არ დამთავრდება.

თვითონ პრიგოჟინსაც ალბათ უნდა ესმოდეს, რომ გადარჩენის მაინცდამაინც მაღალი შანსები არ აქვს.

რადიო თავისუფლება: რამდენად მშვიდად შეუძლია პუტინს ღამით იძინოს, როდესაც იცის, რომ პრიგოჟინი თავისუფალია, სუნთქავს, ცხოვრობს, ფიქრობს? რამდენად აქვს მშვიდი ძილის ფუფუნება?

ეგერტი: ჯერჯერობით რაც ვნახეთ, ტომ კლენსის [ჯაშუშებსა და სამხედრო ოპერაციებზე ბესტსელერების ავტორი რ. თ.] რომანი გეგონება კაცს, ოღონდ კიდევ უფრო უკეთ „იკითხება“. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ სძინავს პუტინს - უფრო სწორად, ძილს გააგრძელებს თუ ტახტის დათმობაზე დაფიქრდება. ან კიდევ, პრიგოჟინის „გასაღებას“ შეუკვეთავს. წესით, თვითონ პრიგოჟინსაც ალბათ უნდა ესმოდეს, რომ გადარჩენის მაინცდამაინც მაღალი შანსები არ აქვს. ვფიქრობ, ბევრ რამეზე გაგვცემს პასუხს ის, თუ რა გავლენას იქონიებს ეს ყველაფერი ომზე - უფრო სწორად, კრემლის მზადყოფნაზე, ომი ისე განაგრძოს, თითქოს არაფერი მომხდარა. ვფიქრობ, მალე გავიგონებთ „ხმაურს“ კრემლიდან ომთან მიმართებით და გვეცოდინება, რა გადაწყვეტილება მიიღეს. უკრაინას, რა თქმა უნდა, ეს ქაოსი ხელს აძლევს - კრემლი კი ძალიან ცდილობს, რომ შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ქაოსი მორჩა, აღარაა, მაგრამ ამას არავინ „ჭამს“.

პუტინმა ამ ეპიზოდით კრემლში თავისი ყოფნის დრო გვარიანად შეიმოკლა.

რადიო თავისუფლება: ამბობთ, რომ პუტინის სისტემას ბზარები გაუჩნდა. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რითაც პუტინის და მისი სისტემის სიცოცხლისუნარიანობას ხსნიან ხოლმე, არის შემდეგი: რუსები პუტინს ეგუებიან სტაბილურობის გამო, რომ პუტინი ქვეყანაში სტაბილურობის გარანტია. დღეს [24 ივნისს] მარტო უკრაინაში არ იწვოდა შენობები - შენობები იწვოდა როსტოვსა და ვორონეჟშიც. რას უქადის ეს პუტინის „სტაბილოკრატიას“?

ეგერტი: რუსეთში ამ მხრივ სიტუაცია ბანალურობამდე მარტივია. საზოგადოება - მისი უმეტესობა - თვლემს. ჩვენ ვერ ვნახეთ დიდი გამოსვლები ვერც პრიგოჟინის მხარდასაჭერად, ვერც მის წინააღმდეგ, არც პუტინის მხარდასაჭერად გამოსვლისთვის მოუკლავს ვინმეს თავი დიდად. ესაა საზოგადოება, რომელიც იტყვის: კარგია, მადლობა ღმერთს, რომ სისხლისღვრა აგვცდა. ახლა ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. „ნაროდ ბეზმოლვსტვუეტ“ – „ხალხი კი დუმს“ - ამ ფრაზით მთავრდება პუშკინის, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები - „ბორის გოდუნოვი“, რომელიც სწორედ „სმუტას“, არეულობების ხანას შეეხება მე-17 საუკუნის რუსეთში. მაგრამ ის, რომ ხალხი დუმს, არ ნიშნავს, რომ ისინი ვერც ვერაფერს ხედავენ - და ძალიან ბევრი ახლა პუტინს სხვანაირი თვალით შეხედავს. მისი ეს იმიჯი - როგორც სტაბილურობის მომტანისა - წარსულს ჩაბარდა და ის ამას ვეღარ დაიბრუნებს. მოდით, წარმოვიდგინოთ - მე ამის არ მჯერა, მაგრამ მაინც - რომ ეს ყველაფერი უზარმაზარი სპექტაკლი იყო, რომელიც პუტინმა დადგა, როგორც ამას ზოგიერთები გვიმტკიცებენ. რანაირად უნდა ენდო კაცს, რომელიც ასე გაცუცურაკებს და არაფრად გაგდებს? თუ არ იყო დადგმა, მით უარესი - ეს ნიშნავს, რომ პუტინი დაფრთხა, და საკუთარი თავის გადასარჩენად „დაფაცურდა“. ორივე შემთხვევაში, ვფიქრობ, მეტ და მეტ ბზარებს შევამჩნევთ რუსულ სისტემაში. რაც უნდა მოხდეს, პუტინმა ამ ეპიზოდით კრემლში თავისი ყოფნის დრო გვარიანად შეიმოკლა, თუ საერთოდ არ მოუწია კრემლთან გამოთხოვება მალე.

ესაა საზოგადოება, რომელიც ეთანხმება ყველაფერს, რაც ზემოდან ჩაესმის. ზოგი ხალისით, ზოგი ბუზღუნით, ზოგი უტყვად...

რადიო თავისუფლება: და ბოლოს, ერთგვარი მორალური დილემა - საბოლოო ჯამში, რა მიზნებიც არ უნდა ჰქონოდა პრიგოჟინს, ეს ყველაფერი დადის ერთ მოცემულობამდე: რუსებმა ერთმანეთს დასცხეს, რადგან ვერ შეთანხმდნენ, როგორ და რა მეთოდით ჯობდა უკრაინელების დახოცვა... რაზე მეტყველებს ეს, რას ამბობს დღევანდელ რუსეთზე?

ეგერტი: ეს კიდევ ერთ შტრიხს ჰმატებს იმ ტილოს, რომელზეც ასახულია რუსი საზოგადოების უკიდურესი მორალური ვარდნა და კრიზისი. კრიზისი, რომელიც, ვშიშობ, ისე ღრმადაა გამჯდარი, რომ რუსული საზოგადოება მისგან განკურნებას ვეღარ მოახერხებს, ვეღარ შეძლებს საკუთარი ქვეყნისთვის რაიმე კარგი გააკეთოს. რაც მოხდა, კარგად მიგვანიშნებს ამ კრიზისის სიღრმეებზე. ჩვენ დიდად არც პუტინისკენ ვართ, არც პუტინის წინააღმდეგ. არა უშავს, თუ სხვებს ხოცავენ, თუკი ეს უშუალოდ მე არ მეხება... შეიარაღებული ბანდები მოსკოვამდე მოვიდნენ? მერე რა, ეგეთებიც „მოსულა“. და მერე თუ უკან დაიხევენ - ესეც „მოსული ამბავია“. ესაა საზოგადოება, სადაც მოქალაქეები უმცირესობაში არიან. ეს კი ნიშნავს, რომ არჩევანს საზოგადოების ნაცვლად კრემლი აკეთებს, ესაა საზოგადოება, რომელიც ეთანხმება ყველაფერს, რაც ზემოდან ჩაესმის. ზოგი ხალისით, ზოგი ბუზღუნით, ზოგი უტყვად, ზოგს საერთოდ უნდა რეალობას გაემიჯნოს და მშვენივრად ახერხებდნენ კიდეც დღემდე. და ამას მივყავართ იმ რეალობასთან, სადაც ნებისმიერი ცვლილება რუსეთში მოხდება მხოლოდ ელიტებში შინაომების შედეგად, რისი მომსწრეც, ვფიქრობ, უახლოეს კვირებში თუ არა, თვეებში გავხდებით კიდეც, და არა რაიმე სახალხო-დემოკრატიული რევოლუციის მეშვეობით.

რადიო თავისუფლება: ტრაგიკულია ეს, არა?

ეგერტი: კი, ნამდვილად.

რადიო თავისუფლება: რა გაეწყობა. ასეთ პესიმისტურ ნოტაზე უნდა დაგემშვიდობოთ.

ეგერტი: სხვა რა გზაა? გასახარი არც არაფერია.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG