Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტიტუტციური პატრიოტიზმი და კონსტიტუციური ნიჰილიზმი


ავტორი: თეონა სეხნიაშვილი
პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი (ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი)​

პოსტ-საბჭოთა კონსტიტუციონალიზმი და საქართველო

კონსტიტუციური პატრიოტიზმი - ეს ცნება გერმანელ სოციოლოგსა და ფილოსოფოსს, იურგენ ჰაბერმას ეკუთვნის და აღნიშნავს საზოგადოების გაერთიანებას კონსტიტუციური ნორმებისა და იდეალების გარშემო. მეტიც, სწორედ ამ იდეალების გარშემო გაერთიანება ხდება ფუნდამენტი კოლექტიური იდენტობისათვის. კონსტიტუციური პატრიოტიზმი, ისევე როგორც ზოგადად, კონსტიტუციონალიზმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის. ძნელად თუ მოიძებნება ისეთი სახელმწიფოს მაგალითი, რომელმაც შეძლო დემოკრატიული კონსოლიდაცია დაწერილი კონსტიტუციის გარეშე. ასეთ საყოველთაოდ ცნობილ გამონაკლისს მხოლოდ დიდი ბრიტანეთი წარმოადგენს. თუმცა, თავისთავად ცხადია, მიუხედავად არსებული კორელაციისა კონსტიტუციონალიზმსა და დემოკრატიას შორის, კოდიფიცირებული კონსტიტუციის არსებობა საკმარისი არასდროსაა სახელმწიფოს სრული დემოკრატიზაციისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციურ ტექსტებს შორის უფრო მეტია მსგავსება, ვიდრე განსხვავება. როგორც დემოკრატიულ, ასევე ავტორიტარულ სახელმწიფოებსა თუ ჰიბრიდულ რეჟიმებში არსებობს კონსტიტუციური ჩანაწერები ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ. ამასთან უკიდურესად იშვიათია შინაარსობრივად სრულიად არადემოკრატიული, არალიბელაური კონსტიტიცია.

როგორც შედარებითი კონსტიტიციური პროექტის (Comparative Constitutional Project) ერთ-ერთი თანაავტორი, ზაქარი ელკინსი აღნიშნავს, 1800-იდან კონსტიტუციონალიზმი და „კონსტიტუციური დიფუზია“ უნივერსალურია, დემოკრატიისა და დემოკრატიზაციისგან განსხვავებით (Elkins 2012, 972). ამ ფაქტის მიზეზები მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ქვეყნების შიდა კონტექსტუალურ ფაქტორებზე. მიუხედავად იმისა, რომ განზოგადება ბევრ სირთულესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, პოსტ-საბჭოთა კონსტიტიცუების შემთხვევაში რამდენიმე პრობლემა იჩენს თავს: პირველი, ესაა საბჭოთა, ლენინური მემკვიდრეობა. მემკვიდრეობა იმ სისტემისა, სადაც კონსტიტუციას რეალურად არ ჰქონდა მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია- ხელისუფლების შეზღუდვა (Teitel 1994, 167). მეორე მიზეზი, რაც პირველთან პირდაპირაა დაკავშირებული, მდგომარეობს იმაში, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებმა „დააკოპირეს“ დასავლეთის კონსტიტიციური ჩანაწერები, საკუთარი სოციალურ-კულტურული კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, რამაც კონსტიტუციური ტექსტები წინააღმდეგობრივი გახადა (Ludwikowski 2001, 62) მესამე მიზეზი კი კონსტიტუციური მანიპულაციებია, რომლებიც საკმაოდ ხშირია პოსტ-კომუნისტურ სივრცეში. კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით ბევრი პოსტ-საბჭოთა ქვეყნის პოლიტიკური ესტაბლიშმენტისთვის ხშირ შემთხვევაში სირთულეს არ წარმოადგენს (Zaznaev 2013). კონსტიტიციური ცვლილებები ხშირია ყირგიზეთში, ყაზახეთში, ბელორუსში, უზბეკეთში და ა.შ.

ამ მხრივ საქართველო გამონაკლისი არაა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ 1995 წლის დღემდე კონსტიტუციაში 30-ზე მეტი შესწორება შევიდა, ხოლო სრული ტექსტი სამჯერ ძირეულად გადაიხედა. შესაბამისად, კონსტიტუცია ვერ ასრულებს ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას _ სტაბილურობა შეიტანოს სახელმწიფოს პოლიტიკურ სისტემაში. მეორე მხრივ, კონსტიტუციური პატრიოტიზმი შესაძლებელია მხოლოდ ისეთ ქვეყანაში, სადაც ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმი კი არ მძლავრობს, არამედ საზოგადოება სამოქალაქო ნაციონალიზმის გარშემო ერთიანდება. თუმცა, მუდმივი საკონსტიტიციო გადახედვის, შეკავებისა და დაბალანსების სუსტი მექანიზმის, და ძლიერი ლენინური მემკვიდრეობის ფონზე, ჩვენს დამოკიდებულებას კონსტიტიციური დებულებების მიმართ კონსტიტუციურ პატრიოტიზმზე უკეთ „კონსტიტუციური ნიჰილიზმი“( ნოდია და აფრასიძე 2013, 3) გამოხატავს. და სანამ, ეთნოსი თუ რელიგია ნაციონალური იდენტობის მთავარ ქვაკუთხედებს წარმოადგენს, ხოლო კონსტიტუციური ცვლილება ყოველი შემდგომი ხელისუფლებისათვის ძალაუფლების შენარჩუნების წყაროს, იქამდე ვიქნებით კონსტიტუციური ნიჰილიზმის ჩაკეტილი წრეში.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG